მანუპულაცია – მარკოიშვილის ბენეფისი და ცსკა-ს გამარჯვება “ცრვენა ზვეზდასთან”

მანუპულაცია – ასეა დასათაურებული მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე სტატია, რომელიც „გლორიას თასზე“ არმიელთა „ცრვენა ზვეზდასთან“ გამარჯვებას ეძღვნება. დავძენთ, რომ “მანუ” მარკოიშვილის ზედმეტსახელია და სათაურის შინაარსიც ცხადი გახდება. თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის პირველ შეხვედრაში ქართველმა ლეგიონერმა ბენეფისი მოიწყო და საუკეთესო შედეგი ხომ დააფიქსირა, ცსკა-ს გუნდის წევრები და არა მხოლოდ ისინი აალაპარაკა.

„მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩდნენ ფრიდზონი და მარკოიშვილი, რომლებიც ზუსტი სამქულიანებით გამოირჩნენ, ხოლო ქართველმა ლეგიონერმა საოცარი უნივერსალიზმი გამოავლინა. ის გამოირჩა თითქმის ყველა იმ მაჩვენებელში,რასაც მოიცავს კალათბურთი“ – ვკითხულობთ ცსკა-ს ვებ-გვერდზე.

მარკოიშვილმა მართლაც დიდი უნივერსალიზმი გამოავლინა და ცოტაც რომ მოენდომებინა, სამმაგ დუბლს დააგროვებდა. მიუხედავად იმისა, რომ მილოშ თეოდოსიჩი გუნდს შეუერთდა, მანუჩარი ცსკა-ს სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28:01 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ქართველმა სნაიპერმა 9-დან 5 სამქულიანი და 6-დან 2 ორიანი ჩააგდო.

მარკოიშვილმა მოედნზე მყოფთაგან ყველაზე მაღალიმარგი ქმედებისკოეფიციენტი (24) დააგროვა. მისშემდეგ მოდის აარონ ჯექსონი (20), რომელმაც 12 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მილოშ თეოდოსიჩი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე გატარებულ 27:39 წუთში 13 ქულა, 8 პასი და 4 მოხსნა დააგროვა, თუმცა ბურთი 8-ჯერ დაკარგა.

ვაგრძელებთ არმიელთა ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის კითხვას: „მესამე მეოთხედი კი სულაც მარკოიშვილის ბენეფისად იქცა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნლობით, მან ბელგრადელთა გუნდი დახვრიტა, როცა მეოთხედის განმავლობაში 4 სამქულიანი ჩაუგდო. როცა მილოშ თოდოსიჩმაც მიითვალა სამიანი, ცსკა-ს უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია“.

ბოლო მეოთხედში ბევრიც არაფერი შეცვლილა. „ცრვენა ზვეზდამ“ სცადა ვითარების შეცვლა და მხოლოდ ის მოახერხა, რომ ღირსეული ანგარიშით – 72:77 დამარცხდა. 25 სექტემბერს ცსკა სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ შეხვდება და თუკი გაიმარჯვებს, ჯგუფში პირველ ადგილს და ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. მეორე ჯგუფში თავმოყრილნი არიან თუქრული “ეფესი”, რომელმაც ბერძნულ “ოლიმპიაკოსთან” წააგო და ესპანური “მალაგა”.

gbf.ge

მარკოიშვილს ფინალში გმირობა არისელმა პალაშიჩმა არ დაანება

სულ მცირე დააკლდა მანუჩარ მარკოიშვილს, ნიკოს გალისის მემორიალის ფინალის გმირი გამხდარიყო. მოსკოვური ცსკა-ს ქართველმა მსროლელმა თვისი საქმე გააკეთა, სალონიკის „არისთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე ზედიზედ 5 ქულა ჩააგდო და თავისი გუნდი საფინალო სირენამდე 3,8 წამით ადრე 59:57 დააწინაურა.

ბერძნების პასუხმა მარკოიშვილის საგმირო საქმე გადაფარა. პაშალიჩმა შორეული სროლით „არისი“ 60:59 დააწინაურა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. საფინალო სირენამდე 0,2 წამი რჩებოდა და რამის შეცვლა წარმოუდგენელი იყო. ნიკოს გალისის თასი საბერძნეთში, „არისის“ მფლობელობაში დარჩა.

ქართველმა მსროლელმა 2-დან 2 სამქულიანი, 3-დან 1 ორიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მანუჩარმა მთლიანობში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. საერთო სარგებლიანობით მარკოიშვილი (11) ცსკა-ში აარონ ჯექსონს (26) და კაილი ჰაინსს (13) ჩამორჩა.

