რატომ დაიწუნა ჯამპიერო ვენტურამ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი სებასტიან ჯოვინკო?

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯამპიერო ვენტურამ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა სებასტიან ჯოვინკო ლიხტენშტაინისა და გერმანიის ნაკრებებთან გასამართი მატჩებისათვის, მსგავსად ელ შაარავისა და მარიო ბალოტელისა.

“ჯოვინკოს შემთხვევაში საქმე სულ სხვა რამესთან გვაქვს (ელ შაარავისთან შედარებით). ყველაფერს ვაკეთებდი მის დასახმარებლად, მაგრამ ფაქტია, რომ ის ისეთ ჩემპიონატში თამაშობს, რომელსაც დიდი ძალა (მნიშვნელობა) არ გააჩნია.

ნაკლები მნიშვნელობა აქვს მის მიერ გატანილ გოლთა რაოდენობასაც, რადგანაც მისი დონის ფეხბურთელისათვის ასეთ ლიგაში მსგავსი შედეგის ჩვენება ნორმალურია.”

ცნობისთვი გეტყვით, რომ MLS-ის გასული წლის საუკეთესო მოთამაშემ წლევანდელ სეზონში 17 გოლსა და 15 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი 28 მატჩში. მისმა ჰეთ-ტრიკმა კი “ტორონტო” აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში გაიყვანა.

სება ჯოვინკო – სხვა კონტინენტზე გადასული „ჭიანჭველა“

ერთი კვირის წინ სებასტიან ჯოვინკოს კანადურ „ტორონტოში“ ტრანსფერი დადასტურდა. ხვალ, 26 იანვარს, სებას 28 წელი შეუსრულდება. ასაკიდანვე ჩანს, რომ სებასტიან ჯოვინკო აშშ-ში სათამაშოდ გადასასვლელად ჯერ ახალგაზრდაა. სხვა მხვრივ, იგი არც კაკა, არც ტიერი ანრი და არც დევიდ ბექჰემია – სებას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში სულ ათი მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო „იუვენტუსში“ მას, ძირითადად, სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.

„პარმადან“ მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ „ატომური ჭიანჭველა“ მოედანზე იშვიათად ჩნდებოდა, მასიმილიანო ალეგრის მოსვლის შემდეგ კი მისთვის სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. მიმდინარე სეზონში ჯოვინკომ სერია ა-ში სულ შვიდი მატჩი ჩაატარა, აქედან ძირითად შემადგენლობაში მან ორი შეხვედრა დაიწყო, თუმცა ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. ერთადერთხელ სებამ თავი იტალიის თასის მატჩში გამოიჩინა. თუ „პარმაში“ მეორე სეზონს არ ჩავთვლით, შედეგიანობით ჯოვინკო ვერც ადრე გამოირჩეოდა. სებასტიანი იმ ფეხბურთელის კლასიკური მაგალითია, რომელიც მშობლიურ კლუბში თავს ვერაფრით იმკვიდრებს. მაშინაც კი, როდესაც, თითქოს, მას უკვე ხშირად თამაში უნდა დაეწყო, კლუბის ხელმძღვანელობამ სებას პოზიციაზე ახალი მოთამაშეები მოიყვანა და მას ახალი გამოცდა მოუწყო. თანაც, „იუვეს“ სათამაშო სქემაში მისი პოზიციის მოთამაშე ვერც ხვდებოდა. პატარა და ტექნიკური სება ბევრ გუნდს გამოადგებოდა, რომელთა შორისაც „იუვენტუსი“ ნამდვილად არ არის. ძირითად შემადგენლობაში ვიდალის ან პირლოს შეცვლა სებასტიანს ვერ გამოუვიდოდა, ხოლო მეტოქის კართან ხიფათის შექმნაზე თუ ვისაუბრებთ, ამ კომპონენტში იგი ვერც კარლოს ტევესს სჯობნიდა.

