“მანჩესტერ სიტი” პეპ გვარდიოლას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები კმაყოფილნი არიან პეპ გვარდიოლას მიერ მანჩესტერულ გრანდში გაკეთებული საქმით და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმების საჭიროებას ხედავენ.

როგორც იცით, “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ყოფილ თავკაცს ინგლისური კლუბი 2016 წელს ჩააბარეს. პეპმა თავისი პირველი ტიტული “ქალაქელთა” თავკაცის რანგში გასულ კვირას გაიფორმა.

“მანჩესტერ სიტისა” და გვარდიოლას შორის არსებულ ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა მომავალი სეზონის ბოლოს ამოეწურება. მიმდინარე კონტრაქტის მიხედვით პეპი გუნდისგან 15 მილიონ ფუნტს იღებს ხელფასის სახით ყოველწლიურად.

გეტყვით იმასაც, რომ პეპ გვარდიოლა ყოველთვის ამბობდა, რომ ერთი გუნდისთვის სურდა თავისი კარიერის მიძღვნა. ასე რომ, დიდი ალბათობით, პეპი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე თანხმობას განაცხადებს.

გვარდიოლა: “სექტემბერშივე ვიცოდი, რომ “მანჩესტერ სიტი” ამ პრემიერ ლიგას მოიგებდა”

ინგლისის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, “მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“მახსოვს, 30 სექტემბერს “ჩელსის” ანგარიშით, 1-0 მოვუგეთ და ამის შემდეგ ჩემი ბიჭები უფრო თავდაჯერებულნი გახდნენ. ჩვენ მაშინ მოქმედი ჩემპიონი დავამარცხეთ. სწორედ იმ დღეს კიდევ უფრო ვირწმუნეთ, რომ პრემიერ ლიგას მოვიგებდით. წინა სეზონში ასე კარგად ვერ გამოვიყურებოდით: ცოტა თამაშში ვიმარჯვეთ.”

“თუმცა, ჩვენი წარმატების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, “ჩელსის” დამარცხება არ ყოფილა. სტაბილურობამ მოგვიტანა ეს ტიტული. მართალია, აგუერო 30 წლისაა და ის გენიოსია, მაგრამ სხვა ბიჭები 20 და 21 წლის არიან. შესაბამისად, ჩვენ ახალგაზრდული გუნდით მოვიგეთ. ამით ძალიან ვამაყობ,” – ამბობს პეპი.

“მანჩესტერ სიტიმ” “ტოტენჰემს” გასვლაზე აჯობა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 33-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “უემბლიმ” უმასპინძლა, რომელსაც მაურისიო პოჩეტინოს “ტოტენჰემი” ჰყავს შეკედლებული. “მამლებმა” “მანჩესტერ სიტი” მიიღეს და დასანანი მარცხიც იწვნიეს.

ზედიზედ სამი წაგებისგან გამწარებულმა “მანჩესტერ სიტიმ” პირველივე წამებიდან დაიწყო შეტევა. გაბრიელ ჟეზუსმა 22-ე წუთზე პირველი გოლი გაუტანა ლორისს. 25-ე წუთზე მსაჯის მიერ უსამართლოდ დანიშნული პენალტი კი გიუნდოგანმა აქცია გოლმა.

ერიქსენმა ერთი გოლი 42-ე წუთზე გაქვითა. საბოლოო ანგარიში კი სტერლინგმა დააფიქსირა თამაშის 72-ე წუთზე. 1-3.


“ტოტენჰემი”: ჰუგო ლორისი; დეივისი, ვერტონგენი, სანჩსი, ტრიპიე; დემბელე (ლუკასი 73′), დაიერი; ლამელა (სონი 63′), დელე ალი (სისოკო 84′), ერიქსენი; ჰარი კეინი

მთვარი მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; უოკერი, კომპანი, ლაპორტე, დელფი; დე ბრუინი (ტურე 89′), გიუნდოგანი, სილვა; სტერლინგი, გაბრიელ ჟეზუსი, ლეროი სანე;

მთვარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა


იურგენ კლოპის პირველი კომენტარი ნახევარფინალში გასვლის შემდეგ

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ (“მანჩესტერ სიტი” 1-5 “ლივერპული” საერთო ჯამში), პრესასთან ისაუბრა.

“ძალიან რთული იყო ასეთი შედეგის დაფიქსირება, განსაკუთრებით თუ მატჩის სტარტს გავითვალისწინებთ. საჩუქარი გავუკეთეთ მეტოქეს, გოლი მივართვით. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ გაშვებული გოლის შემდეგ გუნდის რეაგირება ძალიან რელევანტური იყო.

“სიტიმ” ყველაფერი გარისკა, ყოველი ღონე იხმარა, მაგრამ არ გაუმართლა. სიმართლე გითხრათ, პირველი ტაიმის ბოლოს არც ისე ბედნიერი ვიყავი შედეგით.

