„ტორპედომ“ ვარჯიშები განაახლა, პლუს – ადამაძე

დილა-საღამოს ვარჯიშების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ „ტორპედომ“ ორი დღე შეისვენა და მზადება განაახლა. დღეს ქუთათურებმა საკუთარი საწვრთნელი ბაზის ხელოვნურ მინდორზე ერთი ვარჯიში ჩაატარეს და დაახლოებით ასი წუთი დაჰყვეს. აქედან მეტი დრო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო. შემდეგ კი, ნახევარ მოედანზე ორმხრივი თამაშიც გაიმართა.

დღევანდელ ვარჯიშზე ნამატი იყო – „ტორპედოს“ 26 წლის გურამ ადამაძეც დაუბრუნდა, რომელიც ბოლოს გორის „დილაში“ გამოდიოდა და მან ამ კლუბის დადებით შედეგებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ცენტრალურმა მცველმა ალეკო ჩაკვეტაძის ადგილი შეავსო, რომელიც უკვე ფოთის „კოლხეთს“ შეუერთდა. მადლობას ვუხდით მას ჩვენი კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და სამომავლო წარმატებებს ვუსურვებთ.

FCTorpedo.GE

“ტორპედო” ყაზახებსა და ბულგარელებსაც შეხვდება

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედო“ ორკვირიანი შეკრების გასავლელად 29 იანვარს თურქეთში გაემგზავრება, სადაც, რასაკვირველია, საკონტროლო თამაშებსაც ჩაატარებს. დღეისთვის სამი მეტოქის ვინაობაა ცნობილი. როგორც უკვე გაუწყეთ, 7 თებერვალს გიორგი დარასელიას გაწვრთნილი გუნდი უნგრულ „დებრეცენს“ გაეჯიბრება. რაც შეეხება სხვა სპარინგებს: 1 თებერვალს „ტორპედო“ ყაზახეთის 2-გზის ჩემპიონ პავლოდარის „ირტიშს“ შეხვდება, 10 თებერვალს კი – ბულგარეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ პლოვდივის „ბოტევს“.

FCTorpedo.GE

განახლებული „ტორპედოს“ პრეზენტაცია

დღეს ქუთაისის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის საპრენსკონფერენციო დარბაზში განახლებული „ტორპედოს“ პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენი ქალაქის მერის მოადგილემ, ბატონმა ნოდარ მიქიაშვილმაპრესისა და მედიის წარმომადგენელთა წინაშე კლუბის ახალი წევრები წარადგინა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე კომენტარები გაკეთდა, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ნოდარ მიქიაშვილი: „ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი წარდგენა არ სჭირდება. კლუბს ამიერიდან ეყოლება ახალი სამწვრთნელო შტაბი, აღმასრულებელი დირექტორი და რასაკვირველია, ფეხბურთელებიც. მადლობა გიორგი დარასელიას, რომ მან ჩვენს შეთავაზებას დადებითად უპასუხა. ასევე მადლობა კომპანია „ვისოლს“ ქუთაისური ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. როგორც იცით, ქუთაისის „ტორპედო“ უკვე მერიის საკუთრებაა. სპორტულ მხარესთან ამ ეტაპზე თითქმის ყველაფერზე შეთანხმებული ვართ და ქალაქის დახმარებით ყველა ნახავს გაცილებით უკეთეს გუნდს. მომავალ საკრებულოს სხდომაზე საბოლოოდ გადაწყდება დაფინანსების საკითხი. ვფიქრობ, სეზონის დასრულებამდე 800 000 ლარზე ოდნავ მეტს მიიღებს კლუბი ქალაქისგან. ეს საკმარისი უნდა იყოს უფრო კარგი შედეგების მისაღებად. მართალია, ქუთაისის ბიუჯეტში შედის ეს ხარჯი, თუმცა ქალაქის მკვიდრთა ფეხბურთისადმი სიყვარულის გამო ამ თანხის გაღება ნორმალური იქნება. ასევე აღვნიშნავ, რომ ქალაქის მერია „ტორპედოზე“ მანამ იზრუნებს, სანამ მას ახალ მფლობელს მოუძებნის“.

