გასული კვირის მთავარი მოვლენა, მალტაზე ქართველი ფეხბურთელების მასობრივი მიგრაცია გახდა. “ვალეტას” რიგებში ერთბაშად სამი საქართველოს მოქალაქე ჩაირიცხა, საიდანაც ორი ეროვნული ნაკრების მოთამაშეებად ითვლება. მალტის წამყვანი კლუბის ღირსებას დაიცავენ: საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე ნუკრი რევიშვილი და ორი ახალგაზრდა იმედის მომცემი ფეხბურთელი, ირაკლი მაისურაძე და აბაიომი ოვონიკოკო.
ქართველი ფეხბურთელების სუსტ ლიგებეში თამაში აღარავის უკვირს. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ჩვენი ნაკრების ფეხუბრთელები ევროპის ტოპ ლიგებში ასპარეზობდნენ. მაგრამ, თუ ადრე სომხეთის ან ყაზახეთის დონის ლიგებში, შესაბამისი კვალიფიკაციის ფეხბურთელები მიდიოდნენ, ახლა სამოყვარულო ლიგაში ეროვნული გუნდის წევრები მიდიან, რაც ნამდვილად საგანგაშოა.
მალტურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელების “ვალეტაში” მიყვანა მერაბ ჟორდანიას ფინანსური დახმარებით მოხდა. საინტერესოა, რომ “ვიტესიდან” წამოსულმა ჟორდანიამ, 1 თვის წინ “ტორპედოს” ჩაბარებაზე თქვა უარი და როგორც ჩანს მალტურ ფეხბურთში არჩია თანხის დაბანდება.
ისე, ქართველი ფეხბურთელს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ან ნებისმიერი დონის ლიგაში წააწყდებით. მაგალითად იტალიაში, რანგით მეექვსე დივიზიონის ბინადარ “ფოლგორე 1945-ში” ავთო ბუჩაშვილი გამოდის, რომელიც საქართველოში “გაგრაში” თამაშით არის ცნობილი. ქართველები ბალტიისპირეთშიც მრავლად არიან. ლიტვასა და ლატვიაში ქართველ ფეხბურთელთა მიგრაცია ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა. წარმომადგენელი ფინეთის მეორე ლიგაშიც კი გვყავს. “კოოტეეპეეს” ღირსებას უკვე 5 წლის განმავლობაში 28 წლის მცველი გიორგი ოსიტაშვილი იცავს. გაგიკვირდებათ და, ქართველს ფარერის კუნძულებზეც უთამაშია. მამუკა ტორონჯაძე, რომელიც ახლა უკვე რუსთავის “მეტალურგის” ფეხბურთელია ფარერებზე 2010 წელს გაემგზავრა და ჯერ “სუდუროის” შემდეგ კი “რუნავიკის” ღირსებას იცავდა. თუმცა, ყველაზე ორიგინალური ალბათ მაინც გიორგი ციმაკურიძეა. სლოვაკეთიდან საქართველოში დაბრუნების წაწრუმატებელი მცდელობის შემდეგ, ციმაკურიძემ კვლავ უცხოეთში გადაწყვიტა თამაში და ტაილანდს მიაშურა, სადაც იქაურ პირველი ლიგის “ტტმ”-ში ჩაირიცხა, შემდეგ პრემიერლიგის “ბანგკოკში” გადავიდა, თუმცა შემდეგ კვლავ პირველ ლიგას დაუბრუნდა და “ფუკეტის” ღირსებას იცავს.
ბოლოს, იმედი გამოვთქვათ, რომ მომავალში ქართველ ლეგიონერებზე საუბრისას, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებზე მოგვიწევს წერა.