ხორვატი ფეხბურთელი, მარიო მანჯუკიჩი მიუნხენის “ბაიერნს” ტოვებს, ამის შესახებ თავად მოთამაშე აცხადებს.
როგორც 28 წლის თავდამსხმელი ამბობს, ის პეპ გვარდიოლას სათამაშო სტილს ვერ ერგება და მისი გუნდიდან წასვლის მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა.
“ბაიერნი” გასაოცარი კლუბია. გუნდის დატოვებაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა ამაზე ნამდვილად ვფიქრობ. სიმართლე გითხრათ, პეპ გვარდიოლას ტაქტიკას ვერ ვერგები. “რეალის” წინააღმდეგ გამართულ პირველ დაპირისპირებაში მივხვდი, რომ რაც არ უნდა ვცადო, გუნდის სათამაშო სტილს ვერ მოვერგები.
მინდა, “ბაიერნის” ყველა ფეხბურთელს, პეპ გვარდიოლასა და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. მიუნხენელი ფანები ჩემს გულში ყოველთვის დარჩებიან. ახლა ახალი გამოწვევების დროა”, – ამბობს მანჯუკიჩი.
შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩით პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან.