ლევან ყიფიანმა “ლოკომოტივ გრუზიას“ მენეჯერს და მწვრთნელს სავარჯიშო ფორმები გადასცა

26 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამინისტროში უკრაინის დედაქალაქ კიევში მოქმედ საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივ გრუზიას” მენეჯერს და მწვრთნელს შეხვდნენ.

„ლოკომოტივ გრუზია” უკრაინულ-ქართული კლუბია. ის ორი წელია, რაც კიევში ფუნქციონირებს.ზურაბ ხუბაევი გუნდის მენეჯერი და მწვრთნელია, ბესიკ ნოზაძე კი მწვრთნელი. მინისტრმა სწორედ მათ უმასპინძლა.

იანვრის მიწურულს „ლოკომოტივ გრუზიამ” კიევში, ოლეგ მაკაროვის ტრადიციულ მემორიალზე იასპარეზა, ეს მოვლენა კი ქართული პრესითაც გაშუქდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იმთავითვე დაინტერესდა გუნდით, კლუბში არსებული სიტუაციით და  შეხვედრაც სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა.

ლევან ყიფიანმა „ლოკომოტივ გრუზიას” მესვეურებს კლუბისთვის სპორტული და სავარჯიშო ფორმა გადასცა, რის შემდეგაც ლევან ყიფიანი და სტუმრები ჟურნალისტებს შეხვდნენ.

დღესდღეობით „ლოკომოტივ გრუზიაში” 12 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, სამი მათგანი – გიორგი ქობულაძე, თორნიკე გაფრინდაშვილი და ლევან კოშაძე კი წლების წინ საქართველო 17 და 19-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდნენ.

msy.gov.ge

ლევან ყიფიანი სფფ-ს განცხადებას გამოეხმაურა

საქართველოს სპორტისა მინისტრმა ლევან ყიფინმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ერთ-ერთი ტელევიზიის მეშვეობით პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის შტაბი უწოდა, რასაც ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცველლად გთავაზობთ:

გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ლევან ყიფიანი პირად პოზიციას, რომელიც მან შაბათს, 13 დეკემბერს, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემაში “სუბიექტური აზრი” გამოხატა. 

ბატონმა ლევან ყიფიანმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ მომავალ წელს ფედერაციაში არჩევნებია და მას ჯანსაღი ძალების გამარჯვების იმედი აქვს, ხოლო გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის შეკითხვაზე, ჯანსაღია თუ არაჯანსაღი ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობა, ბატონმა მინისტრმა ბრძანა:”ეს არის, მე ვიტყოდი, “ნაციონალური მოძრაობს” შტაბ-ბინა”.

აღსანიშნვია, რომ მანამდე ბატონი ლევანი იმის შესახებ საუბრობდა, როგორი მიდგომა აქვს სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ფედერაციებისადმი, ხაზს უსვამდა რა, რომ სამინისტრო არ ერევა მათ შიდა საქმიანობაში და არ არჩევს ან აფასებს მათ პოლიტიკური ნიშნით, რასაც მის მიერ მოგვიანებით გამოხატული პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება. 

სფფ მიიჩნევს, რომ მინისტრის მიერ მსგავსი პოზიციის გამოხატვა არაკორექტულია და ხელს არ უწყობს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მით უმეტეს, რომ ბატონი მინისტრის მხრიდან ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის პოლიტიკური შინაარსის განცხადებას აკეთებს სფფ-ს მისამართით.

ფეხბურთის ფედერაცია უფლებამოსილია განაცხადოს, რომ როგორც ფედერაციის ხელმძღვანელ რგოლებაში, ასევე სხვა სამსახურებრივ საფეხურებზე მუშაობენ კეთილსინდისიერი, პროფესიონალი თანამშრომლები, სპეციალისტები, რომელთა შერჩევა არც მომხდარა და არც მოხდება პოლიტიკური ნიშნით. აქედან გამომდინარე, გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს ბატონი მინისტრის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი განცხადების გამო და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით ვითანამშრომლოთ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან, პირადად ბატონ მინისტრთან. ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე განცხადებები ფეხბურთის ფედერაციის მისამართით აღარ განმეორდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

აღნიშნულ განცხადებას ლევან ყიფიანმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში უპასუხა და განაცხადა, რომ მას თავისი მიდგომა არ შეუცვლია. მისი აზრით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი წინა მთავრობის მიერ იყო დანიშნული. თუმცა, ამავდროულად ყიფიანმა ისიც აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყველა ფედერაციასთან ძველებურად გააგრძელებს თანამშრომლობას.

სპორტის სამინისტრო ბოლო დროს მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ბოლო დროს ქართული კლუბების მონაწილეობით მომხდარ ინციდენტებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რასაც უცვლელი სახით გთავაზობთ:

“საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და გმობს ბოლო დროს საქართველოს სპორტული კლუბების მონაწილეობით საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე, განსაკუთრებით საფეხბურთო სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებში გახშირებულ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებსა და სხვა ინციდენტებს.

