სუპერლიგის წამახალისებელი გათამაშება მაყურებლისთვის იწყება

ფინალური სერიიდან სტარტს აიღებს სუპერლიგის ტრადიციული გათამაშება მაყურებლებისთვის. მასში მონაწილეობის მიღება და სხვადასხვა პრიზის მოგება ნებისმიერ მსურველს შეეძლება, ვინც სუპერლიგის ფინალური სერიის თამაშებზე მივა და იღბალი გაუმართლებს.

ფინალური სერიის თამაშებზე გათამაშების ორგანიზატორები მაყურებლებში ბურთებს ისვრიან და მათი დამჭერები გათამაშებაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებენ. ისინი ერთმანეთს საჯარიმო სროლებში შეეჯიბრებიან, გამარჯვებულები ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ. გადამწყვეტი შეჯიბრიც საჯარიმო სროლებში გაიმართება. საბოლოოდ, სუპერლიგის წამახალისებელ გათამაშებას 3 გამარჯვებული ეყოლება.

გამარჯვებული გულშემატკივრები სუპერლიგის სპონსორებისგან დაწესებულ სხვადასხვა პრიზებს მიიღებენ.

სუპერლიგის გულშემატკივართა შორის წამახალისებელი გათამაშების პარტნიორები არიან და გამარჯვებულებისთვის პრიზებს აწესებენ:

კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი –   კომპანია ნატახტარი,

სუპერლიგის გენერალური სპონსორი აზარტული თამაშების კომპანია ევროპაბეთი,  სუპერლიგის გენერალური პარტნიორი კომპანია  ვიტაბიოტიქსი,

აკვა პარკი   ,,ჯინო ფერედაისი“.

გათამაშება ფინალური სერიის(დინამო – შსს აკადემია) პირველივე თამაშზე, 22 მაისს დაიწყება.

მგზავრები-არმიამ სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულა

სუპერლიგის მე-5 ადგილის მფლობელი „მგზავრები-არმია“ გახდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 92:90 დაამარცხა და ჩემპიონატში საპატიო მე-5 ადგილი დაიკავა. შარშანდელი ფინალისტი და ვერცხლის პრიზიორი „ქუთაისი“ კი მე-6 ადგილს დასჯერდა.

ბერიშვილის გუნდმა გმირული გამარჯვება მოიპოვა, რადგან თამაშის მსვლელობისას არმიელები 22 ქულით ჩამორჩებოდნენ. ქუთაისელთა ყველაზე დიდი ლიდერობა მეორე მეოთხედის მე-4 წუთისთვის დაფიქსირდა, როცა მასპინძლები 46:24 იგებდნენ.

მესამე მეოთხედის მეორე წუთზე კი კვლავ ქუთაისელებს ჰქონდათ სოლიდური ლიდერობა – 64:44, რის შემდეგაც სტუმართა ჯერიც დადგა. „მგზავრები-არმიამ“ მესამე პერიოდი 22:18 მოიგო და გადამწყვეტ მეოთხედს 8 ქულიანი დეფიციტით შეხვდა. არმიელები გუნდურად თამაშობდნენ, რაც გახდა კიდეც თამაშის შემობრუნების მიზეზი.

ქუთაისელებს აკლდათ სლოვენიელი ლეგიონერი მირზა სარალია, ასევე, აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი, რის გამოც 4 მოთამაშეს – ანატოლი ბოისას, დავით ბარბაქაძეს, ვახტანგ ქადარიას და ლევან გრძელიძეს შეუცვლელად მოუწიათ თამაში. ეს დაეტყო ქუთაისელთა თამაშის ხარისხს, მასპინძლები გადაიღალნენ და გადამწყვეტ მეოთხედში „მგზავრები-არმიამ“ მატჩის მოგება მოახერხა.

