ღონისძიებების კალენდარი 2013-2014

საკალათბურთო სუპერლიგამ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრის ღონისძიებების კალენდარი გამოაქვეყნა.

 

  1. საკანდელიძე – ქორქიას მემორიალი – 20-24/12/2013 (მონაწილეობა ნებაყოფლობითია)
  2. საქართველოს თასი – 17-18 /01/2014 8-9 ადგილზე მყოფი გუნდების საკვალიფიკაციო მატჩი (მონაწილეობა სავალდებულოა)
  3. საქართველოს თასი – 20-22 /01/2014 მეოთხედფინალი (მონაწილეობა სავალდებულოა)
  4. “ყველა ვარსკვლავის” მატჩი–აქცია – 25/01/2014 (მონაწილეობა სავალდებულოა)
  5. სუპერლიგის მეორე წრე – 1, 8, 15, 22 თებერვალი/2014
  6. საქართველოს თასი – 27 თებერვალი-1 მარტი/2014 ნახევარფინალი
  7. სუპერლიგის მეორე  წრე – 8, 15, 22 მარტი/2014
  8. საქართველოს თასი – 29/მარტი/2014 ფინალი
  9. სუპერლიგის მეორე წრე – 5, 12 აპრილი/2014
  10. სუპერლიგის პლეი ოფი მეოთხედფინალი 29-30 აპრილი-3-4?6?მაისი/2014
  11. სუპერლიგის პლეი ოფი ნახევარფინალი 9-10-13-14?17?მაისი/2014
  12. სუპერლიგის პლეი ოფი ფინალი 20-21-24-25?27?მაისი/2014
  13. სუპერთასი 31 მაისი/2014

 

შენიშვნა: სუპერლიგის მეორე წრეში რეგიონში თამაშები ტრადიციულად ტურის წინა დღეს გაიმართება

გუნდი, მოთამაშე, რომელიც არმიიღებს სავალდებულო ღონისძიებებში მონაწილეობას მოიხსნება სუპერლიგის ჩემპიონატიდან და დაეკისრება ფინანსური ჯარიმა

http://superleague.ge

“სოხუმის” დრამატული გამარჯვება

სუპერლიგის მეშვიდე ტურის მესამე შეხვედრაში, სპორტის სასახლის პარკეტზე “შსს-აკადემია” და “სოხუმი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

გაახალგაზრდავებული “აკადემია” მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, არჩილ ჟღენტმა გაიყვანა. მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. დიდი შესვენებაზე გუნდები ექვსქულიანი სხვაობით გავიდნენ. მესმე პერიოდში კი “შსს” უკვე 22 ქულით ამარცხებდა “სოხუმს”. სწორედ ამ დროს გამოიღვიძეს ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა. მეოთხე პერიოდი 33-9 მოიგეს და საბოლოოდ 10 ქულიანი სხვაობით გაიმაჯრვეს – 79-89. აღსანიშნავია “სოხუმელი” ჯოშუა ჯექსონის თამაში. ლეგიონერმა პარკეტზე 40 წუთი გაატარა, თავის გუნდს კი 29 ქულა შესძინა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.

მატჩის სტატისტიკური მონაცემები:

http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=751

მატჩის შემდეგ:

არჩილ ჟღენტი (შსს): პირველ რიგში მივულოცავ “სოხუმს” გამარჯვებას. ჩემს ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი. მოგეხსენებათ, ახალგაზრდული გუნდი ვართ და უკანასკნელ მეოთხედში ძალები აღარ გვეყო. ამით შესანიშნავად ისარგებლა მოწინააღმდეგე გუნდმა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): ვიცოდი, რომ საინტერესო თამაში გამოვიდოდა. ჩვენს ლიგაში სუსტი გუნდები არ არიან. მაგრამ, ლოგიკურად შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო და ეს ასეც მოხდა. რაც მთავარია, მაყურებელმა ისიამოვნა ამ შეხვედრით.

მერაბ ბოქოლიშვილი (შსს): ვულოცავ “სოხუმს”. ბოლოში “სოხუმელებს” გაუმართლათ, თუმცა ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ბოლოს, უაზრო ჯარიმები ავიღეთ, ცენტრის გარეშე დავრჩით და შესაბამისად ლოგიკური იყო ის, რომ საბოლოო დავმარცხდით.

ჯოშუა ჯექსონი (სოხუმი): მინდა შევაქო მოწინააღმდეგე გუნდი. ამ ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი მომავალი აქვთ თუ ბევრი იშრომეს. დღეს ძალიან კარგად იბრძოლეს. თუმცა, ჩვენ შევძელით შეხვედრაში გარდატეხის შეტანა, რაც ძალიან მახარებს.

ტურის უკანასკნელ შეხვედრაში, თბილისის “დინამომ” დიდი ანგარიშით დაამარცხა “ოლიმპი”. მრავალგზის ჩემპიონი აგრძელებს წაუგებელ სერიას.

მატჩის სტატისტიკა:

http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=752

“არმიამ” “ქუთაისს” აჯობა

თბილისის სპორტის სასახლეში “სუპერლიგის” მეშვიდე ტურის მატჩები გაიმართა.

სათამაშო დღის ცენტრალური შეხვედრში ერთმანეთს “არმია” და “ქუთაისი” დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ მძიმედ დაიწყო. პირველ ორ წუთში კალათში მხოლოდ ერთი ბურთი ჩავარდა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი კალათბურთელთა მოქმედებაში. პირველი მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოო ჯამში “არმიელთა” ორქულიანი უპირატესობით დასრულდა – 19-17.

მეორე მეოთხედში თამაშის სურათი არ შეცვლილა. “არმიელები” კი ცდილობდნენ უპირატესობის გაზრდას, თუმცა სტუმრები მათ ამის საშუალებას დროული სამიანებით არ აძლევდნენ. როგორც ყოველთვის, გამორცეული იყო დათო ბარბაქაძე. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს, “ქუთაისმა” ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. გუნდები დიდ შესვენებაზე 35-35 – ზე გავიდნენ.

შეხვედრის მესამე პერიოდში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ. მოიმატა ტემპმაც, რამაც თავის მხრივ შეცდომები გაზარდა, თუმცა შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი იყო. “ქუთაისელების” აქტიურმა თამაშმა, მათ რვაქულიანი უპირატესობა მოუპოვა. რაც ყველაზე დიდი სხვაობა იყო ტურის ცენტრალურ შეხვედრაში. მესამე პერიოდი კი, სტუმრების 6 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.

დრამატული გამოდგა შეხვედრის უკანასკნელი პერიოდი, სადაც გამარჯვებულის ბედიც გადაწყდა. “არმიამ” მობილიზება შესძლო, შარაბიძის და ბაბუნაშვილის ძალისხმევით ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა, კარგი დაცვაც ითამაშა. გადამწყვეტი ტყორცნა კი, ბაბუნაშვილმა შეასრულა. ახალგაზრდა კალათბურთელმა  ესანიშნავი სამიანით მოაგებინა “არმიას” თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

მატჩის სტატისტიკური მონაცემები:

http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=750

მატჩის შემდეგ

კოტე ტუღიში (არმია): გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. იმედია, ერთ კვირაში ჩვენ ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ. შემდეგ შაბათს არანაკლებ მნიშნველოვანი დაპირისპირება გველის “სოხუმის” წინააღმდეგ. “ქუთაისი” საკმაოდ ძლიერი გუნდია. სწორედ ასეთ მატჩებში ჩნდება ჩვენი სუსტი მხარეები. ჩვენს მეტოქეს მომავალში წარამტებებს ვუსურვებ.

მედეა მხეიძე (ქუთაისი): მივულოცავ “არმიას” დამსახურებულ წარმატებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს. პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში ყველაფერი პირიქით მოხდა. წავაგეთ ფარი და ჩაგდების პროცენტიც საკმაოდ დაბალი იყო. სასიამოვნო იქნებოდა მოგება, მაგრამ არაუშავს. ცხოვრება გრძელდება და “ქუთაისი” თავის სიტყავს კიდევ იტყვის.

ანატოლი ბოისა (არმია): მინდა შევაქო “ქუთაისი”. კარგი, მებრძოლი გუნდია. ძალიან გაგვიხარდა დღევანდელი მნიშვნელოვანი გამარჯვება. და ვეცდებით, რომ ის შეცოდმები რაც დღეს დავუშვით, მომავალში გამოვასწოროთ.

ტურის ცენტრალურ მატჩამდე, სპორტის სასახლეში ატსაიდერების მატჩი გაიმართა. “მაკაბი” “რუსთავთან დამარცხდა – 59-94

სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=749

,,ჰიუნდაიმ’’ ,,აკადემიას’’ შანსი არ დაუტოვა

20-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “ჰიუნდაიმ”, რომელმაც “აკადემიას” 79:55 სძლია. ანგარიში სრულად ასახავს იმ უპირატესობას, რომელსაც ჰიუნდაელები ამ მატჩში ფლობდნენ.

“ჰიუნდაი” მთავარი მწვრთნელის გარეშე თამაშობდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა 1999-წლიანთა ნაკრები თურქულ შეკრებაზე წაიყვანა და “ჰიუნდაის” მისი ასისტენტი ლაშა თოიძე წინამძღოლობდა. თამაში თანაბრად დაიწყო, თუმცა ჰიუდნაელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა. შედეგიანად თამაშობდა ალექსანდრე ბოლქვაძე, რომელმაც საბოლოოდ 31 ქულა მოიპოვა და თავისი გუნდის გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი შეიტანა.

“ჰიუნდაის” დაუბრუნდა კახა ტომარაძე, რომლის გააზრებულმა თამაშმა გუნდს ის რთული ეპიზოდი გადაატანინა, რომელიც მე-3 პერიოდში დაუდგა. აღნიშნულ მეოთხედში აკადემიელებმა თამაში დაალაგეს და ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტი უპირატესობის მოსაპოვებლად ძალები აღარ ეყოთ.

ბოლო მეოთხედში “ჰიუნდაიმ” 25:13 იმარჯვა და საკუთარ გამარჯვებას დამაჯერებელი სახე მისცა. ბოლქვაძის კვალზე 16 ქულა ჰქონდა სანდრო სანაძეს, ხოლო ტომარაძემ პირად ანგარიშზე 10ქულა ჩაიწერა. აკადემიელთაგან 13 ქულით ბომბარდირი საბა ჯაყელი გახდა, გიორგი თვდორაშვილმა კი თავის გუნდს 11 ქულა შესძინა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ლაშა თოიძე(“ჰიუნდაის” მწვრთნელი):ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა მობილიზებით ითამაშეს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. კარგად ვითამაშეთ კონტრშეტევებზე და მეტოქეს ძირითადად ამ კომპონენტში ვაჯობეთ. დიდი დახმარება გაგვიწია კახა ტომარაძემ, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი დრო გაუცდა.

ირაკლი ტომარაძე(“აკადემიის” მწვრთნელი): ცუდად ვითამაშეთ, გუნდს ენთუზიაზმი და მობილიზება აკლდა. ჩვენს თამაშს დაღი აცილებულმა საჯარიმოებმა დაასვა. 41 ცდიდან მხოლოდ 17 საჯარიმო ჩავაგდეთ და ასეთ პირობებში წარმატებაზე საუბარი ზედმეტია.

შსს-აკადემია ოლიმპთან არ გატყდა

საინტერესო მატჩით დასრულდა 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე. ერთმანეთის პირისპირ გათამაშების ლიდერი “შსს-აკადემია” და ერთ-ერთი ფავორიტი, დაკარგული ქულების მხრივ მეორე ადგილზე მყოფი “ოლიმპი” შეხვდნენ. ბოლო მეოთხედამდე გაურკვეველი იყო, ვინ მოიგებდა, თუმცა ფავორიტად მიჩნეულმა შსს-ელებმა საჭირო მომენტში მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და მორიგი გამარჯვება მიითვალეს.

პირველ ტაიმში ძირითადად “ოლიმპი” ლიდერობდა, რომელმაც საწყისი პერიოდი 22:19 მოიგო და მწობრი დაცვის ხარჯზე შსს-ს შეტევებს აკავებდა. ზაზა ცაგარეიშვილის გაწვრთნილ ოლიმპელებს ფარქვეშ სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, რაც საბოლოოდ 16-ით მეტი მოხნილი ბურთით გამოიხატა.

“შსს-აკადემიმ” პირველი ტაიმის ბოლოს ინიციატივა მოიპოვა, რაც უკანა ხაზის სწრაფი და ზუსტი მოქმედების დამსახურება იყო. უკანახაზელთა აქტიურობა შსს-ელთა მეფარეებს – შოთა გელაზონიას და ლერი კვანტალიანსაც გადაედოთ. შედეგად, აკადემიელებმა დიდი შესვენებისთვის 5-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 33:28.

მესამე მეოთხედი შსს-ელთა ლიდერობით განახლდა, თუმცა ოლიმპელები მეტოქეს ტოლს არ უდენდნენ და მე-3 პერიოდის შუაწელში დაწინაურდნენ კიდეც – 41:40. საჭირო მომენტში ჩააგდო 2 სამქულიანი ერეკლე ლორთქიფანიძემ, რის შემდეგაც “შსს-აკადემია” 48:43 დაწინაურდა და ამის შემდეგ ლიდერობა აღარც დაუთმია. “ოლიმპი” ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა მოგების შანსს, მაგრამ აკადემიელებმა დამაჯერებელი თამაშით გამარჯვებამდე მივიდნენ – 67:59.

“შსს-აკადემიას” 18 ქულითა და 10 მოხსნით ლერი კვანტალიანმა ულიდერა, ხოლო გელაზონიას ანგარიშზე 17 ქულა დაგროვდა. ერეკლე ლორთქიფანიძე გამარჯვებულებს 14 ქულით შეეწია. “ოლიმპში” კი 19 ქულით ნოდარ გოგოძე იყო საუკეთესო, 14 ქულა ჰქონდა თემურ ფხაკაძეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

გიორგი ნიკოლაძე (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): დღეს ჩემი პირველი თამაში იყო მთავარი მწვრთნელის რანგში, 2 დღეა რაც ამ ამპლუაში ვარ და გუნდის კარგად მომზადება  ვერ მოვასწარი. მართალია მოვიგეთ, თუმცა ბევრი ხარვეზები გვაქვს გამოსასწორებელი. დაცვაში თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უფრო მეტი დისციპლინაა საჭირო.

ზაზა ცაგარეიშვილი (ოლიმპის მთავარი მწვრთნელი): ნამდვილად კარგი თამაში იყო, ვულოცავ შსს აკადემიის გუნდს დღევანდელ გამარჯვებას. რაც შეეხება ოლიმპს, გადამწყვეტ მომენტში ბევრი შეცდომა დავუშვით. ვფიქრობ ეს შეუთამაშებლობის ბრალია. ირაკლი მიქელაძე და ნოდარ გოგოძე დღეს პირველად იდგნენ მოედანზე ერთად და აშკარად აკლდათ შეთამაშება.  ბიჭებმა იბრძოლეს, მაგრამ ის პოტენციალი, რაც გააჩნიათ ბოლომდე ვერ გამოავლინეს. იმედია გარკვეული პერიოდის შემდეგ სასურველ შედეგს ვაჩვენებთ.

http://u-20.ge

სიახლე ქართული კალათბურთის მოყვარულთათვის

სიახლე ქართული კალათბურთის მოყვარულთათვის. მათთვის, ვინც სისტემატიურად დადის სუპერლიგის თამაშებზე, ან ამის სურვილი გააჩნია, შესაძლებლობა ეძლევა, მთელ სეზონზე გათვლილი აბონემენტით ისარგებლოს.

აბონემენტის მფლობელებს შეეძლებათ საკალათბურთო სუპერლიგის ყველა მატჩს, ასევე სუპერლიგის ორგანიზებით გამართულ ყველა ღონისძიებას დაესწრონ. აბონემენტის ღირებულება 40 ლარია და მისი შეძენა სპორტის სასახლის სალაროებსა და კალათბურთის ფედერაციასთან ერთად ინტერნეტშიც იქნება შესაძლებელი.

სპეციალური აქციის ფარგლებში აბონემენტის შეძენა ფასდაკლებით შეგიძლიათ. შებრძანდით სუპერლიგის პარტნიორ ვებ-გვერდ hotsale.ge-ზე და შეიძინეთ 2013-14 წლების სეზონის აბონემენტი 50-პროცენტიანი ფასდაკლებით.

http://superleague.ge/

,,სოხუმი’’ ლიდერს ბოლომდე გაუძალიანდა (20-წლამდელთა მორიგი შეხვედრები)

დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 თამაში გაიმართა. პირველ მატჩში ერთმანეთს ცხრილის თავ-ბოლოში მყოფი გუნდები – გათამაშების ლიდერი “შსს-აკადემია” და აუტსაიდერი “სოხუმი” შეხვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოხუმელებს მიმდინარე ჩემპიონაში ექვსივე მატჩი ჰქონდათ წაგებული, ხოლო აკადემიელებს ამდენი მოგებული, მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველი მეოთხედის 17:24 წაგების შემდეგ სოხუმელებმა მეორე პერიოდი 28:15 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 45:39 დაწინაურდნენ.

სოხუმელებს გურამ კენჭიაშვილი და შოთა გოლეთიანი წინამძღოლობდნენ, თუმცა მესამე პერიოდში “შსს-აკდემიამ” თამაშზე კონტროლი დაამყარა და ჯერ ანგარიში გააბათილა, გადამწყვეტი პერიოდის წინ დაწინაურდა კიდეც – 66:62.

ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, რომელიც აკადემიელებმა დაძაბულ ბრძოლაში – 22:19 მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მათ დარჩათ – 88:81. შსს-ელებს 32 ქულითა და 19 მოხსნით შოთა გელაზონიამ ულიდერა, 21 ქულა კი ანგარიშზე ლევან ლოლიშვილმა ჩაიწერა. “სოხუმში” 34 ქულა ჰქონდა გურამ კენჭიაშვილს, ხოლო გოლეთაინმა 17ქულა დააგროვა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

თემურ კანკია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველი თამაში ამ გუნდთან ძალიან დიდი სხვაობით წავაგეთ, დღეს კი ბევრი რამე გვქონდა გამოსწორებული. ,,შსს აკადემია’’ ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაკომპლექტებული და შეთამაშებული გუნდია, საკმაოდ საინტერესო თამაში იყო და მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. შანსები ნამდვილად გვქონდა, ამ შეხვედრამ აჩვენა, რომ შეგვიძლია კარგი თამაში, თუმცა ფარი წავაგეთ და ამან განაპირობა ჩვენი მარცხი.

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, ძალიან უკმაყოფილო ვარ. ასეთი ცუდი თამაში ჯერ არ ჩაგვიტარებია, განსაკუთრებით სუსტად დაცვაში ვიასპარეზეთ. იმედია, ეს ხარვეზები დროებითია და მათ გამოსწორებას მოვახერხებთ.

მეორე შეხვედრაში “აკადემიამ” “რუსთავს” 55:42 მოუგო. გელა წულაძისა და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილ აკადემიელებს გამარჯვების მოპოვება გაუჭირდათ,რადგან ქვემოქართლელები ბოლომდე იბრძოდნენ და გადამწყვეტ მეოთხედამდე გამარჯვების შანსს ინარჩუნებდნენ.

ბოლო პერიოდი “აკადემიის” 6-ქულიანი ლიდერობით დაიწყო. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რომელიც უკეთესად აკადემიელებმა ჩაატარეს და გამარჯვებას დაეპატრონნენ -55:42. “აკადემიაში” 10-10 ქულით საუკეთესონი ნიკა ღურწკაია და ნიკა ამირხანაშვილი იყვნენ. რუსთაველთაგან კი 14 ქულით თორნიკე ხატიაშვილი გამოირჩა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):  უკმაყოფილო ვარ დღევანდელი თამაშით, ძალიან ცუდად  ვიასპარეზეთ, თუმცა უფროსი ასაკის მოთამაშეების და გამოცდილების ხარჯზე მაინც გავიმარჯვეთ.

ირაკლი ჯაფარიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, უამრავი ხარვეზი გვაქვს და მათ გამოსასწორებლად ბევრი უნდა ვიმუშაოთ. დღევანდელი წაგება კიდევ ერთი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის.

http://www.u-20.ge

 

“დინამოს” დამაჯერებელი გამარჯვება

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მე-6 ტურის ცენტრალურ შეხვედრას თბილისი სპორტის სასახლემ უმასპინძლა. თბილისის “დინამო” საქართველოს გასული სეზონი ჩემპიონ, “შსს-აკადემიას” შეხვდა. მატჩი ნომინალური მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

პირველი მეოთხედი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა. დიდი უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა. მოთამაშეები მაღალ ტემპში ცდილობდნენ თამაშს, თუმცა ეს არც თუ ისე კარგად გამოსდიოდათ. ორივე გუნდის მოქმედებაში შეინიშნებოდა ტექნიკური წუნი. თუმცა, დინამოელები შედარებით ზუსტები იყვნენ და მეოთხედიც მათი გამარჯვებით, 19-14 დასრულდა.

