შესაძლოა, საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ყატარში წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.
ფრანგ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს. მას მენისკი აქვს დაზიანებული და სავარაუდოდ, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში, პოგბას სამიდან ხუთ თვემდე პერიოდი გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.
პოლ პოგბას მსოფლიო პირველობაზე თამაში სურს და მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს ეძებს. ფეხბურთელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ოპერაციის გაკეთება ურჩიეს, პოგბამ რჩევები იტალიელი ექიმებისგანაც მიიღო. ახლა ფეხბურთელი “იუვენტუსის” სამედიცინო შტაბთან ერთად გადაწყვეტილების ძიების პროცესშია. შესაძლოა, მკურნალობის მეთოდის შესახებ ვერდიქტი მომავალი კვირის დასაწყისში მიიღონ.
მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება.