გია გეგუჩაძე „ზესტაფონს“ უბრუნდება?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფეხბურთის სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს გია გეგუჩაძესთან, რომელიც მარგველებს 2008-დან 2011 წლამდე თავკაცობდა. ამ პერიოდში იმერული გუნდი საქართელოს ჩემპიონის ტიტულს შეწვდა.

როგორც მოგეხსენებათ, „ზესტაფონი“ საქართველოს თასის გათამაშებას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. გუნდს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დოსტანიჩი „ზესტაფონს“ მიმდინარე წლის ივლისიდან თავკაცობს.

ბექა დოგრაშვილი

მწვრთნელებმა „მერანი“ – „ზესტაფონი“ შეაფასეს

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურში მარტვილის „მერანმა“ „ზესტაფონს“ უმასპინძლა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გამართული მატჩი მარგველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეხვედრის ძირითადი მომენტები მეორე ტაიმში განვითარდა. ანგარიში 75-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა, რომელმაც მეტოქის მეკარესთან ერთი ერთზე გასვლისას გამოიყენა შანსი. 77-ე წუთზე „ზესტაფონის“ უპირატესობა საბა ლომიამ განამტკიცა, რომელიც წინა სეზონში სწორედ „მერანის“ რიგებში გამოდიოდა და საკმაო შედეგიანობითაც გამოირჩეოდა.

მატჩის შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. გუნდების მთავარი მწვრთნელების განცხადებები „ზესტაფონის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

რატკო დოსტანიჩი („ზესტაფონი“): “საკმაოდ რთული შეხვედრა იყო, ”მერანი” დაცვითი ტაქტიკით გვეთამაშა, თუმცა მეორე ტაიმში შევძელით გოლის გატანა და თამაშის სასურველი შედეგით დასრულება. ვულოცავ ბიჭებს, ”მერანს” კი წარმატებებს ვუსურვებ”.

კახა ჩხეტიანი („მერანი“): “პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, 5 მცველით გამოვედით მოედანზე და შევეცადეთ “ზესტაფონისთვის” თამაში ჩაგვეკეტა, გვქონდა გოლის გატანის კარგი შანსები, მაგრამ ვერ შევძელით. “არ გაიტან – გაგიტანენ”. მომდევნო მატჩი “გურიასთან” გვაქვს და შევეცდებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან”.

 

დოსტანიჩი: “გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა”

“გურიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, “ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა, რატკო დოსტანიჩმა განაცხადა, რომ გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. სერბი სპეციალისტის აზრით, იმერლებს მეშვიდე ტურის მატჩში აღებული სამი ქულა ფსიქოლოგიურად დიდ დახმარებას გაუწევს.

“უპირველესად, დიდი მადლობა ქომაგებს ბოლომდე მხარდაჭერისათვის – დღევანდელი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. მართალია, წინა მატჩებისაგან განსხვავებით, დღეს ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვება მაინც მოვახერხეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა და ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება. არ მიყვარს ფეხბურთელთა გამოყოფა, მთავარია, რომ გუნდმა მის წინაშე დასახული ამოცანა შეასრულა. ბოლომდე გახარჯვისათვის მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო… შემადგენლობაში ადგილს ჩვენი გუნდის ის ფეხბურთელი დაიმსახურებს, ვინც მზადების პროცესში მაქსიმალურად გაიხარჯება”, – ამბობს დოსტანიჩი.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური