ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ცენტრმა 6-თვიანი უქმობა დაასრულა და გუშინ, ნბა-ს წინასაზესონო მატჩში, “ჩიკაგო ბულსის” წინააღმდეგ ითამაშა. ამავდროულად, ქართველი ცენტრის “მილუოკიში” რედებიუტი შედგა. 2004 წლის შემდეგ ფაჩულიამ “ბაქსში” ისევ ითამაშა – 17 წუთში მან ჩიკაგოელებს 8 ქულა ჩაუგდო. შეხვედრა “ჩიკაგომ” 105:84 მოიგო.
ფაჩულიამ 6 თვის წინ აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარა. ზაზა მთლი ზაფხულის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და როგორც დაგეგმილი იყო, მოედანს 6 თვეში დაუბრუნდა. “ჩიკაგოსთან” მატჩში ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა მოაგროვა და პლუს ამას 2 ფარიდან ასხლეტილ ბურთს დაეუფლა.
ცენტრის პოზიციაზე “მილუოკის” ძირითად შემადგენლობაში ლარი სანდერსმა ითამაშა, რომელმაც 26 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მომდევნო საგამოფენო მატჩს მილუოკელები ამაღამ, “ნიუ იორკთან” გამართავენ.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი