ლორენცო ლარკი უკვე წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართული გუნდების ღირსებას იცავს. 23 წლის ლიბერიალს უმაღლესში არ უთამაშია, თუმცა პირველ და მეორე ლიგაში ასპარეზობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ლორენცომ მიმდინარე სეზონი “საბურთალოში” დაიწყო. აფრიკელ ლეგიონერს “საბურთალოს” და “სამგურალის” შეხვედრის შემდეგ გავესაუბრეთ, რომელიც თბილისელებმა 4-1 მოიგეს. საუბარი სწორედ ამ მატჩის შეფასებით დავიწყეთ.
– კარგი თამაში გამოვიდა და სასიხარულოა, რომ მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ. შანსები მეტოქესაც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. საბედნიეროდ, ჩვენი შესაძლებლობების რეალიზაცია მოვახდინეთ და გავიმარჯვეთ.
– თამაში სად დაიწყე და საქართველოში როგორ მოხვდი?
– ლიბერიელი ვარ და კარიერაც სწორედ ჩემს ქვეყანაში დავიწყე. შემდეგ კი, აგენტის დახმარებით საქართველოში, მარტვილის “მერანში” გადმოვედი.
– “მერანში” გატარებულ პერიოდს როგორ გაიხსენებდი?
– მარტვილში ერთი წელი გავატარე, მაგრამ ტრავმის გამო პრობლემები შემექმნა და კონტრაქტიც გაწყდა. იქ გატარებული დრო კარგად მახსენდება. საკმაოდ მეგობრული გუნდი იყო. მარტვილში ახლაც ბევრი მეგობარი მყავს.
ტრავმის გამო ერთი წელი გამიცდა. საქართველოში ვცხოვრობდი, მაგრამ ფეხბურთის თამაშს ვერ ვახერხებდი. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ფორმის აღსადგენად მეორე ლიგაში დავიწყე ასპარეზობა, სადაც ორი წელი გავატარე.
– ასეთ სიტუაციაში ბევრი ხელს ჩაიქნევდა ფეხბურთზე…
– დიახ, ვითარება მართლაც რთული იყო, მაგრამ ფეხბურთელი ყოველთვის მაქსიმალურად უნდა ეცადოს და ბევრი შრომის შემთხვევაში შედეგი აუცილებლად მოვა.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში “საბურთალოს” ვარიანტი გამოჩნდა, სადაც თემურ შალამბერიძემ მიმიწვია. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და მინდა, რომ ჩემს გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო.
– პირველ და მეორე ლიგაში საკმაოდ ბევრი მატჩი გაქვს ჩატარებული და ქართულ ფეხბურთზე გარკვეული აზრი შეგექმნებოდა
– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების უმრავლესობა ასი პროცენტით არ არის კონცენტრირებული ფეხბურთზე. მათ ხშირ შემთხვევაში სხვა, ნაკლებად მნიშნველოვანი რაღაცები აინტერესებთ. ფეხბურთის თამაში მაღალ დონეზე თუ გინდა, თავისუფალი დროც კი ვარჯიშს უნდა დაუთმო.
– შენს თანაგუნდელებზე რას იტყვი?
– “საბურთალოს” ბიჭები ძალიან კარგი მოთამაშეები არიან. მათი ახალგაზდული ასაკის გათვალისწინებით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია.
– ალბათ უმაღლეს ლიგასაც ადევნებ თვალყურს. რომელ გუნდს გამოარჩევდი?
– რა თქმა უდნა. უმაღლესში რამდენიმე კარგი გუნდია, თუმცა უპირატესობას “დინამოს” მივანიჭებდი. იმედი მაქვს, საქართველოს მთავარ ლიგაში თამაშის საშუალება მომეცება. ეს ჩემი ოცნებაა.
– “საბურთალოსთან” ერთად უმაღლესში აღზევება რეალურია?
– დიახ, ეს შესაძლებელია. პირველ ლიგაში რთული არაფერია. ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, რომლებსაც გამოცდილება აკლიათ. თუმცა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულმა რამდენიმე თამაშმა ყველას დაანახა, რომ “საბურთალოს” აქვს შედეგიანი თამაშის პოტენციალი. თუნდაც, სეზონის სტარტი რომ ავიღოთ, როდესაც ლიდერთა ჯგუფში ვიმყოფებოდით. მთავარია დავიჯეროთ, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია და წარმატებაც აუცილებლად მოვა.
– თბილისში ცხოვრებაზე რას იტყოდი?
– თბილისი ძალიან კარგი ადგილია შესანიშნავი ხალხით. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისებიც, მაგრამ ვცდილობ მათ ყურადღება არ მივაქცია და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი ავარიდო.
ქართველები ძალიან მიყვარს და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქართველი ცოლი მყავს. საქართველო ჩემთვის მეორე სამშობლოა. კარიერის დასრულების შემდეგ თბილისში საცხოვრებლად დარჩენას არ გამოვრიცხავ.
– თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
– ძირითადად სახლში. ვცდილობ საფეხბურთო ცოდნა ინტერნეტის საშუალებით გავიღრმავო და ტექნიკური თუ ტაქტიკური თვალსაზრისით ახალი დეტალები ვისწავლო.