საბოლოოდ, არმიელებმა 92:90 იმარჯვეს და როგორც თავში ვთქვით, სუპერლიგა მე-5 ადგილზე დაასრულეს. თბილისურ გუნდში ექვსმა მოთამაშემ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, რომელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა დავით იოსელიანის ანგარიშზეა. 15-15 ქულა მიითვალეს რევაზ ათანელიშვილმა და კახა ჯინჭარაძემ, 13-13 ტატო ჩაჩიბაიამ და დავით მაისურაძემ. “ქუთაისში“ 29 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ბარბაქაძე, ხოლო ვახტანგ ქადარიამ თავი 20 ქულას და 23 მოხსნას მოუყარა.

7-8 ადგილებისთვის საკვალიფიკაციო სერია, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, სტარტს 22 მაისს, ფინალურ სერიასთან ერთად აიღებს.

ქუთაისმა სოხუმს ოვერტაიმში სძლია და სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ, გადამწყვეტ მატჩში დიდი ბრძოლა გაიმართა „ქუთაისსა“ და „სოხუმს“ შორის. ეს გუნდები მეოთხედფინალური სეიიდან გავარდნენ და ბრძოლას სუპერლიგის 5-8 ადგილებისთვის აგრძელებდნენ.

მოგეხსენებათ, სუპერლიგის ბოლო 2 გუნდილიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „ა“ ლიგის 2 საუკეთესო გუნდთან სერიებს გამართავენ. შესაბამისად – 5 და 6 ადგილებზე გასულ გუნდებს გადასასვლელ სერიებში მონაწილეობა არ მოუწევთ და სუპერლიგაში ადგილს პირდაპირ შეინარჩუნებენ.

სწორედ 5-6 ადგილებისთვის მატჩში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად იბრძოდნენ „სოხუმი“ და „ქუთაისი“. სრია 2 გამარჯვებამდე იყო და გუნდებმა აქამდე თითო მოგება გაცვალეს. მე-3, გადამწყვეტ მატჩში დიდი პაექრობა გაიმართა. შეხვედრის გამარჯვებული ძირითადმა დრომ ვერ გამოავლინა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

ექსტრახუთწუთეულში მასპინძლებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და სერიაში გაიმარჯვეს. ქუთაისელებს 29 ქულით ზაურ ფაშაევმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი მიითვალა. 26 ქულა დააგროვა სლოვენიელმა მირზა სარალიამ, რომელმაც წინა 2 შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა. 13 ქულა და 16 მოხსნა ჰქონდა ანატოლი ბოისას. სოხუმელთაგან 21 ქულითა და 10 მოხსნით ბექა ბექაური გამოირჩა, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო. 20 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა პეილეი პელემ, ხოლო ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა.

„ქუთაისი“ მე-5 ადგილისთვის მატჩში „მგზავრები-არმიას“ შეხვდება, რომელმაც „ოლიმპს“ სერია 2:0 მოუგო. მე-7 ადგილისთვის მატჩში კი „ოლიმპი“ და „სოხუმი“ ითამაშებენ.

სოხუმმა ქუთაისს სერია გაუთანაბრა. გადამწყვეტი მატჩი 19 მაისს გაიმართება

საკვალიფიკაციო სერია „ქუთასისა“ და „სოხუმს“ შორის მესამე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. მეოთხედფინალიდან გავარდნილი ეს 2 გუნდი 5-8 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო და საწყის სერიაში, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდება, ანგარიში 1:1-ია.

სოხუმელებმა, რომლებმაც სერიის პირველი შეხვედრა ქუთაისში 2 დღის წინ 25 ქულით წააგეს, დღეს იმერულ კლუბს რევანში აუღეს. საკალათბურთო აკადემიაში გამართულ მატჩში ვაჟა კვარაცხელიას გუნდი დომინირებდა, რომელმაც მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ მძლავრი მესამე პერიოდი ჩაატარა და უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ 10-წუთეულში ქუთაისელებმა მოინდომეს, თუმცა მაქსიმუმი, რაც შეძლეს, ჩამორჩენის 6 ქულამდე შემცირება იყო. საბოლოოდ კი „სოხუმმა“ 79:66 იმარჯვეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებს ირაკლი ჩლაიძემ 28 ქულით და 9 მოხსნით ულიდერა. პელე პეილეიმ 22 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი ჯგერენაიას ანგარიშზე 14 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 12 ქულით ბომბარდირი ანატოლი ბოისა გახდა, ლევან გრძელიძემ და ვახტანგ ქადარიამ 11-11 ქულა მოაგროვეს.

