ბრიტანულმა “ტელეგრაფმა” დაასახელა ოცი ფეხბურთელი, რომლებსაც გულშემატკივრები და ფეხბურთის სპეციალისტები იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე იმსახურებენ.
20. გიორგი ქინქლაძე
თუ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, ვისაც თავისი რეპუტაცია მხოლოდ ერთი გოლით აუმაღლებია, ასეთი ძალიან ტექნიკური გიორგი ქინქლაძეა. ქართველმა ფეხბურთელმა “საუთჰემპტონს” მართლაც შესანიშნავი გოლი გაუტანა. ქინქალაძემ “მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 122 შეხვედრაში მეტოქეთა კარის დალაშქვრა 22-ჯერ მოახერხა. ამის შემდეგ, მან “აიაქსის”, “დერბის”, “ანორთოსისისა” და ყაზანის “რუბინის” შემადგენლობაში ითამაშა.
19. კარლოს ვალდერამა
თუ ქინქლაძე თავისი ლამაზი გოლით გამოირჩეოდა, კარლოს ვალდერამა გამორჩეული თავისი ვარცხნილობით იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოლუბმიელი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, მან მხოლოდ ორ ევროპულ კლუბში – “მონპელიესა” და “რეალ ვალიადოლიდში” ითამაშა.
18. ნიკოლას ანელკა
ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერის განმავლობაში 12 კლუბში ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ძლიერ გუნდებში ხვდებოდა, გატანილი გოლების რაოდენობით ვერ გამოირჩეოდა.
17. ფლორან მალუდა
ამბობენ, რომ ფეხბურთელს კლასი არ ეკარგება, ხოლო სათამაშო ფორმა – კი. ამის კარგი მაგალითია ფლორან მალუდა, რომელიც “ჩელსის” 2007 წელს შეუერთდა და ლონდონური კლუბი 2013 წელს დატოვა.
16. დენილსონი
დენილსონმა 2002 წელს, ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მუნდიალი მოიგო. იქამდე კი, 1998 წელს ის “ბეტისმა” შეიძინა. მაშინ, ესპანურმა კლუბმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ბრაზილიელ ფლეიმეიქერში 21.5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გადაიხადა.
15. დავიდ ჟინოლა
თავის დროზე, ჟინოლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი საქმეები ცუდად განვითარდა. ფრანგ ფეხბურთელს მწვრთნელებთან პრობლემები ექმნებოდა, სწორედ ამიტომ, ის რომელიმე გუნდში სამ წელზე დიდხანს არ გაჩერებულა.
14. უეინ რუნი
მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში რუნი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიაჩნიათ, მას კარგი სტატისტიკა სულაც არ აქვს. ამიტომ, ის არ შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის დავაყენოთ.
13. ადრიანო
ალბათ, მას შეეძლო, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ყოფილიყო, მაგრამ მან თავისი ნიჭი გაანიავა. ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბებსა და სხვა გასართობ დაწესებულებებში დიდ დროს ატარებდა, ამიტომ მისი კარიერა ცუდად განვითარდა.
12. რობერტო ბაჯო
მიუხედავად იმისა, რომ ბაჯო გამორჩეული ფეხბურთელი იყო, მას დიდი რანგის მატჩების გამოტოვება ხშირად უწევდა. შეიძლება, ითქვას, “მილანის”, “ინტერისა” და “იუვენტუსის” ყოფილ მოთამაშეს ყველაზე პრესტიჟული ტიტულები არასოდეს მოუგია.
11. სტივენ ჯერარდი
სტივენ ჯერარდს, შეიძლება, ვუწოდოთ ძალიან კარგი, მაგრამ არა დიდი ფეხბურთელი. მართალია, “ლივერპულის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგა მოგებული აქვს, მისი შეცდომების გამო, ლივერპულელებმა ტიტულის მოგების შანსიც დაკარგეს.
10. ჯეკ უილშირი
გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, რამდენი მომენტი გახსოვთ ისეთი, სადაც გამოჩნდა, რომ ჯეკ უილშირი ძალიან დიდი ფეხბურთელია? მას კვლავაც ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად თვლიან, თუმცა, ალბათ, ჩვენ მასზე უკეთესებიც გვიხილავს.
9. სერხიო რამოსი
რამოსს გაუმართლა, რომ ესპანურ ფეხბურთში იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე დიდი როლი ნახევარდაცვის ხაზს აკისრია. 29 წლის მცველი წყობიდან ხშირად გამოდის, სწორედ ამიტომ მას კარიერაში ბევრი წითელი ბარათი დაუგროვდა.
8. უესლი სნეიდერი
წესით, ახლა, სნეიდერი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კლუბში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მისდამი დიდი ინტერესის მიუხედავად, ჰოლანდიელმა თურქულ “გალათასარაიში” თამაში არჩია.
7. ეზეკილ ლავესი
ლავესი ბევრს დარბის, ბევრს შრომობს, მაგრამ რეალურად, ის ძალიან კარგი ფეხბურთელი არ არის. მიმდინარე სეზონში, “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ჩატარებულ 31 შეხვედრაში მეტოქეთა კარის დალაშქვრა მხოლოდ ოთხჯერ მოახერხა.
6. დავიდ ლუისი
დავიდ ლუისი ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც აქვს ძლიერი დარტყმა. ხშირად, ჰგონიათ, რომ ის მცველი საერთოდ არ არის. 2014 წლის მუნდიალზე, მან არაერთი შეცდომა დაუშვა, რისი კარგი მაგალითიც გერმანიის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრაა.
5. ფაუსტინო ასპრილა
უდაოა, რომ ის ძალიან ნიჭიერი იყო, მაგრამ მას ძალიან ბევრი დაბრკოლება ექმნებოდა. კოლუმბიელი ფეხბურთელის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტი “ბარსელონას” კარში გატანილი სამი გოლი იყო.
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
არავინ უარყოფს, რომ ზლატანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ რეალურად, არის ის ისეთი კარგი მოთამაშე, როგორადაც მას თვლიან? აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგა არასოდეს მოუგია.
3. რადამელ ფალკაო
ფეხბურთელი, რომელშიც ყოველთვის დიდ თანხას იხდიან, მაგრამ კოლუმბიელი “მანჩესტერ იუნაიტედში” ძალიან ცუდად თამაშობს. მხოლოდ ორი გატანილი გოლი 22 მატჩში.
2. რობინიო
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელშიც დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა მასზე დაკისრებული ავანსები ვერ გაამართლა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “რეალის”, “მანჩესტერ სიტისა” და “მილანის” რიგებში ითამაშა, თუმცა ამ გუნდებში საუკეთესო სულაც არ ყოფილა.
1. მარიო ბალოტელი
ბალოტელი 24 წლისაა და მან უკვე მოასწრო “ინტერში”, “მანჩესტერ სიტიში”, “მილანსა” და “ლივერპულში” თამაში. ალბათ, იტალიელმა თავდმასხმელმა სახელი უფრო მოეტად იმით გაითქვა, რომ მოედნის მიღმა ძალიან აქტიურობს.