ქუთაისმა შსს აკადემია დაამარცხა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

საინტერესო და დაძაბული გამოდგა სუპერლიგის ბოლო ტურის მორიგი შეხვედრა ,,ქუთაისსა’’ და ,,შსს აკადემიას’’ შორის. სატურნირო ცხრილის ლიდერი აკადემია მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დამარცხდა ,,ქუთაისთან’’.  შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბარი გამოდგა, თუმცა სტუმრებმა 3-ქულიანი ლიდერობის მოპოვება მაინც მოახერხეს – 17:20. მეორე მეოთხედში კი მასპინძლები გაცილებით შედეგიანად ათამაშდნენ, მეტოქეს 13:0 გაქცევა მოუწყვეს და დიდი შესვენებისთვის საიმედო 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 43:32.

მეორე ნახევრის დასაწყისში კვლავ აკადემიელები გააქტიურდნენ და მესამე პერიოდის შუაში სხვაობა 3-ქულამდე შეამცირეს – 47:44. თუმცა, გიორგი ბარბაქაძის და ზაურ ფაშაევის შედეგიანობით ქუთაისელებმა ისევ მოახერხეს წინ გასვლა და ბოლო პერიოდს 10-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 62:52.

მაყურებელმა დაძაბული 10-წუთეული იხილა, ,,შსს აკადემიამ’’ ბოლო მეოთხედის დასაწყისში კვლავ შეამცირა სხვაობა და თუმცა ,,ქუთაისი’’ რამდენიმე ქულით ლიდერობდა, ეს უპირატესობა საიმედო არ ყოფილა. ეს მალევე დამტკიცდა – მატჩის დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე როგავას, ჩიკვილაძის და ლომოურის ზუსტი თამაშის წყალობით სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს – 69:68. ცხადი იყო, რომ ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდებოდა და ასეც მოხდა.

ბოლო წამებში კი, როცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა, ნაკლები შეცდომა დაუშვეს და მეტი სიზუსტე გამოავლინეს ქუთაისელებმა და შეხვედრა მათ სასარგებლოდ – 76:74 დასრულდა.

ქუთაისელებს გამარჯვებისკენ გიორგი ბარბაქაძე გაუძღვა 19 ქულით. ,,შსს აკადემიას’’ ასევე 19 ქულით კაკი ლომოურმა ულიდერა, 16 ქულა ჰქონდა რევაზ როგავას, 12 ქულა მიითვალა გიორგი ცინცაძემ, გიორგი შარაბიძემ და ბექა წივწივაძემ კი შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. გიორგი შარაბიძემ 10 მოხსნაც მოაგროვა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ რუსთავსა და თბილისში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მედეა მხეიძე („ქუთაისის“ მთავარი მწვრთნელის ასიისტენტი):  იყო გარკვეული შეცდომები, როგორც ჩვენი, ასევე მოთამაშეების მხრიდან, თუმცა მთავარია ყველაფერი მშვიდობით და ჩვენი დადებითი რეზულტატით დასრულდა. დაძაბული ფონი იყო და  მეორე ტაიმში, როცა წინ სოლიდური სხვაობით გავედით, დიდი ენერგია წაგვართვა ემოციებმა. ეს ჩვენს ფიზიკურ კონდიციებზე აისახა, თუმცა ჩვენმა ბიჭების მონდომების, ძალისხმევის, პროფესიონალიზმისა და კლასის ხარჯზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. ვფიქრობ, წინ გაცილებით საინტერესო მე-2 წრე გველოდება. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც  ყოველთვის გვერდით გვიდგანან. მივულოცავ ამ წარმატებას მათ და ზოგადად ყველას, ვისაც ჩვენი მოგება გაუხარდა.

კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ქუთაისში მოსაგებად ჩამოვედით და ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. მთელი სამი მეოთხედი ვიბრძოლეთ და გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ძალიან ცუდად ჩავატარეთ. დავუშვით შეცდომები და არც გაგვიმართლა. ასევე მინდა აღვნიშნო ცუდი მსაჯობა. ვფიქრობ, მსაჯებმა გადამწყვეტ და სადაო მომენტებში არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს.

superleague.ge

ოლიმპის გმირობა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სუპერლიგის მე-6 ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ჩემპიონატში 1 წაგების მქონე ,,რუსთავი’’ 1 მოგების მქონე ,,ოლიმპთან’’ დამარცხდა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა გმირულად ითამაშეს და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს მწარე მარცხი აგემეს.