ხსენებულ სპორტულ ღონისძიებებზე დაფიქსირებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, საზოგადოების მიმართ გამოხატული უპატივცემულობა, წვრილმანი ხულიგნობა არის ადამიანთა ვიწრო ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო თითოეული დამნაშავე პირის მიმართ უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ფაქტები ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ სპორტულ პრინციპებს, სპორტულ ეთიკასა და ევროპის გულშემატკივართა ქარტიას.

საქართველოში გულშემატკივრობის დიდი ტრადიციებია, რომელთაც აგრესიასა და ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს. ხსენებული ინციდენტები საფრთხეს უქმნის არამარტო გულშემატკივრობის ჩვენ ტრადიციებს, არამედ სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა უსაფრთოხებასა და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს სპორტულ ფედერაციებსა და კლუბებს, რომელთაც ამ დროისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სპორტულ შეჯიბრებებზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ხსენებული ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანია ფედერაციებმა და კლუბებმა გულშემატკივრებთან და სპორტსმენებთან უზრუნველყონ შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა.

თავის მხრივ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, უწყების კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული სპორტულ შეჯიბრებებზე, განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებზე მაყურებელთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის ევროპის კონვენციის მიერ განსაზღვრული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაში. ასევე, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს და უეფა-ს შესაბამის უწყებებთან, რათა ხელი შევუწყოთ სპორტულ შეჯიბრებებზე გამოვლენილ პრობლემებზე მყისიერ რეაგირებას. ამასთან ერთად, ხსენებულ უწყებებთან სამინისტროს თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივართა უსაფრთხოების უზრუნველყოფას”.

 

ზვიად სიჭინავა: “კომისიამ 33 გუნდის აზრი არ გაითვალისწინა”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ალექსანდრე ჩივაძესთან ერთად ფედერაციის ოფისში პრესკონფერნეცია გამართა, სადაც აღნიშნული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

 

 

 

ზვიად სიჭინავა: სპორტის სამინისტრომ პრემიერს წარუდგინა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა. პროგრამა 180 მილიონზეა გათვლილი.

სპორტის სამინისტროს პროექტში უზარმაზარ თანხებზეა ლაპარაკი, რომელიც არა მგონია ფინანსთა სამინისტროსთან იყოს შეთანხმებული და პრემიერიც გაოცებული დარჩა. ფაქტიურად, ეს სფფ-ის მიერ შემუშავებული პროექტია, მხოლოდ, ციფრებია შეცვლილი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კომისია და სამინისტრო კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ფედერაციის აღმასკომი. გამოდის, რომ სამინისტრო PFL-ის ფუნქციებს ითავსებს. შეგვიძლია ხელშეკრულებაც გავუფორმოთ და მათ ჩაატარონ ჩემპიონატი…

განხილვის შემდეგ დაიწყო დისკუსია, რომელიც კამათში გადაიზარდა, სადაც პრემიერმა კონკრეტული კითხვა დასვა თუ რამდენ გუნდზეა პროგრამა გათვლილი. ფედერაციის სურვილი 16-გუნდიან უმაღლესს და 20-გუნდიან პირველ ლიგას გულისხმობს. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში ავღმოჩნდი. მეორე მხრიდან იყო ოთხი წარმომადგენელი, რომლებმაც საწინააღმდეგო აზრი გამოთქვეს. 

პრობლემა ის არის, რომ გუნდების უმრავლესობა 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოლოდინში არიან. საკითხავია თუ რატომ თავიდანვე არ შეჩერდა ეს იდეა და რატომ მიეცათ ამ კლუბებს გარკვეული იმედები. 

შეხვედრები კიდევ გვექნება. თბილისში ვრჩები და მზად ვარ ყველა კლუბს შევხვდე. ბატონმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ მზად არის ყველა იმ კლუბის წარმომადგენელს გასცეს პასუხის, რომლებიც 16-გუნდიანი ჩემპიონატის მოლოდინში იყვნენ და არგუმენტირებულად უთხრას, თუ რატომ სჯობს 12-გუნდიანი. 

მე ვფიქრობ, რომ ეს თავიდანვე უნდა დაფიქსირებულიყო და საქმე აქამდე არ უნდა მიგვეყვანა. ვფიქორბ, რომ კვირის ბოლოს აღმასკომს საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. 

ბატონმა კოკაიამ განაცხადა, რომ 16-გუნდიანის შემთხვევაში ის დაფინანსებას შეწყვეტდა. რომან ფიფიამ სტადიონების ცუდ ხარისხს გაუსვა ხაზი. 

ფაქტობრივად, კომისიამ 33 გუნდის აზრი არ გაითვალისწინა და გამდამწყვეტი 2 გუნდის პოზიცია აღმოჩნდა. ბატონმა პრემიერმა თქვა, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ და პირველ ივლისს ელოდება საბოლოო პროექტს. 

აღსანიშნავია და ეს ბატონ პრემიერსაც ვუთხარი, რომ თუ რაიმე მიღწევა ჰქონდა ჩვენს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს ეს 16 ან 18 გუნდიანი ჩემპიონატის პირობებში ხდებოდა. 

12-გუნდიანში ფეხბურთელთა რაოდენობა მცირდება. ჩვენი 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები სათამაშო პრაქტიკას მოკლებულები არიან. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება გუნდების რაოდენობის გაზრდა. 19-20 წლის ფეხბურთელს თუ სათამაშო ადგილი და ხელფასი არ აქვს ის უბრალოდ თავს დააანებებს ამ სპორტს.  

სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაზე საკმაოდ დიდი კამათი მოგვივიდა. კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი იმ კლუბებს ვინც 16-გუნდიანს უჭერდა მხარს. სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ჩემი ოპონენტების დარწმუნება. 

 

ალექსანდრე ჩივაძე: სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი წელს 12-გუნდიანი ჩემპიონატის ჩატარებას გულისხმობს, რომელიც მამავალ სეზონში 10-გუნდიანი გახდება და ოთხ წრედ ჩატარდება, რაც არსებულ ფორმატს ნამდვილად სჯობს. თუმცა, ამით ხარისხი ნამდვილად არ ამაღლდება. 

ჩვენთვის ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგ უცხოურ ლიგებში თამაში პრიორიტეტულია. ამ პირობებში საქართველოში საშუალო დონის მოთამაშეები გვრჩებიან ან ასაკოვანი მოთამაშეები ჩამოდიან, რომლებიც საერთო დონეს ვერ აამაღლებენ. ამიტომ 10 იქნება თუ 16 გუნდი, ეს ფაქტორი ჩემპიონატის დონეზე არ იმოქმედებს. გუნდები საერთო დონე საკმაოდ თანაბარია. 

 

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი 2014

4 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება.

თამაშების დაწყებამდე მოეწყო კულტურული ღონისძიებები – მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, სახალისო ვიქტორინები და გათამაშებები  მაყურებლებისთვის.

გახსნის დღეს ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული, საპატიო სტუმრები და ჩემპიონატის 5 000 -მდე გულშემატკივარი.

ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც რეგიონული გუნდები – სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის , იმერეთის და სხვა რეგიონებიდან , ისე აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდული გუნდები. სულ 16 ახალგაზრდული გუნდი.

საფეხბურთო ფესტივალი 8 ივნისამდე გაგრძელდება და საზეიმოდ რაბათის ციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით დასრულდება.

http://msy.gov.ge/

10383582_670496466350464_7886034621498791560_n

სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა

სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წარადგინა.

აღნიშნული პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 10-გუნდიანი უნდა იყოს. ჩემპიონატის მატჩები კი, 4 წრედ უნდა ჩატარდეს, რაც საერთო ჯამში 36 მატჩს გულისხმობს. პროექტის პირვლი ლიგის მხარდაჭერასაც გულისხმობს, რომელიც 16 გუნდიანი ინქება და ორ წრედ ჩატარდება.

პროექტის წელიწადში 30 მილონიან დაფინანსებას გულისხმობს. აქედან 17 მილონი ლარი უმაღლეს ლიგას, 7 მილიონი პირველ ლიგას, ხოლო დარჩენილი 6 მილიონი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ყოველი სეზონის დაწყებამდე თითოეულ გუნდს 500000 ლარი ჩაერიცხება, საქართველოს ჩემპიონი ბონუსის სახით მილიონ ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 700000 ლარს, ხოლო მე-3 ადგილოსანი – 500000 ლარს. თასის მფლობელი 200000 ლარით დაჯილდოვდება. ფინალისტი კი, 100000-ს მიიღებს. სუპერთასის მფლობელი 100000 ლარს მიიღებს, დამარცხებული გუნდი  – 50000-ს. მთლიანობაში საპრიზო ფონდის 9350000 ლარს შეადგენს.

პირველი ლიგის 16 გუნდიდან თითოეული სეზონის წინ 300000 ლარს მიიღებს. ლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდი დამატებით 300000 ლარით დასაჩუქრდება, ხოლო მეორეადგილოსანი 150000-ს. დანარჩენი გუნდები, გარდა პირველი ლიგიდან გავარდნილებისა თანხებს უმაღლესი ლიგის მსგავსად, სატურნირო ცხრილში დაკავებული პოზიციის მიხედვით მიიღებენ.

პროექტის მიხედვით დაფინანსდება მე-2 ლიგაც, რომელიც სამოყვარულო იქნება. მუნიციპალური ბიუჯეტიდან წელიწადში 60000-80000 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული პროექტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბმა რეგიონის მინიმუმ 3 სკოლაზე უნდა აიღოს მეთვალყურეობა და ჰყავდეს U-13, U-15 და U-17 გუნდები.