„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი, გიორგი დარასელია: „მადლობას ვუხდი ქალაქისა და კლუბის ხელმძღვანელობას ასეთი დაფასებისთვის, რომ დღეს მე ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი ვარ. განწყობა ამაღლებულია, იმიტომ, რომ ამ კლუბისადმი, სადაც ფეხბურთელის კარიერა დავიწყე, სიყვარული დიდი ხანია, რაც მაქვს. მჯერა, ერთმანეთის გვერდით დგომით გამოვასწორებთ სიტუაციას და ქუთაისს ისეთ ფეხბურთს დავუბრუნებთ, რომელიც ეკუთვნის. ასევე მოგახსენებთ, წინა გუნდიდან მე არც ერთი ფეხბურთელი არ გამიშვია. მათ კონტრაქტები ამოეწურათ და მათმა ნაწილმა უკვე დატოვა კლუბი. ვეძებთ ახალ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ. ვეცდებით, რომ უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებამდე გუნდი საბოლოოდ დავაკომპლექტოთ“.

„ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორი, დავით ფრუიძე: „ვინც მიცნობს, იცის, რომ სპორტთან დიდი ხანია, რაც შეხება მაქვს. ჩვენი მოთხოვნა უპირველესად იქნება – მკაცრი დისციპლინა. ამასთან ერთად, ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, რათა ფეხბურთელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ. უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდი წავა უცხოურ შეკრებაზე. იქნება ახალი ეკიპირება. ვფიქრობთ ასევე სიმბოლიკის შეცვლაზე. უნდა გაკეთდეს საფეხბურთო სკოლაც და გვინდა, რომ ეს ყველაფერი დაფუძნებული იყოს ტრადიციებზე. გასულ წელს იყო საუბარი, რომ თითქოს გუნდს უჭირდა არსებობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. დღესდღეობით, მოვიწვიეთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც გვჭირდება ჩვენი ამოცანების გადასაწყვეტად. მე კმაყოფილი ვარ გიორგი დარასელიას მუშაობის დასაწყისით და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, ქალაქის მერისა და მისი მოადგილის დახმარებით ამ სეზონში კლუბი ნორმალურად იცხოვრებს“.

პრეზენტაციას „ტორპედოს“ სამი ახალწვეული ესწრებოდა:

ნიკოლოზ საბანაძე – „ზესტაფონის“ გავლით თბილისის „დინამოდან“ დაბრუნებულმა 23 წლის ფორვარდმა, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია, პროფესიონალური კარიერა სწორედ ქუთაისელთა კლუბში დაიწყო, მაშინ, როცა „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორედ აღზევდა(2010 წელს). მან ჩვენი გუნდის რიგებში 111 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა. იგი 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ზაზა ჭელიძე – ქუთაისის „ტორპედო“ არც 27 წლის ცენტრალური მცველისთვისაა უცხო. მან სეზონნახევრის განმავლობაში ჩვენი გუნდის 52 ოფიციალურ თამაშში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ იგი ს. კ. „ზესტაფონში“ გადავიდა, საიდანაც ბელორუსიის „გომელს“ მიაშურა.

ირაკლი კლიმიაშვილი – თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ სახელმოხვეჭილ ნახევარმცველს განსხვავებით მისი ზემოხსენებული თანაგუნდელებისა, პირველად მოუწევს „ტორპედოს“ ღირსების დაცვა. მას „ვეტერინარებთან“ ერთად საქართველოში ყველა გათამაშება(ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი) აქვს მოგებული, აქედან მოყოლებული, შემდეგ კლუბებში ირიცხებოდა: მახაჩყალის „ანჟი“, ტაშკენტის „პახტაკორი“, გორის „დილა“, ბოლნისის „სიონი“ და ბოლოს რიგის „სკონტო“. 26 წლის ნახევარმცველი, რომელსაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც უთამაშია(12 თამაში), „ტორპედოს“ 13-ნომრიანი მაისურით გავა მოედანზე.

„ჩვენთვის დიდი პატივია ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელობა. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი ამ წინადადებას, მით უმეტეს, რომ გიორგი დარასელიასთან ერთად აქამდეც მაქვს ნამუშევარი და ჩემთვის ეს ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ბევრ ლაპარაკს ჯობია ფეხბურთელებმა ყველაფერი მინდორზე დავამტკიცოთ. ვიცი, რომ ქუთაისში მშვენიერი საფეხბურთო ატმოსფეროა და იმედია, გულშემატკივრებს ამჯერად „ტორპედოს“ ფეხბურთელის რანგში გავახარებ“, – თქვა კლიმიაშვილმა.

FCTorpedo.GE

„ტორპედოს“ 5 საუკეთესო გოლი 2014 წელს

გთავაზობთ 2014 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მიერ ოფიციალურ მატჩებში სულ გატანილი 54 გოლიდან ხუთ საუკეთესოს, რომლებიც გარკვეული ფაქტორების მიხედვით შევარჩიეთ. სხვათა შორის, ყველა ეს რჩეული გოლი მიმდინარე საფეხბურთო სეზონის გასული ეტაპიდანაა.

ცალკე უნდა აღინიშნოს პირველადგილოსან სუპერგოლზე, რომლის ავტორმა – 25 წლის ბექა ტუღუშმა საჩხერის „ჩიხურასთან“ მატჩის 77-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, საკუთარი მაღალი კლასის გამოვლენით ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მსოფლიო დონის ფეხბურთელს შეეფერება…

FCTorpedo.GE

„ბაიანო“ – უბადლო სნაიპერი მეორე სართულზე

„ბაიანო“ – ქუთაისში ძნელად მოიძებნება ისეთი ფეხბურთის მოყვარული, რომელსაც ეს სახელი(გნებავთ – გვარი) არ ჰქონდეს გაგონილი. სინამდვილეში მას არც ჟუნიორი ჰქვია და არც ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. როგორც იცით, ჩვენს ქალაქში დამკვიდრებული ეს თიკუნი „ტორპედოს“ ზეობის წლების ერთ-ერთ თანამონაწილეს დავით გამეზარდაშვილს შეარქვეს.

ერთ დროს, როცა იგი ოპტიმალურ ფორმაში იყო, „ტორპედოს“ „დაქოქვა“ „ბაიანოს“ გარეშე ისევე წარმოუდგენელი გახლდათ, როგორც ავტომანქანისა უძრავოდ. ის გულშემატკივრებში დიდი სიმპათიით სარგებლობდა. ამას, თავისი ახსნაც აქვს: შრომისმოყვარეობა, ლომივით უშიშრობა, უბადლო თამაში მაღალი ტრეაექტორიის ბურთებზე და თანაგუნდელებზე მკაცრი შეფუცხუნება. აი, ასეთი მუხტი მოდიოდა მისგან. სიმაღლეს(1.96 სმ) ძალიან კარგად იყენებდა და განსაკუთრებულ მოწონებას სწორედ მისი საჰაერო ორთაბრძოლები იმსახურებდა, რომელთა 95 პროცენტს მაინც იგებდა, ამიტომ „ტორპედოს“ ყოფილ კაპიტანს დღემდე საქართველოში ყველა დროის ერთ-ერთ(თუ ერთადერთ არა) საუკეთესო „მოიერიშედ“ აღიარებენ. ყველაფერს მოედანზე ამტკიცებდა. „ტორპედოს“ მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნულ თითქმის ყოველ სტანდარტულ მდგომარეობას გემახსოვრებათ რა შინაარსის სკანდირებაც მოჰყვებოდა – „ბაიანო გოლი! ბაიანო გოლი!..“.