23-26 სექტემბერს ცსკა სტამბულში “გლორია ქაფზე” ითამაშებს, რომელშიც 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. “ა” ჯგუფში თურქული “ეფესი”,ბერძნული “ოლიმპიაკოსი” და ესპანური “უნიკახა” მოხვდნენ, “ბ”-ში კი – ცსკა, თურქული “ფენერბაჰჩე” და სერბული “ცრვენა ზვეზდა”.

მარკოიშვილის კლუბი 23 სექტემბერს “ცრვენა ზვეზდას” გაეჯიბრება, 25-ში – “ფენერბაჰჩეს”, 26-ში კი – ჯგუფში დაკავებული პოზიციიდანგამომდინარე, მე-5, მე-3 ან პირველი ადგილისთვის იბრძოლებს.

gbf.ge

ცსკა-მ “პანათინაიკოსი” დაამარცხა – მარკოიშვილმა 34 წუთი ითამაშა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ათენის „პანათინაიკოსი“ დრამატულ მატჩში 68:67 დაამარცხა და საბერძნეთში მიმდინარე ნიკოს გალისის სახელობის მემორიალური ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე, სალონიკის „არისს“ შეხვდება.

ქართველმა ლეგიონერმა მოსკოვურ გრანდში მეოთხე მატჩი ჩაატარა. მან ზედიზედ მეორედ ითამაშა სასტარტო ხუთეულში და მოედანზე პირადსარეკორდოდ ბევრი – 34:06 წუთი გაატარა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ცსკა ძირითადი ხუთეულის 3 კალათბურთელის გარეშე თამაშობდა. ტრავმების გამო მოედანზე ვერ გავიდნენ სონი ვიმსი და ვიქტორ ხრიაპა, ხოლო სერბი მილოშ თეოდოსიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ჯერაც არ შეერთებია არმიელებს.

მატჩი ძალიან დრამატული ფინალით დასრულდა. ცსკა-მ, რომელიც თავიდან იგებდა, ბოლო მეოთხედში 10 ქულით ჩამორჩა. სწორედ ამ დროს დარბაზში 24 წამის დამთვლელი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა დ მის შეკეთებას გარკვეული დრო დასჭირდა. თამაშის განახლება და არმიელთა გააქტიურება ერთი იყო – ცსკა-მ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა როგორც მოსკოველთა ვებ-გვერდი იტყობინება, საკვანძო მომენტში ფარქვეშიდან ჩაგდება ვერ მოახერხა მოსკოველთა ამერიკელმა ლეგიონერმა კაილი ჰაინსმა, ხოლო მარკოიშვილმა სამიანი ააცილა.

თითქოს ყველაფერი დარულდა, მატჩის ჩამთავრება ფორმალობას წარმოდგენდა, თუმცა მოსკოველთა ტაქტიკურმა ჯარიმებმა გაამრთლა. დიმიტრის დიამანტიდისმა ბოლო წუთზე 6-დან მხოლოდ 2 საჯარიმო ჩააგდო, რითაც ცსკა-მ კვლავ 3 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა და შეტევის უფლებაც მოიპოვა. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე ვიტალი ფრიდძონმა სამქულიანი იმის მიუხედავად ჩააგდო, რომ მასპინძელთა მცველი მასზე დაჯარიმდა. ფრიდძონმა საჯარიმოც მიითვალა და როცა ათენელებმა ბოლო შეტევა გააცუდეს, ცსკა-მ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.
gbf.ge

მარკოიშვილი ცსკა-ში საუკეთესოა: 17 ქულა 17 წუთში და 5-დან 5 სამქულიანი

მანუჩარ მარკოიშვილის დიდებული თამაში მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში. ქართველმა ლეგიონერმა საბერძნეთში, „ტრიკალას“ წინააღმდეგ ჩატარებულ სპარინგ-მატჩში 17 წუთში 17 ქულა მოაგროვა, თან ისე რომ 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

მარკოიშვილისთვის ეს გახლდათ მეორე მატჩი ცსკა-ში. პირველ შეხვედრაში მან ბერძნულ „პატრასს“ 5 ქულა ჩაუგდო. მანუჩარი არც ამჯერად იყო მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა.

მანუჩარმა 17:01 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთიც ერთჯერ დაკარგა. ქართველმა სნაიპერმა 5-დან 5 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა, რაც მატჩში საუკეთესო გახლდათ.

მას ამ მაჩვენებლით მცირედით (18) ჩამორჩა „ტრიკალას“ გამთამაშებელი ნეით ბოუი, რომელიც 2012-13 წლების სეზონში საქართველოს სუპერლიგაში „რუსთავის“ ღირსებას იცავდა. ცსკა-ში მარკოიშვილის კვალზე 13 ქულა სონი ვიმსმა დააგროვა, ზაზულინმა და ვორონცევიჩმა 11-11 ქულა მოიხვეჭეს, ხოლო აარონ ჯეკსონმა 7 ქულა და 11 პასი მიითვალა.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, მოსკოველებმა „ტრიკალა“ 103:65 გაანადგურეს.

