ანალიზი: უნდა დარჩეს კოუტინიო “ლივერპულში”?

მერსესაიდული “ლივერპულის” ბრაზილიელი ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობას კვლავ განაგრძობს კატალონიური “ბარსელონა”. ბოლო ცნობების მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “წითლებს” 72 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

როგორც იცით, სატრანსფერო ბაზარზე “ლივერპულის” აქტივობას თავად იურგენ კლოპი აკონტროლებს, მას კი ნამდვილად არ სურს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა. მართალია, ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ფასი, მაგრამ სანამ კატალონიელები 89 მილიონ ფუნტზე (პოგბას ფასი) მეტის გადახდას არ დათანხმდებიან, კლოპმა ზარს არც კი უნდა უპასუხოს – თუ რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში რომელიმე ტიტულზე მაინც აქვს პრეტენზია.

მას არ ვყიდით, ის ფასდაუდებელია – მსგავს ფრაზებს ძალიან ბევრი კლუბი იყენებს, რათა მეორე მხარეს ფსონების აწევა აიძულოს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ იურგენ კლოპი ამ ტაქტიკას იყენებდნენ.

ეს ზაფხული იურგენს გუნდის სრულყოფისთვის სჭირდება და არა გადაწყობისთვის.

მერსესაიდულმა კლუბმა წარსულის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს და მომავალს იმედის თვალით შეხედოს – გუნდს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი წვრთნის, სპონსორები 100 მილიონი აქვთ გამოყოფილი ტრანსფერებისთვის და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებენ. ერთი სიტყვით, “წითლებს” ყველაფერი აქვთ წარმატებისთვის და წაბორძიკება აღარ ეპატიებათ.

ჩემპიონთა ლიგა… ბოლოს “ენფილდმა” მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს 2014/15 წლების სეზონში უმასპინძლა. ალბათ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ, თუ როგორ ფეხბურთს აჩვენებდნენ ბრენდან როჯერსის ბიჭები 2013/14 წლების სეზონში, წინ კი ჩემპიონთა ლიგა ელოდათ. მაგრამ “ლივერპულელებმა” გულშემატკივრებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუვეს (ფეხბურთელებზე მეტად მფლობელებმა).

საქმე ისაა, რომ ბრწყინვალე სეზონს საშინელი სატრანსფერო ფანჯარა მოჰყვა. ინგლისელებმა გუნდიდან ლიდერი, ლუის სუარესი “არსელონაში” გაუშვეს და სანაცვლოდ ისეთი ფეხბურთელები მოიყვანეს, როგორებიც ლაზარ მარკოვიჩი, მარიო ბალოტელი და რიკი ლამბერტი არიან.

იმ სატრანსფერო ფანჯარას მხოლოდ ორი დადებითი მხარე ჰქონდა. საუბარია ადამ ლალანასა და ემრე ჯანის ტრანსფერებზე, რომლებიც დღესაც ღირსეულად იცავენ “ენფილდს”.

ჩემპიონთა ლიგაზე მათი გასეირნება მალევე, ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა.

თითქმის იგივენაირად განვითარდა მოვლენები ბოლოს, როდესაც “წითლებმა” ევროპულ სარბიელზე იასპარეზეს. მაშინ, 2009 წლის ზაფხულში რაფა ბენიტესმა ჩაბი ალონსო მადრიდის “რეალში” გაუშვა, თავად კი ესპანელი ნახევარმცველი ვერ ჩაანაცვლა და კვლავ ჯგუფში ჩარჩა.

იმ ზაფხულს რაფას გუნდში ალბერტო აკილანი, გლენ ჯონსონი და სოტირიოს კირგიაკოსი ჩაირიცხნენ. შედეგიც შესაბამისი იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს “ლივერპულელთა” მესამე მცდელობაა უმაღლეს ლიგაში დამკვიდრების და იმედია იღბლიანი გამოდგება. წარმატებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი კი კოუტინიოს შენარჩუნებაა მანამ, სანამ “ბარსელონა” ისეთ წინადადებას არ გაუკეთებს “ენფილდელებს”, რომელზეც უარს ვერ იტყვიან.

თუმცა, ფანები ღრუბლებში ფრენას უნდა მოეშვან და რეალობას გაუსწორონ თვალი. ის ფაქტი, რომ “გიჟი პარიზელები” მზად არიან 190 მილიონი ფუნტი გადაიხადონ ნეიმარის ტრანსფერში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “ბარსელონა” 130 მილიონს გაიღებს კოუტინიოსთვის.

კონტრასტისთვის შეგახსენებთ, რომ ნეიმარს “ბარსელონასთან” უძლიერესი კონტრაქტი აქვს, ბრაზილიის “ოქროს ბიჭუნაა” და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი. მოკლედ რომ ვთქვათ, მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება.

რაც შეეხება კოუტინიოს, მას ჯერ კიდევ ვერ ვუწოდებთ შემდგარ ფეხბურთელს, ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მართალია, კოუტინიოს კონტრაქტში გამოსასყიდ ფასად 100 მილიონი ფუნტი არაა ხსენებული, მაგრამ იურგენს დაახლოებით ამდენი უნდა უღირდეს ფილიპე.

ერთი ნაბიჯი წინ, ორი – უკან

ბოლო დროს, პრემიერ ლიგამ ევროპის სხვა ჩემპიონატებთან საკმაოდ დიდი ჰანდიკაპი შექმნა. ჩემპიონატი გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, “დიდი ოთხეული” “დიდ ექვსეულამდე” გაიზარდა და ეს განსაზღვრებაც ბრაზს იწვევს “ევერტონის” გულშემატკივრებში. გათამაშებაში კი ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ ოთხი ბილეთია, რაზეც ყოველწლიურად წუწუნებენ ინგლისელები.

გასულ სეზონში “არსენალი” მეხუთე ადგილზე გავიდა, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მეექვსე ადგილზე. მხოლოდ ეს ფაქტიც კი კმარა იმის აღსანიშნავად თუ რაოდენ რთულია ინგლისის პრემიერ ლიგა. ათი წლის წინ მსგავსი რამ რომ გეთქვათ, ხალხი გიჟად შეგრაცხავდათ და პირისპირ დაგიწყებდნენ დაცინვას, თანაც საკმაოდ ხმამაღლად.

ოთხეულში მოხვედრა, რაც “ლივერპულმა” უკვე მოახერხა, ერთია, მაგრამ მეორეა ადგილის შენარჩუნება უმაღლეს საფეხურზე. ამისთვის კი ყველაფერი უნდა გააკეთო და საკუთარ თავსაც უნდა აჯობო.

ეს ზაფხული კი განსაკუთრებულად გიჟურია. კლუბებს ფული თავზე საყრელად აქვთ და მნიშვნელოვან ცვლილებებსაც ახორციელებეც. “მანჩესტერ იუნაიტედის” მაგალითი რომ ავიღოთ, “ლივერპულის” მოსისხლე მტერმა 75 მილიონ ფუნტად ლუკაკუ დაიმატა და ახლა 40 მილიონიანი ივან პერიშიჩის ტრანსფერზე მუშაობს. ეს კი იმიტომ, რომ გასულ სეზონში ჟოზეს გუნდის შეტევითი პოტენციალი დიდად არ ხიბლავდა.

“არსენალმა” კი როგორც იქნა, დაამხო პირადი სატრანსფერო რეკორდი და გუნდში ალექსანდრე ლაკაზეტი მოიყვანა. ის ნამდვილი გოლეადორია და ალექსის სანჩესთან და მესუთ იოზილთან ერთად ნამდვილი საოცრებების შექმნა შეუძლია.

“ჩელსიმ” 70 მილიონი ფუნტი დახარჯა ალვარო მორატას ტრანსფერში, დაცვის ხაზი კი კონტემ რუდიგერის ტრანსფერით გააძლიერა. პეპ გვარდიოლამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა, როგორებიც არიან ედერსონი, ბერნარდო სილვა, კაილი უოკერი და ბენჟამინ მენდი.

როგორც ვხედავთ, პრემიერ ლიგაში მოთამაშე ყველა გრანდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მართალია “სპურსმა” კაილი უოკერი დაკარგა, მაგრამ ეს მათ დიდად არ დახევს უკან. შედარებისთვის, “ლივერპულიდან” კოუტინიოს წასვლა იგივეა, რაც “ტოტენჰემი” ჰარი კეინმა ან დელე ალიმ დატოვოს.

“ლივერპულმა” წინა ხაზის გასაძლიერებლად გუნდში მუჰამედ სალაჰი მოიყვანა. ჯეიმს მილნერისთვის კონკურენციის გასაწევად კი იურგენმა ენდრიუ რობერტსონი დაიმატა, რითიც კიდევ ერთხელ გამოხატა უნდობლობა ალბერტო მორენოს მიმართ.

შეიძლება, “წითლებმა” ნაბი კეიტა, ან ვან დეიკი დაიმატონ, მაგრამ ვერცერთი სხვა ტრანსფერი ვერ შეავსებს კოუტინიოს წასვლით გაჩენილ სიცარიელეს – მისი მაგია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც “ენფილდელებმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეძლეს.

იურგენმა გუნდი ბრაზილიელი ჯადოქრის გარშემო უნდა ააგოს და ამით ყველას დაუმტკიცოს, რომ მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

ფილიპე კოუტინიო ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება

ფილიპე კოუტინიომ მის მომავალთან დაკავშირებულ ყველანაირ ჭორს ხაზი გადაუსვა და აღნიშნა, რომ ახლა ის მომავალ სეზონზე ფიქრობს, როდესაც ის “ლივერპულთან” ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

“სპეკულაციები მხოლოდ ჟურნალისტებისთვის არის. მე “ლივერპულთან” საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს,” – განაცხადა მან “მიდლსბროსთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

საერთო ჯამში, გუნდი ძალიან კარგად თამაშობს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მომავალ სეზონში კი ჩემპიონთა ლიგა გველის, რასაც მოუთმენლად ველით,” – აცხადებს ბრაზილიელი ფეხბურთელი.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში “პატარა ჯადოქარმა” “ლივერპულის” მაისურით 14 გოლის გატანა შეძლო, მათგან 13 შემთხვევაში კი მან პრემიერ ლიგის მატჩებში შეძლო თავის გამოჩენა.

კოუტინიო: “ბარსელონას” ინტერესი? ძალიან სასიამოვნოა”

მერსესაიდული “ლივერპულის” ლიდერმა, ფილიპე კოუტინიომ მისდამი “ბლაუგრანას” ინტერესის არსებობაზე ისაუბრა.

“ძალიან სასიამოვნოა, როდესაც შენით ისეთი დონის კლუბია ინტერესდება, როგორიც “ბარსელონაა”. ეს ძალიან მაგარი რამ არის.

“ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ჯერჯერობით ჩემთან არავინ მოსულა. ჩემამდე კი გადაწყვეტილება მწვრთნელმაც უნდა მიიღოს.

მე მხოლოდ ფეხბურთზე უნდა ვიფიქრო, ბიზნესის საკითხებს კი სხვა ადამიანები მიხედავენ.

მე “ლივერპულთან” კონტრაქტი მაკავშირებს, თანაც საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ, რაც მართლაც რომ დიდებული იქნება,” – აცხადებს ბრაზილიელი ნახევარმცველი.