ცენტრალურმა მცველმა თავით მოქმედების შემდეგ ბევრჯერ განაახლებინა მეტოქეს ცენტრიდან თამაში. თბილისის „დინამოს“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლები კი წარუშლელ ემოციას გვახსენებს, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ მან სამ შეხვედრაში გამოიჩინა თავი და სამივეჯერ ბოლო წუთებზე მოუტანა ქუთათურებს სამი ქულა.

„ბაიანოს“, თავისი წესიერებით, მთელი საქართველოს საფეხბურთო ნაწილი ღირსეული კაცის სახელით იცნობს. საფეხბურთი კლუბებში გატარებული პერიოდის ხანგრძლივობით, მისი კარიერის მეორე კლუბი ლატვიური „სკონტოა“. მას ბალტიისპირელებშიც არანაკლები ავტორიტეტი აქვს.

ალბათ, გაინტერესებთ როგორი იყო იგი გუნდის „შიგნით“. მოკლედ მოგახსენებთ: სრულიად გულწრფელი კაცი! განსხვავებით ქართულ ფეხბურთში მომუშავე ბევრი სუბიექტისაგან. ე.წ. ლიტონ სიტყვებს არ ამბობდა და არც ნიშნის მოგებით ულაპარაკია არასდროს. მან ზუსტად იცის, რას ნიშნავს ტორპედოელობა და ქუთაისური გულშემატკივრობა… თამაშის დროს, ხელებით ბევრჯერ მოუწოდებია ტრიბუნებზე მსხდომი ქომაგებისთვის გააქტიურება. იგი გულშემტკივრებს სათანადოდ აფასებდა და მათთან ურთიერთობაშიც არაფერი ეშლებოდა.

ჩინელი ფილოსოფოსის, კონფუცის სიტყვებია – უბრალოება ადამიანის საუკეთესო თვისებააო. სწორედ ეს თვისება არის წინა პლანზე „ბაიანოში“. ქედმაღლობით თუ მედიდურობით სპორტსმენს(თუნდაც ნებისმიერ ადამიანს) როდის მიუღია რაიმე სარგებელი?! მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელობის ბოლო პერიოდში იგი ძველ „სიმაღლეებზე“ ვეღარ ადიოდა და ამან მცირე უსიამოვნებებიც წარმოშვა, მისი რეპუტაცია არასდროს შეიცვლება…

ზემოთა სტრიქონებზე თვალის გადავლების შემდეგ ერთი ლოგიკური შეკითხვა გაგიჩნდებათ – სად არის ახლა „ბაიანო“?

– უკვე წელიწადნახევარია, რაც 31 წლისამ ბუცები ლურსმნებზე ჩამოკიდა და ლატვიაში იმყოფება ოჯახთან ერთად. იქ მუშაობას აგრძელებს, ოღონდ პროფესია შეიცვალა და სხვა სამსახურიც მოძებნა…

ჩვენ, დიდი მადლიერებით ვაცილებთ მას ფეხბურთიდან!

ბოლოს კი, გთავაზობთ იმ თამაშის ვიდეორგოლს, რომელშიც „ბაიანომ“ ქუთაისელი გულშემატკივრების მოწოდებას ჩვეულ სტილში უპასუხა.

FCTorpedo.GE

დარასელიას თანაშემწე გიორგი მეგრელაძე იქნება

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი რევაზ ძოძუაშვილმა უკვე დატოვა. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

დღეს საბოლოოდ გადაწყდა, რომ „ტორპედოს“ ახალი თავკაცი – 46 წლის გიორგი დარასელია იქნება. მისი, როგორც ფეხბურთელის, კარიერა სწორედ მშობლიური ქალაქის კლუბში დაიწყო, სადაც ამპლუით თავდამსხმელმა საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში ქუთაისელთა ღირსება 155 მატჩში დაიცვა და 41 გოლიც გაიტანა. 9 თამაში ჩაატარა ქვეყნის პირველ გუნდშიც და 2-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, 2004 წლიდან დღემდე დარასელიას სულ 7 კლუბში აქვს ნამუშევარი. თავიდან 3 წელი თანაშემწედ იყო ისრაელის კფარ-საბას „ჰაპოელში“, შემდეგ ამავე ქვეყნის წარმომადგენელ სახნინის „ბნეიში“ მოღვაწეობდა, საიდანაც გადავიდა ხაიფას „მაკაბში“ და ორჯერ გახდა ისრაელის ჩემპიონი. 2012 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა გორის „დილას“ ჩაუდგა სათავეში, რომელმაც ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. აქედან წავიდა რუსულ „სკა-ენერგიაში“, ბოლოს კი „ზუგდიდს“ წვრთნიდა.

ცნობილია დარასელიას თანაშემწის ვინაობაც, ეს პოსტი „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა 36 წლის გიორგი მეგრელაძემ დაიკავა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა მიმდინარე წელს „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო.

იმის გამო, რომ ჩვენი ქალაქის მერი, ბატონი შოთა მურღულია ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, ახალი მთავარი მწვრთნელის წარდგენის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

FCTorpedo.GE

16-წლამდე გუნდმა უდანაკარგო სერია დაამრგვალა

ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკობრივ ტურნირზე პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ტორპედოელები ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ ს.კ. „სიონის“ თანატოლებს შეხვდნენ.

დღევანდელ შეხვედრებში მონაწილე გუნდებს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოედანზე მოუწიათ ორთაბრძოლების ჩატარება. როგორც წესი, ჯერ 16-წლამდე გუნდებმა გაუწიეს მეტოქეობა ერთმანეთს, სადაც ქუთაისელებმა ანგარიშით 4:0 სძლიეს მასპინძლებს და ზედიზედ მოგებული თამაშების რაოდენობა 10-მდე დაამრგვალეს. ტორპედოელ მეგოლეებს რაც შეეხება, ორ-ორჯერ თავი სერგი კუხიანიძემ და გეგი ბაქრაძემგამოიჩინეს. ამ წარმატებული სერიის შემდეგ რევაზ კვერნაძის შეგირდები ახალ წელს სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზე შეხვდებიან. აქვე მოგახსენებთ, რომ ქვეყნის 16-წლამდე ნაკრებში ამ გუნდიდან შემდეგი ტორპედოელები გამოიძახეს: ლაშა სალუქვაძე, თემურ წულაია და ჯემიკო ზარნაძე.

„ტორპედო U-16”: კიკნაძე(მუკბანიანი 50), ჯინჭარაძე(ხურციძე 45), თავაძე, სალუქვაძე, გულბიანი, დავითულიანი(ბზიკაძე 50), ზარნაძე(გოგიაშვილი 37), მაღლაკელიძე(აბულაძე 45), წულაია(კალანდია 50), ბაქრაძე(შარვაშიძე 42), კუხიანიძე.

სატურნირო ცხრილი

დაძაბული გამოდგა  მეორე მატჩი, რაც მის საბოლოო ანგარიშზეც აისახა 2:2. სტუმრები ორჯერ აღმოჩნდნენ მდევრის რანგში, თუმცა გაბრიელ საღრიშვილისა(პენალტით) და გიორგი გორდაძისგოლებით(75-ე და 92-ე წუთებზე) გუნდები თითო-თითო ქულას დასჯერდნენ. აკაკი კვერნაძისთაოსნობით 18-წლამდე ტორპედოელებმა „უმცროსების“ მსგავსად ეს წელი მე-3 ადგილზე დაასრულეს.

„ტორპედო U-18”: გეგუჩაძე, წიქარიშვილი(გიორგაძე 80), ნიშნიანიძე, ქუთათელაძე(შეყრილაძე 50), ბურჯანაძე, მარდალეიშვილი(გორდაძე 81), ა. ჭიჭინაძე(ღარწკია 82), იონანიძე(გაბუნია 80), საღრიშვილი, ო. ჭიჭინაძე(ჯავახაძე 65), ჩიხლაძე.