Sebastian_Giovinco_(Formica_Atomica)_Juventus

მასიმილიანო ალეგრი „ატომურ ჭიანჭველას“ პირლოს ან ტევესის ნაცვლად ათამაშებდა. ხშირად ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელის გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებული საუბრები არავის უკვირს. ჯოვინკოს გვარს სხვადასხვა კლუბებს უკავშირებდნენ, იყო „ტორინოში“ გადასვლის ვარიანტიც, რათა მას მშობლიური ქალაქი არ დაეტოვებინა, თუმცა მისი ხილვა თავად „ხარების“ გულშემატკივრებმაც არ ისურვეს, მათთვის „იუვეს“ აღზრდილის საყვარელი გუნდის მაისურში ხილვა მიუღებელი აღმოჩნდა. იყვნენ ისეთ კლუბებიც, რომლებიც ჯოვინკოს კონტრაქტს სთავაზობდნენ, თუმცა შემდეგომ კლუბს სათანადო თანხას ვერ უხდიდნენ. „

„ტორონტო“ MLS-ის ყველაზე ცნობილი და მდიდარი კლუბი ნამდვილად არ არის, თუმცა მას გულშემატკივრები და ფინანსები საკმარისად გააჩნია. სხვათაშორის, კანადური კლუბის კაპიტანი მაიკლ ბრედლია, რომელსაც „კიევოში“ და „რომაში“ თამაშის გამოცდილება გააჩნია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ თავისი გამოცდილებით იგი ახალ თანაგუნდელს ადაპტაციაში ხელს შეუწყობს. ჯოვინკოს დახმარებით, „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში უფრო მაღლა აიწევს და წარმატებას მიაღწევს. მსგავსი რამ „ლოს-ანეჯეს გალაქსის“ ერთ-ერთ ლიდერ რობი კინს გამოუვიდა, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონატიც მოიგო. ჯოვინკო, ალბათ, მსგავს წარმატებას ვერ მიაღწევს, თუმცა მას წარმატებული სათამაშო მონაკვეთის ჩატარება ნამდვილად შეუძლია. სებას წარუმატებლობაში „იუვენტუსის“ დადანაშაულება არ შეუძლია – კლუბმა მას მეორე შანსი მისცა, რომლის გამოყენებაც მან, უბრალოდ, ვერ შეძლო.

როგორც ჩანს, სებამ უკკე თვითონაც აღიარა, რომ მისი კლასი ამბიციებს ვერ შეესაბამებოდა, ამიტომაც კონტინენტის შეცვლა ასე ადრე გადაწყვიტა. დიახ, ჯოვინკომ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მას ახალი ცხოვრების დაწყება შეუძლია. „ატომურ ჭიანჭველას“ MLS-ის ვარსკვლავად ჩამოყალიბების შანსიც უჩნდება. იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ვერ იპოვით კლუბს, რომელიც ჯოვინკოს, ხელფასის სახით, ხუთ მილიონ ევროს გადაუხდიდა. ტურინში მის თამაშს 2,2 მილიონ ევროდ აფასებდნენ. ასე რომ, სებასტიანის გადაწყვეტილების გაგება სავსებით შესაძლებელია. ახალ ქვეყანაში ჯოვინკო მუდმივი ყურადღების ცენტრში იქნება, მის სახელს გულშემატკივრები ადგილობრივ გამოცემებში ხშირად ნახავენ. „ტორონტოში“ თამაშის კიდევ ერთი დადებით მხარე ქალაქი უნდა იყოს, რომელშიც სება თავისუფალ დროს საინტერესოდ უნდა ატარებდეს.

ვინ იცის, იქნებ, კომპიუტერთან მჯდომმა ანტონიო კონტემ ერთ დღესაც „ტორონტოს“ თამაშის ყურება გადაწყვიტოს და თავისი ყოფილი ფეხბურთელის გამოსვლა ნახოს. რა თქმა უნდა, ამის საშუალება მას ადრეც ჰქონდა, თუმცა მაშინ იგი გუნდთან ერთად მუსაობდა და მთლიან დროს ჯოვინკოს ყოველთვის ვერ უთმობდა, თანაც მოედანზე იგი მუდმივად სათადარიგოთა სკამიდან ჩნდებოდა, ამიტომაც სრულყოფილად მისი გამოსვლის შეფასება არც თუ ისე ადვილი იქნებოდა.

ახალ გუნდში ჯოვინკოს გაცილებით მეტი მოვალეობა ექნება. ასე რომ, ვარსკვლავობა მას გარანტირებული სულაც არ აქვს. გამორიცხული არაა, „ატომურმა ჭიანჭველამ“ ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ გაუძლოს და ლიდერის როლი ვერ შეასრულოს. ასეა თუ ისე, ყველაფერს მალე გავიგებთ, თანაც, სებას „იუვენტუსიდან“ ლამაზად და დასამახსოვრებლად წასვლის შანსი ჯერ არ დაუკარგავს – „ტორონტოს“ იგი მხოლოდ მიმდინარე ევროპული სეზონის დამთავრების შემდეგ შეუერთდება.