პროექტის ძალაში შესვლიდან 2 წლის თავზე, კლუბები ვალდებულები გახდებიან, რომ სახსრები კერძო სექტორიდან მოიძიონ. კომპანიებთან ამ საკითხზე სახელმწიფოც იმუშავებს. მე-5 წელს კი, როდესაც პროექტი დასრულდება, ყველა კლუბი კერძო საკუთრება უნდა გახდეს. თუმცა, სამინისტროში არც პროგრამის მეორედ გაშვებას გამორიცხავენ.

ერთი საინტერესო დეტალიც. 2012-2013 წლებში სახელმწიფომ ფეხბურთში 53,6 მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა, ასეთი ინვესტიციის ქართულ ფეხბურთს არაფერი ეტყობა…

კითხვები რომლებზეც პასუხი ყველას აინტერესებს

საინტერესო ფაქტია, ფეხბურთის ფედერაციაში მოახლოებული არჩევნების წინ, ქართულ რეალობაში სკანდალური მოვლენები საკმაოდ გახშირდა.

თუ გარიგებულ მატჩებზე სპეკულაციები ძველი და კარგად ნაცნობი მოვლენაა, სტადიონებზე შევარდნა და მატჩების ჩაშლა, თანაც სხვადასხვა მიზეზებით, საკმაოდ პოპულარულ ნოვაციად იქცა, რომელიც რიგ შემთხვევაში ძალიან კარგად არის ორგანიზებული და სპონტანურ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ გავს, რაც გარკვეულ ეჭვებსაც იწვევს.

ამასთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მნიშნველოვან გააქტიურებასა და უამრავ ახალ წამოწყებას ვხედავთ. თუნდაც, უეფასთან ერთად წამოწყებული ახალი პროექტი რად ღირს, რომელიც საფეხბურთო მენეჯერების ცოდნის გაღრმავებას გულისხმობს და ქართულ სპორტულ სივრცეში უპრეცენდენტოა. მაგრამ ის აქტუალურობას, სწორედ აღნიშნული მოვლენების ფონზე კარგავს.

ამ ვითარებაში გასარკვევად და ეროვნული ჩემპიონატის განვითარების სტრატეგიაზე (რომლის ხედვაც ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს განსხვავებული აქვთ) სასაუბროდ არაერთხელ ვცადეთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ, ბატონ ზვიად სიჭინავასთან და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ბატონ ლევან ყიფიანთან დაკავშირება და ინტერვიუს ჩაწერა. თუმცა, როგორც ირკვევა ქართულ ფეხბურთზე პასუხისმგებელ პირებს პრესასთან საჭირბოროტო საკითხებზე სასაუბროდ რამდენიმე კვირის მანძილზე თუნდაც ერთი საათის გამოყოფა გაუჭირდათ, რაც რბილად რომ ვთქვათ, რთული დასაჯერებელია… ან შესაძლოა უარესი, თუ მაინცდამაინც აღნიშნულ ორგანიზაციებთან დაახლოებული ჟურნალისტი უნდა იყო, რომ მათთან მისასვლელი კარები ყოველთვის ღია დაგხვდეს. 

კითხვები კი პასუხგაუცემელი რჩება და მრავალ ეჭვს ბადებს ქართული ფეხბურთის მოყვარულებში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები ჩვენთვის დაპირებულ დროს გამონახავენ და შესაძლებლობა მოგვეცემა მათი აზრი, ჩვენს ათასობით მომხმარებელს გავაცნოთ.

შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია

13 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა დებულება საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისიის შექმნის შესახებ.

სამთავრობო კომისია საქართველოში ფეხბურთის სამომავლო აღორძნებისთვის გამიზნული მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე  იმუშავებს.

კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, კომისიის თავმ­ჯდომარე;

კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების მინისტრი;

ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ლევან ყიფიანი – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი;

აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დომენტი სიჭინავა-საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

რევაზ არველაძე –საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენე­რალური მდივანი;

ალექსანდრე ჩივაძე –საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი, საქართველოს 21‑წლამდელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი;

მურთაზ ხურცილავა –  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი;

საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლები:

რომან ფიფია
ტარიელ ხეჩიკაშვილი
ილია კოკაია

კომისიის მუშაობაში, კომისიის თავმ­ჯდო­მარის გადაწყვეტილებით, შეიძ­ლება მოწვეულ იქნენ სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების  წარ­­­მო­­მად­გენ­ლე­ბი.