,,რუსთავი’’ უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ,,ოლიმპი’’ რომ იოლად არაფერს დათმობდა, ეს წინასწარ იყო ცნობილი. გია კაზანჯიანის გუნდი ხომ ნებისმიერ მეტოქესთან მატჩში ბოლომდე იბრძოდა და, ძირითადად, ბოლო წუთებში აგებდა.

სწორედ ამ მომენტზე გააკეთა ნამატჩევს კომენტარი გია კაზანჯიანმა, ,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელის თქმით, არსებობდა საფრთხე, რომ ბოლო წუთებზე, სადამდეც თამაში თანაბარი იყო, შედარებით გამოცდილი ,,რუსთავი’’ იმარჯვებდა. კაზანჯიანის გუნდს გამოუცდელობის გამო არაერთი მატჩი წაუგია ,,რუსთავზე’’ არანაკლებ ძლიერ მეტოქეებთან.

,,ოლიმპის’’ კალათბურთელებმა მხოლოდ ბრძოლის ხარჯზე როდი მოიგეს. კაზანჯიანის გუნდის წევრებმა გამორჩეული სიზუსტე გამოავლინეს და მატჩში მთლიანობაში 13 3-ქულიანი ჩააგდეს. ზუსტმა შორმა სროლებმა გადაფარა ის ხარვეზი, რომელიც ოლიმპელებს საჯარიმო სროლების დროს ჰქონდათ – 27-დან 12 საჯარიმოს ჩამგდებ გუნდს მოგებაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, თუმცა, ამის მიუხედავად, ,,ოლიმპმა’’ ზუსტი სამქულიანების ხარჯზე მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

თანაბარი ბრძოლა ბოლო მეოთხედამდე გაგრძელდა. ,,ოლიმპმა’’ ხელჩასაჭიდი უპირატესობა რამდენჯერმე მოიპოვა, თუმცა რუსთაველებმა ჩამორჩენის გაბათილება მყისიერად მოახერხეს. როცა თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ოლიმპელების უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა, რუსთაველები სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, მაგრამ მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა ვითარების შეცვლა ვერ მოახერხა.ეს, რა თქმა უნდა, ოლიმპელთა საზრიანი თამაშის გამო მოხდა – გადამწყვეტ მომენტში მოედანზე მყოფმა თითოეულმა ოლიმპელმა თავგანწირულ ბრძოლას სროლათა სიზუსტეც მოაყოლა და თამაში ისე ჩამთავრდა, ,,რუსთავს’’ მისი გადარჩენის შანსი არ მისცემია.

,,ოლიმპს’’ გამარჯვებისკენ 5 სამქულიანის ჩამგდები ნოდო გოგოძე გაუძღვა, მან მთლიანობაში 26 ქულა დააგროვა, 3 სამიანი და 11 ქულა ჩააგდო ოლიმპელთა გამთამაშებელმა ნუგზარ აბულაძემ, კოკა ტომარაძემ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

რუსთაველთა შორის 21 ქულით საუკეთესო იყო გოგა ცეკვავა, მიხეილ ჭოჭუამ 18 ქულა დააგროვა, აკაკი დვალიშვილმა კი ორმაგი დუბლი გაიფორმა – 16ქულა, 12 მოხსნა.

 

სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტური 26-27 დეკემბერს საქართველოს 4 ქალაქში – რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გია კაზანჯიანი(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ვულოცავ ჩემს ბიჭებს გამარჯვებას, მადლობა მათ მონდომებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის. წინა თამაშებში 30-35 წუთი კარგად ვთამაშობდით და ბოლო წუთებში ვაგებდით ხოლმე, დღესაც გვქონდა შიში, რომ იგივე ბავშვური შეცდომები არ გაგვემეორებინა. საბედნიეროდ, დღეს ბოლომდე მოვახერხეთ შედარებით კარგი და ნორმალური თამაში. მინდა აღვნიშნო, რომ 13 3-ქულიანი ჩავაგდეთ და ეს დიდი პლიუსია, ამის დამსახურებაცაა, რომ მოვუგეთ ჩვენზე ბევრად ძლიერ და გამოცდილ გუნდს. თუმცა წინ კიდევ გვაქვს რთული შეხვედრა ,,ბათუმის’’ წინააღმდეგ. 3 იანვარს ლატვიაში მივემგზავრებით შეკრებაზე სუპერლიგის და 20-წლამდელთა გუნდები. შესაძლოა, ახალგაზრდა ლეგიონერიც დავიმატოთ. ეს ყველაფერი დაგვეხმარება მეორე წრეში კიდევ უფრო უკეთესად ვიასპარეზოთ.

