მერსესაიდული პოლიცია იტალიელი ფანების ძალადობის ინციდენტს იძიებს

მერსესაიდული პოლიცია “ენფილდის” ფარგლებს გარეთ მომხდარი სასტიკი შეტაკების დეტალებს იძიებს. შემთხვევა “ლივერპულსა” და “რომას” შორი გამართული თამაშის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე მოხდა.

როგორც ბრიტანული წყაროები გვამცნობენ, “ლივერპულის” ფანების სექტორში დაახლოებით 80 “რომას” ფანი შეიჭრა, რომელთაგან ზოგიერთი შეიარაღებულიც კი იყო. ფოტოკამერებმა ერთ-ერთი მათგანის ხელში ჩაქუჩიც კი დააფიქსირეს.

Sunday Times-ის კორესპონდენტი პრესასთან საუბრისას აცხადებს: “რომას” ფანები ვენმორის ქუჩიდან შემოიჭრნენ და გულშემატკივრების დარბევა დაიწყეს. მათი უმეტესობა ქამრებსა და სხვა საშუალებებს იყენებდნენ ზიანის მისაყენებლად, სანამ პოლიცია გამჩნდებოდა. ერთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ახლა უკვე საავადმყოფოშია.”

ფაციო: “ბრძოლაში ვრჩებით, რადგან ჩვენ მებრძოლები ვართ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. მარცხის შემდეგ “რომას” მცველმა, ფედერიკო ხულიან ფაციომ კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ ბრძოლაში ვრჩებით. ამ შეხვედრაში ორი გოლი გავუტანეთ მეტოქეს და პირველ ნახევარში ბევრი მომენტი შევქმენით. პოზიტიურად უნდა ვიყოთ! ჩვენ მებრძოლები ვართ და სხვანაირად არც შეგვეფერება! ჯერ არაფერი წაგვიგია. ეს დაპირისპირება ბოლომდე გაგრძელდება. ჩვენი ხალხისთვის ყველაფერს ვიზამთ, რათა მათ ქამბექი იხილონ,” – ამბობს 31 წლის სპორტსმენი.

 

ჰენდერსონის კომენტარი “რომასთან” გამარჯვების შემდეგ

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 5-2 გაანადგურა. ამ გამარჯვების შემდეგ, მერსესაიდელთა კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ორი გოლი გავუშვით. ვგრძნობით, მატჩს ვაკონტროლებდით. თუმცა, რა თქმა უნდა, კარგია, ამავე დროს, შეხვედრა რომ მოვიგეთ. იტალიაში სამბურთიანი უპირატესობით ჩავალთ. ბოლო ოცი წუთის მანძილზე ჩვენი ფეხბურთი არ გვითამაშია. მათმა გოლებმა მცირე ნერვიულობა გამოიწვია. თუმცა, თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ,” – ამბობს კაპიტანი.

“ლივერპული” – “რომა”: “ენფილდი” მორიგი ცეცხლოვანი ღამის მოლოდინში

“ენფილდი” რომაული ლეგიონის მისაღებად სრულ მზადყოფნას აცხადებს. დღეს, 24 აპრილს ორი უდიდესი ტრადიციის მქონე კლუბი ერთმანეთის ძალებს გამოცდის, სასწორზე კი ორივე მათგანის ოცნება – ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზური დევს.

დღეს ერთმანეთს ორი ძალიან ნიჭიერი და გამოცდილი სპეციალისტი დაუპირისპირდება. მეტწილად, სწორედ იურგენ კლოპისა და დი ფრანჩესკოს დუელი გადაწყვეტს ორმატჩიან შერკინებაში გამარჯვებულის ვინაობას.

გარდა ამისა, ეს მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება “მერსესაიდელთა” ეგვიპტელი მეფისათვის, რომელსაც ჩვენ მოჰამედ სალაჰის სახელით ვიცნობთ – შეგახსენებთ, რომ სწორედ “რომადან” გადავიდა ის “ლივერპულში” გასულ ზაფხულს.


ვინ რა თქვა?


იურგენ კლოპი, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი:

“მომ “რომაში” ფანტასტიკური დრო გაატარა, მაგრამ ის უკვე აანალიზებს, რომ ისინი მისი თანაგუნდელები აღარ არიან. ორივე კლუბს ძალიან კარგი შანსი აქვს ფინალში მოხვედრის. გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ სასურველი მიზნის მისაღწევად. ასეთი შანსი იშვიათად თუ გვეძლევა, ამიტომაც “რომა”, ისევე როგორც ჩვენ, ბოლომდე ვიბრძოლებთ.”

ეუსებიო დი ფრანჩესკო, “რომას” მთავარი მწვრთნელი:

“ენფილდი” განსაკუთრებული ადგილია. ინგლისური სტადიონები ყოველთვის გამოირჩევიან ატმოსფეროთი. იტალიაში ფანები ასეთ მხარდაჭერას იშვიათად იჩენენ, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს გულშემატკივრებზე. ჩვენი წარმატების გასაღები გუნდური თამაში უნდა იყოს. “ლივერპული” “ბარსელონასაგან” განსხვავდება, მაგრამ ჩვენ მაინც ის თამაში უნდა ვაჩვენოთ, რაც გვახასიათებს.”


ბუკმეიკერები ამბობენ


– “ლივერპულის” მოგება – 1.5
– ფრე – 4.75
– “რომას” მოგება – 7.00


ციფრები ამბობენ


– “რომა” ნახევარფინალებში პირველად არის 1984 წლის შემდეგ, მაშინ იტალიელთა გამოსვლა რომში, ხუთგზის ევროპის ჩემპიონ “ლივერპულთან” დამარცხებით დასრულდა.

– ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში “რომამ” 15 გოლი გაიტანა და 12 გაუშვა (+3), “ლივერპულმა” კი 33 გაიტანა და 7 გაუშვა (+26!).

– “ლივერპულსა” და “რომას” შორის გამართულ ბოლო სამ მატჩში გამარჯვება “რომაელებს” დარჩათ (სამივე შემთხვევაში პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა).

– ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო რვა მატჩიდან შვიდში, “ლივერპულმა” მინიმუმ ორი გოლის გატანა შეძლო.

– “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 14 მატჩში დაუმარცხებელია.


სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები


მანოლასი:”როგორ ვგეგმავთ სალაჰის შეჩერებას?”

“ბარსელონას” კარში გატანილი გადამწყვეტი გოლის ავტორმა, კოსტას მანოლასმა, პრესასთან “ლივერპულთან” გასამართი დაპირისპირების წინ რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.

“არ ვაპირებთ, სალაჰს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ და ის ვინმეს ჩავაბაროთ. გუნდური თამაშით ჩვენ მესისა და “ბარსელონას” დამარცხება შევძელით და სალაჰის წინააღმდეგაც იგივეს ვაპირებთ. რა თმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ.

ჩვენში გამარჯვებისადმი ლტოლვა და რწმენა დი ფრანჩესკომ გააღვივა, ჩვენ გვჯერა მისი და მოგვწონს ფეხბურთი, რომლესაც ის გვათამაშებს. ვფიქრობ, “რომამ” თამაშის სტილი არასოდეს არ უნდა შეიცვალოს.

დი ფრანჩესკო ძალიან გავს ევროპული ყადისი მწვრთნელებს, ის ყოველთვის პირველ ნომრად თამაშსა და მუდმივ პრესინგს გვთხოვს. მნიშვნელობა არ აქვს მოწინააღმდეგეს, ჩვენ ჩვენს თამაშს ვაჩვენებთ,” – აცხადებს მანოლასი.

მონჩი: “გვინდა “ლივერპულთან” ის გავიმეოროთ, რაც “ბარსელონას” გავუკეთეთ”

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები “რომას” სპორტულმა დირექტორმა, მონჩიმ შეაფასა, რომლის გუნდსაც ფინალის საგზურისთვის “ლივერპულთან” მოუწევს ბრძოლა.

“ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა 1984 წლის მარცხის წასაშლელად (წაგება ევროპის თასის ფინალში, პენალტების სერიაში)”-აცხადებს “სევილიას” ყოფილი პრეზიდენტი.

“ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იქნება, რომელმაც უკვე შეძლო ტურნირიდან “მანჩესტერ სიტის” გაგდება. მაგრამ ახლა ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობთ და გვინდა “ლივერპულთან” ის გავიმეოროთ, რაც “ბარსელონას” გავუკეთეთ.

“ბარსასთან” მოგებამ თვითდაჯერებულობა შეგვმატა, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. სალაჰის დაბრუნება? სალაჰის გარდა “ლივერპულში” ძალიან ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და ვალდებულნი ვართ, თითოეულ მათგანს სათანადო ყურადღებით ვეთამაშოთ,” -ამატებს მონჩი.

კლოპი: “მადლობა ღმერთს, “რეალი” და “ბაიერნი” რომ არა – ასე არ მიფიქრია”

მერსესაიდის “ლივერპულს” ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ორმატჩიან დუელში “რომას” დამარცხება მოუწევს. ნიონში გამართული წილისყრის შედეგები იურგენ კლოპმა პრესასთანაც ისაუბრა.

“ვიცოდი, რომ წილისყრაზე კომენტარის გაკეთება მომიწევდა და ვფიქრობდი, გამერკვია, თუ რას ვგრძნობ. ნამდვილად არ მიფიქრია – “მადლობა ღმერთს “ბაიერნი” და “რეალი” რომ არ მოგვხვდა. “რომა”!ვაშა!” და არც რაიმე მსგავსი.

ჩვენთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ეტაპზე ვთამაშობთ. გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ იქნებოდა ჩვენი მეტოქე, ვიტყოდი რომ შანსი გვაქვს, რადგანაც ეს ფეხბურთია – ასე რომ, “რომასთან” გასვლის შანსი გვაქვს

თუ ვინმე ფიქრობს, რომ “რომა” ყველაზე ადვილი მეტოქე იყო, ცდება – ამ გუნდმა მესის “ბარსელონა” დაამარცხა. მეორე მატჩში ეს გუნდი ბრწყინვალე იყო, შეეძლოთ, სულაც 5-0 მოეგოთ.

რომში არასოდეს ვყოფილვარ, ტურისტის ამპლუაშიც კი. იქ დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მოჰამედისთვისაც. ვნახოთ, რა მოხდება,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

მანოლასი: “არ მაინტერესებს, შევალ თუ არა ისტორიაში, მთავარი გამარჯვებაა”

კოსტას მანოლასმა, “ბარსელონას” კარში გატანილი გადამწყვეტი გოლის ავტორმა (3-0; 4-4 ორი მატჩის ჯამში), პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “რომას” თითოეულ ფეხბურთელს სჯეროდა, რომ გუნდი წარმატებას მიაღწევდა.

“არ მადარდებს შევალ თუ არა ისტორიაში. მთავარი ის არის, რომ “რომამ” მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, “ბარსელონა”, გამოაგდო და ახლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია.

პირველივე მატჩიდან გვჯეროდა, გვჯეროდა რომ გავიმარჯვებდით. მართალია, 4-1 წავაგეთ, მაგრამ მებრძოლი სული დავინახეთ, თითოეულ ჩვენგანს სწამდა წარმატების.

დიდი წნეხის ქვეშ ვიყავით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ თუ ფანები ზურგს გაგვიმაგრებენ, ვერავინ დაგვამარცხებს. ჩვენ მათი მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. გვინდა ნახევარფინალშიც ბევრი პრობლემა შევუქმნათ მეტოქეს,” – აცხადებს მანოლასი.

ირანულმა ტელეარხმა ცენზურის გამო “რომას” ლოგოს გარკვეული ნაწილი დაფარა (ფოტო)

ირანულმა ტელეარხმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის მიმდინარეობისას, რომელშიც ერთმანეთს კატალონიის “ბარსელონა” და “რომა” დაუპირისპირდნენ (1:4), საინტერესო შესწორება შეიტანა სტუმართა ემბლემაში.

