სუმოს მექად აღიარებულ ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში დღეს სტარტი აიღო აკი (სექტემბრის) ბაშოდ წოდებულმა წლის რიგით მე-5 სუპერტურნირმა სუმოში.
სასტარტო დღემ ყოველგვარი სენსაციებისა და მოულოდნელობის გარეშე ჩაიარა. თავისი ორთაბრძოლა ფაქტიურად უკლებლივ ყველა ფავორიტმა მოიგო. გამარჯვება იზეიმა სანიაკუს (პირობითი კატეგორია, რომელიც 4 უმაღლესი ტიტულის – იოკოძუნას, ოძეკის, სეკივაკესა და კომუსუბის მატარებელ სუმოისტებს აერთიანებს) ყველა ბინადარმა, გარდა კომუსუბებისა, რომელთაც თავიანთი ორთაბრძოლები იოკოძუნებთან დათმეს.
ჩვენთვის სამწუხაროდ, სასტარტო დღე უიღბლო გამოდგა აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირად განთესილი გაგამარუსთვის. ქართველი გოლიათი დასავლეთის მე-9 მაეგაშირა, კოტოიუკისთან დამარცხდა, ოშიდაშის ილეთით. 22 წლის იაპონელმა გაგა ჯუღელს თავიდანვე ძალიან მძლავრად შეუტია და რამდენიმე წამში გაიყვანა ტავარას (დოჰიოს ხაზი) მიღმა.
გაგამარუს შემდეგი მეტოქე იაპონელი მე-8 მაეგაშირა, იოშიკაძე იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებში ჩვენ სუმოისტს ჯერ-ჯერობით უარყოფითი ბალანსი აქვს. ჯუღელი ტანმორჩილ იაპონელს აქამდე 8-ჯერ შეხვედრია დოჰიოზე და მხოლოდ 3-ჯერ ყავს დამარცხებული. სხვთა შორის, იოშიკაძემ დღეს თავისი ორთაბრძოლა გამარჯვებით დაასრულა და ქართველ გოლიათს კარგ ხასიათზე ხვდება.
სექტემბრის ბაშო ტრადიციულად 15 დღეს გასტანს და 29 სექტემბერს დასრულდება.