სატურნირო ცხრილი

FCTorpedo.GE

“შუქურა” – “ტორპედო” 2:1

30 ნოემბერს, საქართველოს 26-ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად „ჩელე არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა.

ტრავმების გამო „შუქურასთან“ მატჩს ტრიბუნიდან ადევნეს თვალი ტორპედოელებმა ვაჟა ტაბატაძემ და ბექა ტუღუშმა. სიახლე იყო „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში 20 წლის მეკარის, საბა ცაბუტაშვილის გამოჩენა, რომელსაც დღეს უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა. თამაშის დასაწყისმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და უკვე დებიუტშივე მათ ორი რეალური საგოლე მომენტი გაანიავეს, უფრო კონკრეტულად ჩაფიძემ, რომელმაც ორივეჯერ ფეხით ვერ მოახვედრა მიზანში. მე-8 წუთზე, მეტრეველს დაუმორჩილა ბურთი ცაბუტაშვილმა. მე-11 წუთზე, ფიფიამ დაარტყა ძლიერად შორი მანძილიდან, ამჯერად თამაშში მეკარე კაკალაძე ჩაერთო და ბურთი ლამაზ ნახტომში მოიგერია კუთხურზე. მე-13 წუთზე, კვერნაძემ განახორციელა დრიბლინგი და ძალზედ მახვილი კუთხიდან დაარტყა კარში, მეკარეს ბურთის აღება არ გასჭირვებია. მე-17 წუთზე, კვერნაძეს თავითაც ჰქონდა კარის აღების მცდელობა, მაგრამ თოდუას ჩაწოდებით მან სანტიმეტრებით ააცილა კარს. „ტორპედოს“ პირველ ტაიმში მეტი გამოსარჩევი აღარაფერი შეუქმნია. „შუქურამ“ კი არაერთხელ შეაწუხა ტორპედოელი მეკარე, ყველაზე მეტჯერ ეს ჩაფიძემ გააკეთა(ამ უკანასკნელთან ერთად დღეს აქტიურები იყვნენ ექსტორპედოელები: გურული და კუხიანიძე), რომელმაც ერთხელ ძელსაც მოარტყა, თუმცა როგორც მან, ისე მისმა თანაგუნდელებმა ტაიმებს შორის შესვენებამდე გოლის გატანა ვერ მოახერხეს – 0:0.

მეორე ტაიმში სახიფათო მომენტებმა იკლო. მიუხედავად ამისა გოლები სწორედ დასკვნით მეორედში გავიდა. 52-ე წუთზე, „შუქურამ“ სტანდარტული მდგომარეობიდან შეძლო ანგარიშის გახსნა, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ბურთი დავით ხოჭოლავამ ერთშეხებაში გადაგზავნა კარში – 1:0. მდევრი რანგში ჩავარდნილი „ტორპედო“ ოდნავ გამოფხიზლდა და ანგარიშიც გაათანაბრა: 65-ე წუთზე, ჩიკვილაძემ მარცხენა ფლანგიდან ჩაჰკიდა ბურთი საჯარიმოში, სადაც გოგი ფიფიამ შეასრულა ლამაზი თავური დარტყმა და ქუთაისელთა მაისურით ჩემპიონატში მისი პირველი გოლი გაიტანა – 1:1. თამაში თანაბარ ორთაბრძოლებში გაგრძელდა, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა 82-ე წუთი, როცა სტუმართა დაცვის შეცდომით მეკარესთან პირისპირ შუქურელი ზაზა ტუღუში გავიდა და მისი შედეგიანი დარტყმით საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა – 2:1. „ტორპედომ“ ჩემპიონატში ზედიზედ მე-8 მატჩი ვერ მოიგო, ამ წაგებით კი გათამაშების ცხრილში დაღმასვლა განიცადა და მე-12 ადგილზე ჩამოქვეითდა.