მეორე მეოთხედის პირველი წუთებიდან “დინამო” გაქცევას ცდილობდა, მაგრამ აკადემიელები ბოლომდე იბროძოდნენ და იოლად არაფრის დათმობას არ აპირებდნენ. აღსანიშნავია, რომ პერიოდის მიწურულს, როგორც დინამოს, ასევე შსს-ს შემადგენლობაში ქულები მხოლოდ ექვს მოთამაშეს ჰქონდათ.

შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა მესამე პერიოდი. მიუხედავად კარტერის ტრავმისა, რომელიც მან დავით უგრეხელიძესთან ორთაბრძოლაში მიიღო, დინამოელებმა მაინც შესძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ლიდერობა საკუთარ თავზე მილოშევიჩმა და პეშიჩმა იტვირთეს. ბალკანურ დუეტს მხარი გამყრელიძემაც აუბა. “დინამოს” 23 ქულა მესამე პერიოდში, “აკადემიამ” მხოლოდ 4 დაუპირისპირა და შესაბამისად გუნდები 30 ქულიანი სხვაობით გავიდნენ მცირე შესვენებაზე.

უკანასკნელი პერიოდი მწვრთნელებმა ახალგაზრდა მოთამაშეებს დაუთმეს, თუმცა ამან თამაშის სურათი არ შეცვალა. დინამოელებმა მშვიდად მიიყვანეს შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე – 85-49.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მთელი ათი დღე ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ყველა კომბინაცია გვქონდა გავლილი, ბიჭებმა ზუსტად შეასრულეს ის  დავალებები, რომლებითაც ხელი შეუშალეს ,,შსს აკადემიას’’ მოგებაში. მეტოქე გუნდს დიდ პატივს ვცემ, თუმცა დღეს ჩვენ ვიყავით ფავორიტები. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს კარგი თამაშისთვის.  წარმატებას ვუსურვებ აკადემიას მომავალში, დარწმუნებული ვარ მოუმატებენ და კარგ შედეგს აჩვენებენ.

დრაგან პეტრიჩევიჩი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, პირველი 15 წუთი კარგ კალათბურთს ვთამაშობდით და თანაბრად მიდიოდა თამაში, მაგრამ მეორე პერიოდის ბოლო ხუთ წუთში უმარტივესი შეცდომები დავუშვით, რამაც ,,დინამოს’’ საშუალება მისცა კომფორტულად ეგრძნო თავი და დიდი უპირატესობა მოეპოვებინა. დიდი არჩევანი არ მქონია არც შეცვლებზე. მრცხვენია იმის, რაც მესამე პერიოდში მოხდა, საშინლად ჩავატარეთ მესამე მეოთხედი, თუმცა არ მრცხვენია ამ მოთამაშეების, ისინი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეები არიან, მათთან ერთად ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც შეიძლება დღეს არ ჩანს, თუმცა ისინი ბოლოს აუცილებლად აჩვენებენ შედეგს და ჩვენს შრომას. დღევანდელი მარცხი უნდა დავივიწყოთ და ხვალიდან ,,რუსთავის’’ წინააღმდეგ სათამაშოდ მოვემზადოთ.

მიხეილ ჭოჭუა(,,დინამო’’): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მწვრთნელის დავალებები ზუსტად შევასრულეთ, ნაკლები შეცდომა დავუშვით, კარგად ვითამაშეთ და ამან განაპირობა დღევანდელი შედეგი.

 

ვილი ისიანი(,,შსს აკადემია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავდა და თამაშისთვისაც აშკარად კარგად იყვნენ მომზადებულები. შორი სროლები არ წაგვივიდა და ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა შევეცდებით მომავალ შეხვედრებში იგივე ხარვეზები არ გვქონდეს.

ცალკე უნდა აღინიშნოს თენგიზ ჩიკვილაძე ინერტული თამაში. “აკადემიის” ლიდერის ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულაა. რაც მისი დონის მოთამაშისთვის კატასტროფული შედეგია.

დღევანდელი მოგებით “დინამო” მეორე ადგილზე გადავიდა და ას პროცენტიანი შედეგი აქვს. მრავალგზის ჩემპიონს  მხოლოდ “ქუთაისი” უსწრებს, რომელსაც ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. აკადემია კი მეხუთე ადგილზე იმყოფება ორი მოგებითა და სამი წაგებით.

მატჩის სტატისტიკური მონაცემები: http://superleague.ge/ge/results.php?lang=ge&gameid=759