მალხაზ ჟვანია დინამოს მეორე გუნდში

დინამო თბილისის მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად- მალხაზ ჟვანია იმუშავებს. გასული ჩემპიონატის პირველი წრე მალხაზმა დინამო-2 – ში გაატარა, ხოლო შემდეგ დინამოს პირველ გუნდს უხელმძღვანელა, რომელთანაც ერთად საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოიპოვა. ჟვანია საბოლოოდ ისევ დინამოში დარჩა და ჩვენი გუნდი წარმატებებს უსურვებს მას.

FCDinamo.GE

მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი კომენტარი

ზესტაფონში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამო ადგილობრივ ზესტაფონთან 2:3 დამარცხდა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: თავიდანვე ვგეგმავდით მოგებას, რადგან წარმატება ჩემპიონობის ტოლფასი იქნებოდა. თამაშიც კარგი გამოდგა და მატჩიც მოსაგები იყო, თუმცა  გამოუყენებელი პენალტის მერე საკუთარ კარში მივიგეთ ბურთი. კმაყოფილი ვარ ბიჭებით და ისღა დაგვრჩენია, რომ საშინაო არენაზე გავხდეთ ჩემპიონები.

FCDinamo.GE

მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი კომენტარი

ლანჩხუთში დასრულებული მატჩის შემდეგ, რომელშიც დინამომ ადგილობრივ გურიას 2:1 აჯობა, დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: მოსალოდნელი იყო, რომ რთული და დაძაბული მატჩი გამოვიდოდა. გურია სწრაფი გუნდია და კარგად მოძრაობს მოედანზე, პლუს ამას სახლის ფაქტორიც დაემატა. პირველი გატანილი გოლის შემდეგ გუნდი ოდნავ მოეშვა, რასაც საპასუხო გოლი მოჰყვა. მეტად გვმართებს კონცენტრაცია ყოველ სათამაშო ეპიზოდში. გაშვებული გოლის შემდეგ გუნდი გამოცოცხლდა, საბოლოოდ გავიტანეთ და მატჩის სადავეები აღარ გაგვიშვია ხელიდან.

FCDinamo.ge

ჟვანია “დინამოს” აღარ გაწვრთნის

გავრცელებული ინფორმაციით, მიდმინარე სეზონის ბოლო მალხაზ ჟვანია   თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს.

თბილისურ კლუბში აქტიურად ეძებენ ჟვანიას შემცვლელს. ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი კი, ბაქოს “ინტერის” დამრიგებელი კახა ცხადაძეა.

ცხადაძეს “დინამოში” 2005/2006 წლებში უმუშავია. ასევე გახლთად “სიონის” და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების დამრიგებელი. ბაქოს “ინტერის” გარდა, წვრთნიდა კიდევ ერთ აზრებაიჯანულ კლუბს – სუმგაითის “სტანდარტს”

მალხაზ ჟვანიას კომენტარი

ივანწმინდაში დასრულებული მატჩის შემდეგ დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა – მალხაზ ჟვანიამ დინამოს ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: გუნდს ეტყობოდა, რომ არ იყო მობილიზირებული სრულად. ეს გარკვეულწილად განაპირობა თვითრწმენამ, ზესტაფონთან მოგებული თამაშის შემდეგ. თუმცა გუნდმა ხასიათი გამოავლინა და წაგება ავირიდეთ თავიდან. მომავალში უნდა მეტად ვიყოთ კონცენტრირებულები ყველა თამაშისთვის.

FCDinamo.GE

მალხაზ ჟვანიას მატჩისშემდგომი კომენტარი

ზესტაფონში დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც დინამომ დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა ჩიხურა, თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა- მალხაზ ჟვანიამ დინამოს საიტისთვის კომენტარი გააკეთა.

მალხაზ ჟვანია: დღეს მთელი გუნდი საბრძოლველად ვიყავით განწყობილი და გვინდოდა ყველასთვის დაგვემტკიცებინა ჩვენი ძალა. ის რომ, დინამო ვართ და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. ესეთი ანგარიშით გამარჯვებას ალბათ არ ველოდი, თუმცა ყველანაირად მზად ვიყავით ამ მატჩისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა მხარდასაჭერად ჩამოსულ გულშემატკივარს

FCDinamo.GE

მალხაზ ჟვანია დინამოს შეკრების შესახებ

დინამოს ორკვირიანი ანთალიური შეკრება დასრულდა. შეკრების შეჯამება დინამოს მთავარ მწვრთნელს მალხაზ ჟვანიას ვთხოვეთ.