“ბარსელონა” ზაფხულში 5 ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება

ესპანური საკმაოდ გავლენიანი გამოცემა, Mundo Deportivo ირწმუნება, რომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებმა იმ ფეხბურთელების სია შეადგინეს, რომელთა გადაბირების წყალობითაც იმედოვნებენ საკუთარი გუნდის გაძლიერებას.

როგორც ცნობილი ხდება, სიის სათავეში ლონდონის “არსენალის” მცველი, ექტორ ბელერინი იმყოფება. 22 წლის ბელერინს, რომელიც ახლაც უმაღლეს დონეზე თამაშობს, დანი ალვეშის შემცვლელად მოისაზრებენ.

“კამპ ნოუზე” გადასვლასთან ძალიან ახლოს არის “ატლეტიკოს” მცველი, ტეო ერნანდესიც, რომლის გადაბირებითაც მადრიდის “რეალიც” დაინტერესებული გახლავთ. ამჟამად 19 წლის ფეხბურთლი არენდის წესით “ალავესში” იმყოფება.

სიაში მოხვდა “პარი სენ-ჟერმენის” იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატიც, რომელსაც მობეზრდა ლიგა 1-ში თამაში და მზადაა ჩემპიონთა ლიგისთვის საბრძოლველად კლუბიც გამოიცვალოს.

მეოთხე ფეხბურთელი კი “მილანში” მოთამაშე ჯერარდ დეულოფეუ გახლავთ, რომელიც “ევერტონის” კუთვნილებაში იმყოფება.

მეხუთე კი მერსესაიდული “ლივერპული” ბრაზილიელი შემტევი, ფილიპე კოუტინიო გახლავთ, რომელიც აქამდეც არაერთხელ დაუკავშირებიათ კატალონიურ გრანდთან.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (24 იანვარი)


“ლივერპული” კარვალიოს ტრანსფერზე მუშაობს


მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები “სპორტინგის” პორტუგალიელი ნახევარმცველის, უილიამ კარვალიოს ტრანსფერზე მუშაობენ. ამ ინფორმაციას A Bola-ს რედაქცია ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, “ენფილდელებს” პორტუგალიელი ფეხბურთელის გადაბირება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სურთ, ეს კი შესაძლოა, მათ დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდეთ.


ალვეში ჰალკისა და ოსკარის ნაკვალევს გაყვება?


Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, ჩინური სუპერ ლიგის კლუბი, “შანხაი სიპგ” სერიოზულად არის დაინტერესებული “იუვეს” ბრაზილიელი მცველის, დანი ალვეშის გადაბირებით.

ბრიტანული პრესის ცნობით, ბრაზილიელს, რომელიც “ბებერ ქალბატონს” გასულ ზაფხულს შეუერთდა, ჩინელები კვირაში 160 000-იან ხელფასს სთავაზობენ.


იანგს “ოლდ ტრაფორდის” დატოვება სურს


“მანჩესტერ იუნაიტედის” ვინგერმა, ეშლი იანგმა გუნდის პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს მისი ტრანსფერზე დაყენება თხოვა. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ავრცელებს.

იანგის გადაბირების სურვილი კი ბოლო დროს რამდენიმე ინგლისურმა (“ვესტ ჰემი”, “სუონსი”, “უოტფორდი”) და ჩინურმა კლუბმა გამოთქვა. ასე რომ, დიდია შანსი იმისა, რომ ინგლისელმა “ოლდ ტრაფორდი” არენდის წესით დატოვოს.


ოფიციალურად: ლესკოტი “სანდერლენდის” ფეხბურთელია


სულ ცოტა ხნის წინ ოფციალურად დადასტურდა, რომ “შავმა კატებმა” ინგლისელი ცენტრალური მცველი, ჯოლეონ ლესკოტი გაიფორმეს.

34 წლის ფეხბურთელი ბოლოს ათენის “აეკში” გამოდიოდა. იგი ბერძნულ კლუბში 2016 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შესაბამისად, ლესკოტი “სანდერლენდში” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და კლუბთან, ასევე, ნახევარწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.