ცსკა-ს დამრიგებელმა, დიმიტრის იტუდისმა ნამატჩევს მცირე კომენტარი გააკეთა: „ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვაძლიერებთ დაცვას და ვიღებთ შემტევ გადაწყვეტილებებს. რასაკვირველია, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასახვეწი. დღევანდელ მატჩში ვიქტორ ხრიაპას დასვენების საშუალება მივეცით, რამაც ახლგაზრდა მოთამაშეებისთვის მეტი სათმაშო დრო გამოათავისუფლა.

gbf.ge

მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ მოსკოვის ცსკა–ს ვებ–გვერდზე

მანუჩარ მარკოიშვილი ტრვმირებულია და ეროვნულ ნაკრებს ვერ ეხმარება. თუკი ის რამდენიმე დღეში ვერ მოახერხებს მწყობრში ჩადგომას, ნაკრებს ვერც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერ დაეხმარება. მარკოიშვილმა რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი გააფორმა მოსკოვის ცსკა–სთან, ხოლო იქვე, ამ გრანდის ოფიციალურ ვებ–გვერდს ინტერვიუ მისცა, რომლის თარგმანსაც გთავაზობთ…

 

 შენ თქვი, რომ ცსკა-ში თამაშზე ოცნებობდი. ამის მიზეზი რა იყო?

– ეს იოლი ასახსნელია. საქართველო საბჭოთა კავშირის ნაწილი გახლდათ, ცსკა კი ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან კლუბად ითვლებოდა, რომელიც ყოველთვის მწვერვალზე იყო. ქართველთაგან კი ამ გუნდში არავის უთამაშია, თუ არ ჩავთვლით გიორგი ცინცაძეს, რომელიც აქ რამდენიმე წლის გამოჩნდა. საქართველოში, სანამ პატარა ხარ, პირველი მიზანი თბილისის “დინამოში” აღმოჩენაა, შემდეგ კი ცსკა მოდის. იზრდები, როდესაც არმიელ მოთამაშეებს უყურებ, ვეტერანებზე ისტორიებს და ლეგენდებს ისმენ და თავადაც გინდა, ასეთი იყო, ყველაფერი საკუთარი თვალით ნახო. თანამედროვე ეპოქაში ცსკა ევროპელ გრანდთაგან ერთ-ერთია, რომელიც ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობს და ევროლიგაში თუ სხვა ტურნირებში დიდი წარმატებებისთვის მიუღწევია. ასეთ გუნდში მოხვედრა, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბევრი სხვა კალათბურთელის ოცნებაცაა.

– გასულ სეზონებში ცსკა-ს ასპარეზობას თვალს თუ ადევნებდით და ქომაგობდით?

– ყოველთვის ვუყურებდი და ვქომაგობდი იმის გამოც, რომ გუნდში ჩემი ახლო მეგობარი ვლადო მიცოვი თამაშობდა. გასულ სეზონში ჩვენ მეტოქეები ვიყავით და მართალია, ცსკა-ს დამარცხება ვერ მოვახერხეთ, ვლადოს და გუნდს ყოველთვის ვგულშემატკივრობდი. მიცოვთან ერთად, 3 წელი იტალიურ “კანტუში” ვთამაშობდი – კარგი ბიჭია, ჩემსავით მართლმადიდებელია და დღესასწაულებს ყოველთვის ერთად აღვნიშნავდით. სერბებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. საერთოდაც, “კანტუ” მეგობრული გუნდი იყო.

– რუსულად ასე კარგად როგორ საუბრობ?

– ჩემი მეუღლე უკრაინელია. როდესაც მასთან ურთიერთობა დავიწყე, რუსული ცუდად ვიცოდი, შეიძლება ითქვას, საერთოდ ვერ ვსაუბრობდი. ამიტომაც, კურიოზულ სიტუაციებში ხშირად ვვარდებოდი. იყო შემთხვევები, მონდოდა სადმე დამეპატიჟა, მას არ ესმოდა და ცდილობდა გაერკვია: “ალბათ, შენ გინდოდა გეთქვა “კინოში წავიდეთ” (ან კაფეში, პარკში)”, რაზეც მე მოკლედ ვპასუხობდი: “დიახ!”. სკოლაში რუსულს ცუდად ვსწავლობდი და მოგვიანებით, ბედმა “დამსაჯა”! ვისწავლე!

– პროფესიონალებს შორის 14-15 წლის ასაკში აღმოჩნდი. რთული იყო? ადრე ხომ არ მოგივიდა?