“სიტის” 2-3 გოლის გატანა შეეძლო პირველ ტაიმში, მაგრამ ჩვენც გვქონდა კონტრიერიშების შანსები. საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს საკმარისი აღმოჩნდა,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

პეპ გვარდიოლას პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მეტოქე გუნდს (“ლივერპული”) წარმატებები უსურვა.

“პირველ რიგში, მინდა მივულოცო “ლივერპულს” ეს წარმატება – შესანიშნავი გუნდი ბრწყინვალე მწვრთნელით. ჩემი აზრით, ისინი ფინალში ყოფნას იმსახურებენ.

აგრეთვე მინდა მივულოცო ჩემს ფეხბურთელებსაც ასეთი თამაშის ჩვენებისთვის. მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს. აქამდე მოსვლა ძალიან რთული იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ პრემიერ ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.

პირველ ნახევარში ყველაფერი იდეალურად გავაკეთეთ. ძალიან ბევრი შანსი შევქმენით, მაგრამ რთულია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც დაცვაში 11 კაცით თამაშობს.

ახლა ზედიზედ სამი თამაში გვაქვს წაგებული, თუმცა ფაქტი, რომ პრემიერ ლიგის სათავეში ვიმყოფებით, თავად მეტყველებს, თუ რამდენად ძლიერები ვართ.

შეუძლებელია მუდმივად რიტმში ყოფნა. არ ვიცი, იქნებ მომავალში რაღაც გასაგები ვიპოვო. ახლა მხოლოდ ის შემიძლია, რომ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, ” – აცხაედებს პეპ გვარდიოლა.

კლოპი: “გადაწყვეტილი არაფერია, “სიტის” ჩვენი გაგდება შეუძლია”

“მანჩესტერ სიტისთან” “ენფილდზე” მოპოვებული უდიდესი უპირატესობის მიუხედავად (3:0), იურგენ კლოპი თვლის, რომ “ლივერპული” ჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ გასულა და ყურადღებით უნდა იყოს.

“არა, “სიტი” გაუნებელყოფილი სულაც არ არის. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მათ ჩვენი გაგდება შეუძლიათ. გაიხსენეთ, როდესაც 5-0 წავაგეთ “მანჩესტერ სიტისთან” ექტემბერში, ყველამ დაინახა, თუ რა შეუძლია ამ კლუბს, თუმცა ათი კაცით ვთამაშობდით.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას წარმოადგენს პეპი, ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთში სრულყოფილი კლუბი არ არსებობს – არის ცუდი და კარგი პერიოდები.

ცუდი პერიოდი ყველა კლუბს აქვს – ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონა” მოსვენებულია და თვლის, რომ უკვე გასულია შემდეგ ეტაპზე. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

ბრწყინვალე ქამბექი უხვგოლიან მანჩესტერულ დერბიში (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 32 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივ “მანჩესტერ სიტის” ჟოზე მოურინიოს “წითელი ეშმაკუნები” ეწვივნენ. მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა.

მატჩი ორი სრულიად განსხვავებული ნახევრისგან შედგებოდა, რომლის პირველ ნაწილშიც მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. მართალია, “ქალაქელები” “ლივერპულთან” გასამართ მატჩზე ფიქრობდნენ, მაგრამ პირველივე ტაიმში შეძლეს მეტოქეთა დაჩაგვრა – ჯერ კომპანიმ გაიტანა (25′) შემდეგ კი გიუნდოგანმა (30′), თანაც ისე რომ “იუნაიტედს” ერთი დარტყმაც კი არ განუხორციელებია მეტოქის კარისაკენ.

მეორე ტაიმში კი გულშემატკივარმა სრულიად სახეშეცვლილი “მანჩესტერ იუნაიტედი” იხილა. პოგბამ მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება (53′ 55′), რასაც ქრის სმოლინგის მიერ 69-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი მოჰყვა. აღსანიშნავია დე ხეას ყოჩაღობაც ბოლო წუთებში და საბოლოო ჯამში უნდა ვთქვათ, რომ ჟოზემ პეპს აჯობა.


“მანჩესტერ სიტი”: ედერსონი; დელფი, ოტამენდი, კომპანი, დანილო; სილვა (დე ბრუინი 72′), ფერნანდინიო, გიუნდოგანი (აგუერო 76′); ლეროი სანე, სტერლინგი, ბერნარდო სილვა (გაბრიელ ჟეზუსი 72′)

მთავარი მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ბაილი, ეშლი იანგი; ანდერ ერერა, მატიჩი, პოლ პოგბა; ლინგარდი, ლუკაკუ, ალექსის სანჩესი (რეშფორდი 82′)

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


გვარდიოლა: “ორი თვის წინ რაიოლამ პოლ პოგბა და მხითარიანი შემომთავაზა”

ბოლო დროს უცხოური პრესა საკმაოდ აქტიურად წერს ჟოზე მოურინიოსა და პოლ პოგბას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის შესახებ. პეპ გვარდიოლამ კი ბოლო პრესკონფერენციის დროს სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და აღნიშნა, რომ ზამთარში რაიოლამ მას პოგბას ტრანსფერი შესთავაზა.

