12 წელი “ტორპედოს” ისტორიული მატჩიდან

22.05.2002 – ეს დღე ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარია, განსაკუთრებით ახსოვთ მათ, ვინც იმდროინდელი გივი კილაძის სახელობის სტადიონიდან ადევნა თვალი საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბების “კლასიკოს”: ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ მონაწილეობით. ქომაგებით გადავსებული ტრიბუნების (ოფიციალური მონაცემებით – 27 000 მაყურებლის) წინაშე ქუთათურებმა მე-14 ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის გადამწყვეტ მატჩშიმალხაზ ასათიანის მიერ 75-ე წუთზე შესრულებული ზუსტი პენალტის წყალობით დაამარცხეს მეტოქე(1:0) და ზედიზედ მესამედ მოიპოვეს ქვეყნის ჩემპიონობა. ტრიუმფის შემდგომ საზეიმო განწყობა ჩვენს ქალაქში დიდხანს სუფევდა. ცალკე სათქმელია, რომ, ისევე როგორც ამჟამად, იმ „ოქროს“ სეზონშიც „ტორპედოს“ დამრიგებელი რევაზ ძოძუაშვილი იყო, მეკარეების მწვრთნელი კი გელა კიკალეიშვილი.

აი, იმ დიდი გამარჯვების შემოქმედ ტორპედოელთა შემადგენლობაც: ზვიად სტურუა, ლაშა ჭელიძე, ვალერი აბრამიძე, მიხეილ მახვილაძე, სევასტი თოდუა, ვახტანგ ხვადაგიანი, რევაზ ქემოკლიძე, გივი დიდავა(შოთა ბაბუნაშვილი 54), გივი კვარაცხელია(ზვიად ქუთათელაძე 60), მალხაზ ასათიანი, ანდრეი პოროშინი(ზურაბ იონანიძე 54). თადარიგში იყვნენ: ნიკოლოზ ტოგონიძე, დავით გამეზარდაშვილი, რომან ახალკაცი, დავით აკოფიანი.

დღეს, ხსენებული შეხვედრიდან ზუსტად 12 წელი გავიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვემოთ ჩვენ მიერ ინტერნეტში მოძიებული ის ვიდეო და ფოტომასალა შემოგთავაზოთ, რომელიც აღნიშნული დღის მეტად სამახსოვრო წუთებს ასახავს.

FCTorpedo.GE

“მერანი” – “ტორპედო” 0:1

17 მაისს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ ნომინალურ მასპინძელს, ბოლოადგილოსან მარტვილის „მერანს“ ეწვია.

ჩემპიონატის ბოლო მატჩიდან გამომდინარე დაღლილობა ორივე გუნდს ეტყობოდა. თამაშის დაწყებიდან 7 წუთი იყო გასული, როცა ელიავას მარჯვე თამაშის წყალობით ქუთაისელებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, ეს საქმე თენგიზ ჩიკვილაძემ ითავა, რომლის გამორბენის შემდეგ ანგარიში გაიხსნა – 0:1. თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდზე უკვე ვახსენეთ, თუმცა გამორჩეულ მეორეხარისხოვან მომენტებზეც გეტყვით. მე-17 წუთზე, მარკოზაშვილის პასით ტუღუში მიუახლოვდა კარს მარცხენა მხრიდან, ბურთი მეორე ფეხზე გადაიტანა და მცველთან ჭიდილში კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ ითამაშა უშეცდომოდ. 37-ე წუთზე, „მერანის“ აფრიკელი ლეგიონერის ძლიერი დარტყმა ვიხილეთ, ბურთს კვასხვაძე დაეუფლა პირველივე ცდაზე. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მამასახლისი ორ ოპონენტს გასცდა და კვერნაძის გავლით ბურთი დასარტყმელ პოზიციაზე მყოფ ტუღუშს მიუვიდა, მან გაუჩერებლად დაუმიზნა კარს, მაგრამ ოდნავ ააცილა.

მეორე ტაიმში „ტორპედო“ არ რისკავდა. ტერიტორიული უპირატესობა „მერანის“ მხარეს კი იყო, მაგრამ მარტვილელთა შეტევების ლოკალიზება უმეტესად ტორპედოელთა საჯარიმოსთან ხდებოდა. 47-ე წუთზე, ბენაშვილის დარტყმით კვასხვაძე ჩაერთო თამაშში და საკმაოდ დამაჯერებლადაც. 59-ე წუთზე, ჩიკვილაძის პასით კვლავ ტუღუშს შეეძლო მეტოქის დამწუხრება, მაგრამ ამ უკანასკნელმა ათიოდე მეტრიდან მარჯვენა ფეხით ვერ დაუმიზნა კარს. 71-ე წუთზე, ჩიკვილაძემ ტრადიციულად სახიფათოდ შეასრულა სტანდარტი, ბურთი მეკარემ ნახტომში მოიგერია კუთხურზე. დარჩენილ დროში ქუთაისელთა დაცვამ ითამაშა მოწოდების სიმაღლეზე და მატჩიც მოგებამდე მას შემდეგ მიიყვანეს, რაც ბოლო წუთზე ჩუკვურანმა ვერ დაარტყა კარში თავით. მაშ ასე, ბოლო 6 მატჩიდან 5-ის მოგებით „ტორპედომ“ 25-ე ეროვნული ჩემპიონატი ქვედა ექსვეულში ერთპიროვნული ლიდერობით დაასრულა.

FCTorpedo.GE

„ტორპედოს“ კაპიტანი – პირველი ნაბიჯებიდან სამომავლო გეგმების ჩათვლით

მრავალი გულშემატკივარი თვლის, რომ, ძველი დროიდან მოყოლებული, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის რგოლში ძირითადად არ უჭირს. საბედნიეროდ, ეს საკითხი ჩვენს გუნდში დღესაც წესრიგშია, რაც 24 წლის როინ კვასხვაძის დამსახურებაა. პირველნომრიანი მაისურის მფლობელს მისი ბაბუის, ასევე როინ კვასხვაძის, გენები გამოჰყვა. ბაბუის, რომელიც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობით „ტორპედოს“ ყველა დროის ერთ-ერთი სახელოვანი მეკარე(კაპიტანიც) გახლდათ. მართლაც, განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა კლუბის ისტორიაში ასეთი წარმატებული მეკარის ადგილს წლების შემდეგ მისი შვილიშვილი, იგივე სახელისა და გვარის მქონე, იკავებს და ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმის კეთებას ძალიან კარგადაც აგრძელებს. კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის ტრადიციების დამცველი დღეს ტორპედოელთა კაპიტანიც არის. ამა წლის დასაწყისში, მშობლიური ქალაქის კლუბში ჩარიცხვის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ბევრი ისეთი მატჩი ჩაატარა, რომელიც მის აქტივში ჩაიწერა. აქვე სასიამოვნო სიახლეზეც, ქვეყნის პირველი გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ იგი 29 მაისსა და 3 ივნისს, შესაბამისად, საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებთა წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა. ჩვენ თავად კვასხვაძეს არამარტო „ტორპედოსა“ და პირადად მასთან დაკავშირებულ, არამედ სხვა საინტერესო თემებზეც ვესაუბრეთ, გთავაზობთ ინტერვიუს…

– მოდი, პირველ რიგში, მოგვიყევი, მეკარეობა როგორ დაიწყე?

– სიმართლე გითხრათ, როცა ფეხბურთში შევაბიჯე, თავიდან ნახევარმცველი ვიყავი. მამაჩემს, გიორგი კვასხვაძეს ავტოქარხანაში ჰქონდა საფეხბურთო სკოლა „მემორიალი“, რომლის პრეზიდენტიც თვითონ იყო. მე და ჩემმა ძმამ აქ დავიწყეთ თამაში. იმ პერიოდში ქუთაისიდან ყველა თბილისში გარბოდა, რადგან იქ უფრო განვითარებული იყო სკოლები. მეც 13 წლის ასაკში წავედი თბილისის „თბილისში“, სადაც ჭაბუკთა ლიგაში ჩემი მწვრთნელი იყო კობა ჟორჟიკაშვილი, თუმცა მეკარეების მწვრთნელიც და ჩემთვის ყველაფერი მაშინ მამაჩემი გახლდათ, იგი მავარჯიშებდა კიდეც. იქ 1 წელი ვითამაშე და მერე „ზესტაფონმა“ შემისყიდა, სადაც 16 წლის ვიყავი, როცა უმაღლეს ლიგაში პირველი თამაში ჩავატარე.