სერიის გადამწყვეტი, მე-3 შეხვედრა 19 მაისს,18:00 საათზე, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მოიპოვებს მე-5 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას, სადაც უკვე გასულია „მგზავრები-არმია“, რომელმაც თავის მხრივ საკვალიფიკაციო სერია „ოლიმპს“ მოუგო.

ქუთაისი სოხუმთან სერიაში დაწინაურდა

სუპერლიგაში შესანარჩუნებელი საკვალიფიკაციო მატჩები დაიწყო „ქუთაისისა“ და „სოხუმის“ წყვილშიც. მეოთხედფინალიდან გავარდნილი ეს გუნდები ერთმანეთში საუკეთესოს 2 მოგებამდე მიმდინარე სერიაში გაარკვევენ და გამარჯვებული მე-5 ადგილისთვის სერიაში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

მე-5 ადგილისთვის სერიაში უკვე გასულია „მგზავრები-არმია“, რომელმაც „ოლიმპს“ 2 მატჩის ჯამში სძლია. ქუთაისელებმა ნახევარი საქმე უკვე გააკეთეს და „სოხუმს“ შინ 25 ქულით – 79:54 მოუგეს. მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო დაძაბული თამაში, რომელიც სოხუმელებმა 13:11 მოიგეს. მეორე პერიოდიდან მასპინძლებმა თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს და დარჩენილ დროში უპირატესობას პერმანენტულად ზრდიდნენ.

საბოლოოდ „ქუთაისმა“ იოლ გამარჯვებას მიაღწია და სერიაში 1:0 დაწინაურდა. მასპინძელთაგან 21 ქულით და 8 პასით ზაურ ფაშაევი გამოირჩა. 15 ქულა დააგროვა ლევან გრძელიძემ, ხოლო ბუბა კვიმსაძემ შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. სოხუმელთაგან 14 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე გახლდათ, 11 ქულა და 12 მოხსნით დაასრულა შეხვედრა გიორგი ჯგერენაიამ.

სერიის მეორე მატჩი თბილისში, საკალათბურთო აკადემიაში, 17 მაისს გაიმართება.

“დინამომ” “რუსთავს” გაუთანაბრა

სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის დღის მეორე მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედი ჩემპიონი, თბილისის “დინამო” და “რუსთავი” წარსდგნენ. პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ “დინამოს” დღეს გამარჯვება აუცილებლად ესაჭიროებოდა. თბილისელებმა აქტიურადაც დაიწყეს და თავიდან დაწინაურებაც შეძლეს, თუმცა მეოთხედის ბოლოს წინ “რუსთავი” გაიჭრდა და პირველი მეოთხედი ოთხქულიანი სხვაობით, 16:12 მოიგო.

მეორე მეოთხედში ოგლსბი გააქტიურდა, როემლმაც ზუსტი სამიანებით საკუთარი გუნდის უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. ტერენსმა კიდევ ერთხელ მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე გაიბრწყინა, როდესაც თანაბარი ანგარიშის დროს ჩააგდო ზუსტი სამიანი, თუმცა დიდ შესვენებამდე 4 წამით ადრე ტექნიკური ჯარიმა მიიღო და მეტოქეს დაწინაურების შანსი მისცა, რომელიც “დინამომ” ვერ გამოიყენა და მესამე პერიოდის წინ ანგარიში საყაიმო, 36:36 იყო.

მესამე პერიოდში “დინამო” წინ გაიჭრა, რაც ბესო ლეჟავას დამსახურებით მოხდა, რომელმაც მატჩის ამ მონაკვეტშიც და მთლაიანად შეხვედრაშიც ულიდერა საკუთარ გუნდს. აღსანიშნავია, რომ უჩვეულოდ ინერტული იყო შერმანი. თბილისელთა ლეგიონერმა პირველი 2 ქულა სწორედ მესამე პერიოდში მოიპოვა. საბოლოოდ გადამწყვეტი პერიოდის წინ მასპინძლები 9 ქულით, 54:45-ს იგებდნენ.

