“ბაიერნმა” კოუტინიო არ შეინარჩუნა

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კლუბმა “ბარსელონასგან” ფილიპე კოუტინიოს კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენა.

“კოუტინიო კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებას ვადა გაუვიდა, ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენეთ. ახლა მომდევნო სეზონის შემადგენლობაზე უნდა ვიფიქროთ და არსებული განაცხადის შენარჩუნების შესაძლებლობები განვიხილოთ”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ბაიერნში” განათხოვრების წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ირიცხება. ბავარიელებს კოუტინიოს შრომითი ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლება ჰქონდა და ამისთვის 120 მილიონი ევროს უნდა გადაეხადათ, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნებოდა.

ფილიპე კოუტინიომ მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ბრაზილიელ ფეხბურთელს ახლა ტრავმა აწუხებს და დიდი შანსია, რომ “ბაიერნის” შემადგენლობაში თამაში აღარ მოუწიოს.

კოუტინიომ “ტოტენჰემი” იუარა

“სქაი სპორტსის” ცნობით, “ბარსელონას” ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადასვლაზე უარი თქვა. “დეზებს” ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარის წესით აყვანა სურდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” კოუტინიოს გასხვისებას აპირებდა. 27 წლის ფეხბურთელის მსურველთა შორის ყველაზე ხშირად ორი ლონდონური კლუბი სახელდებოდა – “არსენალი” და “ტოტენჰემი”.

ფილიპე კოუტინიომ გასულ სეზონში “ბარსელონას” რიგებში 54 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ბრაზილიელის სატრანსფერო ღირებულებას 90 მილიონ ევროდ აფასებს.

კოუტინიო: “ჩემთვის დიდი პატივი იყო “ბარსელონასგან” შემოთავაზების მიღება”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ “ბარსელონასგან” ზაფხულში მიღებულ წინადადებაზე კომენტარი გააკეთა.

“ბარსელონას” მიერ შემოთავაზებული წინადადებით დაინტერესებული ვიყავი, მაგრამ ახლა მხოლოდ “ლივერპულსა” და ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის დიდი პატივი იყო “ბარსელონასგან” შემოთავაზების მიღება, მაგრამ “ლივერპულში” თამაშიც საამაყოა”, – ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს ESPN.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” ზაფხულში აქტიურად ცდილობდა ფილიპე კოუტინიოს გადაბირებას და “ლივერპულს” 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტ სტერლინგიც კი შესთავაზა, მაგრამ მერსისაიდელებმა ბრაზილიელი ნახევარმცველის გუნდიდან გაშვებაზე უარი თქვეს.

კოუტინიოს რეკორდი

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე “სტოკ სიტი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა კარში პირველი ბურთი ფილიპე კოუტინიომ გაიტანა და რეკორდიც დაამყარა.

კოუტინიო პრემიერლიგის ყველაზე შედეგიანი ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა. ეს მისთვის ინგლისის უმაღლეს დივიზიონში გატანილი 30-ე გოლია, რაც ბრაზილიელ მოთამაშეებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო ინგლისის პრემიერლიგაში 2013 წლიდან თამაშობს. იგი “ლივრპულის” რიგებში 2013 წლის იანვარში ჩაირიცხა.

კოუტინიომ მიკი მაუსის ტატუ გამოისახა (ფოტო)

“ლივერპულის” ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ახალი ტატუ აქვს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტანი ცნობილი მულტიპლიკაციური გმირის მიკი მაუსის გამოსახულებით დაიმშვენა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფილიპე კოუტინიო მიკი მაუსის მიმართ განსაკუთრებულ გრძნობას გამოხატავს.

კოუტინიო: “ის ჩემი კერპია”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ მერსისაიდულ გუნდში გადასვლის პერიოდი გაიხსენა.

“როდესაც “ინტერიდან” “ლივერპულში” გადმოვედი, ჩემი ყურადღება მაშინვე მიიქცია სტივენ ჯერარდმა. იგი იმ დროიდან ჩემი საყვარელი ფეხბურთელი გახდა. მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მას საოცრად ესმის ფეხბურთი და თამაშის მიმდინარეობას დიდებულად წარმართავდა. დაუჯერებელია.

ჯერარდი გავლენიანი და ქარიზმატული ფეხბურთელი იყო. ეს გუნდში იგრძნობოდა. მოხარული ვარ, რომ იგი კლუბში დაბრუნდა. ვიმედოვნებ, სტივენი წარმატების საიდუმლო რეცეპტს გაგვიმხელს. მან მე ბევრი რამ მასწავლა”, – კოუტინიოს კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, ომ სტივენ ჯერარდმა “ლივერპულის” აკადემიაში მწვრთნელად დაიწყო მუშაობა.