– შენი ბაბუა ერთ-ერთი სახელგანთქმული ტორპედოელი იყო, ეს დამატებით სტიმულს უნდა გაძლევდეს…

– ბაბუაჩემს მართლაც დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები და ალბათ, მისი გენები მეც გადმომეცა. ყოველთვის ვცდილობ, რომ გავამართალო ის ტრადიცია, რასაც ჰქვია საფეხბურთო ოჯახი და იმედია, ასეც იქნება. მამაჩემსაც უთამაშია ფეხბურთი, თავის დროზე საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში იყო. მისი დიდი სურვილითა და შთაგონებით პოზიცია შევიცვალე და ბაბუის კვალს გავყევი.

– კვასხვაძეების საფეხბურთო ოჯახის კიდევ ერთი წევრი შენი ძმაა, ნიკოლოზი ამჟამად საჩხერის „ჩიხურაში“ ასპარეზობს, ერთი პერიოდი ერთადაც თამაშობდით „ზესტაფონში“…

– დიახ, „ზესტაფონში“ ორივეს ბედნიერი წლები გვაქვს გატარებული, ყველაზე კარგად ის სეზონი გვახსენდება, როცა ეროვნული თასის ფინალი ისე მოვიგეთ, რომ ორივე ძირითად შემადგენლობაში ვიყავით. მართლაც, დიდი სიხარული მოგვანიჭა იმ წლებმა, როცა ერთად ვთამაშობდით, მერე ის სხვა გუნდში გადავიდა. ვფიქრობ, ნიკას აქვს იმის ნიჭი, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

რაც შეეხება ჩემს ზესტაფონურ კარიერას, მოხარული ვიყავი, რომ იმ დიდ კლუბში ჩემი სიტყვა მეც მეთქმოდა, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, კიდევ ერთხელ მოვუხადო „ზესტაფონის“ ხელმძღვანელებსა და გულშემატკივრებს, იქ 8 წელი გავატარე და ცხადია, ამ კლუბს ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

– დღეს „ტორპედოში“ ხარ, აქაურობა როგორ მოგწონს?

– საერთოდ, ეს კლუბი, რომ ჩემთვის ძალიან ახლოა, ამას ბევრი მტკიცება არ ჭირდება. როცა დღევანდელი გუნდი შეიკრიბა, ისე ჩანდა, რომ „ტორპედო“ არ წარმოადგენდა საშუალო ძალასაც კი, მაგრამ ნელნელა ხელმძღვანელებმა და ფეხბურთელებმა ვიგრძენით ჩვენ-ჩვენი მოვალეობები და ვფიქრობ, რომ ძალიან მეგობრული გუნდიც გავხდით და დღეს უკვე შეგვიძლია სხვა გუნდებზე კონკურენციის გაწევაც.

– ბოლო ტურში, „მერანთან“ მოგების შემთხვევაში „ტორპედო“ ქვედა ექვსეულში გამარჯვებული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენციაში არაერთ გუნდს უკვე აჯობეთ…

– არის გუნდში ხშირი საუბარი მაგ საკითხზე და ახლაც ჩვენი ერთადერთი საზრუნავიც სწორედ ეგაა, რომ პირველ ადგილზე გავიდეთ, ღმერთის წყალობით, ვიგებთ თამაშებს და კარგად მიდის ყველაფერი, თუმცა, რასაკვირველია, ამ გუნდს ჭირდება გაძლიერება, რათა ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძოლოს.

– „ტორპედოს“ მომავალი როგორ წარმოგიდგენია?

– მომავალზე რა გითხრათ, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს კლუბი რაც შეიძლება მაღალი დონის იყოს და უფრო სტაბილური მდგომარეობა ჰქონდეს. „ტორპედო“ საქართველოში ყოველთვის ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს. საერთოდ, ქუთაისთან თამაში ძალიან რთულია ყველასთვის, რა გუნდიც არ უნდა ჰყავდეს.

– ეროვნული ჩემპიონატის გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებული თემა ამ ბოლოს ძალზედ აქტუალური გახდა, შენი მოსაზრება როგორია აღნიშნულზე?

– მე დღეს „ტორპედოში“ ვარ და შიდა სამზარეულოში ჩახედულობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ „ტორპედოს“ არანაირ გარიგებაში არ მიუღია მონაწილეობა. ის, რასაც მივაღწიეთ ბიჭებმა, ყველაფერი ჩვენი პატიოსანი შრომის შედეგია.

– ნაკრებში დიდი ხანია გიძახებენ, ახალი მოწვევაც უკვე მოგივიდა, თუმცა ამ ეტაპზე უმეტესად თადარიგში გიწევს ყოფნა, უფრო ძლიერი კონკურენტები გყავს?

– რა თქმა უნდა, ასეა. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია თუ ვის ათამაშებს და მე ყველანაირად ვცდილობ და კიდევ ბევრჯერ დაველოდები ჩემს შანსს, რათა დავამტკიცო ის, რომ მე ვარ ღირსეული კონკურენტი: გიორგი ლორიას, ნუკრი რევიშვილის და ომარ მიგინეიშვილის.

– ესპანეთის ნაკრებთან თბილისში გამართულ მატჩში(0:1) დებიუტი გქონდა ჩვენს ნაკრებში, ამ თამაშში ლორიას გმირობაზე მთელი საქართველო დღემდე ლაპარაკობს, შემდეგ მან ტრავმა მიიღო და შენ შეხვედი მოედანზე, როგორ გაიხსენებ იმ წუთებს?

– ძალიან რთული იყო, როცა ისეთ დროს შევედი მოედანზე, მითუმეტეს ესპანეთთან, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან გამიხარდა, რომ ჩავერთვე შეხვედრაში, პირველი თამაში იყო და ვნერვიულობდი კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ეს პირველი ნაბიჯი გადავდგი და ვეცდები, რომ თუ კიდევ მომეცემა მომავალში შანსი, უფრო გავამართლო იმედები.

– ე.წ. პირველხარისხოვანი გუნდებიდან რომელს გულშემატკივრობ ევროპაში?

– მადრიდის „რეალს“, რომელიც წელს საკმაოდ კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, ამ სეზონს ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედლებით დაასრულებს.

– სამაგალითო მეკარე ვინ არის შენთვის?

– იკერ კასილასი ჩემთვის სამაგალითოა, თუმცა დღესდღეობით მსფოლიოში მაინც საუკეთესო მგონი ჯიანლუიჯი ბუფონია, ასევე, გამოვარჩევდი მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარეს, კურტუას.

– საქართველოს ჩემპიონატში თუ არის ისეთი ფორვარდი, რომელსაც ყველაზე მეტად უფრთხი?

– არასდროს მითქვამს ამა თუ იმ თამაშზე პერსონალურად რომელიმე ფეხბურთელზე, რომ ის გოლს ხშირად მიტანს. თუ გამორჩევაზეა საუბარი, ჩემი თანაგუნდელია, თუმცა მაინც ბექა ტუღუშს გამოვარჩევდი, ასევე, კარგი თავდამსხმელია ნიკუშა საბანაძეც. ადრე კი გელაშვილი-დვალის დუეტი განსაკუთრებით შედეგიანი იყო.

– “ტორპედოსთან” მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაქვს, რას აპირებ შემდეგ?

– აქ როცა მოვდიოდით არავინ არ იცოდა თუ რა სიტუაცია დაგვხვდებოდა. ყველანაირად მინდოდა, რომ „ტორპედოს“ დავხმარებოდი. ეს ჩემი, მამაჩემის და მთლიანად ჩემი ოჯახის დიდი სურვილი იყო. მოხარული ვარ, რომ მეც შევიტანე საკუთარი წვლილი გუნდის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში და შესაძლოა, ქვედა ექვსეულშიც პირველები ვიყოთ.

