ძალიან დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელშიც „რუსთავმა“ 2 ქულის სხვაობით – 84:82 სძლია „დინამოს“ და მოედნის უპირატესობა მოიპოვა.
რეგულარული ჩემპიონატის მომგებ დინამოელებს პლეი ოფის ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა გააჩნია, რაც რეგიონის გუნდებთან დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი პლუსია. სწორედ ეს კოზირი დაკარგა „დინამომ“ „რუსთავთან“ და თუკი მიხეილ ბერუაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე ორივე მატჩს მოიგებს, ფინალში გავა.
სანამ ამ წყვილში ფინალისტი გამოვლინდებოდეს, სავარაუდოდ ბევრი საინტერესო მოხდება. ამის ვარაუდის საფუძველს სერიის პირველი მატჩი იძლება, რომლის ბოლო წუთებიც უაღრესად დაძაბული იყო.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველებმა შეხვედრა სამქულიანებით მოიგეს. ქვემოქართლურმა გუნდმა 18 სამქულიანი ჩააგდო, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდის გამეორებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდათ რუსთაველებს, რადგან ფარზე დინამოელები ბატონობდნენ, რომლებმაც საბოლოოდ ქვემოქართლელებზე 12-ით მეტი მოხსნა მიითვალეს.
რუსთაველთაგან 4-4 სამქულიანი ჩააგდეს ტერენს ოგლზბიმ, ლევან ცეკვავამ და მიხეილ ჭოჭუამ, 3 შორი სროლა ჰაიდენ ჰამსის ანგარიშზეა, ხოლო 2 – ქაქუცა აბაიშვილმა მიითვალა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე რუსთაველები 14 ქულით იგებდნენ, რასაც დინამოელებმა პრესინგით და სწრაფი შეტევებით უპასუხეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენა ბოლო წუთისთვის 2 ქულამდე შეამცირა და ბოლო შეტევისთვის 6 წამიც ჰქონდა, თუმცა ფარქვეშიდან გამთანაბრებელი ბურთი ილია ლონდარიძემ ააცილა და შეხვედრა რუსთაველთა ზეიმით დასრულდა.
რუსთაველთა შორის ბომბარდირი გახდა მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. 18 ქულა მიითვალა გოგა ცეკვავამ, 12 ტერენს ოგლზბიმ, ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. „დინამოს“ 26 ქულით და 16 მოხსნით საუკეთესო გარიკ შერმანი იყო, 17 ქულა ჰქონდა ილია ლონდარიძეს, ბესო ლეჟავას 14 ქულა, ხოლო ლაშა გამყრელიძემ მატჩი 11 ქულითა და 7 პასით დაასრულა.
სერიი მეორე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 14 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ მიშას და ,,რუსთავის’’ კოლექტივს გამარჯვებას. მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა, ჩვენ ვერ შევძელით პერიმეტრის გაკონტროლება, ფარი მოგებული გვაქვს, დაკარგვებიც ნაკრები გვაქვს… თუმცა ფაქტია, რომ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, 84 ქულა მივიღეთ, ასე თამაშის მოგება რთულია. ,,რუსთავმა’’ ძალიან კარგად ითამაშა, შეიძლება, ჩვენზე მეტიც იბრძოლეს, თუმცა ამ მხრივ ბოლოს ჩვენც გამოვასწორეთ. დისციპლინის პრობლემაც გვქონდა. შევეცდებით ხვალ დღევანდელი შეცდომები აღარ გავიმეოროთ და სათანადოდ მოვემზადოთ. სერია 3 მოგებამდეა, 0:1 ვაგებთ, ამიტომ შევეცდებით მოსაგებად ვითამაშოთ.
მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს გუნდს პირველი თამაშის მოგებას და მადლობას ვეტყვი ,,დინამოს’’. პლეი ოფებია და ბუნებრივია, დაძაბული თამაში იყო, ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. სერია 3 მოგებამდე გრძელდება, ამიტომ ერთი გამარჯვება არაფერს ნიშნავს. მაქსიმალურად ვიბრძოლებთ და დავიხარჯებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ.
გოგა ცეკვავა(,,რუსთავი’’): ვულოცავ ჩემს გუნდს. კარგად ვიყავით მომზადებულები, პერიმეტრიდანაც გამოგვივიდა სროლები და წარმატებას მივაღწიეთ. ,,დინამოს’’ მადლობა კარგი თამაშისთვის. შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ შემდეგ შეხვედრებშიც.