ბადრი კიკვიძე(,,რუსთავის’’ მწვრთნელი): მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას. რაც შეეხება თამაშს, საშინლად ვიასპარეზეთ, განსაკუთრებით, თავდასხმაში. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო.

ნოდო გოგოძე(,,ოლიმპი’’): მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. დაძაბული შეხვედრა გამოდგა და ასეც ველოდით. ძალიან სასიხარულოა, რომ ამდენი წაგების შემდეგ მოვახერხეთ მოგება, წინა თამაშებისგან განსხვავებით, ბოლომდე შევინარჩუნეთ კონცენტრაცია, სამქულიანებიც წაგვივიდა და გავიმარჯვეთ. იყო შეცდომები, თუმცა შევეცდებით გამოვასწოროთ და უფრო მოვუმატოთ.

superleague.ge

ქუთაისმა სოხუმს მე-4 მარცხი აგემა

გასულ სეზონთან შედარებით „სოხუმი“ დასუსტებულია. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო – ამჯერად „ქუთაისთან“.

არადა, თავიდან სოხუმელები ტოლს არაფერში უდებდნენ ქუთაისელებს. პირველი მეოთხედი სტუმრებმა მხოლოდ 1 ქულის სხვაობით – 16:15 მოიგეს. მეორე პერიოდში კი ვიცე-ჩემპიონმა ქუთაისელებმა თამაში გამოასწორეს და ზაურ ფაშაევის, გიორგი ბარბაქაძის და ბუბა კვიმსაძის შედეგიანობით დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უირატესობით გავიდნენ – 38:33.

მესამე პერიოდიდან ვითარება შეიცვალა. ქუთაისელებმა მოახერხეს სათამაშო უპირატესობის მოპოვება და ლიდერობა ხელჩასაჭიდი გახადეს. იმერული კლუბის უპირატესობამ მესამე მეოთხედში 15 ქულას მიაღწია, რის შემდეგაც სოხუმელებს წარმატების შანსი აღარ ჰქონიათ.

საბოლოოდ“ქუთაისმა“ 83:67 გაიმარჯვა. ფაშაევმა 17 ქულით ბომბარდირობა შეითავსა, 15 ქულა დააგროვა გიორგი ბრბაქაძემ, ხოლო კვიმსაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან 23 ქულითა და 13 მოხსნით გრიგოლ შვანგირაძე გამოირჩა, ხოლო ირაკლი ჩლაიძემ 13 ქულა დააგროვა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას. მე აღვნიშნე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, რომ შანსი მეტი ჰქონდათ. ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია, ყველა კომპონენტში დალაგებული არიან და მომზადებაც ყველაზე ადრე დაიწყეს. ამიტომ, ლოგიკურია, რომ გაიმარჯვეს. ჩვენ ძიებაში ვართ, ფორმაში შესვლას ვცდილობთ. ვეცდებით, გამოვასწოროთ შეცდომები და გავძლიერდეთ, ალბათ, პირველ და მეხუთე ნომერს ჩამოვიყვანთ, სხვა გზა არ გვაქვს.

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ჩემს გუნდს და გულშემატკივრებს ამ წარმატებას, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ კრიტიკა აუცილებელია.  მიუხედავად დადებითი შედეგისა, გუნდი, ფაქტობრივად, ვერ აჩვენებს იმას, რასაც მისგან სამწვრთნელო შტაბი მოითხოვს. არასრულყოფილი სავარჯიშო ბაზის გამო ჩვენი შედეგი არის არასახარბიელო და არასაკმარისი იმისთვის, რომ შემდგომში ვისაუბროთ დადებით შედეგებზე. მინდა ვისურვო, რომ  ეს თამაში იყოს ამ სეზონში ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი.

 

ვატო ბააკაშვილი(,,სოხუმი’’): ოთხიდან ოთხივე შეხვედრა წავაგეთ და ერთ-ერთი აუტსაიდერები ვართ. ასეთი რამ მაშინაც არ მომხდარა, როცა ძალიან რთულ პირობებში იყო გუნდი. იმედია, მწვრთნელები შეძლებენ გუნდში ცვლილებების განხორციელებას და გამარჯვებებსაც მოვიპოვებთ.

superleague.ge

დინამო ერთპიროვნულად გალიდერდა

სუპერლიგის მეოთხე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ გათამაშების ლიდერები, დაუმარცხებლად მოასპარეზე თბილისის „დინამო“ და „რუსთავი“ წარსდგნენ.

