“რეალმა” “მაიკროსოფტთან” ხელშეკრულება გააფორმა

მადრიდის “რეალსა” და კორპორაცია “მაიკროსოფტს” შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კონტრაქტის ფინანსური დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა მარკეტინგის ექსპერტები ღიად ამბობენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება უფრო ძვირადღირებული იქნება, ვიდრე “ბარსელონასა” და “ინტელს” შორის შარშან გაფორმებული 25 მილიონ აშშ დოლარიანი კონტრაქტი, რომელიც ხუთ წელზეა გათვლილი. “რეალსა” და “მაიკროსოფტს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება “სამეფო კლუბს”, სავარაუდოდ, 30 მილიონ აშშ დოლარს მოუტანს, რისი ნაწილიც სტადიონის მოდერნიზებაზე დაიხარჯება.

დღეს საღამოს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ხელშეკრულების პირობების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და ამერიკული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ორლანდო აიალა.

 

„მაიკროსოფტი“ „სანტიაგო ბერნაბეუსთვის“ სახელის შეცვლას არ აპირებს

„მაიკროსოფტის“ ესპანური ფილიალის ხელმძღვანელმა მარია გარანიამ განაცხადა, რომ თუ კომპანია მადრიდის „რეალის“ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ შეიძენს, არენას სახელი არ გადაერქმევა.

ცოტა ხნის წინათ კომპანია „მაიკროსოფტმა“ დაადასტურა ინფორმაცია, რომ „სამეფო კლუბის“ სტადიონის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ 2016 წლის ზაფხულში განახლებული სტადიონის გახსნა იგეგმება და ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი უნდა იყოს. გარანიას თქმით კი, „მაიკროსოფტს“ „რეალთან“ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და კომპანია სტადიონისთვის სახელის გადარქმევას არ აპირებს.

„რეალმა“ და „მაიკროსოფტმა“ მიმდინარე წლის მაისის თვეში გამოაცხადეს, რომ ლათინო ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დაგეგმილ არაერთ პროექტთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ.

ბექა დოგრაშვილი

დაერქმევა „სანტიაგო ბერნაბეუს“ „მაიკროსოფტის“ სახელი?

„მაიკროსოფტის“ ხელმძღვანელი ბილ გეითსი მადრიდის „რეალის“ სტადიონ „სანტიაგო ბერნაბეუს“ შეძენას ცდილობს. შეთანხმების შემთხვევაში, „სამეფო კლუბის“ არენას ამერიკული კომპანიის სახელწოდება ექნება. 2016 წლის ზაფხულში განახლებული სტადიონის გახსნა იგეგმება და ამ დროისთვის უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი უნდა იყოს. ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ ვარაუდობს, რომ კონტრაქტი წელიწადში 10 მილიონი დოლარით შეფასდება.

„მოლაპარაკებები სასტარტო სტადიაზეა. „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მომავალი წლის შუა პერიოდამდე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. საუბარია კლუბის გულშემატკივრებისთვის მეტად დელიკატურ საკითხზე, ამიტომ მხარეები ყველა შესაძლებლობას განიხილავენ, რომ სტადიონმა არ დაკარგოს სახელი „სანტიაგო ბერნაბეუ“, – წერს „ელ კონფიდენსიალი“ კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.

ბექა დოგრაშვილი