თუმცა, სანამ უშუალოდ ფრანგ ფეხბურთელზე დაიწყებდა საუბარს, რაიოლას სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც მას ზლატან იბრაჰიმოვიჩის კარიერაზე საუბრისას ლაჩარი უწოდა: “ვეთანხმები. როგორც იქნა, ხალხმა დაინახა ჩემი ნამდვილი სახე, ცუდი ადამიანი ვარ, ლაჩარი.

მასთან არასოდეს მისაუბრია და ვფიქრობ, მის შეხედულებებზე იბრაჰიმოვიჩის სიტყვებმა იქონია გავლენა. თუმცა მართალია, რომ ორი თვის წინ მან მხითარიანისა და პოლ პოგბას ტრანსფერი შემომთავაზა.

საინტერესოა, რატომ გააკეთა ეს. უნდოდა, მხითარიანსა და პოგბას ჩვენთან ეთამაშა? თუ ასეთი ცუდი ადამიანი ვარ და მას კლიენტების დაცვა ევალება, ასეთი შეთავაზება არ უნდა გაეკეთებინა. ძაღლთან შედარება კარგი ნამდვილად არ არის. ძაღლებს პატივი უნდა სცეს.

ძალიან გამიკვირდა, როდესაც ეს ფეხბურთელები შემომთავაზა, რადგანაც ძაღლი ვარ. მიკვირს, რატომ უნდა, თავისი ფეხბურთელები ძაღლს ჩააბაროს – არა, შანსი არაა. მისი ფეხბურთელები უკეთეს მწვრთნელთან თანამშრომლობას იმსახურებენ, გმადლობთ,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.

კარიკატურა: რა უქნეს “ლივერპულის” ფანებმა “მანჩესტერ სიტის” ავტობუსს?

“მანჩესტერ სიტის” დამარცხების შემდეგ, მერსესაიდის “ლივერპულის” ფანებმა “ქალაქელების” ავტობუსი დააზიანეს.

ომარ მომანი ვანდალიზმს ასე ეხმაურება.

 

სტივენ ჯერარდი ლივერპულში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

მერსესაიდული “ლივერპულის” ლეგენდა, სტივენ ჯერარდი, “წითლებსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩამდე (3-0) მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და ლივერპულელი ფანების ქმედება დაგმო.

“ამის გაკეთების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. მსგავსი ქმედებები ჩვენს გუნდზე უარყოფითად მოქმედებს და მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ჩვენს კლუბს ნამდვილად არ უნდა, რომ მსგავს ინციდენტებთან ჰქონდეს კავშირი.

გვინდა, რომ “ენფილდზე” ყოველთვის თბილი ატმოსფერო სუფევდეს და მეტოქეების მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ. დღეს კონკრეტულმა პიროვნებებმა დაწესებულ ზღვარს გადააბიჯეს და რეაგირებაც შესაბამისი იქნება,” – ვკითხულობთ ჯერარდის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებში.

კლოპი: “ვიცით, რა დონისაა “სიტი”, თუმცა, ჩვენს შესაძლებლობებშიც მშვენივრად ვერკვევით”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა შეიქმნა.

თამაშის შემდეგ, გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველი ნახევარი შესანიშნავი იყო. ზუსტად, ასე უნდა გამოვიყურებოდეთ ყოველთვის. ვიცით, რა დონისაა “სიტი”, თუცმა ჩვენს შესაძლებლოებშიც ვერკვევით. პრემიერ ლიგაში ბურთი რომ გვეკოტროლებინა და, ისეთი გუნდებისთვის, როგორი “სიტია”, ის არ ჩაგვებარებინა, ახლა პირველადგილოსანთან უფრო ახლოს ვიქნებოდით. დავკარგეთ სალაჰი ტრავმის გამო, ხოლო ჰენდერსონს დისკვალიფიკაცია აქვს. ეს კარგად არ ჟღერს. მომ მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს, თუმცა, ვნახოთ, რამდენ ხანში დაგვიბრუნდება ის,” – ამბობს გერმანელი.

რა მოხდა “ლივერპულსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის წინ?

4 აპრილს “ენფილდმა” “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირებას უმასპინძლა. მატჩი მერსესაიდელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (ფოტო), რითიც იურგენ კლოპის ბიჭებმა თითქმის გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური.

თუმცა, ფეხბურთის ევროპელი ექსპერტების აზრით, მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია, შეხვედრის დაწყებამდე მომხდარმა მიუღებელმა ფაქტმა – “ლივერპულის” ფანები გარს შემოეხვივნენ “ქალაქელთა” ავტობუსს და ნივთების სროლა დაუწყეს მას.

“ლივერპულის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე მოუხადა ბოდიში პეპ გვარდიოლასა და “მანჩესტერ სიტის” თითოეულ წევრს მომხდარის გამო და დაგვპირდა, რომ მსგავსი ტიპის ვანდალურ საქციელებს აღკვეთდა.