გრიზმანი “ოლდ ტრაფორდზე” იანვრის თვეში გადავა?
მადრიდის “ატლეტიკოს” ფრანგი შემტევი, ანტუან გრიზმანი კარიერის “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელებას გეგმავს. Manchester Evening News-ის ცნობით ტრანსფერი 2018 წლის იანვრის თვეში გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკები” ზაფხულშიც საკმაოდ ახლოს იყვნენ გრიზმანის ტრანსფერთან, თუმცა ანტუანმა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა “როხიბლანკოში” დარჩენა, რომ “ატლეტიკოს” სატრანსფერო დისკვალიფიკაციით იყო დასჯილი და მისი შემცვლელის მიყვანას ვერ შეძლებდა.
იოზილის ტრანსფერი მესიმ დაბლოკა
Don Balon-ის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, სატრანსფერო ფანჯრის ბოლოსკენ “ბარსელონელები” ძალიან ახლოს იყვნენ “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის გადაბირებასთან, თუმცა ტრანსფერი ლეო მესიმ დაბლოკა.
როგორც ცნობილი ხდება, “ბლაუგრანას” არგენტინელ გოლეადორს გერმანელი ფეხბურთელის მხარდამხარ თამაშის ვარიანტი დიდად არ ხიბლავს, რაც ამ უკანასკნელმა მაშინვე გაუმხილა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელთა შტაბს.
“იუვენტუსი” ემრე ჯანს არ ეშვება
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მერსესაიდის “ლივერპულის” გერმანელ ნახევარმცველს, ემრე ჯანს კვლავ არ ეშვებიან. Corriere dello Sport-ის ცნობით, “ბებერი ქალბატონი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც შეეცდება მის გადაბირებას.
შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანს “ენფილდელებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მისი გადაბირებისთვის სულ რაღაც 9 მილიონი ფუნტია საჭირო.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ბეილის ვარიანტს უბრუნდება
“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები უკვე იწყებენ გარეთ ბეილის პრემიერ ლიგაში დაბრუნებაზე ზრუნვას – ამ ინფორმაციას ბრიტანული, საკმაოდ ავტორიტეტული გამოცემა The Sun ადასტურებს.
როგორც ცნობილი ხდება, ლონდონის “ტოტენჰემის” ყოფილი ვარსკვლავის სანაცვლოდ “წითელი ეშმაკები” 90 მილიონ ფუნტს იხდიან, რასაც შესაძლოა, ბონუსებიც დაემატოს.
“ბარსელონამ” დიბალას დამატებაზე უარი განაცხადა
El Chiringuito-ს ცნობებს თუ დავუჯერებთ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ორჯერ მიეცათ პაულო დიბალას გადაბირების შანსი.
თუმცა, “ლურჯ-ბროწეულისფრების” პრეზიდენტთა საბჭო იმდენად იყო დარწმუნებული უსმან დემბელესა და ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერებში, რომ დიბალას გადაბირების შანსი საკმაოდ მარტივად გაუშვეს ხელიდან.