ზიდანი და მატერაცი ყატარში

ცოტა ხნის წინათ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ყატარში, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სტადიონის მშენებლობაზე ათასობით მუშა დაიღუპა.
აზიის ეს ქვეყანა მუნდიალის სამასპინძლოდ მზადებას უკვე შეუდგა. ყატარში არა მსოლოდ სტადიონებს აშენებენ, არამედ ძეგლებსაც დგამენ. ქვეყნის დედაქალაქ დოჰაში ცოტა ხნის წინათ ზინედინ ზიდანის მონუმენტი დადგეს, რომელიც მარკო მატერაცის მკერდში თავს ურტყამს.

ხელოვნების ეს ნიმუში, რომელიც ფრანგმა აბდელ აბდესემელმა შექმნა, ყატარის ხელისუფლებამ შეიძინა.

„ეს ქანდაკება, რომელთანაც ბევრს სურს ფოტოს გადაღება, გვახსენებს ადამიანურ სისუსტეებს. გვიჩვენებს, რომ ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან“, – აღნიშნა მუზეუმის კომისიის წარმომადგენელმა „დოჰა ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა სარკასტულად თქვეს, უკეთესი იქნებოდა, ყატარში არ დაევიწყათ, რომ მშენებლობაზე დაღუპული მიგრანტებიც ადამიანები არიანო.

ბექა დოგრაშვილი