ჩემს გეგმებს რაც შეეხება, არის რაღაც შემოთავაზებები, თუმცა ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ მაქვს. იმედია, „ტორპედოს“ ექნება საკმარისი პირობები, რათა ის ფეხბურთელები შეინარჩუნოს, რომლებიც გუნდისთვის ძალას წარმოადგენენ. ასეთ შემთხვევაში ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისევ აქ გავაგრძელებ კარიერას. აქვე გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. რამდენიც არ უნდა იყვნენ, ყოველთვის ვგრძნობთ მათ თანადგომას. მოსვლის დღიდან მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ბოლომდე გვერდში მედგნენ, ყველა თბილად მხვდებოდა და მათი დამსახურებაც იყო, რომ ადაპტაცია ძალიან გამიიოლდა. როცა აქ მოსვლაზე მიდიოდა საუბარი, ჯერ გადაწყვეტილიც არ მქონდა, როცა გულშემატკივრებმა ისეთი ფონი შემიქმნეს, შანსიც არ მქონდა გადაფიქრების და არც ვაპირებდი.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ.

FCTorpedo.GE

38 წლის სევასტი თოდუა „ოთხასიანთა“ კლუბში მესამეა

დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი სევასტი თოდუა 38 წლის გახდა.

„სევა“ ჩვენს კლუბში უკვე მესამედ დაბრუნდა და რა გასაკვირია, რომ მის პროფესიულ კარიერაში უპირველი ადგილი სწორედ „ტორპედოს“ უჭირავს, ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩიც აქ ჩაუტარებია – 142. აქვე ფრიად აღსანიშნავ საკითხზეც, გასულ ტურში თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ასპარეზობით ძალზედ გამოცდილმა მცველმა უმაღლეს ლიგაში მისი 406-ე თამაში გამართა. ამ მაჩვენებლით იგი „ოთხასიანთა“ კლუბში დამკვიდრდა, სადაც ვეტერან „ოპონენტებს“: ქვეყნის 7-გზის ჩემპიონ გივი დიდავასა და ეროვნულ პირველობებში ყველაზე ბევრი(216) გოლის ავტორ ზურაბ იონანიძეს(მან პირველ დამოუკიდებელ ეროვნულ ჩემპიონატშიც ითამაშა)ჩამორჩება, რომლებიც ფეხბურთელის რანგში ასევე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ქუთაისის ღირსებას იცავდნენ, მათ ანგარიშზე, შესაბამისად, 432 და 422 მატჩია. ასე რომ, აღნიშნული რეკორდის გაუმჯობესების შესაძლებლობა თოდუას უკვე მომავალ ჩემპიონატში მიეცემა.

ვულოცავთ იუბილარს დღევანდელ დღეს, სიმხნევეს, დღეგრძელობას და წარმატებებს ვუსურვებთ.

FCTorpedo.GE

ვარჯიში და კომენტარები “ტორპედოს” დამდეგი მატჩის წინ

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ „ზუგდიდთან“ 2 მაისს თბილისში გასამართი მატჩისთვის ერთ-ერთი დასკვნითი ვარჯიში გამართა, რომელშიც მიკრო ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია კაპიტან როინ კვასხვაძეს. ტრავმის შემდეგ კი ინდივიდუალურად დაიწყო მზადება ფორვარდმა მამუკა ღონღაძემ.

პარასკევს გასამართი მატჩის წინ კომენტარები ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელსა და ორ ფეხბურთელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ტორპედოში“ ჩემი დაბრუნების შემდეგ პირველადაა, როცა გუნდს გავარდნის არ ეშენია, ამდენად, ფეხბურთელი, რომელიც გამოვა მოედანზე წნეხის ქვეშ აღარ იქნება. ამასთან, მწვრთნელებსაც გვეძლევა იმის საშუალება, რომ ვიფიქროთ ახალ სეზონზე და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები, ასეთი 4-5 ბიჭი გვყავს, მოვსინჯოთ დარჩენილ მატჩებში, რათა ვნახოთ თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ჩვენ ერთგვარ „რენტგენს“ ჩავატარებთ მათ შესაფასებლად. ასევე, მინდა გითხრათ, რომ უკვე ბიჭებმა იგრძნეს თავიანთი პოტენციალი და ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ სწორი სტრატეგიით მივდივართ წინ. რასაკვირველია, სამომავლოდ ჩვენ უფრო მეტი შანსი გვექნება მოწინავე ადგილების დასაკავებლად იმიტომ, რომ უკვე ყველა კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ჩვენ, ფაქტობრივად, ახალი ფურცლიდან დავიწყეთ მუშაობა, დღეს კი ფუნდამენტი არის. ვნახოთ, როგორი იქნება „ტორპედოს“ ხვალინდელ დღე, რა პირობები და მოთხოვნები გვექნება, აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი დონის ფეხბურთი ვათამაშოთ გუნდს.

იმის გარდა, რომ ჩვენ უმაღლეს ლიგაში დავრჩებით, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. თითოეული თამაში არის ჩვენთვის იმის მაჩვენებელი, რა გვაკლია, რას უნდა მოვუმატოთ. გუნდის სიძლიერი ჩანს ჩემპიონატის ბოლო თამაშებშიც, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ გვინდა, კარგი აკორდით დავაბოლოვოთ ჩემპიონატი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, ისე ფიქრობს ყველა გუნდი. ვფიქრობ, რომ სამ გუნდს შორის არის მე-7 ადგილის ინტრიგაც, ჩვენთან ერთად „ვიტ ჯორჯია“ და „დილა“ იბრძოლებს და გამოჩნდება საუკეთესოს ძალაც. ამ სამეულის ორთაბრძოლა ჩვენ კიდევ სტიმულს გვაძლევს, რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვჩნდეთ”.

ოლეგ მამასახლისი: „დღესდღეობით, მეგობრული გუნდი ჩამოვყალიბდით და ვიმედოვნებ, რომ წარმატებასაც მივაღწევთ. ძალიან დიდი სტიმულია, როცა „ტორპედოში“ თამაშობ. უმაღლეს ლიგაში დებიუტი საჩხერეში მქონდა, სადაც 2:1 მოვიგეთ და ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო. გამოგიტყდებით, იოლი ნამდვილად არაა აქ თამაში. მომდევნო მატჩი “ზუგდიდთან“ გვაქვს, რომელიც ძალიან ეცდება მოგებას, თუმცა ჩვენც არანაკლებად გვინდა, ქუთაისობა სამი ქულით ავღნიშნოთ და უმაღლეს ლიგაში დარჩენა საბოლოოდ გადავწყვიტოთ“

დავით ხურციძე: „უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩავატარე და კმაყოფილი ვარ, რომ არცერთი არ წამიგია, თანაც მეორე თამაშში გამარჯვების გოლი გავიტანე და ვფიქრობ, ლიგაში დავრჩით კიდეც. ვატყობ, რომ ნელნელა გუნდი წინ მიდის და წელს ქვედა ექვსეულში ყველა კონკურენტს ვაჯობებთ. მიხარია, რომ ქუთაისში ჩამოვედი, დიდი მადლობა ყველას, ვინც მე მგულშემატკივრობს. სავარაუდოდ, სეზონის შემდეგ მოსკოვის „ცსკა“-ს პირველ გუნდში დავბრუნდები, თუმცა მომავალში, შესაძლოა, ისევ „ტორპედოში“ მოვხვდე”.

FCTorpedo.GE

უბრალო დამთხვევა თუ …

მეორე წრის წინ მოტივაციის გარეშე დარჩენილ გუნდებზე ბევრს ვწერდით. უმაღლესი ლიგის გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, ლიგაში რამდენიმე ისეთი გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე არანაირი მოტივაცია და მიზანი აღარ გააჩნიათ.

მაგალითად, ლანჩხუთის „გურია“. გურულებმა ექვსეულში მოხვედრა დაიბევეს და შესაბამისად უმაღლესშიც შეინარჩუნეს ადგილი, თუმცა ზედა ექვსეულში მახარაძის გუნდი გამოცდილ მეტოქეებს კონკურენციას ვერ უწევს და ეს ალბათ არც სჭირდება.

ანალოგიურ სიტუაციაშია ქვედა ექვსეულში მყოფი სამი გუნდი. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „სპარტაკი“, „მერანი“ და „ზუგდიდი“ იბრძვიან, ხოლო „ვიტ ჯორჯია“, „დილა“ და „ტორეპდო“ ფაქტობრივად ამხანაგური მატჩებს ატარებენ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით. მათ ასპარეზობას თითქმის არანაირი სატურნირო ინტრიგა არ გააჩნია.