FCTorpedo.GE

სანამ „ზესტაფონს“ ვუმასპინძლებდეთ…

22 ნოემბერს, ქუთაისის ცენტრალური სტადიონი მორიგ საჩემპიონატო იმერულ დერბის უმასპინძლებს. ადგილობრივ ს.კ. „ტორპედოსა“ და ს.კ. „ზესტაფონს“ შორის შეხვედრაზე, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება,დასწრება უფასოა.

სანამ „ზესტაფონს“ ვუმასპინძლებდეთ, ტრადიციულად, ჩვენს მომდევნო მეტოქესა და მასთან არსებულ სტატისტიკას წარმოგიდგენთ. 2-გზის ჩემპიონ ზემოიმერელთა(2011-12 წლებში) შემადგენლობა ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკურ „ტრნავასთან“(0:0, 0:3) მარცხის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მიმდინარე პირველობაზე გასული 12 ტურის შედეგად დაგროვილი 17 ქულით ისინი მე-7 ადგილზე იმყოფებიან. გია გეგუჩაძის შეგირდებს ჩემპიონატში ბოლო 8 თამაშია არ წაუგიათ, თუმცა აქედან მათ მხოლოდ 3 მოიგეს – „სიონთან“, „ვიტ ჯორჯიასთან“, „სპარტაკთან“ და ზედიზედ 5 ფრე ითამაშეს – „შუქურასთან“, „მეტალურგთან“, „კოლხეთთან“, „დილასთან“ და „მერანთან“. 3 დღის წინ კი „ზესტაფონმა“ ზედიზედ მე-9 წაუგებელი მატჩიც ჩაატარა, ოღონდ ქვეყნის თასის გათამაშების მერვედფინალში სტუმრად „ჩიხურასთან“(0:0).

დისკვალიფიკაციის გამო დამდეგ იმერულ დერბის მხოლოდ „ტორპედოდან“ ეყოლება დანაკლისი – ვალერი აბრამიძის სახით.

რაც შეეხება სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან ქუთაისის „ტორპედო“(საწყის სამ ჩემპიონატში „ქუთაისის“ სახელით გამოდიოდა) სამ სხვადასხვა ზესტაფონურ გუნდსაა შენახვედრი: „მარგვეთს“, „მეტალურგსა“ და „ზესტაფონს“. სულ ქუთაისურ და ზესტაფონურ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 40 მატჩია(კიდევ ერთ შეხვედრაში „მეტალურგი“ არ გამოცხადდა) ნათამაშები. 18 რიონისპირელებმა მოიგეს, 13 ყვირილასპირელებმა, 8 ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 58:40 ქუთაისელთა სასარგებლოდაა. 5 მატჩი შედგა ეროვნული თასის გათამაშებებზე – 1 მოგება ქუთაისელთა მხარესაა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს(ბურთების უკეთესი ბალანსი ზესტაფონელთა მხარესაა – 5:3).

ყველაზე დიდი სხვაობით ქუთაისელებს სხვადასხვა ჩემპიონატში 3-ჯერ, ანგარიშით 4:0 დაუმარცხებიათ ზესტაფონური გუნდები. საპირისპიროდ კი, უდიდესი ანგარიშით 1996 წელს, „მარგვეთთან“ ანგარიშით 3:5 გვაქვს წაგებული.

ბოლოს კი, გთავაზობთ ზესტაფონელთა წინააღმდეგ “ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლების ავტორებს, შესაბამისი მაჩვენებლებით.

6 გოლი – გიორგი მეგრელაძე

5 გოლი – მამუკა ხუნდაძე

4 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე

3 გოლი – კახა კვეტენაძე, მიხეილ აშვეთია

2 გოლი – გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, ანდრეი პოროშინი, გიორგი შენგელია, გივი დიდავა, დავით ჯანაშია, დავით გამეზარდაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე

1 გოლი – არჩილ ჩხაბერიძე, გელა კიკალეიშვილი, ლევან ქებაძე, შალვა ხუჯაძე, დიმიტრი პარამონოვი, ზვიად ქუთათელაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ იონანიძე, შოთა ბაბუნაშვილი, გაგა ჩხეტიანი, დავით ბოლქვაძე, რევაზ ჯიქია, არმაზ დოღონაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, მერაბ გიგაური, დავით დიღმელაშვილი, რევაზ გოცირიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე კაპანაძე.