სპორტის სასახლეში შეკრებილი გულშემატკირები აღნიშნულ შეხვედრაში დაძაბული დაპირისპირების მოლოდინში იყვნენ, თუმცა მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან შეძლეს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება და სასტარტო მეოთხედიც მათი გამარჯვებით, 25:11 დასრულდა. სოლიდური უპირატესობა მეორე პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა, რაც პირველ რიგში ლეჟავას და ლონდარიძის კარგი თამაშით იყო განპირობებული. საბოლოოდ, დიდ შესვენებაზე თბილისელები 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 46:27.

შეხვედრას ინტრიგა მესამე პერიოდში დაუბრუნდა, როდესაც სტუმრებმა სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს, რაც ჰამსის და დვალიშვილის ზუსტი ტყორცნებით მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის „დინამოელთა“ რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო, ილია ლონდარიძე 4 პერსონალურის გამო ირაკლი ხოშტარიამ სათადარიგოთა სკამზე დასვა, რაც ანგარიშზეც აისახა. საბოლოოდ, ყველლაფერი მატჩის ბოლო წუთებზე გადაწყდა. საკმაოდ დაძაბულად მიმდინარე მეოთხე პერიოდის დასკვნით ნაწილში „დინამომ“ უეკთ იასპარეზა და ზედიზედ მეოთხე გამაარჯვებასთან ერთად ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობაც მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ბომბარდირი 30 ქულით „დინამოელი“ ბესიკ ლეჟავა გახდა, ხოლო რუსთაველთა შემადგენლობაში საუკეთესოები ჭოჭუა (20 ქ.) იყო

დინამო 80-74 რუსთავი

გიორგი ვახანია_098645 ბესიკ ლეჟავა_977650944 ბესიკ ლეჟავა_97765 ლაშა გამყრელიძე_085446 დინამო-რუსთავი_085605432 დინამო-რუსთავი_085605

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები 

JOMA სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი გახდა

2014-15 წლების სეზონში სუპერლიგის ტექნიკური პარტნიორი ესპანური სპორტული ეკიპირების ბრენდის JOMA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სპორტული სააგენტო SBM გახდა.

დღეს, სპორტის სასახლეში მხარეებმა პრესკონფერენცია გამარტეს, რომელზეეც თანამშრომლობის დამადასტურებელი მემორანდუმიც გააფორმეს.

ალეკო პეტრიაშვილი (სპერლიგის საშეჯიბრო დეპარტამენტის დირექტორი): “მოხარულები ვართ, რომ JOMA-ს სასხით სუპერლიგამ კიდევ ერთი პარტნიორი შეიძინა. დღეს გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით სუპერლიგის სამსაჯო კორპუსი სწორედ აღნიშნული კომპანიის ეკიპირებით შეიმოსება.”

ზაალ ჩიტალზე (სპოარტული სააგენტო SBM): „ჩვენთვის დიდ პატივია ვიყოთ სუპერლიგის პარტნიორები. ჩვენი კომპანიის პრეიორიტეტი ქართული სპორტის მხარდჭერაა. იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ამ სეზონით არ შემოიფარგლება და უფრო გრძელვადიან სახეს გადაიზრდება.

 

ოლიმპი დინამოს ბოლომდე გაუძალიანდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

„დინამოსა“ და „ოლიმპის“ საინტერესო დაპირისპირებით დასრულდა სუპერლიგის მე-3 ტური. ანგარიშში სხვაობა კი საკმაოდ დიდი, თუმცა თამაშის მსვლელობაზე, ტემპსა და სისწრაფეზე აუგს ვერავინ იტყვის. მაყურებელმა სწრაფი, ლაღი და ჟინიანი ორთაბრძოლა იხილა.

საბოლოოდ გამარჯვებულმა „დინამომ“ ხელჩასაჭიდი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა, მანამდე კი სამაგალითოდ მებრძოლი ოლიმპელები მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდნენ. ის კი არა, გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა „ოლიმპმა“ პირველი ტაიმი 2 ქულით – 49:47 მოიგო. ახალგაზრდები გუნდურად და შემართებით თამაშობდნენ და მოქმედ ჩემპიონს საქმე სანერვიულოდ გაუხადეს.

მესამე მეოთხედში დინამოელებმა მაინც თავისი გაიტანეს. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ძირითადად კლასის ხარჯზე მოახერხა მეტოქის ჩამოტოვება. შეუჩერებელი იყო ეროვნული ნაკრების წევრი ბესო ლეჟავა, რომელმაც მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა. „დინამოს“ უკანახაზელმა 11-დან 7 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 37 ქულა შეადგინა.