ოფიციალურად: ჯოვინკო “ტორონტოს” ფეხბურთელია

“იუვენტუსის” და იტალიის ნაკრების ფორვარდმა სებასტიან ჯოვინკომ კონტრაქტი “ტორონტოსთან” გააფორმა. 27 წლის ფეხბურთელი მლს-ის ბინადარ კანადურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

“მიხარია, რომ კონტრაქტი სწორედ “ტორონტოსთან” გავაფორმე. ახალ კლუბში ჩასვლის დღეს მოუთმენლად ველი. მანამდე კი “იუვენტუსისთვის” მაქსიმალურად დავიხარჯები და მთელი გულით ვითამაშებ” – განაცხადა ჯოვინკომ.

“ტორონტო” ტრანსფერის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა კანადელი ჟურნალისტები წერენ, რომ ჯოვინკომ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონ დოლარს მიიღებს.

 

ჯოვინკო, შესაძლოა, სერია B-ში გადაბარგდეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო ნაკლები სათამაშო დროის გამო კლუბიდან წასვლაზე ფიქრს აგრძელებს.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, სება „ბოლონიას“ რიგებში გადაბარგდება, რომელიც ამჟამად სერია B-ს მესამე ადგილზე იმყოფება.

მეტიც, „ბოლონიამ“ „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას უკვე ამ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებთაც კი მიმართა.

აქამდე ჯოვინკოსადმი სხვა კლუბების მხრიდან ინტერესის შესახებაც იწერებოდა, რომელთა შორისაც „ატალანტა“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“ იყვნენ.

აგენტი: „ჯოვინკო „იუვენტუსში“ თავისი როლით უკმაყოფილოა“

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის სებასტიან ჯოვინკოს აგენტმა გუნდში თავისი კლიენტის სიტუაციაზე ისაუბრა.

„როდესაც სებასტიანი სასტარტო შემადგენლობაში გამოდიოდა, იგი ჩინებულად თამაშობდა, ისევე, როგორც ნაკრებში. თუმცა, სამწუხაროდ, იგი „იუვენტუსის“ სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდა.

რისი თქმა შეიძლება მოთამაშეზე, რომელსაც გამოცდილება, ტექნიკა და კლასი არ აკლია?

ბოლო სიტყვა ალეგრის ეკუთვნის. ეს ნორმალურია, რომ ჯოვინკოს დონის ფეხბურთელს მეტი პრეტენზია აქვს. იგი „იუვენტუსში“ თავისი როლით უკმაყოფილოა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი კონტრაქტი ზაფხულში იწურება და უკვე იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკება შეგვეძლება“, – განაცხადა აგენტმა.

კონტე: „ჯოვინკო იტალიის ნაკრებს გამოადგება“

მიუხედავად იმისა, რომ სებასტიან ჯოვინკო თავის საუკეთესო სეზონს ნამდვილად არ ატარებს, ტურინის „იუვენტუსის“ თავკაცს ანტონიო კონტეს სურს, რომ იგი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიძახონ.

„ჯოვინკო ბოლო მატჩებში კარგად გამოიყურება და ნელ-ნელა ჩვეულ ფორმას უბრუნდება. სებასტიანს ეპიზოდების ლოგიკურად დასრულება მარტოც შეუძლია.

იმედია, სეზონის დარჩენი შეხვედრებს იგი ასევე კარგად ჩაატარებს და ნაკრებში მოხვედრის შანსებს გაიზრდის.

ჩემი აზრით, სება „სკუადრა აძურას“ ძალიან გამოადგება“, – განაცხადა კონტემ.

ცნობისთვის, სერია ა-ს მიმდინარე სეზონის 16 მატჩში „ატომურმა ჭიანჭველამ“ მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჯოვინკო: “იუვენტუსმა” “მილანთან” მოგება დაიმსახურა”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, სებასტიან ჯოვინკო აცხადებს, რომ “ბიანკონერი” “მილანთან” გამარჯვებას იმსახურებდა.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მეშვიდე ტურში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ჯოვინკო მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა და ზუსტად ორ წუთში გოლის გატანაც მოახერხა.

“კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით, თუმცა მათი გამოსწორება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ “მილანმა” გოლი მატჩის დასაწყისში გაგვიტანა, თამაშის მიმდინარეობისას, კონცენტრაცია მოვიკრიბეთ. ცხადია, მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ.

რაც შეეხება გოლს, ყველა გოლი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ასეთ მატჩებში”, – ამბობს ჯოვინკო.