FCTorpedo.GE

“სიონი-2” – “ტორპედო-2” 3:1

7 ნოემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ერთმანეთს „სიონისა“ და „ტორპედოს“(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია) მეორე გუნდები შეხვდნენ.

მატჩის პირველ ტაიმში გოლები მხოლოდ მასპინძლებმა გაიტანეს. კუთხურების შემდეგ მათ ორი შედეგიანი დარტყმა განახორციელეს. ამ ანგარიშისას სტუმრებს პასუხის გაცემა პენალტით შეეძლოთ, მაგრამ ჟღენტს მეკარემ მოუგერია ბურთი. მეორე ტაიმის დებიუტში სხვაობა უფრო გაიზარდა, თუმცა 77-ე წუთზე ისევ შემცირდა, ტორპედოელი გრიგოლ კუხიანიძის თავურით. საბოლოოდ, „სიონმა“ ანგარიშით 3:1 მოიგო.

„ტორპედო-2“: გეგუჩაძე(სულაბერიძე 80), ფანცხავა, წიქარიშვილი(კუჭუხიძე 55), ბერძენაძე, გაბუნია, ბერიშვილი, ხეცურიანი(თევზაძე 78), ზაქარაშვილი, ხვიჩია, ბურჯანაძე(საღრიშვილი 46), ჟღენტი(გრ. კუხიანიძე 60).

FCTorpedo.GE

ქუთაისში დინამოს დუბლებმაც იმარჯვეს

დღეს, ქუთაისში, ტორპედოს საწვრთნელი ბაზის მოედანზე დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი გაიმართა. ტორპედოს სარეზერვო შემადგენლობამ დინამო თბილისის დუბლებს უმასპინძლა. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. თამაზ სამხარაძის შეგირდებმა, არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, მხოლოდ ორჯერ შეძლეს მეტოქის დამწუხრება. 28-ე წუთზე ყურშავიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე გოლი მე-40 წუთზე ოთარ კობახიძის ანგარიშზეა. მასპინძლებმა მატჩის მიწურულს მოახერხეს ერთი გოლის გატანა და საბოლოოდ შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. შემდეგ დაპირისპირებას დინამოს დუბლები 7 ნოემბერს ბათუმელ თანაკლუბელებთან გამართავენ.
ტორპედო დუბლები 1:2 დინამო დუბლები
დინამო დუბლები: ისიანი, კაპანაძე, ყურშავიშვილი, გადრანი, კირკიტაძე, ნემსაძე, ვეკუა, ჩიხლაძე (აშორტია 65), ო. კობახიძე (ქანთარია 72), კვერნაძე, ლილუაშვილი (ა. კობახიძე 67)

fcdinamo.ge

კლასიკოს დავით ხარიტონაშვილი განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც თბილისის დინამო 2 ნოემბერს ქუთაისში, ცენტრალურ სტადიონზე ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს, დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და დ. გაბისონია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილი და ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. ბასლეჰლო შეასრულებს.
დინამოს მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს 2013 წლის 2 მარტს საქართველოს თასის მერვედფინალში იმსაჯა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთს 3:0 აჯობა. იმ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა ორჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა, 30 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული- გარეჯი 2:0 სართი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილმა სამჯერ უჩვენა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი.
თბილისური კლუბის ოფიციალური საიტის მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
დავით ხარიტონაშვილი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი
===========================================
უმაღლესი ლიგა – 102 თამაში / 356 ყვითელი / 18 წითელი / 24 პენალტი
პირველი ლიგა – 13 თამაში / 41 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი
მეორე ლიგა – 16 თამაში / 29 ყვითელი / 2 წითელი / 7 პენალტი
საქართველოს თასი – 16 თამაში / 39 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

fcdinamo.ge