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

  • ფეხბურთის განვითარების 5‑წლიანი გეგმის შემუშავება;
  • კერძო ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობა საფეხბურთო კლუ­ბე­ბის დაფინანსების გაზ­რ­დის მიზნით;
  • ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ღონი­სძიე­ბე­ბის დაგეგმვა;
  • მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა;
  • კომპეტენციის ფარგლებში ღონისძიებების დაგეგმვა ფეხბურთის მოყ­ვა­რუ­ლთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
  • უეფას სუპერ თასი 2015‑ის მოსამზადებელი სამუშაოების კოორდი­ნა­­ცია;
  • 2017 წელს საქართველოში გასამართი უეფას 19‑წლამდელთა ევრო­პის ჩემ­პიონატის ფინალური ეტაპის გამართვის ხელშეწყობა და კოორ­დი­ნაცია;სამინისტროს პრესსამსახური

ლევან ყიფიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტებს შეხვდა

ძიუდოში თბილისის გრან-პრისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დასათვალიერებლად და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად საქართველოს 3 დღიანი სამუშაო და საკონსულტაციო ვიზიტით სტუმრობენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები – ლიზა ალანი და მარიან კლაუდიუ ჩიმიუ.

ძიუდოს ექსპერტები 16 იანვარს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – ლევან ყიფიანს სამინისტროში შეხვდნენ.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თამაზ თევზაძე და აკაკი ლოდია, ასევე სამინისტროს მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსი – ვლადიმერ ნუცუბიძე და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – მამუკა ყიზილაშვილი დაესწრნენ. 16 იანვარს ასევე დაგეგმილია შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, სადაც გრან პრის პირდაპირი ტრანსლირების საკითხები განიხილება.

ლიზა ალანი და მარიან კლაუდიო ჩიმიუ ასევე მოინახულებენ თბილისის სპორტის სასახლეს, ძიუდოს აკადემიას და იმ სასტუმროებს, სადაც გრან პრის მსვლელობის დროს სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები და საერთაშირისო დელეგაციის წარმომადგენლები იცხოვრებენ. ძიუდოში თბილისის  გრან პრი 21-23 მარტს ჩატარდება. გრან პრის სტატუსი თბილისს 2013 წლის მიწურულს მიენიჭა.

15 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრან პრის ორგანიზებაზე მემორანდუმს ხელი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა – მარიუს ვიზერმა, მინისტრმა – ლევან ყიფიანმა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა – დავით ქევხიშვილმა მოაწერეს.

 

msy.gov.ge

ინტერვიუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ – ლევან ყიფიანთან

2013 წელს აჯამებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი.

ლევან ყიფიანი: ჩვენ ყველამ ერთად საკმაოდ რთული წელიწადი მოვიტოვეთ უკან. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალი გუნდის მოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ბოლომდე უნდა მიგვეყვანა ის არსებული პროექტები და ღონისძიებები, რაც მიმდინარე რეჟიმში დაგვხვდა და ასევე ოპტიმალურად მოგვეხდინა სამინისტროს ახალი მენეჯმენტის ფორმირება, უმტკივნეულოდ გაგვეტარებინა სამინისტროში მომუშავე პროფესიონალი კადრების ინტეგრირების პროცესი ახალ თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან, რაც წარმატებით განხორციელდა.

რეორგანიზაციის პროცესისას ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებისათვის და სამუშაო პროცესის წარმართვისათვის ერთიანობა არ დარღვეულიყო და ამით სპორტის განვითარებაზე და ახალგაზრდულ პროგრამებზე ზრუნვა არ შეფერხებულიყო. მსურს ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო მათი მხრიდან გაწეული საქმიანობისათვის, ძალისხმევისა და პროფესიონალიზმისათვის.

– საინტერესოდ ჩატარდა არჩევნები სპორტულ ფედერაციებში, იყო ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობაც…

– ჩვენი გუნდის სამინისტროს ხელმძღვანელობაში მოსვლის დღიდან განვაცხადეთ, რომ სპორტული კუთხით ამოსავალი წერტილი პირველ რიგში იქნებოდა სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზირება და დეცენტრალიზაცია. ჩვენი პოლიტიკა სპორტში ამ მიმართულებით ვითარდება და ვფიქრობ მოხერხდა კიდეც სპორტული სამყაროს პოლიტიკური ზეწოლისაგან გათავისუფლება. არჩევნები ჩატარდა 30-მდე სპორტულ ფედერაციაში. საარჩევნო ყრილობებზე კანდიდატთა სიმრავლე და კონკურენტული გარემო აქამდე ნამდვილად უცხო იყო. რა თქმა უნდა, გვქონდა პრობლემებიც და საარჩევნო პერიპეტიებისას პიროვნული დაპირისპირებებიც მრავლად იყო, თუმცა სამინისტრომ იხელმძღვანელა ფედერაციის შიდა საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით და შემოიფარგლა რეკომენდაციებით.

– 2013 წლის სპორტული სეზონს მთლიანობაში როგორ შეაფასებთ?