შეხვედრამ დაძაბულობის პიკს დამთავრებამდე 4 წუთით ადრე მიაღწია, როდესაც რუსთაველებმა სხვაობის შემცირება ერთ ქულამდე მოახერხეს, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. მატჩის გადამწყვეტი მონაკვეთი უკეთ “დინამოელებმა” ჩაატარეს და საბოლოოდ სერიაში ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს.

“დინამოს” შემაგენლობაში 21 ქულით საუკეთესო ბესიკ ლეჟავა იყო, ხოლო შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით რუსთაველი ტერენს ოგლბი გახდა.

დინამო 73-65 რუსთავი

მატჩის სტატისტიკა 

“შსს-აკადემია” ფინალს უახლოვდება

სუპერლიგის ნახევარფინალური პელიოფის მეორე შეხვედრასი “შსს-აკადემიამ” “ბათუმი” დამაჯერებლად დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი პირველივე წუთებიდნა მასპინძლეთა უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი ტუღუშის გუნდმა 11 ქულიანი სხვაობით მოიგო და დარჩენილ პერიოდებში ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და საბოლოოდ 95:83 გაიმარჯვა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკა მეტრეველი გახლდათ. 17, 16 და 15 ქულით შსს-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს წივწივაძე, შარაბიძემ და ცინცაძემ. დამარცხებული გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი, 25 ქულა და 12 მოხსნა პელჩერმა მოიპოვა, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. ტრადიციულად აქტიურები იყვნენ კელოგი და იანგიც.

ნახევარფინალური სერიის მორიგი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბათუმში 16 მაისს შედგება.

შსს-აკადემია 95-83 ბათუმი

პრესკონფერენცია

5-8 ადგილებისთვის ბრძოლა დაიწყო

დაიწყო მეოთხედფინალიდან გავარდნილი გუნდების საკვალიფიკაციო ტურნირი სუპერლიგის 5-8 ადგილების გასანაწილებლად. მას შემდეგ, რაც „ა“ ლიგა შეიქმნა, საკვალიფიკაციო მატჩებს მეტი ფასი დაედო, რადგან ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდს სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ქვედა ლიგის 2 საუკეთესო გუნდთან ბრძოლა მოუწევს.

პირველ წყვილში ერთმანეთს „ოლიმპი“ და „მგზავრები-არმია“ შეხვდნენ. სერია 2 გამარჯვებამდეა, პირველ შეხვედრას კი სპორტკომპლექსმა არენამ უმასპინძლა. შეხვედრა „მგზავრები-არმიამ“ უფრო მობილიზებულად ჩაატარა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა – 75:58.

არმიელთაგან ხუთმა მოთამაშემ 10-ქულიან ზღვარს მიაღწია. ოლიმპში კი 21 ქულით ბომბარდირი ნოდარ გოგოძე გახდა. სერიის მეორე შეხვედრა 14 მაისს, სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გაიმართება.

რუსთავის 18 სამქულიანი და გამარჯვება დინამოსთან

ძალიან დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩი, რომელშიც „რუსთავმა“ 2 ქულის სხვაობით – 84:82 სძლია „დინამოს“ და მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

რეგულარული ჩემპიონატის მომგებ დინამოელებს პლეი ოფის ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა გააჩნია, რაც რეგიონის გუნდებთან დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი პლუსია. სწორედ ეს კოზირი დაკარგა „დინამომ“ „რუსთავთან“ და თუკი მიხეილ ბერუაშვილის გუნდი საკუთარ მოედანზე ორივე მატჩს მოიგებს, ფინალში გავა.

