ბალაკი: „გერმანიას მარცხენა მცველის პრობლემა აქვს“

გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანმა მიხაელ ბალაკმა 2014 წლის მუნდიალის კენჭისყრის შედეგები შეაფასა.
ცნობისთვის, გერმანელების ჯგუფში ასევე პორტუგალია, განა და აშშ მოხვდნენ.
„ვიცი, რომ გერმანია კარგად არის მომზადებული. ეს კარგი გუნდია, რომელიც ტიტულის მოგებას შეეცდება. დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშე მხოლოდ ტურნირის მოგებაზე ფიქრობს“, – თვლის ბალაკი.
„პრობლემები? ვფიქრობ, მაღალი დონის მარცხენა მცველის გამოძახებაა საჭირო. მრავალი წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე ფილიპ ლამი თამაშობდა, თუმცა ახლა მან საპირისპირო ფლანგზე გადაინაცვლა“.
„ჩვენი ცენტრალური მცველები ძალიან ძლიერები არიან, მაგრა, სწორი დუეტის არჩევა მაინც მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. წინ კი პრობლემები არ გვაქვს. კლოზე, ისევე, როგორც გომესი – მაღალი დონის თავდამსხმელია. დარწმუნებული ვარ, ეს ორი ფორვარდი არაერთ გოლს გაიტანს“, – დაასრულა 37 წლის გერმანელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

ბალაკმა იოზილის ტრანსფერზე ისაუბრა

გერმანიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიხაელ ბალაკი თვლის, რომ მისი თანამემამულე მესუთ იოზილი ლონდონის „არსენალში“ წარმატებას მიაღწევს.

„იოზილი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც კარიერის პიკზე იმყოფება. ის გამოჩენილი ფეხბურთელია და არა მგონია, ინგლისში პრობლემები შეექმნას.
„არსენალი“ დიდებული კლუბია, რომელმაც იოზილის სანაცვლოდ დიდი თანხა გაიღო.
ეს ადასტურებს იმას, რომ მას საერთაშორისო დონეზე განსაკუთერებული ადგილი უკავია. ასეთ თანხას ხშირად არ იხდიან.
იმედი მაქვს, მას საქმეები კარგად წაუვა. მისი სახით პრემიერლიგას შეემატება ფეხბურთელი, რომელიც ტექნიკური შესაძლებლობებითა და ბურთის ფლობით გამოირჩევა“, – განაცხადა ბალაკმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების წევრი მადრიდის „რეალიდან“ „არსენალში“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

იოზილის დებიუტი შესაძლოა 14 სექტემბერს, „სანდერლენდის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში შედგეს.

ბექა დოგრაშვილი