– სპორტული შედეგებით ინდივიდუალურ სახეობებში უფრო მეტად ვართ განებივრებულები და ტრადიციულად 2013 წელს ძირითადი მედლები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების ხარჯზე მოვიპოვეთ. განსაკუთრებულად მსურს აღვნიშნო ძიუდოს ეროვნული გუნდის წარმატება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო გუნდურ სახეობებში ნაჩვენები შედეგიც – მორაგბეთა ეროვნული გუნდის მიღწევები, კალათბურთელთა მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, წყალბურთელთა ნაკრების მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ხელბურთის ეროვნული ნაკრების აღდგენა და საქართველოში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება, გამოვყოფ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების და ნაკრებების წარმატებას ევროპისა და ასევე საუნივერსიტეტო ჩემპიონატებზე. 2013 წლის მანძილზე ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებსა თუ საერთაშორისო ტურნირებზე ჯამში ქართველი სპორტსმენების მიერ 500-მდე მედალია მოპოვებული, რომელთა შორის 130-მდე ოქროს მედალია.

– სამინისტროს მთავარი პრიორიტეტებიდან განსაკუთრებით რა მიმართულებებს გამოარჩევთ?

– პირველ რიგში სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ამოსავალი წერტილია, თუმცა სამინისტროსთვის ყველა პრიორიტეტი უპირველესია და აქ რიგითობა მხოლოდდამხოლოდ ფორმალობაა. უმნიშვნელოვანესია მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობა, სპორტის მასობრიობა, საზოგადოების სპორტში ჩართულობა, სტუდენტური და ბავშვთა სპორტის განვითარება და ასე შემდეგ. სამინისტროს ასევე ძირითადი პრიორიტეტია სპორტული განათლება. ჩვენი ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია კანონმდებლობა და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება სპორტში. შექმნილია სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის სტატეგიის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. 2014 წლის ბოლოს ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი კანონი სპორტის შესახებ. სამინისტრო აქტიური იყო ახალგაზრდული კუთხით მუშაობისას. გამოიყო 12 პრიორიტეტული მიმართულება და განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი ჩვენი ახალგაზრდული დეპარტამენტის და დაქვემდებარებული უწყებების ორგანიზებით. მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა საერთაშორისო მიმართულებითაც, გვქონდა ოფიციალური ვიზიტები, შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, სხვადასხვა ქვეყნების ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, გაფორმდა მემორანდუმები სამინისტროებთან.

– სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლიდან შეძლებს სტუდენტების მიღებას?
.
– ჩვენი გუნდის სამინისტროში მოსვლისთანავე დავისახეთ მიზნად, რომ 2007 წელს გაუქმებული სპორტის აკადემიის ბაზაზე აღდგენილიყო ახლი უნივერსიტეტი. მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა და მიზანს მივაღწიეთ. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერმინისტრის ხელმოწერით, ოფიციალურად დაფუძნდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, უნივერსიტეტის სრულად ამოქმედება 2014 წლის სასწავლო სეზონისათვის იგეგმება.

– 2014 წლიდან საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული გამოწვევების წინაშე დადგება. როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი ამ კუთხით?

– 2014 წლიდან არაერთი საერთაშორისო ტურნირი გველის და ახალ-ახალი სპორტული გამოწვევების წინ ვდგავართ. აღსანიშნავია ძიუდოს თბილისის გრან პრი, მძლეოსნობაში, ფარიკაობასა და წყალბურთში გასამართი ევროპის გუნდური და ასაკობრივ ჩემპიონატები, ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრან-პრი და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატი, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირები და ასე შემდეგ.

2014 წელს გველის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიურ თამაშებში, სამათავრობო დელეგაცია კი სოჭში არ გაემგზავრება. ვთვლით, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს სპორტში, საქართველოს დროშა კი ყოველთვის ამაყად უნდა ფრიალებდეს ოლიმპიურ თამაშებზე. ასევე 2014 წლიდან ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ვიწყებთ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ეტაპს. შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომნელიც ზედამხედველობას გაუწევს მიმდინარე პროცესებს, ოლიმპიურ ციკლში ჩვენ გველის ნანჯინგის ზაფხულის ახალგაზრდული თამაშები, შემდგომ თბილისში ევროპის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი და ყველაზე მთავარი სპორტული ფორუმი – 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები.

მსხვილი პროექტებიდან გამოვყოფ – რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის, ოლიმპიური მოძრაობის განვითრების სახელმწიფო პროგრამებს, რაც გულისხმობს კლუბების გაძლიერებას, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომძლავრებას, მწვრთნელთა განათლებას და ასე შემდეგ. ვფიქრობ, აუცილებელია ფეხბურთის სტრუქტრის რეორგანიზება. აქტიურად ვთანაშრომლობთ უეფასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან. 2013 წლის მიწურულს მქონდა შეხვედრა უეფას პრეზიდენტ – მიშელ პლატინისთან, რომელმაც დაგვიდასტურა პატივიცსემა და მხარდაჭერა იმ პროექტების განხორციელებაში, რასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ვფიქრობ 2014 წლიდან რამდენიმე პროექტის დაწყება შესაძლებელი იქნება.