– 15 წლის ვიყავი. საქართველოს ახალგაზრდულ და კადეტთა ნაკრებებში ვთამაშობდი. კადეტებში იტალიელთა წინააღმდეგ რანდენჯერმე ვითამაშე. მათი თავკაცი რენატო პასკუალი იყო, რომელიც ამავდროულად “ბენეტონის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც გახლდათ. სწორედ მან მიმიწვია სინჯებზე იტალიაში და 3 დღის თავზე გუნდში ამიყვანეს. თავდაპირველად, მე-11 მოთამაშე ვიყავი, ტრევიზოელებს კი ძირითადის 10 კალათბურთელი ჰყავდათ შერჩეული. მათთან ერთად მხოლოდ ვვარჯიშობდი, თუმცა, იანვარში ერთ-ერთმა მოთამაშემ კლუბი დატოვა და მეათე წევრად მე შემიყვანეს.    ახალგაზრდა მოთამაშისთვის ეს თავის გამოჩენის ჩინებული შანსი იყო. საშუალოდ 10 წუთს მითმობდნენ და ევროლიგაშიც ვიასპარეზე. ეტორე მესინა იყო პირველი მწვრთნელი, რომელიც მენდობოდა და ბევრი რამ მასწავლა. ალალად გეტყვით, ძალიან მიჭირდა. უცხო ენები – ინგლისური და იტალიური არ ვიცოდი, ცოტა გერმანულად ვსაუბრობდი, თუმცა, არაფერში მადგებოდა. ამიტომაც, ვარჯიშებზე მაქსიმალურად ყურადღებით ყოფნა მიხდებოდა. უკან რომ ამ გამოცდილებით დაბრუნება შემეძლოს, ალბათ, სხვანაირად მოვიქცეოდი ხოლმე. ახალგაზრდა ვიყავი და უფროსებს პატივს ვცემდი, რიგ ეპიზოდებში ვეტერანი მოთამაშეების წინააღმდეგ ჯარიმას არ ვიღებდი, რადგანაც მათი დაზარალება არ მსურდა. ერთხელაც მწვრთნელმა მითხრა, “შენ უფრო სუსტი ხარ, ვიდრე ჩემი გოგო და ბიჭიო”. მეწყინა და გავბრაზდი. ცხადია, იგი ხუმრობდა, მაგრამ ყველაფერი სწორად გავიგე. ზრდა გვიან დავიწყე.

– შენი პირველი უცხოური კლუბები “ბენეტონი” და “ოლიმპია” იყო, რომლებიც ახალგაზრდობასთან მუშაობით ცნობილნი არიან. შეიძლება ითქვას, რომ მოთამაშედ სწორედ ამ კლუბებში ჩამოყალიბდი?

– “ბენეტონში” სწორად ამიხსნეს – დაცვაში როგორ მეთამაშა და ესა თუ ის კომპონენტები როგორ გამეუმჯობესებინა. “ოლიმპიაში” უკვე ის უნდა მეჩვენებინა, რა შემეძლო. თავდაპირველად, ბევრი რამ არ გამომდიოდა, მაგრამ სეზონის ბოლოსკენ მწვრთნელმა პროგრესი დაინახა და სათამაშო დრო გამიზარდა. ამასთან, სლოვენიაში უფრო ხისტად გარჯა ვისწავლე. მნიშვნელობა არა აქვს, კალათში ახვედრებ თუ არა, დაცვაში ყოველთვის აგრესიული უნდა იყო. იმ სკოლამ ბევრი რამ შემმატა.

– როგორც უკვე თქვი, “ბენეტონში” ეტორე მესინას ხელმძღვანელობით თამაშობდი. იმ პერიოდიდან რა მოგონებები დაგრჩა?

– თავიდან მისი მეშინოდა! თუმცა, იგი პირველივე დღიდან კარგად მეპყრობოდა. თუკი რამე პრობლემას ხედავდა, ვარჯიშების შემდეგ რჩებოდა და გარკვეულ მომენტებს მიხსნიდა, მეხმარებოდა. 16 წლის ბავშვს “ოთხთა ფინალის” განაცხადში არავინ ჩართავდა, მესინამ კი ეს გააკეთა. ნახევარფინალში 10 წუთი ვითამაშე, ფინალში კი – 15. ჩემთვის, ეს საუკეთესო მოგონებებია. მოგვიანებით გავათვითცნობიერე, რომ ამ ადამიანმა შანსი მომცა, რადგანაც ხედავდა, რომ ჩემგან შეიძლებოდა, რამე გამოსულიყო.

– ეროვნულ ნაკრებში, რომელშიც ბოლო პერიოდია, საკმაოდ საინტერესო შემადგენლობაა თავმოყრილი, ყოველთვის სიამოვნებით მიდიხარ. როგორ ფიქრობ, რა გაკლიათ, რომ უფრო მაღალ დონეზე ახვიდეთ?

