ესპანური პრესის ცნობით, მიმდინარე სეზონში „ოქროს ბურთის“ მოსაპოვებლად „ბარსელონას“ ერთბაშად ათი ფეხბურთელი იბრძოლებს.
არსებული ინფორმაციით, კატალონიური გუნდიდან აღნიშნული ჯილდოს პრეტენდენტები არიან: ლიონელ მესი, ნეიმარი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ხერარ პიკე, ჩესკ ფაბრეგასი, დანიელ ალვეში, ხავიერ მასკერანო, ჩავი და ჟორდი ალბა.
გარდა ამისა, სიაში იქნებიან მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები – კრიშტიანო რონალდუ და სერხიო რამოსი, ასევე „სამეფო კლუბიდან“ ლონდონის „არსენალში“ წასული მესუთ იოზილი. ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი ითვლება. ბავარიული გუნდიდან სიაში ასევე იქნება ჰოლანდიელი არიენ რობენი.
სიაში მოხვდნენ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, კოტ დივუარელი დიდიე დროგბა, რომელიც თურქული „გალათასარაის“ ღირსებას იცავს და იაია ტურე.
საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის იბრძოლებენ ჟოზე მოურინიო, იუპ ჰაინკესი, ხოსეპ გვარდიოლა და ალექს ფერგიუსონი.
აღნიშნული სია ოფიციალურად ოქტომბრის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.
ბექა დოგრაშვილი