– რა მდგომარეობაა ახალი სტადიონების და დარბაზების, ზოგადად ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში?

– ამ მიმართულებით დაწყებულია კონკრეტული პროექტები. აშენდება ახალი საფეხბურთო სტადიონი წყალტუბოში დამხმარე სავარჯიშო მოედნით. 2017 წლის ხელბურთის მსოფლიო 19-წლამდელთა ჩემპიონატისათვის საქართველოს სხვადახვა ქალაქში აიგება 4 ახალი სპორტის სასახლე. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სპორტის სამინისტროს სპორტულ დარბაზებს, ახალ იერსახეს მიიღებს მიხეილ კეკელიძის სახელობის სპორტული არენა და ასევე დიდუბეში არსებული კალათბურთის სავარჯიშო ცენტრი.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის სპორტული ბაზების სარეკონსტრუქციო სამუშოები მიმდინარეობს. მერიასთან თანხმდება სპორტული ობიექტების გადანაწილების საკითხი, დაგეგმილია ახალი აუზის მშენებლობა, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის ზღვის ტერიტორაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, ახალი სპორტული ობიექტის და მძლეოსნობის სტადიონის მშენებლობაზე, თბილისის ზღვის ტერიტრიაზე ეწყობა ოლიმპიური სოფელი ფესტივალისათვის. ეს ყოველივე სამომავლოდ მოგვცემს წინაპირობას იმისთვის, რომ თბილისს დავუბრუნოთ ის სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გაიყიდა და გასხვისდა.

– როგორ გაგრძელდება მთავრობის თანადგომა სპორტის მიმართ?

– სპორტის დაფინანება თითქმის 100 პროცენტით სახელმწიფოს ხარჯზე მოდის. რა თქმა უნდა გაგრძელდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროექტები. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ თანხების მიზნობრივად მობილიზება როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისათვის, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კერძო ბიზნესს და მოვიზიდოთ მეტი დაფინანსება სპორტისათვის. მთავრობის დადგენილებით მინისტრთა კაბინეტის მხრიდან დამტკიცდა ჩვენს მიერ განახლებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველ სპორტსმენთა პრემირებას და წახალისებას, რაც გაზრდის მათ მოტივაციას მაღალი მიღწევების სპორტში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მართვით, გამართული, მიზანმიმართული მუშაობით და ერთიანობით, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ, როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდული მიმართულებებით. ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და მჯერა რომ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას.

სამინინისტროს პრესსამსახური

სახელმწიფომ სპორტსმენებს პრემიები გამოუყო

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N1978 განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყო 5297115 ლარი სპორტსმენთა პრემირებისთვის.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N1978 განკარგულების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყო 5297115 ლარი სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში 2013 წელს გამართულ (1 ნოემბრამდე) სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისებისა და ასევე,  სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში 2013 წელს გამართულ (1 ნოემბრამდე) სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.

ვინაიდან ზემოაღნიშნული განკარგულება ითვალისწინებდა მხოლოდ 2013 წლის 1 ნოემბრამდე გამართული შეჯიბრებების მიხედვით წახალისებას, მიმდინარე წლის ღონისძიებების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება, რომ 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ მიღწეული ანალოგიური შედეგებისთვისაც მოხდეს საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების, მწვრთნელების (მათ შორის პირადი მწვრთნელების), საექიმო პერსონალის (ასევე სათამაშო სახეობებში ადმინისტრაციული პერსონალის) წახალისება ზუსტად იგივე პრინციპების საფუძველზე, როგორც ეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N1978 განკარგულებაშია მითითებული.

2013 წლის 1 ნოემბრიდან ქართველმა სპორტსმენებმა მიაღწიეს წარმატებებს თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში (ორივე დისციპლინაში ევროპის თასზე გუნდურ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი), ტანვარჯიშში (ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე გუნდურ შეჯიბრებაში პირველი ადგილი), კრივსა (ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე პირად შეჯიბრებაში ერთი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლის მედალი, ორი ბრინჯაოს მედალი, მე-3 ადგილი პირად-გუნდურში) და სამბოში (მსოფლიოს პირად-გუნდურ ჩემპიონატზე პირად შეჯიბრებაზე ორი ოქროს მედალი, ერთი ვერცხლის მედალი, ორი ბრინჯაოს მედალი, მე-2 ადგილი გუნდურში და ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირად შეჯიბრებაში ერთი ბრინჯაოს მედალი). ასევე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა გამარჯვება ორ სარეიტინგო მატჩში კანადისა და სამოას ეროვნულ ნაკრებ გუნდებთან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც იგივე ოდენობის თანხები უნდა იქნეს გამოყოფილი წახალისებისთვის, რაც ანალოგიური შედეგებისთვის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის N1978 განკარგულებით არის გათვალისწინებული.

