პიტ ედვარდსი უელსის ნაკრების ნახევარმცველ ჰარი უილსონის ბაბუაა, რომელმაც 13 წლის წინათ გაკეთებული ფსონით გუშინწინ 125 000 ფუნტი მოიგო. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2000 წელს, როცა უილსონი მხოლოდ 2 წლის იყო, ედვარდსი ფსონს ჩამოვიდა, ჩემი შვილიშვილი ერთ დღესაც უელსის ეროვნული ნაკრების ფორმას მოირგებსო და ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორებმა ფსონი 2 500 კოეფიციენტით შეაფასეს, ედვარდსი 50 ფუნტს ჩამოვიდა და გვარიან ხეირსაც გამოჰკრა ხელი.
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ მატჩში, რომელიც უელსის ნაკრებმა ბელგიის წინააღმდეგ გამართა (1:1), უილსონი მოედანზე 87-ე წუთზე შევიდა და ბაბუას ფსონი მოაგებინა. ყველაფერთან ერთად, უილსონმა ნაკრებში ყველაზე ადრეული დებიუტით გარეტ ბეილის რეკორდიც დაამხო – 16 წელი და 207 დღე (ბეილი სანაკრებო დებიუტისას 16 წლისა და 315 დღის გახლდათ , – ავტ.).
ცნობისთვის, ჰარი უილსონი „ლივერპულის“ აკადემიაში ირიცხება.
ბექა დოგრაშვილი