სანამ ამ წყვილში ფინალისტი გამოვლინდებოდეს, სავარაუდოდ ბევრი საინტერესო მოხდება. ამის ვარაუდის საფუძველს სერიის პირველი მატჩი იძლება, რომლის ბოლო წუთებიც უაღრესად დაძაბული იყო.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსთაველებმა შეხვედრა სამქულიანებით მოიგეს. ქვემოქართლურმა გუნდმა 18 სამქულიანი ჩააგდო, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდის გამეორებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდათ რუსთაველებს, რადგან ფარზე დინამოელები ბატონობდნენ, რომლებმაც საბოლოოდ ქვემოქართლელებზე 12-ით მეტი მოხსნა მიითვალეს.

რუსთაველთაგან 4-4 სამქულიანი ჩააგდეს ტერენს ოგლზბიმ, ლევან ცეკვავამ და მიხეილ ჭოჭუამ, 3 შორი სროლა ჰაიდენ ჰამსის ანგარიშზეა, ხოლო 2 – ქაქუცა აბაიშვილმა მიითვალა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე რუსთაველები 14 ქულით იგებდნენ, რასაც დინამოელებმა პრესინგით და სწრაფი შეტევებით უპასუხეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენა ბოლო წუთისთვის 2 ქულამდე შეამცირა და ბოლო შეტევისთვის 6 წამიც ჰქონდა, თუმცა ფარქვეშიდან გამთანაბრებელი ბურთი ილია ლონდარიძემ ააცილა და შეხვედრა რუსთაველთა ზეიმით დასრულდა.

რუსთაველთა შორის ბომბარდირი გახდა მიხეილ ჭოჭუა, რომელმაც 20 ქულა მოაგროვა. 18 ქულა მიითვალა გოგა ცეკვავამ, 12 ტერენს ოგლზბიმ, ხოლო აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. „დინამოს“ 26 ქულით და 16 მოხსნით საუკეთესო გარიკ შერმანი იყო, 17 ქულა ჰქონდა ილია ლონდარიძეს, ბესო ლეჟავას  14 ქულა, ხოლო ლაშა გამყრელიძემ მატჩი 11 ქულითა და 7 პასით დაასრულა.

სერიი მეორე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 14 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი):  პირველ რიგში, მივულოცავ მიშას და ,,რუსთავის’’ კოლექტივს გამარჯვებას. მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა, ჩვენ ვერ შევძელით პერიმეტრის გაკონტროლება, ფარი მოგებული გვაქვს, დაკარგვებიც ნაკრები გვაქვს… თუმცა ფაქტია, რომ დაცვაში ცუდად ვითამაშეთ, 84 ქულა მივიღეთ, ასე თამაშის მოგება რთულია. ,,რუსთავმა’’ ძალიან კარგად ითამაშა, შეიძლება, ჩვენზე მეტიც იბრძოლეს, თუმცა ამ მხრივ ბოლოს ჩვენც გამოვასწორეთ. დისციპლინის პრობლემაც გვქონდა. შევეცდებით ხვალ დღევანდელი შეცდომები აღარ გავიმეოროთ და სათანადოდ მოვემზადოთ. სერია 3 მოგებამდეა, 0:1 ვაგებთ, ამიტომ შევეცდებით მოსაგებად ვითამაშოთ.

მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ჩემს გუნდს პირველი თამაშის მოგებას და მადლობას ვეტყვი ,,დინამოს’’. პლეი ოფებია და ბუნებრივია, დაძაბული თამაში იყო, ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა. სერია 3 მოგებამდე გრძელდება, ამიტომ ერთი გამარჯვება არაფერს ნიშნავს. მაქსიმალურად ვიბრძოლებთ და დავიხარჯებით, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

გოგა ცეკვავა(,,რუსთავი’’): ვულოცავ ჩემს გუნდს. კარგად ვიყავით მომზადებულები, პერიმეტრიდანაც გამოგვივიდა სროლები და წარმატებას მივაღწიეთ. ,,დინამოს’’ მადლობა კარგი თამაშისთვის. შევეცდებით, ასე გავაგრძელოთ შემდეგ შეხვედრებშიც.