– უცხოურ კლუბებში თამაში – ჩვენი სამუშაო და მომავალია, ეროვნული ნაკრები კი – სამუშაო არაა, არც ფულს ვიღებთ, ეს ჩვენი სულისთვისაა! ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის ღირსებას ვიცავ. ეს მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ჩემთვის და ქომაგებისთვისაც. ნაკრებში გამოძახებას ერთგვარ საზაფხულო ბონუსად აღვიქვამ – ეს დამატებითი შესაძლებლობაა, რათა კალათბურთისგან სიამოვნება მივიღო. საქართველოს ნაკრებს უბრალოდ იმის გათავისება აკლია, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია. არის გუნდი, რომლის წევრებიც ერთად უკვე რამდენიმე წელია ვთამაშობთ, “ახალგაზრდა სისხლი” კი არც ისე ბევრია. ნიჭიერი ქართველი კალათბურთელების აღზრდის რესურსი არ არსებობს. ქვეყანაში კალათბურთით, ალბათ, მხოლოდ 3 ქალაქია “დაავადებული”. ბავშვთა კალათბურთი ამ ბოლო დრომდე არ ვითარდებოდა. ახლა, პროცესი დაიძრა, ნელა, მაგრამ მაინც. ამის გარეშე ეროვნულ ნაკრებს მომავალი არ აქვს. ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ, უკვე წარმატებაა, თუმცა, უკვე დროა გავიგოთ, რომ ეს არა მხოლოდ წარმატება, არამედ შანსია, რომ მეტს მივაღწიოთ. როდესაც ამას გავათვითცნობიერებთ, მაშინ გუნდიც სხვაგვარად ითამაშებს.

– მოთამაშეთა ნატურალიზაციაზე და ამერიკელების ნაკრებში თამაშზე რა აზრის ხარ?

– ასე ვიტყვი: წინააღმდეგი ვარ. საქმე ის არ გახლავთ, რომ ამერიკელები არ მიყვარს, პირიქით, მათ მიერ ნაკრებისთვის გაწეულს სამსახურს ძალიან ვაფასებ. უბრალოდ, გული მწყდება, რომ პირობითად მე-12 ქართველი მოთამაშე, იმის მაგივრად, რომ ქვეყნის ღირსებას პარკეტზე იცავდეს, ამ ყველაფერს ტელევიზორში უყურებს. არა უშავს, რომ იგი უფრო დაბალი კლასისაა, სამაგიეროდ, ეს ნამდვილი საქართველოს ნაკრები იქნებოდა. სხვადასხვა ქვეყნებში კალათბურთის დონის განსაზღვრა ასე უფრო იოლია. შეიძლება კონკრეტული ტურნირისთვის პირობითი ჯორდანი აიყვანო და მოიგო კიდეც, რაც ქვეყნისთვის და ჩვენთვის უდიდესი სიხარული იქნებოდა, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც იტყვის – “არ ყოფილიყო ჯორდანი, არ იქნებოდა გამარჯვება”. შეიძლება ამ საკითხში მართალი არ ვარ, მაგრამ ასე ვთვლი.

– წლის განმავლობაში საქართველოში რა დროს ატარებ?

– ცოტას. მხოლოდ ახლა, ცსკა-სთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გავფრინდები. წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად მაქსიმუმ 2-3 კვირა ვარ.

– ახალ ქვეყნებში გადასვლის ჟამს სამშობლოსთან კავშირის შეგრძნება რამდენად მნიშვნელოვანია?

– თავდაპირველად, განშორება ძალიან მიჭირდა. როგორც წესი, იმ ქვეყნებში, სადაც ვთამაშობდი, ქართული სამზარეულოც არ იყო. მხოლოდ სლოვენიაში ჩემმა კარგმა მეგობარმა გახსნა ქართული რესტორანი. ამ რესტორნის გარდაც, ლამის ყველა თამაშის შემდეგ სავახშმოდ მასთან მივდიოდი. კიევშიც ვიპოვე ქართული რესტორანი, ასე რომ, ნელ-ნელა სიტუაციას მივეჩვიე. ცხადია, საქართველო მენატრება ხოლმე, თუმცა, მოსკოვში არა მგონია, ეს პრობლემა იყოს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც – შინ.

– ამბობენ, საქართველოში ყველა მამაკაცი ან თავადია ან მომღერალი. შენ ვინ ხარ?

– სულიერად მხოლოდ – მომღერალი. თავადი ჩემზე, ალბათ, არ ითქმის. გარშემო პატიოსანი და სამართალიანი ხალხი მყავს და ამას ძალიან ვაფასებ. სამართლიანობა ყველაფერში მნიშვნელოვანია.

– ხომ არ მღერი?