“ლივერპულმა” კოუტინიოსთან მოლაპარაკებები წამოიწყო


როგორც მოსალოდნელი იყო, “ლივერპულის” ხელმძღვანელები მაქსიმუმს აკეთებენ გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შესანარჩუნებლად, რომელსაც კარგა ხანია, რაც კატალონიურ “ბარსელონასთან” აკავშირებენ.

Sky Sports-ის ცნობით, “წითლებმა” უკვე წამოიწყეს ბრაზილიელთან მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. ინგლისელები 24 წლის მოთამაშეს გაუმჯობესებულ პირობებსა და გრძელვადიან კონტრაქტს სთავაზობენ.


“მანჩესტერ სიტი” ჰიტონისთვის ბრძოლაში ჩაერთო


არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მეკარის პოზიცია რჩება – კლაუდიო ბრავო თავის მოვალეობებს თავს სათანადოდ ვერ ართმევს.

“ქალაქელებს” არაერთი უცხოელი მეკარე დაუკავშირეს, თუმცა, პეპმა არჩევანი “ბარნლის” 30 წლის კარის დარაჯზე, ტომ ჰიტონზე შეაჩერა, რომლის გადაბირებითაც ამავდროულად “ლივერპულისა” და “ევერტონის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულნი.

კლოპი: “კოუტინიოსავით რომ შემეძლოს დარტყმა, ყოველთვის დავარტყამდი, ვერავინ შემაჩერებდა”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “წითლების” ბრაზილიელი ფლეიმეიკერი, ფილიპე კოუტინიო შეაქო და აღნიშნა, რომ მას შეუძლია, ნებისმიერი პოზიციიდან ნებისმიერ დროს დაარტყას.

“რა თქმა უნდა, ფილი ძალიან ნიჭიერია, ყველას უნდა, რომ მას მისცეს ბურთი და რაღაც განსაკუთრებულს დაელოდოს.” – განაცხადა მან Liverpool Echo-სთან საუბრისას.

ზოგჯერ ფიქრობ – “ოჰ, არა, აღარ დაარტყა”. მაგრამ ეს ასე არ არის, მე რომ კოუტინიოსავით შემეძლოს დარტყმა, ვერავინ გამაჩერებდა.

დილით, ადრე ავდგებოდი და დავარტყამდი ბურთს ეზოში, ბაღში ან სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ბრწყინვალეა, უბრალოდ გასაოცარი, თუ როგორ შეუძლია მას ასეთი დარტყმების განხორციელება.”

ლოურენსონი: “ლივერპული” კოუტინიოს ვეღარ შეინარჩუნებს”

მარკ ლოურენსონმა “ლივერპულელების” ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ფილიპე კოუტინიოზე საუბრისას აღნიშნა, რომ “ლივერპული” მის შენარჩუნებას ვერ შეძლებს, როდესაც საქმეში ტოპ-დონის კლუბები ჩაერთვებიან, რომელთაგანაც ამ დროისთვის ყველაზე მეტად “ბარსელონა” აქტიურობს.

“ისეთი კლუბები, როგორებიც არიან “ბარსელონა”, “რეალ მადრიდი”, “ატლეტიკო მადრიდი”, “პარის სენ-ჟერმენი” და “ბაიერნ მიუნხენი” ევროპაში მუდმივად წარმატებით ასპარეზობენ.

რთულია კოუტინიო შეინარჩუნო, როდესაც საქმეში ასეთი დონის კლუბები ერთვებიან. მე ასე ვფიქრობ, ისინი მას ვეღარ შეაჩერებენ.

ყველაზე ჭკვიანური რამ იქნება ფიქრი იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს კლუბმა შემდეგში. “კოუტინიო მიდის, რა უნდა მოვიმოქმედოთ?” – სწორედ ამ კითხვას უნდა უპასუხონ მერსესაიდელებმა.”