მოსამზადებელ პირობებზე
იდეალური პირობები გვქონდა მოსამზადებლად. საუკეთესო სასტუმრო, სავარჯიშო მოედნები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც საჭირო იყო ხარისხიანი შეკრებისთვის.

მზადებაზე
მოგეხსენებათ გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია. ასევე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია დაწინაურებული პირველ გუნდში. ჩვენი მთავარი ამოცანა მათი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება გახლდათ. მიზნისთვის, რომლისთვისაც ყველა ფეხბურთელი მონდომებით იშრომებდა. გადავედით ახალ სათამაშო სისტემაზე. გამომდინარე აქედან შემოდის ახალი იდეები, რომელიც ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ და გაითავისონ. რამდენიმე სათამაშო კომპონენტზე ვმუშაობდით. მოსამზადებელ ეტაპზე, ორჯერადი ვარჯიშები, დატვირთვები, ყოველ მესამე დღეს მატჩი, ეს სირთულეები ფეხბურთელებმა შეძლებისდაგვარად გადალახეს. ვფიქრობ წინსვლა არის და შეკრებას დადებითად შევაფასებდი.

ახალწვეულებზე
გიორგი ლორიას ტრავმის გამო, დაუშვილს ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა. ეს საერთაშორისო შეხვედრები დიდი სკოლა იყო მისთვის. მას აქვს დადებითი მხარეები, მაგრამ ბევრი აქვს სამუშაო. დიდი შრომა სჭირდება. ხიდეშელს და გორგიაშვილს ბევრი გაუცდათ, დიდი პერიოდის შემდეგ მოუწიათ მოსამზადებელი ეტაპის გავლა და დაღლილობა დაეტყოთ, მაგრამ ნელ-ნელა ოპტიმალურ ფორმაში ჩადგებიან. ცინცაძე და ჯანელიძე შეიძლება ითქვას, რომ მზად არიან. იგივე ითქმის მოდებაძეზე, თუმცა ორ-სამდღიანი პაუზის გამო შეფერხდა მისი მონაწილეობა სავარჯიშო პროცესში. მთავარია, რომ თითოეული ეს ფეხბურთელი მიიღო გუნდმა და ადაპტაციის პროცესი გავლილია. ისინი ერგებიან იმ სათამაშო მოდელს, რომლის სრულყოფაზეც ჩვენ ვმუშაობთ.

