მოუს ნემანია მატიჩი მოუნდა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები საკმაოდ საინტერესო ტრანსფერზე მუშაობენ, რაც ჟოზე მოურინიოსა და ნემანია მატიჩის დაახლოებას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას Manchester Evening News ავრცელებს.
როგორც იცით, პორტუგალიელი სპეციალისტი საკმაოდ კარგა ხანია რაც ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს, ნემანია მატიჩი კი ამ დროისთვის საუკეთესო ვარიანტად მოისაზრება. მის ალტერნატიულ ვარიანტად კი ერიკ დაიერის ტრანსფერი განიხილება.
“ჩელსი” სანჩესის ტრანსფერზე მაინც მუშაობს
ალექსის სანჩესი, რომელიც კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს გატანილი გოლების მხრივ, “ემირეიტს სტედიუმის” დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.
მიუხედავად იმისა, რომ “არსენალს” არ სურს, სანჩესი მათ უშუალო კონკურენტებს მიყიდოს, “ჩელსი” მაინც მუშაობს ამ ტრანსფერზე, მეტიც Independent-ის ცნობით, ანტონიო კონტემ სანჩესი მთავარ სამიზნედ გაიხადა.
“ატლეტიკომ” კარასკო “იუვენტუსს” შესთავაზა
იტალიური Tuttosport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, მადრიდის “ატლეტიკომ” გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, იანიკ ფერეირა კარასკო ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს შესთავაზა.
თუმცა, ის ფაქტი, რომ მადრიდელები კარასკოს სანაცვლოდ 110 მილიონს ითხოვენ, ტრანსფერს ნამდვილად აფერხებს. სხვა ალტერნატივად კი ბერნანდესკი, დუგლას კოშტა და ტომას ლემარი მოისაზრებიან.
ლაკაზეტი “ლიონს” ტოვებს
ფრანგული “ლიონის” ლიდერი, ალექსანდრე ლაკაზეტი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის კლუბს ზაფხულში დატოვებს. მისი თქმით, ეს სწორედ რომ შესაფერისი დროა წასვლისთვის.
შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი 11 წლიდან “ლიონში” ირიცხება და ახლა, 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი ყველაზე ახლოს “ატლეტიკოში” გადასვლასთან არის.
მოდრიჩი და მორატა “მილანში”?
იტალიურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მიხედვით, “როსონერის” ხელმძღანელები მადრიდის “რეალის” დუეტის, ალვარო მორატასა და ლუკა მოდრიჩის ტრნასფერით არიან დაინტერესებულნი.
როგორც Tuttosport-ის ჟურნალისტები იუწყებიან, “მილანის” ხელმძღვანელებმა მადრიდელთა ესპანელი თავდამსხმელი, რომელსაც “სამეფო კლუბში” ადგილის დამკვიდრება უჭირს, ზაფხულის მთავარ სამიზნედ გაიხადეს.