კატალონიის “ესპანიოლის” მესვეურებმა მთავარი მწვრთნელი, კიკე სანჩეს ფლორესი და სპორტული დირექტორი, ხორდი ლარდინი დაითხოვა.
ესპანელი მწვრთნელი კლუბს 2016 წლის ივნისში ჩაუდგა სათავეში. ამ სეზონში 53 წლის სპეციალისტის გუნდი საშინლად გამოიყურებოდა. ბოლოს “ესპანიოლმა” ლა ლიგაში 11 თებერვალს მოიგო. კატალონიელებმა ბასკურ “რეალ სოსიედადს” სძლიეს. კიკე სანჩეს ფლორესმა ბოლო ხუთ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. ამჟამად, “ესპანიოლი” 36 ქულით მე-16 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონასთან ორი ქულა აშორებს.
ცნობილია, რომ სეზონის დასრულებამდე მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ახალგაზრდული გუნდის უკვე ყოფილი დამრიგებელი, დავიდ გაიეგო შეასრულებს.