ვიდიჩმა “ინტერი” შესაძლოა, “მილანზე” გაცვალოს

მილანის “ინტერის” მცველმა ნემანია ვიდიჩმა კარიერა შესაძლოა, ლომბარდიის დედაქალაქის მეორე კლუბში, “მილანში” გააგრძელოს.

34 წლის სერბ ფეხბურთელს “ნერიაძურიში” სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და ბუნებრივია, შექმნილი მდგომარეობით კმაყოფილი ვერ იქნება.

“კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ იანვარში კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდება, რის შემდეგაც საქმეში “მილანი” ჩაერთვება, რომელსაც ვიდიჩთან უკვე აქვს კონტაქტი.

 

ერიკ თოჰირი: „ვიდიჩის „ინტერში“ ტრანსფერი 90 პროცენტით განხორციელებულია“

მილანის „ინტერის“ პრეზიდენტმა ერიკ თოჰირმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი კარიერას „მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ 32 წლის სერბ მცველს სეზონის ბოლოს „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი ეწურება. ფეხბურთელმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ ინგლისურ კლუბთან ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

„რაც შეეხება ვიდიჩს, ტრანსფერი 90 პროცენტით განხორციელებულია. როდესაც ყველაფერი გადაწყდება, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ“, – აღნიშნა თოჰირმა.

ინდონეზიელმა ბიზნესმენმა „ინტერის“ ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„ბოლო ორი მატჩი კარგად ჩავატარეთ. გუნდი კარგ ფორმაშია, კარგად დაბალანსებული და შეკრულია. ვალტერ სამუელის წყალობით დაცვის ხაზი კიდევ უფრო გაძლიერდა. კარგი დროება გვიდგას, მაგრამ ფეხბურთელებზე ზეწოლის განხორციელებას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, დამდეგ შეხვედრებში კარგ შედეგებს ვაჩვენებთ. ერნანესის შეძენამდე შეტევის მხოლოდ ერთი ვარიანტი გვქონდა, ახლა უკვე ცენტრიდან შეტევაც შეგვიძლია“, – აღნიშნა თოჰირმა.

ბექა დოგრაშვილი

აგენტი ვიდიჩის „ინტერში“ გადასვლას არ ადასტურებს

გასულ კვირაში თითქმის ყველა სპორტული სააგენტო დაბეჯითებით იუწყებოდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ნემანია ვიდიჩი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. დღეს გავრცელებული ცნობის თანახმად, სერბი ფეხბურთელი „ნერიაძურისთან“ ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, თუმცა ვიდიჩის აგენტი სილვანო მარტინა არ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„ვიდიჩის ტრანსფერი „ინტერში“? მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ფეხბურთელის მომავალი უახლოეს პერიოდში გაირკვევა“, – Sportsmole-ი.

შეგახსენებთ, ვიდიჩმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ დატოვებს.

სერბი მცველი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოსკოვის „სპარტაკიდან“ 2006 წლის იანვარში გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში ვიდიჩმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ასევე დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასები, სამჯერ გახდა ინგლისის ლიგის თასის მფლობელი, ხუთჯერ კი – ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული. 2009 და 2011 წლებში ვიდიჩი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ბექა დოგრაშვილი

Rai: ვიდიჩმა „ინტერში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა

Fanebi.com-ის აქტიურ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური მცველი ნემანია ვიდიჩი დამდეგ ზაფხულს კლუბს თავისუფალი აგენტის დატოვებს. სერბმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ცნობის თანახმად, ვიდიჩი კარიერას მილანის „ინტერში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია სიმართლეს რომ შეესაბამება, დღევანდელმა დღემ ნათლად გამოაჩინა.

იტალიური SportMediaset-ი „რაიზე“ დაყრდნობი იუწყება, რომ ვიდიჩმა „ინტერში“ გასაიდუმლოებულად გაიარა სამედიცინო შემოწმება და იტალიურ კლუბთან „2+1“ სქემით კონტრაქტიც გააფორმა.

წყაროს ცნობით, 32 წლის სერბი მცველი „ნერიაძურიში“ ხელფასის სახით სეზონში 3,5 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს სხვადასხვა სახის ბონუსებს.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: სეზონის ბოლოს ვიდიჩი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ნემანია ვიდიჩმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის სერბ ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, შესაბამისად, ის კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„ეს ჩემი კონტრაქტის ბოლო წელია. აქ რვა არაჩვეულებრივი წელიწადი გავატარე. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 15 ტიტულს მოვიგებდი. რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ მოსკოვის ფანტასტიურ საღამოს (ჩემპიონთა ლიგა მოიგო). გადავწყვიტე, სეზონის ბოლოს კლუბი დავტოვო. მინდა, რომ საკუთარ თავს ახალი გამოწვევები დავუსახო და კვლავ გამოვავლინო ჩემი საუკეთესო თვისებები“, – ვიდიჩის სიტყვები „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

უცხოური პრესის ინფორმაციით, ვიდიჩი კარიერას, სავარუდოდ, მილანის „ინტერში“ გააგრძელებს.

სერბი მცველი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოსკოვის „სპარტაკიდან“ 2006 წლის იანვარში გადაბარგდა. ამ ხნის განმავლობაში ვიდიჩმა ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, ასევე დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგისა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასები, სამჯერ გახდა ინგლისის ლიგის თასის მფლობელი, ხუთჯერ კი – ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული. 2009 და 2011 წლებში ვიდიჩი ინგლისის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ბექა დოგრაშვილი

ვიდიჩი საავადმყოფოდან გამოწერეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ნემანია ვიდიჩი დღეს საავადმყოფოდან გამოწერეს. ამის შესახებ ცნობას ინგლისური პრესა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ლოდნონის „არსენალთან“ გუშინდელ მატჩში მანკუნიანელთა მცველმა თავის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც მატჩის პირველი ტაიმის დასრულებაც კი ვერ მოახერხა.

მატჩის შემდეგ სერბი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შედეგად, ვიდიჩს ტვინის შერყევა აღმოუჩნდა.
ამ დროისთვის 32 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების თარიღი საჯაროდ ცნობილი არ არის.