მსოფლიო თასი ახლოვდება და საქართველო მიზნებს უკვე იაპონიაში გასამართი 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ისახავს, რომელიც ბორჯღალოსნებისთვის ზედიზედ მე-5 ასპარეზობა იქნება.
პულში მესამე ადგილის დაკავებით ბორჯღალოსნები 2015 წლის მსოფლიო თასს არა მხოლოდ ყველაზე წარმატებულ ტურნირად აღიარებენ, არამედ მომდევნო მსოფლიოსვის შესარჩევ პროცესსაც აუვლიან გვერდს და 2019 წელს პირდაპირ იაპონიისკენ გაემართებიან.
ამ მიზნის მისაღწევად მილტონ ჰეიგის გუნდმა ჯგუფში მინიმუმ 2 მატჩი უნდა მოიგოს.
19 სექტემბერს, კინგსჰოლმზე გამართულ ჯგუფის გახსნით მატჩში ტონგას დამარცხება ქართველებისთვის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ევროპის ერთა თასის გამარჯვებულები ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.
„ინგლისში რომ ჩავალთ პირველ სამ კვირას გუილფორდის „სური სპორტს პარკში“ გავატარებთ. ნამდვილად გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ სხვებზე ადრე ჩავდივართ მასპინძელ ქვეყანაში. გვექნება 3 საკონტროლო მატჩი – ნიუკასლის ფალკონზთანკინგსტონ პარკზე, კანადასთან ეშერზე და იაპონიასთან გლოსტერში. ჩვენი წინა სატურნირო პროგრამა უკვე სტრუქტურიზებულია“- განაცხადა ახალზელანდიელმა ჰეიგმა.
იაპონიასთან უკანასკნელი საკონტროლო მატჩით კინგსჰოლმ სთედიუმზე ქართველებს ტონგას წინააღმდეგ მოსამზადებლად კარგი საშუალება ეძლევათ.
„იაპონიის პირველი თამაშიც კინგსჰოლმზე იმართება, ასე, რომ ტურნირის დაწყებამდე ასეთი პრაქტიკის გავლით ორივე მხარე კმაყოფილები ვართ. ეს მზადების სხვა ნაწილია, რომელსაც სწორედ ტურნირის დაწყებამდე გავივლით“- დაამატა ჰეიგმა.
მეორე დონის სარაგბო ქვეყნებისთვის წინა სატურნირო მოსამზადებელი პერიოდი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია.
„ჩვენი სამზადისი აბსოლუტურად ტურნირზე ორიენტირებულია. ამაზე 18 თვის წინ ვილაპარაკეთ ქრეიგ ვაითთან – უელსის, ბრიტანეთისა და ირლანდიის ‘ლომების’ ფიზიკური მომზადების ყოფილ მწვრთნელთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი მზადების პროცესი ტონგასთან შედარებით უფრო დატვირთულია, რადგანაც ევროპასთან ახლოს ვართ და მათთან შედარებით მეტ მატჩს ვთამაშობთ.“
„ასევე ვიყენებთ მსოფლიო დონის აღჭურვილობას და მივდივართ პოლონეთში ტურნირისთვის მოსამზადებელ კრიოთერაპიაზე. თუ სათანადოდ მოვემზადებით მაშინ შეგვიძლია საკუთარ თავს იმის შანსიც მივცეთ, რომ მსოფლიო თასს კარგად დავიწყებთ, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მიზანი, რომელიც უკვე ორი წელია დავისახეთ, იაპონიის მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე მოხვედრაა, რასაც მინიმუმ ორი თამაშის მოგება სჭირდება. სწორედ ეს არის, რისთვისაც ვმუშაობთ და რაზეც დღეიდან 19 სექტემბრამდე ვიქნებით ფოკუსირებულნი.“
36-დან 40-მდე მოთამაშე შეიკრიბება თავდაპირველი სატურნირო რაზმისთვის, რომელიც სამწვრთნელო ბაზაზე პირველი სამი კვირის მანძილზე გაივლის შეკრებას. „ტოპ 14“-ის რამდენიმე მოთამაშეს ამ ეტაპზე ტრავმები აქვს, ასე, რომ ჰეიგმა რამდენიმე ახალი მოთამაშე დაიმატა.