– ძალიან მიყვარს, მაგრამ არ ვმღერი. ერთხელ უკრაინაში ახალ წელს ვხვდებოდით და ვიღაცამ გაიგო, რომ სუფრასთან ქართველიც ვიყავი. მაშინვე მითხრა: “ლექსები თქვი!”. ვპასუხობ: “რადგან ქართველი ვარ, ლექსებს უნდა ვამბობდე, თამადა ვიყო და ბევრი ვსვა? არ შემიძლია, სპორტსმენი ვარ!”. თუმცა, ჩემი ოპონენტი არ გაჩერებულა: “მაშინ იმღერე!”. “ჩიტო-გრიტო” სიტუაციას კარგად მოერგო, ფონოგრამის დახმარებით იდეალურად გამომივიდა!

– გასული სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვე. რა მოხდა? რა გამოცდილება მიიღე?

– მყესებთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა. მწყობრიდან 3 თვე გამოვედი, ოპერაცია გავიკეთე და აღდგენასაც დრო დასჭირდა. სხვათა შორის, ბოლო ეტაპი ბელგიურ კლინიკაში გავიარე, რომელიც ტომას ვან დენ შპიგელმა მირჩია. ერთადერთი, რაც მაშინ გავიგე, ისაა, რომ სანამ თამაშის შესაძლებლობა გაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო. როდესაც მოედანზე გადიხარ, ყველაფერი უნდა გაიღო, რადგანაც არ იცი, მე-2 დღეს ისევ ითამაშებ თუ – არა. არ უნდა დაგრჩეს შეგრძნება, რომ “ამის გაკეთება შემეძლო, მაგრამ არ გავაკეთე”. ჩემი ოცნება საქმეში რაც შეიძლება მალე დაბრუნება იყო. რათა თამაშისგან სიამოვნება მიმეღო.

– ცსკა-ში, ალბათ, რეზერვისტის როლში იქნები. მზად ხარ?

– სასტარტო ხუთეულში ყველა გუნდში არ ვყოფილვარ. სხვადასხვა ვარიანტებისთვის უნდა ვიყო მზად. პაპალუკასმა ბრძნული რამ თქვა: “მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იწყებს თამაშს, მთავარია ვინ ასრულებს”. სკამიდან დაწყება უფრი რთულია, მაგრამ უნდა ვეცადო. მთავარია, თამაშის შანსი მექნება.

gbf.ge

ოფიციალურად: მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ს წევრია

მანუჩარ მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელია. რუსეთისა და ევროპის გრანდმა საკუთარ ვებ-გვერდზე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქართველი შემტევი უკანახაზელი, მანუჩარ მარკოიშვილი მათი წევრი გახდა.

არმიელებმა ეს მას შემდეგ გააკეთეს, რაც ქართველი ფორმარდი მოსკოვში ჩავიდა და ცსკა-ს ოფისში კონტრაქტი გააფორმა. არმიულმა გუნდმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მანუჩარმა და ცსკა-ს მთავარმა მწვრთნელმა კომენტარები გააკეთეს.

დიმიტრის იდუტისი, ცსკა-ს მთავარი მწვრთნელი: ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ შევძელით ისეთი ენერგიული და შეუპოვარი მოთამაშის შემატება, როგორიც მანუჩარ მარკოიშვილია. მე მქონდა შესაძლებლობა, გასულ სეზონში ყურადღბით დავკვირვებოდი მანუს თამაშს თურქეთის ლიგაში. ასევე მანამდეც არაერთხელ მინახავს მისი გარჯა იტალიურ „კანტუსა“ და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ სათანადოდ გამოვიყენოთ მისი შეუპოვრობა, ენერგიულობა, ბრძოლისუნარიანობა და კარგი დაცვითი თამაში. მისი გაბარიტები მანუს ძალიან დაეხმარება მეტოქე დაცვაში საიმედოდ აიყვანოს. ამასთან ერთად, მარკოიშვილი შესანიშნავი შემტევი და ძალიან კარგი შემსრულებელია. იმედს ვიტოვებ, რომ გუნდის მოთამაშეები, მწვრთნელები და მთელი პერსონალი ყველანაირად დაეხმარებიან მანუს, სწრაფად გაიაროს ადაპტაცია და გახდეს ჩვენი ორგანიზაციის ღირსეული წევრი.