ნეიმარმა კოუტინიო ვერ დაითანხმა

“ლივერპულიდან” ფილიპე კოუტინიოს გადაბირების მცდელობა “ბარსელონას” არ გამოუვიდა.

კატალონიური კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის გასაჩარხად ნეიმარს იყენებდა, რომელსაც მის თანამემამულესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ნეიმარი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა კოუტინიოს დარწმუნებას, მაგრამ უშედეგოდ. ამ უკანასკნელმა “ლივერპულში” დარჩენა და მერსისაიდულ კლუბთან გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა.

“ბარსელონა” ფილიპე კოუტინიოს ანდრეს ინიესტას შემცვლელად მოიაზრებდა, თუმცა უშედეგო მცდელობის შემდეგ შუა ხაზის გასაძლიერებლად სხვა ფეხბურთელის მოძიება მოუწევს.

კოუტინიომ და სტარიჯმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს (ფოტოები)

“ლივერპულის” პრესსამსახურმა გუნდის ფანებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.

ფილიპე კოუტინიომ და დანიელ სტარიჯმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ნახევარმცველს ტრავმის გამო თვეზე მეტი გაუცდა. რაც შეეხება ინგლისელ თავდამსხმელს, სტარიჯმა მძიმე ტრავმა მოიშუშა, თუმცა “სანდერლენდის” წინააღმდეგ 2 იანვარს გამართულ მატჩში (2:2) კვლავ დაშავდა და რამდენიმე დღით ლაზარეთში დაბრუნება მოუწია.

“ლივერპულმა” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

“ლივერპულმა” 2015-2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოარჩია. მერსისაიდული გუნდის მოთამაშეთა დაჯილდოებაზე მთავარ გმირად ფილიპე კოუტინიო მოგვევლინა, რომელმაც ერთბაშად ოთხ ნომინაციაში გაიმარჯვა.

“ლივერპულის” ფანებმაც და ფეხბურთელებმაც სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ბრაზილიელი ნახევარმცველი დაასახელეს. სეზონის საუკეთესო გოლად კი ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში კოუტინიოს მიერ გატანილი ბურთი დასახელდა. “ლივერპულის” საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო ემრე ჯანს გადაეცა.

“ბარსელონა” იანვარში “ლივერპულის” ლიდერს დაიმატებს?

ესპანური პრესის ცნობით, “ლივერპულის” ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო იანვარში “ბარსელონაში” გადავა.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, კატალონიური გუნდი ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22.25 მილიოინ ფუნტ სტერლინგს ამზადებს. ესპანური გაზეთი “სპორტი” წერს, რომ კოუტინიო მოხარული იქნება “ბარსელონაში” გადასვლით. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელებმა 23 წლის ნახევარმცველთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

შეგახსენებთ, რომ ფილიპე კოუტინიო “ლივერპულში” მილანის “ინტერიდან” 2013 წლის იანვარში 8.5 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ სპეკულირება მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც სტივენ ჯერარდის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ამბავი” გამოიცა. ჯერარდი ვარაუდს გამოთქვამს, რომ ერთ დღეს კოუტინიო მადრიდის “რეალს” ან “ბარსელონას” შეუერთდება.

 

“ბარსელონა” ზამთარში კოუტინიოს დამატებას შეეცდება

“ბარსელონას” მესვეურები ამ დრომდე ფიქრობენ “ლივერპულის” ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის გაჩარხვაზე. fichajes.net-ის ინფორმაციით, კატალონიური გუნდი 23 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.

ფილიპე კოუტინიომ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ცნობისთვის, ბრაზილიელ ნახევარმცველს მერსისაიდულ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ალან შირერი: “ბრენდან როჯერსმა მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა”

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, “ლივერპულის” სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა 2012 წლიდან მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა.

“მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ კოუტინიოს ტრანსფერი გამოდგა წარმატებული. დანიელ სტარიჯს ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა.

“ლივერპულს” კარგი სატრანსფერო პოლიტიკა არ აქვს, რაც, ალბათ, არის მიზეზი გუნდის წარუმატებლობისა.

მათ უნდა დაიმატონ მსოფლიო დონის ფეხბურთელები, თუმცა შარშან, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, გუნდმა ასეთი ტრანსფერები ვერ განახორციელა და ახლა, როდესაც მერსისაიდელები ტურნირს მიღმა არიან, ამ მოთამაშეების გაფორმება კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – შირერის კომენტარი “მირორმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსმა “ლივერპული” 2012 წელს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში მან 24 ფეხბურთელი დაიმატა, ტრანსფერებში 211 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა, აქედან 8.5 მილიონი – კოუტინიოს შესაძენად.