როგორც იცით, “რომას” ლოგო ცნობილი ისტორიული მოვლენის სიმბოლიზებას ემსახურება – თუ როგორ ზრდის მგელი რომულუსსა და რემუსს (ქალაქ რომის დამაარსებლებს).

თუმცაღა ირანელმა ტელევიზიამ ეს სცენა მიუღებლად ჩათვალა და საჭიროდ მიიჩნია, ლოგოს გარკვეული ნაწილი დაეფარა.

ელ შაარავი “ბარსელონასთან” გასამართ მატჩზე: “დასაკარგი არაფერი გვაქვს”

“რომას” იტალიელმა შემტევმა, შტეფან ელ შაარავიმ “ბარსელონასთან”, “კამპ ნოუზე” გასამართ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “რომა” ყველაფერს გააკეთებს სასურველი შედეგის მისაღწევად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების ეგიდით ტარდება.

“ძალიან კარგად ვიცით, რომ “ბარსელონასთან” თამაში ურთულესი იქნება, თუმცა დასაკარგი არც არაფერი გვაქვს. მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ წინ რომში გასამართი შეხვედრა გველოდება.

რა თქმა უნდა, ცალკე განსახილველია მესის საკითხიც. მასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგანაც ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია, მატცის ბედი გადაწყვიტოს. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გავაკეთოთ და შეცდომათა რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ყველა ამბობს, რომ ფავორიტი “ბარსელონაა” და ასეც არის. ხალხი ჯგუფში ჩარჩენასაც გვიწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ახლა აქ ვართ. ასე რომ, ხალხის აზრს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ,” – აცხადებს “მონაკოსა” და “მილანის” ყოფილი ფეხბურთელი.

სებალოსს “ლივერპულსა” და “რომაში” ეპატიჟებიან

უცხოური გამოცემების ცნობების თანახმად, საკმაოდ დიდია შანსი, რომ დანი სებალოსმა “სანტიაგო ბერნაბეუ” მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს. მისი გადაბირების სურვილს “რომასა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

მართალია, 21 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ ზინედინ ზიდანი მასში პოტენციალს ვეღარ ხედავს.

ზიდანისგან განსხვავებით, კლოპი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და კოუტინიოს შემცვლელის როლს სთავაზობს. ამავდროულად, ამ ტრანსფერით კლოპი ემრე ჯანის ადგილის შევსებასაც აპირებს.

რაც შეეხება რომაულ გრანდს, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ “რომა” ოდითგანვე აღიარებდა “ბეტისის” ექს-ფეხბურთელებს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ “რომას” სპორტულ დირექტორს ესპანეთში სერიოზული კავშირები აქვს.

ედინ ჯეკო: “ჩელსის” ინტერესი რეალური და ძალიან სასიამოვნო იყო”

“რომას” ბოსნიელი თავდამსხმელი, ედინ ჯეკო ადასტურებს ცნობებს, რომლის მიხედვითაც, ლონდონის “ჩელსი” მისი ტრანსფერით იყო დაინტერესებული. როგორც იცით, ეს ტრანსფერი ჩაიშალა “ჩელსიმ” საბოლოო ჯამში ჯეკოს ნაცვლად ოლივიე ჟირუ დაიმატა.

“მართალია, რომ ჩვენს შორის გარკვეული სახის მოლაპარაკებები არსებობდა, თუმცა ეს ყველაფერია, რისი თქმაც შემიძლია. “ჩელსი” ის კლუბია, რომელიც ძალიან მომწონს და ბუნებრივია, მათი ინტერესი ჩემდამი ძალიან სასიამოვნო იყო.

ბოლო კვირების მანძილზე ძალიან ბევრს საუბრობდნენ “რომადან” ჩემს წასვლაზე, მაგრამ, როგორც ხედავთ, მე კვლავ აქ ვარ. რომი უკვე ჩემი სახლია და აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ.

ჩემი ორივე შვილი, უნა და დანი რომში დაიბადა და სწორედ აქ ვეზიარე მამობის სიამოვნებას. რომი უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და წასვლას არ ვგეგმავ,” – აცხადებს ჯეკო.