ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონის მედალი კოკაინის შესაძენად გაყიდა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პაულო სეზარი (მეტსახელად კაჟუ) გამოტყდა, რომ მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე მოგებული ოქროს მედალი კოკაინის შესაძენად გაყიდა. 65 წლის ყოფილმა მოთამაშემ ამის გამო სინანული გამოთქვა. ის 17 წლის განმავლობაში ნარკოდამოკიდებული გახლდათ.

“თავის კონტროლს ვერანაირად ვერ ვახერხებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს გავაკეთებდი. ეს ჩემთვის დიდი დანაკლისია. მანამდე ეს არავისთვის არ მითქვამს, თუმცა ახლა ყველაფრის სათქმელად მზად ვარ. მაშინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ კოკაინი იყო. მედალს უფრო ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა”, – პაულო სეზარის კომენტარი “გლობომ” გამოაქვეყნა.

კაჟუს ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 57 მატჩში ათი გოლი აქვს გატანილი. ის “სელესაოს” ღირსებას ათი წლის განმავლობაში იცავდა.

 

ნარკომოვაჭრეებმა ნეიმარის სახე გამოიყენეს

ბრაზილიელმა ნარკომოვაჭრეებმა თავიანთ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდის მიზნით უბრალო და ეფექტური ხერხი მოიფიქრეს.

„ბარსელონას“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი სამშობლოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნარკომოვაჭრეებმა გადაწყვიტეს ფეხბურთელის იმიჯი გამოეყენებინათ და ნარკოტიკის კაფსულებზე მისი სურათები გააკრეს.

სან პაულოს შტატში სამართალდამცავებმა კოკაინით მოვაჭრე 27 წლის მამაკაცი დააკავეს. მას კოკაინის 31 კაფსულა აღმოუჩინეს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კაფსულებზე ნეიმარის სურათი იყო გამოკრული.

როგორც დაკავებულმა განაცხადა, კაფსულებზე ნეიმარის სურათები იმიტომ იყო გამოკრული, რომ პოტენციური მყიდველები ნარკოტიკის მაღალხარისხიანობაში დარწმუნებულიყვნენ.

ბექა დოგრაშვილი