სამწუხაროდ, ჩვენთან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მეხუთეზე გახვალ თუ მეშვიდეზე… კლუბი ამით რაიმე განსაკუთრებელ სარგებელს ვერ ნახავს. მაგრამ, სარგებლის, თანაც საკმაოდ დიდის, ნახვა შეიძლება უცხოურ ტოტალიზატორებში, რასაც ფეხბურთის ფედერაციის კვირის დასაწყისში გახმაურებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს. საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის ხუთი წარმომადგენელი უეფას მიერ საეჭვო მატჩებში იქნა შემჩნეული, რაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა.

ევროპული და აზიური ტოტალიზატორები კვლავაც აქტიურად იღებენ ფსონებს საქართველოს ნებისმიერი ლიგის მატჩზე. ეს ბუნებრივი პროცესია, რასაც ვერაფერი ვეღარ შეცვლის.. მთავარია, თვითონ ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ფეხბურთში დასაქმებულმა ხალხმა სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა ისწავლოს. ამის სურვილს კი, საქართველოში სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავთ…

მოტივაციის გარეშე დარჩენილი გუნდების თემას შევეხეთ და სწორედ ერთ-ერთ ასეთ გუნდზე გვინდა საინტერესო დაკვირვება გაგანდოთ. მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოს“ მეორე წრის წინ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რამაც საკმაოდ მასშტაბური საკადრო ცვლილებები გამოიწვია ქუთაისურ გუნდში. შეიცვალა კლუბის ხელმძღვაელობა და გუნდის შემადგენლობა. მთავარ მწვრთნელად კი, რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. „ტორპედომ“ ზედა ექვსეულში მოხვედრა ვეღარ შესძლო და ჩემპიონატის გაგრძელება მეორე ეშელონიშ გუნდებში მოუწია.

ამის ფონზე საინტერესოა, რომ „ტორპედოს“ უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ძოძუაშვილმა ყველა მატჩში პირველ ტაიმში ერთი ცვლილება მაინც განახორციელა. „ჩიხურასთან“, „სპარტაკთან“, „დილასთან“, „ზუგდიდთან“, „მერანთან“ და „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრებში ძოძუაშვილმა თავის „ტრადიციას“. „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრაში კი, სულაც ორი მოთამაშე გამოცვალა შეხვედრის პირველ ნახევარში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქედან ერთი ცვლილება იძულებითი ხასიათის იყო და მოთამაშის ტრავმით იყო გამოწვეული. სტატისტიკურად, ცვლილეებების ყველაზე დიდი პროცენტი მეორე ნახევრის შუაში ხდება, ძირითადად 70-ე წუთისთვის. ხოლო ყველაზე ნაკლებად მწვრთნელები ცვლილებებს სწორედ პირველ ნახევარში მიმართავენ.

ჩვენ ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ტოტალიზატორებში ფსონების მიღება რომ მატჩის შედეგის გამოცნობით არ შემოიფარგლება ახალი ამბავი ნამდვილად აღარ არის. ფსონების დადება ფაქტობრივად ნებისმიერ პოზიციაზეა შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს გარკვეული ეჭვებიც გაუჩნდა და სიტუაციაში უკეთესად გარკვევის მიზნით, „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით და აღნიშნულ კომენტარი ვთხოვეთ.

 

რევაზ ძოძუაშვილი: ასეთმა ხმებმა ჩვენამდეც მოაღწია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ვისაც ეჭვი ეპარება შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ყველა თამაშს და ცვლილებას პროფესიონალურად გავარჩევთ. ვპირედები, რომ 100% დავარწმუნებ იმ ცვლილებების საჭიროებაში და სისწორეში. ეჭვი ნებისმიერ რამეზე შეგვიძლია მივიტანოთ, მაგრამ მას დასაბუთებაც უნდა. ამ შემთხვევაში საქმე უბრალოდ უცოდინარობასთან გვაქვს.

ჩევნი გუნდი ახალი შექმნილია და ასეთი ფაქტები ბუნებრივიც არის. სეზონის მსვლელობისას გუნდის შენება გრძლედება. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების უმრავლესობამ გაამართლა და მატჩის შედეგზეც იქონია გავლენა. უმჯობესი იქნება,  რომ ასეთ აბსურდულ თემებს შევეშვათ და ერთად იმ საკითხებზე ვიზრუნოთ, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

რეკორდსმენი მეკარე 17 წელი და მეტი „ტორპედოს“ სამსახურში

გელა სერგოს-ძე კიკალეიშვილი ქუთაისის „ტორპედოში“ 1997 წლიდან წვრთნის მეკარეებს. ამ ხნის განმავლობაში იგი უმეტესად მთავარ კოლექტივს ემსახურება. ქუთაისის მკვიდრს მშობლიური ქალაქის გუნდის კარიც დაუცვია 2 სეზონის განმავლობაში, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მწვრთნელობა. მის პროფესიულ კარიერაში მხოლოდ იმერული კლუბები დომინირებს. მწვრთნელის ხელმძღვანელობით არაერთ ისეთ მეკარეს გაუვლია სასწავლო კურსები, რომლებსაც სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრებში უასპარეზიათ. რაც ყველაზე საინტერესოა, შევიტყვეთ, რომ საკავშირო და ეროვნული ჩემპიონატების ოფიციალურ მატჩებში მეტოქეთა კარში გატანილი 30 გოლით(!) ვეტერან მეკარეს რეკორდი აქვს დამყარებული. „ტორპედოს“ დამსახურებულ მუშაკი, რომელიც ყველასთვის დადებით პიროვნებად ხასიათდება, ჩვენი კლუბის მეკარეებს დღესაც წვრთნის და ამ რგოლის გაძლიერებაში კვლავ შეაქვს თავისი მოკრძალებული წვლილი.

54 წლის სპეციალისტთან არამარტო ზემოთ მოყვანილ თემებზე ვისაუბრეთ.

„მეკარის კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი ვანის „სულორში“ მაქვს გატარებული, სადაც 600 თამაშამდე ჩავატარე. ასევე, ვიყავი სამტრედიის „ლოკომოტივში“, მაშინ მეორე ლიგაში გამოვდიოდით და 1978-79 წლებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვერცხლის მედლები ავიღეთ, პირველ ადგილზე ლანჩხუთელები გავიდნენ. შემდეგი 3 წელი დავყავი წყალტუბოს „სამგურალში“, იმ დროს უკვე დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატი გვქონდა. იქედან ჩავირიცხე ქუთაისის „ტორპედოში“ და 2-წლიანი მეკარეობის შემდეგ სერგო კუტივაძემ მეკარეების გაწვრთნა დამავალა, რასაც დღემდე მხოლოდ „ტორპედოში“ ვაკეთებ. ქუთაისში ყოფნისას კუტივაძის გარდა ისეთ მწვრთნელებთან ერთად მიმუშავია, როგორებიცაა: სოსო ფრუიძე, დავით ყიფიანი, ოთარ გაბელია, ალექსანდრ შტელინი(უკრაინა), რევაზ ბურკაძე, ჯემალ ხერხაძე. 1999 წლის თასის ფინალის(წყალტუბოსთან) მოგებიდან, „ტორპედოს“ ყველა ტიტული ჩემთვის ძალიან სამახსოვროა, რადგან ჩემი აქ მუშაობის დროს მიაღწია გუნდმა იმ დიდ წარმატებებს“.

– თქვენი მწვრთნელობის დროს „ტორპედოს“ მეკარეებით საკმაოდ ხშირად მარაგდებოდა საქართველოს ნაკრები…

– დიახ, ნაკრებში ძირითადად სწორედ „ტორპედოს“ მეკარეებს იძახებდნენ, ესენი იყვნენ: ნიკა ტოგონიძე, გრიგოლ ჭანტურია, ნუკრი რევიშვილი, რომელიც 4 წელი ჩემთან ვარჯიშობდა, ასევე, დავით გვარამაძე, ირაკლი ზოიძე, ზვიად სტურუა და სხვები. ყველა ჩამოთვლილს ჩვენთან აქვს გავლილი კარიერა.

– მთლიანად კარიერაში თქვენს ანგარიშზე 30 გოლია, რაც ჩვენს ქვეყანაში მეკარისთვის სარეკორდო მაჩვენებელია…

– აქედან 8 გოლი მაქვს ეროვნულ ჩემპიონატებში გატანილი, მათ შორის „ტორპედოს“ რიგებში ყოფნისასაც, ხოლო დანარჩენი საბჭოთა კავშირის პირველობებზე. სულ 32-დან ზუსტად 30 პენალტი შევასრულე.

– როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა თქვენი პერიოდისა და ახლანდელ თაობებს შორის?

– ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ საფეხბურთო ნიჭი. მაშინ ჩვენ სხვა გასართობი საშუალებები საერთოდ არ გვქონდა და ბურთის გარდა სხვა არაფერი არ გვაინტერესებდა, ამდენად, 100-დან 99-ს სურდა ბურთის გორება. ახლა კი უამრავი სახის გართობაა, ამიტომ, ასე მგონია, მაშინ უფრო გვინდოდა ფეხბურთის თამაში, ვიდრე დღეს უნდათ. ასევე, ცალსახად ვერ შევადარებ იმას, ძველად უფრო რთული იყო თამაში თუ ახლა უფრო მეტი სიძნელეებია, რადგან, ზოგი რამ განვითარდა, ზოგიც კი ძველი ჯობდა. მაგალითად: მაშინდელ ფეხბურთში ძალისმიერი თამაში უფრო ჭრიდა, დღეს კი ტექნიკაა წინა პლანზე.

– დღევანდელ „ტორპედოში“ მეკარის რგოლს როგორ შეაფასებთ?

– ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის პრობლემა არასდროს არ ჰქონია, თუმცა იყვნენ სხვადასხვა სტილის მეკარეები, როგორც მინდვრის მოთამაშეები, რომელთა შორის, რა თქმა უნდა, იყო განსხვავება. ძალიან კარგია, რომ დღეს როინ კვასხვაძეს სახით ტექნიკური მეკარე გვყავს. არიან ძლიერი მეკარეები, რომელთაც არ აქვთ ტექნიკა და სხვა პლუსები გააჩნიათ. ვფიქრობ, დღევანდელ „ტორპედოში“ ყველაზე ნათელი წერტილი მეკარეა. ასევე, მეორე მეკარე ალექსანდრე ადამიაც, რომელსაც ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია, თუ იმუშავებს საკუთარ თავზე მასაც შეუძლია კარგ დონეზე ითამაშოს.

– ამჟამად, მსოფლიოში საუკეთესო მეკარედ ვინ მიგაჩნიათ?

– ვთვლი, რომ დღევანდელ თაობაში საერთო დონის მიხედვით მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი უპირველესია. მეკარეობის ტექნიკა არ აკლია, თან ახალგაზრდაა, კიდევ უფრო მომატების შანსიც აქვს და თითქმის ყველა მატჩს სტაბილურად თამაშობს. საზოგადოდ, მეკარემ 10-დან 8 თამაში ისე უნდა ჩაატაროს, რომ შეცდომა არ დაუშვას. ეს 20 პროცენტი ადამიანია და შეიძლება შეცდეს, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება ხარვეზი, მით უკეთესი.

– მოგეხსენებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტი მოედანზე კარებია და მისი დარაჯის გარჯას რამდენ პროცენტს მიანიჭებდით გუნდის გამარჯვებასა თუ მარცხის დროს?

– ბუნებრივია, მეკარემ ყველაზე ცოტა შეცდომა უნდა დაუშვას, 100-დან 5 პროცენტი თუ შეცდება ეს ყველაზე კარგია, მაგრამ ურთულესი. კარგი მეკარე, როცა გყავს გუნდში, იგი გაცილებით უფრო მაღალპროცენტულს ხდის გუნდის გამარჯვების შანსებს, ფსიქოლოგიურადაც ბევრს ნიშნავს, როცა იცი, რომ გუნდში ძლიერი მეკარე გყავს. ტყუილად კი არ ამბობენ, მეკარე ნახევარი გუნდიაო. ვიტყოდი, რომ კარგი მეკარე ნახევარზე მეტიცაა.

– ქართული ფეხბურთის დღევანდელ ყოფაზე რას იტყვით?

– პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გაკეთდეს ნორმალური მოედნები, რომ ბავშვები გაიზარდონ. მარტო თბილისსა და ქუთაისიდან წამოსული ბავშვებით ქვეყანა ვერ იხეირებს. ადრე რაიონებიდან და პატარა ქალაქებიდანაც მოდიოდნენ ბავშვები და ასეც ივსებოდა ნაკრები. დღეს კი უმეტესად ასეა, როცა მოწვიმს თუ ხელოვნური არ აქვთ ბავშვები საერთოდ ვერ ვარჯიშობენ.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, საერთოდ, ნაკრებისთვის საჭიროა, რომ გუნდს რამდენიმე ვარსკვლავი ან თუნდაც ლიდერი ჰყავდეს, როგორც ეს ძველად იყო, სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ასე არ არის. შეიძლება, საკლუბო გუნდი გააკეთო რაღაც მიზნისთვის და ფეხბურთელებიც ჩამოიყვანო სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ნაკრებში ამას ვერ გააკეთებ. ამიტომ, ეროვნული ჩემპიონატი რომ გაძლიერდება და უფრო დაძაბული გახდება, მერე შეიძლება ნაკრების სიძლიერეზეც საუბარი.

– რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა მეკარეებმა?

– უპირველეს ყოვლისა, როცა მეკარე მოდის ჩვენთან, მას არ აქვს ელემენტარული ცოდნა მიღებული, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა სპორტსკოლას ჰყავდეს მეკარის მწვრთნელი, რომელიც ასწავლის ახალგაზრდა მეკარეებს ბურთთან მუშაობას, როგორ აიღოს, მიიღოს და ასე შემდეგ. 15-16 წლის ბავშვს რომ არ აქვს თავიდანვე სწორად ნასწავლი, მერე ძნელია გადაჩვევა. ჩვენთან მოსულს ცოდნა უნდა გავუღრმავოთ და არა 0-დან დავაწყებინოთ. სხვათა შორის, მეკარე გვიან „იხსნება“. თუ წარმატება გინდა, ამ საქმისთვის უნდა გადადო ყველაფერი, დღე და ღამე უნდა იფიქრო, იმუშავო, ივარჯიშო, აკეთო რასაც გეტყვიან, ასეთი მიდგომით გამართლების შანსიც დიდია და გჯეროდეს, დაგიფასდება ეს ყველაფერი.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” სათადარიგოების მორიგი გამოსვლა

17 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ სათადარიგო გუნდი(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, გიორგი მეგრელაძე, ვლადიმერ ჭყონია) სტუმრად საჩხერის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ამავე ქალაქის სახელით მოასპარეზე „ჩიხურას“ რეზერვისტებს შეხვდა.

ზემო იმერეთში სტუმრად ჩასულ ქუთაისელებს გუშინდელისგან რადიკალურად განსხვავებული ამინდი დახვდათ. წვიმიანი თოვლი გუნდებს გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა. მიუხედავად ამისა, თამაშს ღიმღამი არ ჰქონდა დაკარგული. მე-12 წუთზე, ტორპედოელებმა კონტრშეტევა განავითარეს, ხარაბაძის გადაცემით საშუალო დისტანციიდან შედეგიანად გია ღვიტიძემ დაარტყა და ანგარიშიც გახსნა – 0:1. თამაში ორმხრივ იერიშებსა და გარდამავალ უპირატესობაში გაგრძელდა, მხარეები საგოლე მომენტებსაც ცვლიდნენ. მატჩის ბედი კი ბოლო 15-მა წუთმა გადაწყვიტა, რომელიც სტუმრებმა სუსტად ჩაატარეს და 2 უპასუხოდ მიღებული გოლით ამჯერადაც დამარცხდნენ(1:2). აღსანიშნავია, რომ საჩხერელებს სხვაობის გაზრდა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შეეძლოთ, მაგრამ მეკარე ადამიამ მის გუნდს ანგარიშში მინიმალური ჩამორჩენა საბოლოოდ შეუნარჩუნა.

აქვე გაუწყებთ, რომ დუბლშემადგენლობათა ტურნირის 21-ე ტურის გადადებული მატჩი „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის 21 მარტს, თბილისელთა საწვრთნელ ბაზაზე შედგება.