ბათუმმა მეოთხედფინალური სერია ქუთაისს 3:1 მოუგო

მესამე ნახევარფინალისტი დღეს აჭარაში გამოვლინდა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა „ბათუმმა“ მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩში 86:84 სძლია „ქუთაისს“ და სერია 3:1 მოიგო. ამერიკელი ლეგიონერებით გაძლიერებულმა აჭარულმა გუნდმა, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში მე-6 ადგილი გაიკავა, პელი ოფის პირველი რაუნდიდან მესამეადგილოსანი და მოედნის უპირატესობის მქონე „ქუთაისი“ გააგდო.

გუშინდელის მსგავსად დღევანდელი მატჩიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ბათუმლებმა დებიუტში მცირე უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ მესამე პერიოდიდან თამაშიც გათანაბრდა, ანგარიშიც და ლიდერიც ხშირად იცვლებოდა. ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა მეტი მობილიზებით ჩაატარეს.

გადამწყვეტ მომენტში აღსანიშნავია ნიკ კელოგის, ბიჯეი იანგის, ირაკლი მიქელაძის და ლევან რევაზაშვილის სიზუსტე. ამ მოთამაშეების ქულებმა ბათუმელებს ბოლო წუთზე ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაუბევეს – 83:76. ქუთაისელებმა დარჩენილ დროში ვერ მოახერხეს ვითარების შეცვლა და მატჩთან ერთად სერიაც წააგეს.

გასული წლის ვერცხლისმედალოსანი „ქუთაისი“ პლეი ოფს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ბათუმელებს 20 ქულით და 20 მოხსნით კრის ფელჩრმა ულიდერა, დიდად სარგებლიანი იყო ირაკლი მიქელაძე, რომელმაც 17 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა. რაც „ბათუმში“ ჩაირიცხა, პირველად მოხდა, რომ ბიჯეი იანგი გუნდის ბომბარდირი არ გახდა. ამერიკელმა უკანახაზელმა 16 ქულა დააგროვა, ხოლო ნიკ კელოგმა თავი 14 ქულს მოუყარა. ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევი, რომელმაც სამმაგი დუბლი – 22 ქულა, 16 პასი და 10 მოხსნა გაიფორმა. 20 ქულით და 12 მოხსნით დაასრულა შეხვედრა სენეგალელმა აბდულაი ნდოემ.

„ბათუმი“ ნახევარფინალში გავიდა და „შსს-აკადემიასა“ და „სოხუმს“ შორის გამარჯვებულს ელოდება. მეორე ნახევარფინალში „დინამო“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდებიან.

“დინამო” ნახევარფინალში გავიდა

თბილისის სპორტის სასახლემ დღეს სუპერლიგის მეოთხედფინალური პლეიოფის მატჩს უმასპინძა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ „მგზავრები-არმია“ და თბილისის „დინამო წარსდგნენ. შეგახენებთ, რომ ამ გუნდების პირველი ორი დაპირისპირება მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დასრულდა და ნახევარფინალში გასასვლელად ხოშტარიას გუნდს მხოლოდ ერთი გამარჯვება სჭირდებოდა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა კიდეც.

ნათელი იყო, რომ ბრძოლის გასაგრძელებბლად უკანასკნელ შანსს „მგზავრები“ იოლად არ დათმობდნენ და ნომინალურმა მასპინძლებმაც აქტიურად დაიწყეს და გაცილებით გამოცდილ მეტოქეს თანაბრად ეთამაშებოდნენ. „დინამომ“ მცირე უპირატესობა მხოლოდ პირველი მეოთხედის ბოლოს მოიპოვა, როცა წინ 6 ქულით გაიჭრა, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 1 ქულიანი სხვაობით, 36:35 დასრულდა „დინამოს“ სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედში პირველის მსგავსად „დინამო“ კვლავ გააქტიურდა და ისევ 6 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ამ შემთხვევაში „მგზავრებმა“ ჯერ გაათანაბრეს, შემდეგ დაწინაურებაც მოახერხეს და დასკვნითი მეოთხედი 3 ქულიანი უპირატესობით დაიწყეს.

