“ინტერს” მოდრიჩის სანაცვლოდ ორი წამყვანი ფეხბურთელის დათმობა მოუწევს

გასულ ზაფხულს მილანის “ინტერი” აქტიურად ცდილობდა მადრიდის “რეალიდან” ლუკა მოდრიჩის გადმობირებას, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. “ნერაძური” იმედს არ კარგავს და “ოქროს ბურთის” მფლობელის დაბევებას კვლავ ეცდება, თუმცა “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი მოთხოვნები ექნება.

“დონ ბალონი” იუწყება, რომ “ინტერს” მოდრიჩის სანაცვლოდ ფორვარდ მაურო იკარდისა და მცველ მილან შკრინიარის დათმობა მოუწევს.

უკვე დიდი ხანია, რაც “რეალი” არგენტინელ ფეხბურთელზე ნადირობს, ხოლო სლოვაკი მცველის მიმართ ინტერესი ახლაღა გამოავლინა.

ლუკა მოდრიჩმა “რეალის” ქომაგებს “ოქროს ბურთი” წარუდგინა (ვიდეო)

მადრიდის “რეალსა” და “რაიო ვალიეკანოს” შორის გამართულ შეხვედრამდე “სამეფო კლუბის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა “სანტიაგო ბერნაბეუზე” მისულ პუბლიკას მოგებული “ოქროს ბურთი” წარუდგინა. “რეალისთვის” ეს 2018 წლის ბოლო საშინაო მატჩია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მადრიდელები არაბთა გაერთიანებული საამიროებში გაემგზავრებიან, სადაც საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გათამაშებაში ითამაშებენ.

მოდრიჩმა წლის საუკეთესო მოთამაშის წოდება მამას მიუძღვნა

უეფამ 2017-2018 წლების საუკეთესო მოთამაშედ მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დაასახელა. ხორვატმა ფეხბურთელმა ეს წარმატება მამას მიუძღვნა.

“ეს ჩემთვის წარმოუდგენელი მომენტია. აღფრთოვანებული და ამაყი ვარ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არჩევანი ჩემ სასარგებლოდ გააკეთა.

მადლობა ჩემს კლუბს, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ როგორც წარმატებული, ასევე არცთუ ისე წარმატებული მომენტების დროს. ეს ჯილდო მათი საკუთრებაც არის.

მამამ მიმიყვანა პირველად ვარჯიშზე და ოცნების ასრულებისკენ სწორედ მან მიბიძგა. მე მის წინაშე ვალდებული ვარ”, – ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს “ბიბისი”.

მოდრიჩი “ინტერში” გადასვლას დასთანხმდა

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მილანის “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ხორვატი ფეხბურთელი “ნერაძურიში” გადასვლას დასთანხმდა. წყაროს თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მოდრიჩის მეუღლესა და აგენტს. მხარეებმა ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერში” სერიოზულმა ხორვატულმა დიასპორამ მოიყარა თავი. გუნდში ივან პერიშიჩსა და მარცელო ბროზოვიჩს შიმე ვრსალკო დაემატა და მოდრიჩის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ნერაძურის” ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ეყოლება.

ლუკა მოდრიჩსა და “რეალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს. “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველის დათმობა არ სურს.

შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფინანსური ფეარ-პლეი გახლავთ. “ინტერმა” მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა.

მოდრიჩი: “ფიფას ფეხბურთელთა მდგომარეობა არ ადარდებს, თავი ჯარში გვეგონა”

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიისა და კოსოვოს ნაკრებთა შორის გამართული მატჩის შემდეგ მასპინძელთა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ფიფას პოლიტიკა გააკრიტიკა. აღნიშნული შეხვედრა შაბათს იყო ჩანიშნული, თუმცა უამინდობის გამო მატჩის ჩატარება სხვა დღისთვის გადაიდო, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თამაში კვირას გაიმართებოდა.

“მომხდარმა ჩვენზე უარყოფითი გავლენა იქონია. შაბათ საღამოს გვითხეს, რომ მატჩი სხვა დღეს ჩატარდებოდა და საძანიბელად ჩვეულებრივზე ორი-სამი საათით გვიან დავწექით. მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ შეხვედრა კვირას ჩაეტარებინათ და დღეს ისე გავიღვიძეთ, თავი ჯარში გვეგონა.

მნიშვნელოვანი მატჩისთვის მზადების პროცესი სრულად დაირღვა. ფიფამ გვიჩვევენა, რომ ფეხბურთელების მდგომარეობა არ აინტერესებს. მათთვის მთავარია, რომ შეხვედრა გაიმართოს. გარდა ამისა, ასეთ მოედანზე თამაში ძალიან სახიფათო იყო, თუმცა მათ არ ადარდებთ, მივიღებთ თუ არა ტრავმას მინდორზე”, – მოდრიჩის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

მატჩი ხორვატიის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ხორვატიის ნაკრების ფანები მოდრიჩისთვის კაპიტნობის ჩამორთმევას მოითხოვენ

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩს სერიოზული პრობლემები აქვს.

