26 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთთან შეხვედრამდე, მატჩისწინა ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ს.კ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართულ საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. მომავალ შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ჯანო ანანიძე და ვაკო გვილია დააკლდებიან. გიორგი ჩაკვეტაძე კი ბელგიურ „გენტში“ დაბრუნდა.
ვლადიმირ ვაისი: “ლიტვის წინააღმდეგ პირველი ტაიმი კარგი იყო, შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო ჩემი აქ ყოფნის პერიოდში. ბიჭები ცდილობდნენ ხარისხიანი ფეხბურთი ეთამაშათ, კარგად იხსნებოდნენ ზონებში, ფლანგის მცველები კარგად ერთვებოდნენ შეტევაში. მეორე ნახევარში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ბუნებრივია, რომ თამაში ისე ვეღარ გავაგრძელეთ. პირველი ტაიმის ანგარიშის გათვალისწინებით ეს ნორმალურია.
რა თქმა უნდა, ხვალ სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება, რადგან ესტონეთი ლიტვაზე ძლიერი გუნდია. არ მინდა ლიტვას ვაწყენინო, მაგრამ ესტონეთი სხვა სქემით თამაშობს და დაცვაში მჭიდროდ დგანან. მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებმაც ლიტვის წინააღმდეგ არ ითამაშეს. რა თქმა უნდა, მთლიანი შემადგენლობას შეცვლას არ ვაპირებ, მაგრამ 5-6 ცვლილება იქნება. ტაქტიკა ცოტათი განსხვავებულ იქნება, რადგან არ გვეყოლებიან ანანიძე, ჩაკვეტაძე და გვილია. ვაკომ ბოლო თამაშში მცირე დარტყმა მიიღო მუხლის არეში და სათამაშოდ მზად არ არის. ჩაკვეტაძე შეთანხმების თანახმად კლუბში დაბრუნდა.
რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, ორი კვირის უკან მე ვიყავი მოსკოვში, შევხვდი „სპარტაკის“ ხელმძღვანელობასა და გუნდის მთავარ მწვრთნელს. მასიმო კარერას ვკითხე იყო თუ არა ჯანო სათამაშოდ მზად და მან მიპასუხა, რომ მოხარული იქნებოდა თუ ის ნაკრებშიც სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა. ასევე ვესაუბრე ჯანოს და ის თავს კარგად გრძნობდა. ძალიან ვწუხვარ ჯანოს ტრავმის გამო ისევე როგორც ყველა ქართველი გულშემატკივარი. ჯანოს ჯანმრთელობას ვუსურვებ და ველოდები მას ისევე როგორც ოქრიაშვილს და მჭედლიძეს.”
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, ესტონეთის ეროვნული გუნდი თბილისში, დღეს ერევნიდან ჩამოფრინდა. ესტონეთმა დედაქალაქში ჩამოსვლამდე სომხეთის წინააღმდეგ ითამაშა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ესტონეთის წინააღმდეგ:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)
საქართველოსა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა 27 მარტს 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
Gff.Ge