სასელექციო რაზმის ჩამოსაყალიბებლად, თბილისის თასის ტურნირმა ჰეიგს ბევრი მოთამაშის გადახედვის შესაძლებლობა მისცა.
„ტურნირმა ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვცა იმისათვის, რომ რამდენიმე მოთამაშეს კარგად დავკვირვებოდით და მსოფლიო თასის სამზადისში მოგვეაზრებინა. მზარდ ირლანდიასთან თამაში მართლაც გადამწყვეტი მატჩი იყო 3-4 ბიჭისთვის, იმის გადასაწყვეტად იქნებოდნენ თუ არა ისინი 39 კაციან საშეკრებო რაზმში.“ – განაცხადა ჰეიგმა.
ქართული რაგბი უნდა გაიზარდოს
ინგლისში ბორჯღალოსნების კარგი თამაში კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს უმცროსი ბორჯღალოსნების მიღწევებს 20-წლამდელთა ალაფის მოგების შემდეგ, რაც ბიჭებისთვის დამატებითი სტიმულია.
საქართველოს რაგბის კავშრის პრეზიდენტი, გიორგი ნიჟარაძე: „ჩვენ პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ საქართველოში რაგბი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, რასაც მსოფლიო თასზე კარგი ასპარეზობა განაპირობებს. თუ ჩვენ ამ ტურნირზე კარგად წარვდგებით, საქართველოში რაგბის მოთამაშეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამ წლების განმავლობაში უპრეცენდენტო ზრდა იყო: 2 300-დან 11 000 მორაგბემდე ავედით. რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ რაოდენობის კიდევ უფრო გასაზრდელად შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მეტი ცოდნა და განათლება გვჭირდება. ვფიქრობ, მსოფლიოზე თუ კარგად წარმოვადგენთ საკუთარ გუნდს სპონსორების რაოდენობა და მთავრობის მხარდაჭერაც გაიზრდება. ასე, რომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
„ვაპირებთ, რომ ორი თამაში მოვიგოთ, რაც ადვილი ნამდვილად არ იქნება. ტონგაც და ნამიბიაც ორივე ძლიერი გუნდებია, თუმცა მოგება შესაძლებელია. შემდეგ ვეთამაშებით არგენტინას – გუნდს, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიცნობთ და შემდეგ ახალი ზელანდიას. მატჩების გამართვა ასეთ ქვეყნებთან ჩვენთვის დიდი პრივილეგიაა, რადგანაც თამაშის შესაძლებლობა ისეთ გუნდებთან, როგორიც „ოლ ბლექსია“ ბევრ მოთამაშეს არ ეძლევა. ამ შანსით ნამდვილად ვამაყობთ და ბიჭები მაქსიმუმს გააკეთებენ მათთან საბრძოლველად. ჩვენი მიზნები საკმაოდ ნათელია, რის მისაღწევადაც ცდას არ დავიშურებთ.
„2019 წლის მსოფლიო თასისთვის ავტომატური გასვლა საშუალებას მოგვცემს ორიენტირი მხოლოდ ტურნირზე ავიღოთ და აღარ ვინერვიულოთ შერჩევის პროგრამაში თამაშების მოგებაზე. ეს მწვრთნელებისთვის და კავშირისთვის ნამდვილი სამოთხე იქნება. გაწერილ გეგმას დავსახავთ, რომლის განსახორციელებლადაც 4 წელი გვექნება, გუნდიც შესაბამისად მოემზადება და გპირდებით, რომ 2019 წელს საქართველო სარაგბო სამყაროს ნამდვილად გააოცებს. ჩვენ სრულიად სხვა გუნდი გვეყოლება, რომელიც ძალიან ბევრი ახალი მორაგბით სრულიად განსხვავებულ რაგბს ითამაშებს.“
Rugby.GE