პირველი ლიგის 2013/2014 წლების სეზონის ძირითად ნაწილი დასასრულს მიუახლოვდა. საქარველოს რანგით მეორე ლიგის გათამაშებაში 27 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
პრობლემები უმაღლეს ლიგას არ აკლია და გასაკვირი არ არის, რომ იდეალურად არც პირველ ლიგაშია საქმე, მაგრამ მატჩების საკმაოდ დიდი ნაწილი იმდენად არასაფეხბურთო გარემოში ტარდება, რომ ბევრს ეზოს ან სამოყვარულო ფეხბურთის ტურნირი ეგონება. არა და სწორედ პირველი ლიგაა ის ადგილი, სადაც წესით იმ ახალგაზრდა მოთამაშეებს უნდა მიეცეთ სათამაშო პრაქტიკა, რომლებიც მიზესთა გამო უმაღლესი ლიგის გუნდებში ვერ ახერხებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას.
პირველ რიგში თვალში საცემია სტადიონების და ეკიპირების პრობლემა. გუნდების ძალიან დიდი ნაწილი კომპანია „სალერის“ მიერ ჯერ კიდევ შარშან ნაჩუქარი ფორმებით თამაშობს, რომლის მდგომარეობაც უკეთესის სურვილს ტოვებს. სტადიონებს კი, ქვეყანაში არსებულ ინფრასტუქტურულ პრობლემებამდე მივყავართ.
გასაგებია, რომ სულ რამდენიმე ნორმალური სტადიონი გვაქვს. მაგრამ, გულშემაკივრებისთვის და ჟურნალისტებისთვის ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნა ალბათ მაინც შესაძლებელია. გარდა ამისა, სამწუხაროდ პროფესიონალური მიდგომის ნაკლებობას ხშირად ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისგანაც ვხედავთ.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. პირველ ლიგაში მწვრთნელებს მატჩის მიმდინარეობისას ხუთი ცვლილების გაკეთების უფლება აქვთ. აღნიშნული ფაქტი ხშირად ისედაც დაბალ ტემპში მიმდინარე შეხვედრებს კიდევ უფრო უკარგავს სანახაობრივ მხარეს. მწვრთნელები ანგარიშის შენარჩუნების მიზნით ბოლო წუთებისთვის შემონახულ 3-4 ცვლილებას დროის საკმაოდ მცირე ინტერვალით ანხორციელებენ, რაც მატჩის დინამიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.
თუმცა, პირველ ლიგაში სასიამოვნო გამონაკლისებსაც ვხვდებით. თბილისური კლუბებიდან პირველ რიგში ეს „საბურთალოს“ და „ლოკომოტივს“ ეხება. „ბენდელაზე“ გამართული „საბურთალოს“ საშინაო მატჩები ორგანიზების თვალსაზრისით ბევრ უმაღლესი ლიგის გუნდის მატჩს არ ჩამოუვარდება. მიუხედავად, არც თუ ისე კარგი შედეგისა, ორივე გუნდს საკმაოდ სწორი საფეხბორთო ხედვა და სტრატეგია აქვს. სწორედ „საბურთალოს“ და „ლოკომოტივის“ ფეხბურთელთა დიდი ნაწილია საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წამყვანი ძალა.
პირველი ლიგის მიმიდნარე სეზონის კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია აფრიკელი ლეგიონერების სიმრავლე გახდა, რომელთა სათამაშო ოსტატობა უკეთესის სურვილს ტოვებდა. გასულ წლებთან შედარებით, წელს ლეგიონერების რიცხვმა მნიშნველოვნად იმატა. აფრიკელ ფეხბურთელები განსაკუთრებით რეგიონების გუნდებში იყვნენ მრავლად. მაგალითად, უცხოელი მოთამაშეები ჩოხატაურში, ქობულეთში, ხარაგაულში და ბათუმში არავის გაკვირვებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი დიდი ნაწილი პირველი წრის შემდეგ დაემშვიდობა საკუთარ გუნდებს.
პირველი ლიგის შედეგების მიხედვით გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოლებენ. დღეს არსებული ფორმატით, მომავალ წელს ქვედა ლიგიდან მთავარში ორი გუნდი ამოვა.
ბათუმის „დინამო“, „სამტრედია“, ფოთის „კოლხეთი“ და ქობულეთის „შუქურა“ 19-29 მაისს თბილისში ტურნირში ჩაებმებიან, რომლის ორი გამაჯრვებული მომავალ წელს უმაღლეს ლიგაში შეხვდება.
ოთხი კანდიდატიდან ორს საკუთარი სტადიონი არ გააჩნია. ფოთსა და ბათუმში საფეხბურთო მოედნის მშენებლობა უკვე მტკივნეულ თემად იქცა. რამდენიმე დღის წინ ბათუმის „დინამომ“ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ბაზის მშენებლობის პროექტი წარადგინა, სადაც 4 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონიც მოეწყობა. მომავალში ცალკე დიდი არენის მშენებლობაც იგეგმება. ბათუმის მერია ტენდერის გამოცხადებას უახლოეს დღეებში აპირებს, თუმცა ქვეყანა არჩევნების მოლოდინშია და არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდება. სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ფოთშიც მომდინარეობს.