ხორვატიის ნაკრების ქომაგების ნაწილი მისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევას მოითხოვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ მოდრიჩი ზაგრების “დინამოს” ყოფილ პრეზიდენტ ზდრავკო მამიჩს მიემხრო, რომელიც თაღლითობასა და კლუბის საკუთრებაში არსებული 20 მილიონი ევროს გაფლანგვაშია ბრალდებული.

ლუკა მოდრიჩი ბრალდების ერთ-ერთი მოწმე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან მამიჩის სასარგებლო ჩვენება მისცა, რამაც ხორვატი ფანების დიდი ნაწილი აღაშფოთა. ბრალდების თანახმად, 2008 წელს ზდრავკო მამიჩმა მოდრიჩი “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გაყიდა, ტრანსფერისგან მიღებული თანხის ნაწილი კი უკანონოდ მიითვისა.

ხორვატი ქომაგების დიდი ნაწილი ლუკა მოდრიჩის პოზიციით იმდენად აღშფოთებულნი არიან, რომ მას “მამიჩის მეძავსაც” კი უწოდებენ. ფეხბურთელის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებებიც კეთდება.

მოდრიჩი: “ბაიერნს” პენალტი აჩუქეს, ავტოგოლი თამაშგარის შემდეგ გავუშვით, ვიდალი ადრე უნდა გაეძევებინათ”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თვლის, რომ მისმა გუნდმა სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. ხორვატი ფეხბურთელის თქმით, მსაჯები “რეალის” საწინააღმდეგოდაც არაერთხელ შეცდნენ.

“საწყენია, რომ “ბაიერნთან” ჩვენი გამარჯვების შემდეგ ზოგიერთს ეჭვები გაუჩნდა. ჩვენ სრულიად დამსახურებულად გავედით ნახევარფინალში. ორი მატჩის ჯამში “რეალმა” მეტოქეზე უკეთესად ითამაშა.

ვერ ვიგებ, რატომ აკრიტიკებს ყველა გაზეთი ჩვენ სასარგებლოდ დაშვებულ შეცდომას და რატომ ვერ ამჩნევს იმ შეცდომებს, რომლებმაც მეტოქე ახეირა.

“ბაიერნს” არარსებული პენალტი დაუდეს. სერხიო რამოსმა ავტოგოლი თამაშგარე მდგომარეობის შემდეგ გაიტანა. არტურო ვიდალი უფრო ადრე უნდა გაეძევებინათ მოედნიდან.

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ვიდეოგამეორებების შემოღების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს სისტემა ჩემთვის უჩვეულო იყო, მაგრამ საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ პოზიცია შევიცვალე. ვფიქრობ, რომ ეს სასარგებლო ტექნოლოგიაა”, – მოდრიჩის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

ბილიჩი მოდრიჩზე ოცნებობს

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ხორვატმა მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალიდან” ლუკა მოდრიჩის გადმობირებაზე ოცნებობს.

“ვის დამატებას ვისურვებდი? რა თქმა უნდა, ლეო მესის. სერიოზულად კი გეტყვით, რომ არსებობს ფეხბურთელის, რომლის დამატებაზეც ვოცნებობ და იგი მოდრიჩი გახლავთ. ლუკას დამატება მინდა არამხოლოდ იმიტომ, რომ იგი ხორვატია, არამედ იმიტომაც, რომ მის ტრანსფერზე ფასდაკლებას გამიკეთებენ”, – ციტირებს ბილიჩის სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ სლავენ ბილიჩი ლუკა მოდრიჩს ჯერ ხორვატიის 21-წლადელთა ნაკრებში, შემდეგ კი ეროვნულ გუნდში თავკაცობდა.

მოდრიჩი: “ეს ფრე გამარჯვებას ჰგავს”

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის “ნოუ კამპზე” გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ქულა “სამეფო კლუბმა” ბოლო წუთზე სერხიო რამოსის მიერ გატანილი გოლით გადაარჩინა. მატჩი მადრიდელთა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა შეაჯამა.

“ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქულა მოვიპოვეთ. არ დავნებდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ.