მეოთხე პერიოდი ყველაზე დაძაბული და ემოციური გამოდგა. გუნდები მონაცვლეობით გადიოდნენ წინ, თუმცა საბოლოოდ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება წყვილის ფავორიტმა, „დინამომ“ შეძლო და შეხვედრა 11 ქულიანი უპირატსობით 83 -72 მოიგო. გადამწყვეტი საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე ბაბუნაშვილის შედეგიანი მონაკვეთი გახდა, რომელმაც ჯერ 3 ქულიანი ჩააგდო, შემდეგ კი ეფეფქტრუქი 2 ქულით დაეხმარა საკუთარ გუნდს და მეტოქემაც ამ დარტყმის შემდეგ გონს მოსვლა ვეღარ შეძლო.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „დინამოს“ კალათბურთელი, ილია ლონდარიძე გახლდათ, რომელმაც 24 ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს. 11 ქულითა და ამდენივე შედეგიანი გადაცემით ტრადიციულად შედეგიანი იყო დინამოელთა კაპიტანი, ლაშა გამყრელიძე.

 

მგზავრები-არმია 72-83 დინამო

პრესკონფერენცია 

რუსთავი სერიაში 2:0 დაწინაურდა, ქუთაისში კი ბათუმმა იმარჯვა

რეგიონებში მეოთხედფინალური სერიების მატჩები საინტერესო და დაძაბულ ბრძოლებით აღინიშნა. რუსთავში „ოლიმმა“ დამატებით დროში წააგო, ხოლო „ქუთაისმა“ სერიის პირველ მატჩში შინ „ბათუმთან“ შეხვედრა 75:78 დათმო.

რუსთავში დრამატულ და საინტერესო ბროლაში გაილია ძირითადი 40 წუთი. „ოლიმპი“ მესამე პერიოდში 13 ქულას აგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე ლიდერობის მოპოვებაც მოახერხა და როცა ძირითადი დრო ფრედ – 72:72 დასრულდა, მოგების კარგი შანსი ჰქონდა.

საქმე იმაში გახლდათ, რომ 5 პერსონალურის გამო რუსთაველებს გუნდის 3 წამყვანი მოთამაშე აკლდათ. მიხეილ ჭოჭუამ, ტერენს ოგლზბიმ და ქაქუცა აბაიშვილმა მოედანი დატოვეს, რაც ოვერტაიმში წარმატების შანსს ოლიმპს უზრდიდა. რუსთავ ელებმა მოედანზე რეზო ჩაჩანიძე შეუშვეს, რომელსაც ძირითად 40-წუთეულში არ უთამაშია. ჩაჩანიძემ მიჯრით 11 ქულა მიითვალა – მან 3 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ზედიზედ ჩააგდო და „რუსთავმა“ ოვერტაიმის 13:0 მოგებით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა – 85:72.

„რუსთავის“ შემადგენლობაში 22 ქულით ბომბარდირი მიხეილ ჭოჭუა გახდა. ლევან ცეკვავამ 15 ქულა დააგროვა, 14 ტენერნს ოგლზბის ანგარიშზეა, ხოლო აკაკი დვალიშვილმა ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „ოლიმპში“ 17 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო შედეგი მარკო დუიკოვიჩს ჰქონდა. ნოდარ გოგოძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა.

სერიაში რუსთავე;ები 2:0 დაწინაურდნენ, მორიგი მატჩი კი 8 მაისს თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. ძალიან დაძაბული და აინტერესო მატჩი გამოდგა. დამატებით დროში ჩვენმა გუნდმა მეტი შემართება გამოავლინა და ამ გამარჯვების წყალობით სერიაში 2:0 დავწინაურდით. ვეცდებით, სერია ჩვენს სასარგებლოდ თბილისში დავსრულოთ“.

გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:

„კარგი მატჩი გამოვიდა. დამატებით დროში ვერ მოვახერხეთ მობილიზება. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და თბილისში დიდ ბრძოლას ვპირდებით“.