დღევანდელ შეხვედრაში კი „ტორპედო-2“-ის შემადგენლობა ასეთი იყო: ადამია, დუდუჩავა, ნ. ხარაბაძე, ნაცვლიშვილი, ლაღაძე(ჯანაძე 70), ბანძელაძე(გაბელაშვილი 60), ვალნერი, დ. ხურციძე(გაგოშიძე 75), გოგუაძე(ბიწაძე 55), ბერეჩიკიძე(ზ. ხურციძე 46), ღვიტიძე.

FCTorpedo.GE

“ჩიხურა” – “ტორპედო” 1:2

16 მარტს, საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად ივანწმინდის განახლებულ სტადიონზე საპრიზო ადგილებზე მყოფ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა მასპინძელთა დომინირებით დაიწყო, თუმცა ქუთაისელთა პირველივე სახიფათო იერიშს გოლი მოჰყვა, რომელიც ბევრ წამყვან ჩემპიონატსაც კი მოუხდებოდა იმიტომ, რომ ეს შეტევა ტორპედოელთა საჯარიმოდან დაიწყო და კომბინაციური თამაშის შემდეგ ისე დაგვირგვინდა შედეგიანად, ბურთს ვერცერთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელი ვერ შეეხო. ამ საგოლე შეტევის(მე-7 წუთზე) ბოლო ფაზა ასეთი იყო – ელიავამ გონივრული პასით ადამაძე მონახა, რომლის გადაცემით მამუკა ღონღაძემ „ტორპედოში“ დაბრუნებიდან თავისი მე-3 გოლი გაიტანა – 0:1. დაწინაურებამ სტუმრები ოდნავ მოადუნა, ამით „ჩიხურამ“ ისარგებლა და სათამაშო უპირატესობა იგდო ხელთ. აქედან გამომდინარე ლოგიკური იყო საპასუხო გოლი, იქამდე კი კვასხვაძემ არაერთ დარტყმულ ბურთზე ითამაშა დამაჯერებლად. 23-ე წუთზე, დეკანოიძის ჩაწოდებით ბურთი ჰაერში ერთ-ერთ ტორპედოელს მოხვდა და ტრაექტორია ოდნავ იცვალა, რის შემდეგაც ზუსტ ადგილზე გიორგი გაბედავა დახვდა და ასევე ზუსტად დაარტყა – 1:1. 26-ე წუთზე, თამაშში ქუთაისელი ოლეგ მამასახლისი ჩაერთო, ეს აღსანიშნავი იმით იყო, რომ დღეს, უმაღლეს ლიგაში მისი დებიუტი შედგა, თანაც საკმაოდ კარგი. მოვლენების ასეთი განვითარებით თითქოს ლოგიკური იყო, რომ ფსიქოლოგიური უპირატესობაც მასპინძელთა მხარეს უნდა გადასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, ტორპედოელები გამოფხიზლდნენ და კოლექტიური თამაშის ხარჯზე ხელახლა დაიწყეს სასურველი შედეგისკენ სწრაფვა. 32-ე წუთზე, ჩიკვილაძის ჩაწოდებით მარკოზაშვილმა 6-7 მეტრიდან მცველთან ჭიდილში ბურთი კარის მიმართულებით გაგზავნა, სომხიშვილმა ძლივსძლივობით შეძლო დარტყმულის მოგერიება. „ჩიხურადან“ თავით ჯიღაურის, ხოლო ფეხით გაბედავასა და გრიგალაშვილს სახიფათო დარტყმებმა ვერაფერი ვერ დააკლო „ტორპედოს“. გუნდებიც ასეთი ანგარიშით გავიდნენ შესვენებაზე.

მეორე ტაიმში კი ქუთაისელებმა მოსაგებად შემართულ მეტოქეს არაფერი არ დაუთმეს. 47-ე წუთზე, ჩიკვილაძემ შეასრულა საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ, მეკარემ ნახტომში მოიგერია ბურთი. 54-ე წუთზე, ღონღაძემ კვარაცხელიას წაართვა ბურთი და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მან კიპერს გაარტყა ბურთი და ასპროცენტიანი შანსი ვერ გამოიყენა. ამის გამო 62-წუთზე საჩხერელებს შეეძლოთ დავესაჯეთ, თუმცა გრიგალაშვილის გაკეთებული გადაცემით გაბედავას ოდნავ დააკლდა სიზუსტე. 65-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან კვერნაძის დარტყმისა და მეკარის მიერ ბურთის გადაგდების შედეგად დანიშნული კუთხური ჩიკვილაძემ ჩააწოდა შორეულ ძელთან, სადაც ტანმაღალმა ლატვიელმა მცველმაიგორ სავჩენკოვსიმ დაასწრო ყველას და თავით მისი პირველი და თანაც „ტორპედოსთვის“ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა ქართულ უმაღლეს ლიგაში – 1:2. „ჩიხურა“ გააქტიურებას ცდილობდა, მაგრამ „ტორპედოს“ დალაგებულმა თამაშმა მათ მეტწილად ამის საშუალება არ მისცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ორჯერ მაინც მოუწია კვასხვაძეს თავისი ოსტატობის გამოვლენა, კაპიტანმა ჯერ გაბედავას დარტყმული არ გაუშვა სტანდარტიდან, შემდეგ კი გრიგალაშვილის დარტყმის შედეგად რიკოშეტიც მოიგერია. სხვაობის გაზრდაც არავის არ გაუკვირდებოდა, მას შემდეგ, რაც კვერნაძემ მეკარესთან პირისპირ ორჯერ გასვლის შემდეგ ვერ იხეირა. საბოლოოდ, „ტორპედომ“ „ჩიხურასთან“ ქუთაისში განცდილი მარცხისთვის(1:2) დამსახურებული რევანში აიღო(2:1) და ამ გამარჯვებით რევაზ ძოძუაშვილის შეგირდები ჩემპიონატის ახალ ეტაპს იმედიანად ხვდებიან…

შემადგენლობები, სტატისტიკა, ფოტოგალერეა – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=235

FCTorpedo.GE

რევაზ ძოძუაშვილი: „ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა“

ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 8 მარტს ჩაშლილი შეხვედრის შესახებ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ჩვენ, „ტორპედოს“ კოლექტივი ყველანაირად ვცდილობთ, რომ ავაღორძინოთ ქუთაისური და ამასთან ერთად ქართული ფეხბურთიც. გვინდა, რომ ამ საერთო საქმის თანამონაწილეები ვიყოთ, მაგრამ ის, რაც ჩვენს მოვალეობაში არ შედის, ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. „დინამოს“ წინააღმდეგ ჩვენ შეგვეძლო გვეჩვენებინა კარგი თამაში და ნებისმიერი შედეგის მიუხედავად რაც მთავარია, მშვიდობით ჩაგვემთავრებინა იგი. ყველამ იცით, რომ „ტორპედოს“ არცერთ წევრს არანაირი გამომწვევი ჟესტი არ ჩაუდენია მომხდარი ინციდენტის პროვოცირებისთვის. მგონი, პირიქით, ამაზე საუბარი თბილისის „დინამოს“ მიმართ შეიძლება, რომელმაც მიუხედავად ჩვენი კლუბის დიდი თხოვნისა მაინც ჩამოიყვანა თავისი გულშემატკივრები.

თამაშს რაც შეეხება, მართალია, ჩვენ პირველი ნახევარი წავაგეთ, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლას არ ვეცდებოდით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არასასურველი ანგარიში იყო, თუმცა არ იყო გამორიცხული დარჩენილ დროში მარცხს ავმცდარიყავით, მაგრამ ეს ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ამჟამად მთლიანი „ტორპედოს“ ყოველთვიური ბიუჯეტის ტოლფასი ხელფასი აქვს „დინამოს“ ერთ-ერთ ფეხბურთელს. ამიტომ, ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. თამაშის მიხედვით „ტორპედო“ უმაღლესი ლიგიდან გავარდნას არ იმსახურებს, მაგრამ იმედია, სანქციებით არ გაგვაგდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არ უნდათ ქუთაისში ფეხბურთი.

ის, რომ ამდენი ახალგაზრდა ასე ორგანიზებულად შემოვიდა და გავიდა მოედნიდან, ამაში ეტყობა იყო რაღაც ბოროტი ძალები ჩარეული. ჩვენს გულშემატკივრებს ხშირად ვხვდებით, მათი აზრებიც კარგად ვიცით და მათ, ვინაც არეულობა მოაწყო ნაცვლად სარგებელისა, შავი ლაქა მოაცხო „ტორპედოს“. სამწუხაროა, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ არასწორად გააშუქა მომხდარი და შეაფასა, რომ თითქოს გულშემატკივრები „ტორპედოს“ ცუდი თამაშის გამო გადმოცვივდნენ ბალახზე. ჩანს, მავან ხალხს ქუთაისური ფეხბურთის დანგრევა უნდა“.