კარგად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში მოედანზე მეტოქე უფრო იყო დომინანტი და დაწინაურდა კიდეც, მაგრამ ჩვენ არ დავნებდით. ასეთ ბრძოლაში მოპოვებული ფრე გამარჯვებას ჰგავს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სატურნირო ცხრილში ლიდერობა შევინარჩუნეთ. ასევე უნდა გავაგრძელოთ ასპარეზობა. კარგ ფორმაში ვართ და თავდაჯერებულად ვთამაშობთ. 33 მატჩია, არ წაგვიგია და ეს შემთხვევითი არ არის. გუნდში მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან, ხარისხიან ფეხბურთს ვუჩვენებთ და თუ გუნდურად ვითამაშებთ და მოედანზე ძალისხმევას არ დავიშურებთ, ჩვენი დამარცხება ძალიან რთული იქნება”, – მოდრიჩის კომენტარი “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მოდრიჩი: “წელს “რეალის” პრიორიტეტი პრიმერაა”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” პრიორიტეტი ესპანეთის პრიმერადივიზიონი იქნება.

“რეალი” ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ყოველთვის აკეთებს აქცენტს, მაგრამ დიდი ხანია ესპანეთის ჩემპიონები არ გავმხდარვართ. ამიტომ, წელს ჩვენი პრიორიტეტი პრიმერადივიზიონი იქნება. ყველა ტურნირზე გვინდა გამარჯვება, მაგრამ ამ სეზონში მთავარ მიზნად ესპანეთის ჩემპიონატის მოგება დავისახეთ.

“რეალში” ოთხი წელია ვთამაშობ და ამ პერიოდის განმავლობაში გუნდმა საუკეთესო შემადგენლობა სწორედ წელს შეკრიბა. თითოეულ პოზიციაზე ორი-სამი ფეხბურთელი გვყავს, გუნდში დიდი კონკურენციაა. ტრანსფერების აკრძალვაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ახალი ფეხბურთელების გარეშეც უნდა შევძლოთ შედეგების ჩვენება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.

მინდა, რომ კარიერა “რეალში” დავასრულო. ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ტიტულებისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ”, – მოდრიჩის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალი” ესპანეთის პრიმერადივიზიონის გამარჯვებული ბოლოს 2012 წელს გახდა.

ხორვატიამ თურქეთი მოდრიჩის ბრწყინვალე გოლით დაამარცხა (ვიდეო)

2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფის პირველი შეხვედრა პარიზის “პარკ დე პრენსზე” შედგა, სადაც თურქეთისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. შეხვედრის პირველი ტაიმი დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მცირე უპირატესობას მაინც ხორვატები ფლობდნენ. 41-ე წუთზე ლუკა მოდრიჩი მეტოქის საჯარიმოდან მოგერიებულ ბურთს შეეგება, შეუჩერებლად დაარტყა და ბრწყინვალე გოლით გუნდი დააწინაურა კიდეც.

მატჩის მეორე ნახევარში ხორვატები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ. ანტე ჩაჩიჩის გუნდს ანგარიშში სხვაობის გაზრდის შანსი არაერთხელ მიეცა, ორჯერ ბურთი ხარიხასაც მოხვდა, თუმცა გოლი აღარ გასულა. მატჩი ხორვატიის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ევრო-2016
D ჯგუფი
თურქეთი — ხორვატია 0:1 (0:1)

თურქეთი: ბაბაჯანი, გიონული, თოფალი, ბალთა, ერქინი, ინანი, ჩალჰანოღლუ, თუფანი, იოზუაქუფი (შენი 46′), არდა თურანი (ბუტაქ ილმაზი 65′), თოსუნი (მორი 69′).
მთავარი მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.

ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი, მოდრიჩი, ბადელი, ბროზოვიჩი, რაკიტიჩი (შილდენფელდი 90′), პერიშიჩი (კრამარიჩი 87′), მანჯუკიჩი (პიაცა 90+3).
მთავარი მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი.

გოლი: მოდრიჩი 41′.
გაფრთხილებები: თოსუნი 31′, ბალთა 48′, შენი 90+1′ — სტრინიჩი 80′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).

მოდრიჩი: “ყოველთვის ვცდილობ, “ტოტენჰემის” მატჩებს ვუყურო”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მისმა ყოფილმა კლუბმა “ტოტენჰემ ჰოთსპურმა” ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დაიმსახურა. ცნობისთვის, “დეზებმა” ინგლისის პრემიერლიგის ზედა ოთხეულში უკვე გაინაღდეს ადგილი.

“ტოტენჰემში” მშვენიერი გუნდი შეიკრა. როდესაც “რეალის” განრიგი საშუალებას მაძლევს, ყოველთვის ვცდილობ, რომ “ტოტენჰემის” მატჩებს თვალყური მივადევნო. “დეზებს” შესანიშნავი სეზონი გამოუვიდათ და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა დაიმსახურეს”, – ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს 90min-ი.