სპარინგებზე
პოდბესკიძიე-პირველი სპარინგი შეკრების მეორე დღეს გვქონდა და ფეხბურთელებს მგზავრობით დაღლილობა ეტყობოდათ. გუნდი ვერ შეხვდა ამ თამაშს მომზადებული. დასაწყისში ელემენტარული შეცდომა დავუშვით და გავუშვით. შემდეგ მთელი მატჩი ვცდილობდით ამ შეცდომის გამოსწორებას, რომ არ წაგვეგო.
ჰაიდუკი-ჩვენ გვქონდა კონკრეტული დავალებები თამაშის ჩვენთვის სასურველი ტაქტიკური სქემებით წარმართვის, რაც მეტ-ნაკლებად გამოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით. ხორვატები სეზონს უფრო ადრე იწყებენ და მზადების ციკლით ჩვენზე წინ იყვნენ. თამაშსაც ეტყობოდა, ისინი ჩვენზე სწრაფად მოძრაობდნენ.
მლადა ბოლესლავი-დაახლოვებით იგივე დავალებები ჰქონდათ ფეხბურთელებს ჩეხებთან შეხვედრაშიც, მაგრამ აქ უფრო მეტად ორიენტირებული ვიყავით შედეგზეც. მიუხედავად იმისა რომ კომუნიკაცია მოედანზე წინა შეხვედრასთან შედარებით უკეთესი იყო, თუმცა ჩვენს თამაშს კვლავ ეტყობოდა, რომ უფრო მეტი შეთამაშება და ურთიერთგაგებაა საჭირო მოედანზე.
ჩერნომორეცი-ამ შეხვედრაში გუნდი უფრო თავისუფლად გამოიყურებოდა. ანგარიშშიც დავწინაურდით, მაგრამ გულშემატკივრებისთვის ცნობილია მატჩის ჩაშლის მიზეზები. დინამოს მიმართ გამოჩენილ უპატივცემულობას ვერ მივიღებდით.
სპარტაკი ნალჩიკი- ეს შეხვედრა არ იგეგმებოდა, მაგრამ ჩერნომორეცთან დაუსრულებელი მატჩის შემდეგ, იმისათვის რათა ყველა ფეხბურთელს მისცემოდა საკუთარი თავის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა, გადავწყვიტეთ კიდევ ერთი სპარინგის ჩატარება. მართალია ახალგაზრდებს პირველად მოუწიათ პირველივე წუთებიდან თამაში, ზედმეტად ნერვიულობდნენ, მაგრამ შანსი რომელიც გეძლევა უნდა გამოიყენო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას გათავისებული ჰქონდეს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც დინამო თბილისის მაისურით თამაშს ახლავს თან. ბოლომდე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ყველას რა არის დინამო და სად იმყოფები. აბსოლუტურად მესმის დინამოს გულშემატკივრის. ის საღამო ძალიან რთული იყო ჩვენთვის.
ნებითიჩი /ბალკანი/-წინა დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ბიჭებიც უფრო მონდომებულები და მობილიზებულნი იყვნენ. პერიოდულად ნათლად ჩანდა ის რისკენაც ვისწრაფვით.

შეჯამება
მთლიანობაში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გუნდმა ფიზიკურ და ტაქტიკურ კომპონენტებში მოუმატა. ფიზიკური კონდიციები ამაღლდა. პროგრესია ტაქტიკური მომზადების მიმართულებით. სპარტაკთან შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ გუნდი უფრო შეთამაშდა. გამოჩნდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. სამუშაო ბევრია. მზადებას თბილისში გავაგრძელებთ. ორი-სამი დღით გუნდი დაისვენებს. 14-ში შევიკრიბებით. სავარაუდოდ 17-ში საკონტროლო შეხვედრას ჩავატარებთ და სეზონის განახლებას სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით.

FCDinamo.GE

“დინამოს” პირველი ვარჯიში მალხაზ ჟვანიას თავკაცობით

დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ჩვენმა გუნდმა ახალი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვენელობით პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში მალხაზ ჟვანიას ასისტენტობას თამაზ სამხარაძე, რამაზ სვანაძე, გელა ჭანტურია და ლევან აბაშიძე უწევდნენ. დინამო თბილისი მალხაზ ჟვანიას თავკაცობით პირველ ოფიციალურ მატჩს 9 დეკემბერს, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის წინაააღდმდეგ გამართავს. დინამო TV დღევანდელი ვარჯიშის ვიდეორეპორტაჟს გთავაზობთ.

4

1

2

3

FCDinamo.GE

თბილისის “დინამოში” მწვრთნელები წარადგინეს

დინამო თბილისის ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიაში ჩვენი კლუბის დირექტორმა მამუკა მახათაძემ ფეხბურთელებს მეორე გუნდის და დუბლშემადგენლობის ახალი სამწვრთნელო შტაბი წარუდგინა. პირველ ლიგაში მოასპარეზე დინამო-2-ს მალხაზ ჟვანია უთავკაცებს. 37 წლის სპეციალისტი 7 წლის მანძილზე მარტვილის მერანს ედგა სათავეში. გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა და საქართველოს ჩემპიონატში ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ჟვანიას ასისტენტობას გივი დიდავა, რამაზ სვანაძე და ლევან აბაშიძე გაუწევენ. დუბლშემადგენლობას სათავეში კახი გოგიჩაიშვილი ჩაუდგა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა თბილისის დინამოს და საქართველოს ნაკრების ღირსებას. მას სულიკო დავითაშვილი და ზურაბ ქვაჩახია დაეხმარებიან, რომლებიც დინამოს საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდნენ.

FCDinamo.GE