FCTorpedo.GE

შრომისმოყვარეობის ხარჯზე გახანგრძლივებული კარიერა

იშვიათია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც 37 წლის ასაკში უმაღლეს ლიგაში ღირსეულად თამაშობს. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი სევასტი თოდუა, ვინც „ტორპედოში“ უკვე მესამედ დაბრუნდა და ტრადიციული, „5 ნომერი“ მოირგო. არ გვახსენდება ამ საუკუნეში, ანალოგიური მოსწრების მოქმედ ფეხბურთელს ჩვენს ქვეყანაში ასეთ დონეზე სხვა ვინმეს ეთამაშოს.

გარდა დადებითი პროფესიული რეპუტაციისა, ქართულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე შეგნებული ადამიანის სახელიც აქვს. პროფესიონალური კარიერის დაწყებიდან სულ 9 ქართულ გუნდში უასპარეზია და მის ანგარიშზე უმაღლეს ლიგაში ჩატარებული 400-მდე შეხვედრაა. აქედან ყველაზე მეტჯერ, დღემდე 130-ში „ტორპედოს“ მაისური და თან ნახევარზე მეტ მათგანში კაპიტნის სამკლავურიც აქვს მორგებული. ქუთაისელთა რიგებში ასპარეზობისას ორჯერ მოიგო შიდა ჩემპიონატი და ერთხელ ეროვნული თასი. ამრიგად, მის სახელსა და გვარს ჩვენი კლუბის ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს.

თუ გახსოვთ, 2012 წლის დასაწყისში, მას „ტორპედოში“ გაცილებაც მოუწყვეს, მაგრამ ცენტრალური მცველის სათამაშო მონაცემები მთავარმა მწვრთნელმა დღესაც მოიწონა. ქუთაისური გუნდის ბოლო მატჩში ბოლნისელებთან მნიშვნელოვან გამარჯვებაში მისი წვლილი გაზეთმა „ლელომ“ გამოყო და იგი „ტურის სიმბოლურ ნაკრებში“ შეიყვანა. ამ და სხვა საინტერესო თემებზე „სევა“-სთან ინტერვიუ ჩავწერეთ…

– სევასტი, მოდი, კიდევ ერთხელ გაიხსენეთ თქვენი კარიერის გასული მნიშვნელოვანი ეტაპები?
– აბაშის რაიონის სოფელ მარანში დავიბადე და იქ, ფაქტობრივად, ბავშვთა ფეხბურთი სკოლაში არ გამივლია, 20 წლისას ისე მოვხვდი პირველ ლიგაში სამტრედიის „იბერიას“ შემადგენლობაში. სამტრედიელებთან ერთად „უმაღლესში“ გადავედი და მერე „ვიტ ჯორჯიაში“ ჩავირიცხე, სადაც ძოძუაშვილმა აღმომაჩინა და ეროვნულ ნაკრებში მიმიწვია. სულ ნაკრების მაისურით 2 ოფიციალური და 7 ამხანაგური მატჩი ჩავატარე, რის შემდეგაც ჩემი საკლუბო კარიერაც „გახურდა“.

– განსაკუთრებით რომელი მიღწევა დაგამახსოვრდათ? ამასთან, იყო იმედგაცრუებებიც…
– ყველაზე მეტად „დინამოსთან“ საჩემპიონო მატჩი მახსენდება ქუთაისში, როცა „ასკამ“(მალხაზ ასათიანმა) გაიტანა გამარჯვების პენალტი და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ დამავიწყდება ის ატმოსფერო, რაც მაშინ სავსე სტადიონზე სუფევდა. იმედგაცრუებაც ძალიან ბევრი იყო, როგორია თასის 8 ფინალიდან 6-ჯერ რომ წააგებ? 2011 წელს „გაგრასთან“ მატჩში საკუთარ კარში რომ გავიტანე ბურთი, ბუნებრივია, ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული მატჩი ის იყო. რა გასაკვირია, რომ რამდენიმე დღე არ მეძინა მას შემდეგ.

– რის ხარჯზე მოახერხეთ სათამაშო ფორმის შენარჩუნება ამ ასაკში?
– მთავარია, არასდროს თქვა, რომ დავბერდი და ახლა გამოცდილებით უნდა ვითამაშო, იმდენს არ ვირბენ, როგორც სხვა და ამით ფორმას შევინარჩუნებ. რადგან შენ ასაკში ხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია მარტო გამოცდილებით თამაში, ასე ურთულესია დიდხანს დარჩე ფეხბურთში უმაღლესი ლიგის დონეზე. ასეთ კონდიციებში ყოფნას, ალბათ, თავდაუზოგავი შრომითა და ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით ვახერხებ, ეს იმისთვის, რომ სტადიონზე, როცა გავალ ვინმემ არ დამიძახოს დაბერდი და სახლში წადიო, ვცდილობ, ამის თქმის საბაბი არავის არ მივცე. მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქვს და სტადიონზე რომ გახვალ გუნდს უნდა დაეხმარო და არა პირიქით. ძალზედ მცირე მოტივაცია აქვს მარტო ფინანსურ მხარეს.

– საკმაოდ ბევრ ეროვნულ ჩემპიონატში მიგიღიათ მონაწილეობა, საინტერესოა თქვენი მოსაზრება, არის თუ არა პროგრესი? საგულისხმოა, რომ პირობებიც მეტნაკლებად ყველგან გაუმჯობესებულია…
– ბევრი ამბობს, რომ საქართველოს ჩემპიონატი ადვილი სათამაშოა, მაგრამ, დამტკიცებულა, რომ ეს შეხედულება მცდარია, თუნდაც იმით, რომ უამრავ ლეგიონერს ვერ გაურთმევია თავი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე ან კიდევ იშვიათად, რომ 30-32 წელს გადაცილებული ნაყოფიერად თამაშობდეს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან ძნელია აქ თამაში, თუმცა დონის ასამაღლებლად საჭიროა უკეთესი პირობები და რეკლამა, თორე ტალანტები ჩვენ ნანდვილად არ გვაკლია. ეს არის, ნაკრებში თუ ვერ ითამაშე, რა ნიჭიც არ უნდა გქონდეს, უმეტეს შემთხვევაში ჩვენს ჩემპიონატს ვერ გაცდები. რაც შეეხება პირობების გაუმჯობესებას, ვერ დაგეთანხმებით, ახლა რომ ავიღოთ, თბილისის „დინამოს“ გარდა, სხვა გუნდებში თითქმის ერთნაირი სიტუაციაა. ასე ჩვენი ჩემპიონატი ვერ გაიზრდება. 7-8 გუნდი თუ არ იქნა ერთ დონეზე, პროგრესს ვერ მივაღწევთ. ეს უბრალოდ თავის მოტყუილებაა. შეიძლება, არც ტყუიან, უბრალოდ, მეტი გამოსავალი არ აქვთ…

– მალე 38-ს გახდებით, ალბათ, მწვრთნელობაზეც გიფიქრიათ…
– არასდროს არ მიფიქრია მწვრთნელობაზე და იმისთვის „ვიკლავ“ თავს, რომ 3-4 წელი კიდევ გავაგრძელო წარმატებული თამაში, შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ, ღმერთის წყალობით, დავუმტკიცებ ყველას რომ კიდევ შემეძლება. კარიერის დასრულება ჯერ ფიქრადაც არ მაქვს და თუ თავს სისუსტეს შევატყობ, ძალიან გამიჭირდება უფეხბურთოდ გაძლება, მაგრამ ხვალვე წავალ.

– რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს?
– ვურჩევდი, რომ ბევრი იშრომონ და ნაკლები ილაპარაკონ. ივარჯიშონ და იბრძოლონ გამალებით. შეიძლება რაღაც ეტაპზე მიაღწიო ნიჭიერების გამო წარმატებას, მაგრამ წინ აუცილებლად დაგხვდება უვარჯიშებლობა და ნაკლები მომზადება.