მანუჩარ მარკოიშვილი, ცსკა-ს უკანახაზელი: ალალად გეტყვით, არ ველოდი, რომ ცსკა-სგან შემოთავაზებას მივიღებდი, თუმცა ამაზე ყოველთვის ვოცნებობდი.ამიტომაც, როცა კლუბიდან შემეხმიანნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთი სული მაქვს, როდის ჩავიცმევ ცსკა-ს მაისურს, როდის გავხდები დიადი ორგანიზაციის წევრი – მინდა, რომ დრო მალე გავიდეს.  ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა და ეხლა ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ყველა მატჩში გავიმარჯვოთ. ვიცი, რომ ძალიან ბევრი შრომა მომიწევს, თუმცა ეს მხოლოდ მახარებს, რადგან მეძლევა შესაძლებლობა, მივაღწიო ყველაზე მაღალ მწვერვალებს. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

gbf.ge

ევროპული მედია: მარკოიშვილი მოსკოვის ცსკა-ში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მანუჩარ მარკოიშვილი კარიერას მოსკოვის ცსკა-ში გააგრძელებს – ამას იტყობინება ევროპის ერთ-ერთი ავტორიტეტული საკალათბურთო ვებ-გვერდი eurobasket.com და სხვადასხვა წამყვანი გამოცემები. საკუთრივ რუსული კალათბურთის ფლაგმანს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთბია.

საბოლოოდ ალბათ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მასმედიაში ვრცელდება, რადგან კლუბი ყოველთვის ბოლოს ახმაურებს ამა თუ იმ ტრანსფერის ამბავს. მარკოიშვილმა გასული სეზონნახევარი სტამბოლის „გალათასარაიში“ გაატარა და ამ გუნდს შარშან ქვეყნის ჩემპიონობაში, წლეულს კი ვერცხლის მოგებაში დაეხმარა. ამასთან ერთად, მარკოიშვილი იყო სტამბოლელთა დიდი დასაყრდენი ევროლიგაში, სადაც „გალათასარაიმ“ 2 ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი ოფში ითამაშა.

გახდება თუ არა ქართველი ფორვარდი რუსეთისა და ევროპის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის წევრი, უახლოეს ხანებში შევიტყობთ.

gbf.ge

მარკოიშვილის “გალათასარაიმ” ჩემპიონობა საკუთარი ნებით დათმო და ფინალზე არ გამოცხადდა

უპრეცედენტო რამ მოხდა თურქეთის ჩემპიონატში. ფინალური სერიის მე-7, გადამწყვეტი მატჩის სათამაშოდ, რომელსაც ოქროს მედლების მფლობელი უნდა გამოევლინა, ერთ-ერთი გუნდი არ გამოცხადდა და შესაბამისად, ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეთვალა.

ეს გუნდი გახლდათ მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“, რომელიც საფინალო მეტოქის, თანაქალაქელი „ფენერბაჰჩეს“ დარბაზში სათამაშოდ არ მივიდა. ეს გახლდათ პროტესტი იმისა, რომ მსაჯები და შესაბამისად თურქეთის კალათბურთის ფედერაცია „ფენერბაჰჩეს“ მფარველობდნენ. „გალათასარაის’ ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ აზრი არ ჰქონდა მეტოქის დარბაზში მისვლას და იქ ჩემპიონობის უშანსოდ დათმობას.

მარკოიშვილის გუნდმა წინა დღეებში განაცხადა, რომ სათამაშოდ „ულქერ არენაზე“ არ მივიდოდა და ასეც მოიქცა. მაშ ასე, „ფენერბაჰჩე“ ჩემპიონია, „გალათასარაი“ კი ალბათ ვერცხლის მედლებსაც ვერ მიიღებს და სუპერფინალურ მატჩზე გამოუცხადებლობისთვის სანქციები დაეკისრება.

gbf.ge

მარკოიშვილის თურქეთის ჩემპიონობას ერთი მატჩი გადაწყვეტს

თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“ ჩემპიონობისთვის თანაქალაქელ „ფენერბაჰჩეს“ ებრძოლება, მე-7, გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა.

სერიის მეექვსე მატჩს „გალათასარაის“ „აბდი იპექჩის“ დარბაზმა უმასპინძლა. სტუმრები ბევრს ეცადნენ, ჩემპიონობა მეტოქის მოედანზე მოეპოვებინათ, მაგრამ „გალათასარაიმ’ არ დაანება. ბოლო მეოთხედის წინ „ფენერბაჰჩე“ 2 ქულით ლიდერობდა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მასპინზლებმა მეტოქეს 27:17 აჯობეს და საბოლოოდ 85:77 გაიმარჯვეს.

მარკოიშვილმა მხოლოდ 16:15 წუთი ითამაშა. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, თავი 7 ქულას მოუყარა და ამას ერთადერთი მოხსნა მიამატა. საუკეთესო კარლოს აროიო იყო, რომელმაც 19 ქულა და 9 პასი მიითვალა. 19 ქულით დაასრულა შეხვედრა ზორან ერცეგმაც.