რაკიტიჩის ჩამნაცვლებელი? როგორი იქნება “ბარსას” ტაქტიკური განლაგება კოუტინიოსთან ერთად

ბოლო დროს საკმაოდ ბევრმა ავტორიტეტულმა გამოცემამ დაადასტურა კავშირი კატალონიურ “ბარსელონასა” და “ლივერპულის” ბრაზილიელ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შორის, რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ კოუტინიოს “კამპ ნოუზე” გადაბარგების მომხრეა ჩავი ერნანდესიც, რომელიც “ბარსას” ლეგენდად ითვლება.

როგორი იქნება “ბარსას” ტაქტიკური განლაგება კოუტინიოსთან ერთად?

როგორც იცით, “ბარსას” ნახევარმცველთა ტრიოს შემადგენლობაში ანდრეს ინიესტა, ივან რაკიტიჩი და სერხიო ბუსკეტსი შედიან. დიდი ალბათობით, კოუტინიო სწორედ ხორვატი ფეხბურთელის ჩამნაცვლებლად მოგვევლინება, განლაგება კი იგივენაირი დარჩება:

კოუტინიო: “იურგენს ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია, თუმცა ჯერ ლიგის თასი უნდა მოვიგოთ”

“ლივერპულის” ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს სჯერა, რომ იურგნ კლოპს “ლივერპულთან” ერთად ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ ლიგის თასი უნდა მოიგონ.

“ჩვენ ახალ გუნდს ვქმნით, ახალგაზრდა გუნდს, რომელშიც რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც იქნება.” – განაცხადა ბრაზილიელმა “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ ფინალამდე.

“ბევრს ვმუშაობთ. ლიგის თასის მოგება შესაძლოა ახალი ერის დასაწყისი აღმოჩნდეს, რომელიც დიდი ხანი გასტანს. ყველას უნდა ახალი ისტორიის შექმნა, რაც “უემბლიზე” უნდა დაიწყოს.

ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ამჯერად საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ.” – განაცხადა კოუტინიომ.

“ბარსელონა” იანვარში “ლივერპულის” ლიდერს დაიმატებს?

ესპანური პრესის ცნობით, “ლივერპულის” ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო იანვარში “ბარსელონაში” გადავა.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, კატალონიური გუნდი ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22.25 მილიოინ ფუნტ სტერლინგს ამზადებს. ესპანური გაზეთი “სპორტი” წერს, რომ კოუტინიო მოხარული იქნება “ბარსელონაში” გადასვლით. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა 23 წლის ნახევარმცველთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო “ლივერპულში” მილანის “ინტერიდან” 2013 წლის იანვარში 8.5 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ სპეკულირება მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც სტივენ ჯერარდის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ამბავი” გამოიცა. ჯერარდი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ერთ დღეს კოუტინიო მადრიდის “რეალს” ან “ბარსელონას” შეუერთდება.

 

“ბარსელონა” ზამთარში კოუტინიოს დამატებას შეეცდება

“ბარსელონას” მესვეურები ამ დრომდე ფიქრობენ “ლივერპულის” ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის გაჩარხვაზე. fichajes.net-ის ინფორმაციით, კატალონიური გუნდი 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

ფილიპე კოუტინიომ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, ბრაზილიელ ნახევარმცველს მერსისაიდულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ფილიპე კოუტინიომ “ჰელსინკს” გენიალური გოლი გაუტანა (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ფინეთში ამხანაგური მატჩი ადგილობრივ “ჰელსინკსა” და “ლივერპულს” შორის, სადაც ინგლისურმა გუნდმა დამაჯერებელი ანგარიშით, 0-2 იმარჯვა.

მატჩის 78-ე წუთზე, მერსისაიდელთა ბრაზილიელმა შემტევმა, ფილიპე კოუტინიომ მასპინძელ გუნდს მშვენიერი გოლი გაუტანა.