 

ყოველივე  ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადებულ იქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ”. პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უნდა გამოუყოს 680850 ლარი, მათ შორის 420240 ლარი – სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ სახეობებში (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, ტანვარჯიში (ბატუტზე ხტომა), კრივი) 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით; საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით 141610 ლარი – სპორტის ინდივიდუალურ არაოლიმპიურ სახეობებში (სამბო) 2013 წლის 1 ნოემბრის შემდეგ გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით; საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის წახალისების მიზნით 119000 ლარი – სპორტის ცალკეულ სათამაშო სახეობებში (რაგბი) 2013 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალის წახალისების მიზნით.

 

სამინისტროს პრესცენტრი

 

ლევან ყიფიანმა სპორტულ ფედერაციებს კვლევის შედეგები გააცნო

28 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მინისტრმა ფედერაციების წაარმომადგენლებს სამინისტროს დაკვეთით შესრულებული კვლევის შედეგები გააცნო. კვლევა საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევის ცენტრმა ჩაატარა.

კვლევის მიზანი იყო – „საზოგადოებრივი აზრის კვლევა სპორტთან მიმართებაში”. საქართველოს 10 რეგიონში შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა 1500-ი რესპონდენტი, კვლევა განისაზღვა 95% სანდოობით სტატისტიკური ცდომილების ± 2,5% ფარგლებში.

მეთოდოლოგია
საქართველოს სოციალური და მარკეტინგული კვლევების ცენტრმა ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში სპორტის სფეროში არსებული პრობლემებისა და განვითარების მიმართულებების შესწავლა. მოსახლეობის ინტერესების, მოთხოვნილებების, მოტივაციის, ჩვევების, საქმიანობის და თავისუფალი დროის განაწილების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2013 წლის 27 ივლისიდან 13 აგვისტოს ჩათვლით. კვლევა ჩატარდა საქართველოს 10 რეგიონში, როგორც სოფლად ასევე ქალაქად, გარდა კონფლიქტური ზონებისა. გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი მრავალსაფეხურიანი რეპრეზენტატული შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. შერჩევის სიდიდე განისაზღვრა მონაცემთა 95%-იანი სანდოობით სტატისტიკური ცდომილების ± 2,5% ფარგლებში.

შედეგი
კითხვაზე – „რა უნდა გაკეთდეს საქართველოში სპორტის განვითარებისათვის პირველ რიგში?” მოსახლეობის უმრავლესობა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, უპირატესობას (71%) სპორტული კლუბების შექმნას ანიჭებს. მოსახლეობის დიდი ნაწილი (70%-ზე მეტი) საერთოდ არ არის დაკავებული ფიზიკური აქტივობით, გამოიკვეთა ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორებიც. რესპონდენტთა უმრავლესობა სპორტში და სპორტულ აქტივობებში ჩაბმის ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად ინტერესის არქონას და დროის სიმცირეს ასახელებს.

კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს საქართველოში სპორტის განვითარებას? რესპონდენტთა დიდი ნაწილი (77,6%) აღნიშნავს, რომ სპორტის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი არასაკმარისი დაფინანსებაა. ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება სპორტული სკოლებისა და სექციების არასაკმარისი რაოდენობა – 55%. გამოკითხულთა 83% სპორტის უპირატეს მიმართულებად მასობრივ სპორტს ასახელებს. ამ შემთხვევაში სრულად ემთხვავე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის აზრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გაცხადებულ პრიორიტეტს.

მოსახლეობის დიდი ნაწილი (87,1%) სპორტის გამაჯანსაღებელ ფუნქციას ანიჭებს უპირატესობას. ქვეყანაში სპორტის სახეობებიდან ყველაზე განვითარებულად რაგბი ითვლება, რასაც გამოკითხულთა 67,4% აღნიშნავს. ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად ფეხბურთი რჩება – 64,6%.

კითხვაზე: “თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრის, სპორტის რომელ სახეობაში ისურვებდით ჩაბმას?” ყველაზე მეტი პროცენტი (23,2%) ფეხბურთმა მიიღო. კვლევაში აღინიშნა, რომ შშმ და სოციალურად დაუცველ ბავშვთა სპორტში ჩაბმა ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა (96,9%, 98,3%) აღნიშნავს.

კვლევის შედეგები მედიასთან მიმართებაში
რესპონდენტთა უდიდესი ნაწილი (91%) აღნიშნავს, რომ სპორტულ მოვლენებზე ინფორმაციის მიღების ყველაზე კარგი საშუალება ტელევიზიაა. მოსახლეობის უმრავლესობა (57,5%) თავისუფალ დროს ტელევიზორთან ატარებს და გამოკითხულთა თითქმის მესამედი (31.9%) ყოველდღე ადევნებს თვალს სპორტულ სიახლეებს.

MSY.GOV.GE