მაშ ასე – ჩემპიონი 19 ივნისს გამოვლინდება. თუ ფინალურ სერიაში აქამდელი ტრადიცია გაგრძელდება, რომლის თანახმადაც მასპინძელი იგებს, ჩემპიონი „ფენერბაჰჩე“ გახდება. მარკოიშვილი და „გალათასარაი“ ამ ტრადიციის დარღვევას და ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდებიან.

gbf.ge

მარკოიშვილის “გალათასარაი” თურქეთის ფინალურ სერიაში კვლავ ჩამორჩა

ამ ლოგიკით თუ გაგრძელდა, თურქეთის ჩემპიონი სტამბოლის “ფენერბაჰჩე” გახდება. ფინალურ სერიაში ჯერჯერობით გუნდები საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრებს იგებენ. წუხელ, “ფენერბაჰჩემ” შინ 76:63 დაამარცხა მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაი” და სერიაში 3:2 დაწინაურდა.

მატჩის საწყისი და მეორე პერიოდები მასპინძლებმა შესაბამისად 15 და 9 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც დიდი  შესვენებაზე სოლიდური მარაგით გავიდნენ. მეორე ტაიმში “გალათასარაიმ” ვერ მოახერხა ჩამორჩენის გაბათილება და 13 ქულით დამარცხდა.

ქართველმა უკანახაზელმა 25:47 წუთი ითამაშა და 9 ქულა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მარკოიშვილმა 2 ორქულიანი ააცილა, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, შორ სროლებში კი მოიკოჭლა – 7 ცდიდან მხოლოდ 1 სამიანი ჩააგდო.

“გალათასარაიში” 16 ქულით ბომბარდირი ჩენკ აკიოლი გახდა, პუერტორიკოელმა კარლოს აროიომ კი 8 ქულა და 6 პასი მიითვალა. “ფენერბაჰჩეში” ბოიან ბოგდანოვიჩმა 14 ქულა მოაგროვა, 13 – ბო მაკალებმა, ემირ პრელდჟიჩმა კი თავი ორმაგ დუბლს მოუყარა – 12 ქულა, 11 მოხსნა.

სერიის მომდევნო მატჩი “გალათასარაის”, “აბდი იპექჩის” დარბაზში გაიმართება. მარკოიშვილის გუნდის მოგების შემთხვევაში მე-7, გადამწყვეტი შეხვედრა22 დაინიშნება, რომელსაც 19 ივნისს “ფენერბაჰჩე” უმასპინძლებს.

gbf.ge

მარკოიშვილის 16 ქულით “გალათასარაიმ” ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

სტამბოლის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მე-4 მატჩის მოგებაში მანუჩარ მარკოიშვილს წილი სოლიდურია – ქართველმა უკანახაზელმა 16 ქულა ჩააგდო, “გალათასარაიმ” კი “ფენერბაჰჩე” 88:82 დაამარცხა.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე  გატარებულ 32:25 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

გამარჯვებულებს კარლოს აროიომ უიდერა, რომელმაც 34 წუთში 24 ქულა და 5 პასი მიითვალა. “ფენერბაჰჩეში” 22-22 ქულით საუკეთესონი იყვნენ ბო მაკალები და ლინას კლეიზა, თუმცა მათმა გარჯამ მასპინძლებს გამარჯვებაშ ხელი ვერ შეუშალა.

ფინალური სერიის მომდევნო შეხვედრა “ფენერბაჰჩეს” დარბაზში, 13 მაისს გაიმართება.

gbf.ge

მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქულ ფინალში ჩამორჩენა შეამცირა

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის მე-3 მატჩი მოიგო და ჩამორჩენა შეამცირა – 1:2. “ფენერბაჰჩეს” მოედანზე 2 მარცხის შემდეგ მარკოივილის გუნდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და საკუთარ, “აბდი იპექჩის” მოედანზე დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა – 73:64.

მატჩის საწყისი 3 მეოთხედი თანაბარი იყო და ულა-ქულაში მიმდინარეობდა. “გალათასარაიმ” მატჩის ბოლო პერიოდში მოახერხა “ფენერბაჰჩეს” გატეხვა და ჰაერივით საჭირო გამარჯვებას დაეპატრონა.

ქართველმა კალათურთელმა თავისიანთაგან ყველაზე მეტ ხანს ითამაშა. მარკოივილმა მოედანზე 31:47 წუთი გაატარა და თავი 9 ქულას, 3 მოხსნას, 3 ჩაჭრას და 1 პასს მოუყარა. მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 1 სამიანი ჩააგდო. საუკეთესო შედეგი ზორან ერცეგმა დააფიქსირა, 17 ქულით, ჩენკ აკიოლმა კი 12 ქულა მოინაგრა.

მომდევნო მატჩი კვლავ “გალათასარაის” დარბაზში, 10 ივნისს გაიმართება.

gbf.ge