– „ტორპედოზე“ გადავერთოთ, რა ადგილი უჭირავს თქვენთვის ამ კლუბს და რამდენად დაფასებულად გრძნობთ თავს აქ?
– ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს „ტორპედოს“, აქ მესამედ დავბრუნდი და ქუთაისი ჩემთვის ყველაფერია. სტადიონზე, როცა ვიწყებ გახურებას უკვე მიხარია. გულშემატკივრებიც გვერდში მიდგანან და ვგრძნობ, რომ თბილად არიან კონკრეტულად ჩემს მიმართ და მეც მინდა, რომ გამოვხატო საპასუხო სიყვარული „ტორპედოსთვის“ თავგანწირული თამაშით.

– კარიერის დასრულებას ქუთაისში ხომ არ აპირებთ?
– ძალით ვერავინ ვერ დარჩება გუნდში, ეგ მწვრთნელის გადასაწყვეტია და მისი თანხმობა თუ იქნება, კიდევ დიდხანს ვითამაშებ. მარტო ჩემი ნება, რომ ყოფილიყო არასდროს არ წავიდოდი ქუთაისიდან.

– ფაქტობრივად, შეკრება არ გაუვლია გუნდს და რთულია ამის შემდეგ მაღალ მიზნებზე საუბარი…
– ნამდვილად, კარგად იცით რაც ხდებოდა, სასადილო გახსნილი არ იყო და შეკრებაც ვერ გავიარეთ, ძალიან მძიმე სიტუაცია დაგვხვდა, მაგრამ ჩვენ ბიჭებმა ერთად შევიკარით და ვთქვით, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ დღეს ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და უნდა გავძლოთ. კვერცხს და ძეხვს ვჭამდით მთავარ მწვრთნელთან ერთად და ისე გადავიტანეთ ის დღეები. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ, მქონდა უმაღლესი ლიგის სხვა გუნდებიდან შემოთავაზებებიც, მაგრამ არ წავედი. მართალია, ვინც არ უნდა ყოფილიყო მწვრთნელად თუ ქუთაისში მომიწვევდნენ მაინც დავბრუნდებოდი, მაგრამ  რევაზ ძოძუაშვილმა დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში.

– „ტორპედოს“ რომელი რგოლია გამორჩეული? და თქვენს პარტნიორ ლატვიელს როგორ დაახასიათებთ?
– ვთვლი, რომ თანაბრად ვართ დაბალანსებულები და შეკრების გაუვლელობის გამო ნელ-ნელა თამაშებით შევდივართ ფორმაში. ამიტომ, ჩვენ კი არა „ბარსაც“ რომ ჩააგდო მსგავს სიტუაციაში, ასე უცებ ისიც ვერ ითამაშებს ხარისხიან ფეხბურთს. ლატვიელზე ვიტყოდი, რომ ცუდი შთაბეჭდილება არ მაქვს და კარგია, რომ მისი პლიუსი საჰაერო ორთაბრძოლებია.

– ბუნებრივია, პირველი გამარჯვება დადებით მუხტს შემოიტანდა კლუბში, მით უმეტეს, როცა ბევრისთვის მოულოდნელი იყო ეს…
– რა თქმა უნდა, „სიონის“ დამარცხებით ვიგრძნენით, რომ ჩვენც შეგვიძლია შედეგის მოტანა და ფსიქოლიგურად განგვამტკიცა ამ მოგებამ. კიდევ გამოჩნდება, რომ ჩვენთანაც არიან ძლიერი ფეხბურთელები: ელიავა, ტუღუში, კვასხვაძე, ჩიკვილაძე და სხვები…

– „ლელომ“ გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეგიყვანათ, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
– სიმართლე გითხრათ, მე იშვიათად ვკითხულობ გაზეთებს, მაგრამ მადლიერი ვარ მათი და დიდი სიამოვნებაა ასე მასშტაბურად რომ გამომარჩიეს. ეგ კი არა, ადამიანი ერთ თბილ სიტყვასაც რომ გეტყვის, ესეც საკმარისია, რომ მომდევნო თამაშები უფრო მეტი სტიმულით ჩაატარო.

– გორის „დილასთან“ საშინაო მარცხის შემდეგ(1:2) რამდენად რეალურია თასზე „ტორპედოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლა?
– გორთან ძალიან მძიმე თამაში გვქონდა, ვწუხვარ, რომ მეორე გოლი ჩემი შეცდომით გავუშვით, მაგრამ ასეც ხდება და საპასუხო თამაშში გამოსწორებას ვეცდები. ქუთაისში პირველი შეხვედრა იყო და ჩვენს მეტოქეზე გაცილებით უფრო შეუთამაშებლები და დაძაბულებიც ვიყავით. რა თქმა უნდა, შანსები გვაქვს და ფარ-ხმალს არანაირად არ დავყრით.

– შეაფასეთ უმაღლესში დარჩენისა და ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსები…
– ვფიქრობ, გამორიცხულია, რომ წელს უმაღლესიდან გავვარდეთ. საუკეთესო ექვსეულისთვის კი 9-ში, „დინამოს“ თუ მოვუგებთ დიდ ნაბიჯს გადავგდგამთ. სამწუხაროა, ჩვენ ისეთი ქულები დაგვხვდა, რომ ამ ეტაპზე ძალიან ძნელია, მაღალ ადგილებზე მოხვედრა.

– და ბოლოს, თბილისი „დინამოსთან“ მოახლოვებულ პაექრობაზეც გვითხარით, თავად ძალზედ კარგად იცით ამ თამაშის მნიშვნელობა…
– ვგრძნობთ ბიჭები, რომ „დინამო“ ჩვენი ყველაზე განსაკუთრებული მეტოქეა. ასევე, ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრები მრავლად მოვლენ ამ მატჩზე, რომელთა გასახარებლად ყველაფერს დავდებთ მოედანზე.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

FCTorpedo.Ge

გოგა პაპიაშვილი „ტორპედოს“ დაემშვიდობა

მოგეხსენებათ, გასული წლის ბოლოს, კომპანია „ვისოლმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაფინანსება შეწყვიტა. მოსვლის დღიდან, ნავთობკომპანიამ ჩვენი კლუბის ფეხზე დასაყენებლად, განსავითარებლად და მოწინავეთა რიგებში ადგილის დასამკვიდრებლად არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის პროექტი განახორციელა. დიდი ხნის პაუზის შემდეგ „ტორპედომ“ ევროსარბიელზე ზედიზედ ორჯერ ითამაშა და შიდა ასპარეზზე კი ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა. ამ ხნის განმავლობაში თავის გამოჩენის საშუალება მიეცა უამრავ ახალგაზრდას, რომელთა ნაწილი დღეს უკვე საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელები არიან.

„ტორპედოდან“ მფლობელის წასვლამ, ბუნებრივია, კლუბში თანამდებობრივი ცვლილებები გამოიწვია. სხვა პირებთან ერთად საკუთარი პოსტი უკვე დატოვა გოგა პაპიაშვილმაც. „ტორპედოს“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს კომენტარი მაშინ ვთხოვეთ, როცა იგი თავის ძველ კაბინეტს მისი პირადი ნივთებისგან ათავისუფლებდა…

გოგა პაპიაშვილი: „ვფიქრობ, ჩემგან რეკომენდირებული არ იქნება „ტორპედოში“ განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ საუბარი. მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ გადაბარების პროცესში ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე შევასრულებ და მაქსიმალურად შევეცდები, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს ყოველივე.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ქუთაისელ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. ჩვენ მართლაც წვიმასა და ქარში ერთად ვიდექით გუნდის საკეთილდღეოდ. მინდა იცოდეთ, რომ თუ რომელიმე ქართულ კლუბს ვგულშემატკივრობ, ჩემთვის პირველი ყოველთვის „ტორპედო“ იქნება. ძალიან მინდა, რომ 9 მარტს თბილისის „დინამოსთან“ თამაშზეც ჩამოვიდე და მხარი დაგიჭიროთ.

საერთოდ სენტიმენტალობა არ მახასიათებს, მაგრამ ძალიან მიჭირს ამ ყველაფრის დატოვება. აქაურობა ჩემი მეორე სახლი იყო. მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ „ტორპედოს“ და ზოგადად ქუთაისს”.

დიდ მადლობას ვუხდით ბატონ გოგას “ტორპედოსთვის” გაწეული შრომისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში.

FCTorpedo.GE