ამ შედეგიანობას ის მოჰყვა,რომ ლეჟავას გუნდმა მესამე მეოთხედი 27:12 მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ 13 ქულით დაწინაურდა. მიუხედავად ჩამორჩენისა, „ოლიმპი“ არ ტყდებოდა და ბოლომდე იბრძოდა. საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა და ბევრად გამოცდილმა და ძლიერმა გუნდმა მრგვალი ანგარიშით იმარჯვა – 100:80.

„დინამოში“ ზემოთხსენებულ ლეჟავასთან ერთად ლაშა გამყრელიძე გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი – 20 ქულა და 10 პასი მიითვალა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ილია ლონდარიძემ. „ოლიმპში“ 15 ქულით საუკეთესო კოკა ტომარაძე გახდლათ, 10-10 ქულა კი სამმა მოთამაშემ – გეგი ბაქრაძემ, ნოდარ გოგოძემ და ზუკა მაჩალაძემ დააგროვეს.

სუპერლიგის მომდევნო, მე-4 ტური 15 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მოვიგეთ, რაც სასიხარულოა, თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კატასტროფული შედეგი გვაქვს. ფარი წავაგეთ, 14 დაკარგვა გვაქვს, 49 ქულა მივიღეთ პირველ ნახევარში… ამის შემდეგ რთულია თამაშის შემობრუნება, თუმცა მობილიზების და გამოცდილების ხარჯზე მოვახერხეთ დაცვაში თამაში დაგველაგებინა. მე-3 შეხვედრა იყო და ბიჭები ნელ-ნელა უმატებენ, უკეთესად გამოიყურებიან ბოლო პერიოდში, ვიდრე ეს წინა თამაშებში იყო. ,,ოლიმპს’’ წარმატებებს ვუსურვებ, საინტერესოა მათ წინააღმდეგ ასპარეზობა, დალაგებულად თამაში რთულია, რადგან ხშირად ცვლიან ტაქტიკას. იმედია, ჩვენ უკეთეს კონდიციებში შევალთ.

superleauge.ge

გია კაზანჯიანია(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): მივულოცავ ირაკლის და მთელ ,,დინამოს’’ დამსახურებულ გამარჯვებას. გამოცდილების ხარჯზე გვაჯობეს, მინდა აღვნიშნო ლაშა გამყრელიძის გამორჩეული თამაში, ყოველთვის იცის, როდის გასცეს პასი, როდის შეუტიოს… მეორე ტაიმში ვეღარ მოვახერხეთ თამაშის შემობრუნება. ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებთ და მომავალში უფრო სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებთ.

ნუგო აბულაძე(,,ოლიმპი’’): პირველ რიგში, ვულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. მე, როგორც კაპიტანი, ჩემს თავზე ვიღებ ამ დამარცხებას, ვერ დავაწყვე გუნდი ისე, რომ მოგვეგო. არადა, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, პირველ შეტევაში ვჯობდით მეტოქეს. ვიმედოვნებ, მომავალში ასეთ რამ აღარ მოხდება.

,,ბათუმმა” ,,მგზავრები-არმიასთან” 17 ქულით იმარჯვა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

გუშინ რუსთავში დაწყებული მე-3 ტური დღეს თბილისში გრძელდება.  3 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა. „ბათუმმა“ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა „მგზავრები-არმიასთან“, რომელიც ანგარიშით 72:57 დაამარცხა.

„მგზავრები-არმია“ ახალგაზრდა კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული და როგორც ჩანს, ჩემპიონატში მოკრძალებული ამბიცია აქვს. არც „ბათუმს“ აკლია ახალგაზრდები, თუმცა მიხეილ კობეშავიძის გუნდი 2 ლეგიონერითაა გაძლიერებული და გაცილებით შორსმიმავალი გეგმები აქვს.

ამ გუნდების დაპირისპირებაში რომ ზღვისპირელებს ჰქონდათ უპირატესობა, ყველამ კარგად იცოდა და ეს თამაშის მსვლელობამაც გამოაჩინა. პირველი მეოთხედი ბათუმელებმა 24:15 მოიგეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს.

ისევე როგორც გასულ სეზონში, ბათუმელთა გამწევი ძალა ახლაც ლეგიონერები არიან. მართალია, უცხოელები მხოლოდ ორნი არიან, თუმცა საკმაოდ მაღალი კლასისანი და გუნდში ლიდერის ფუნქციებიც აკისრიათ. გამთამაშებელმა ნიკოლას კელოგმა 23 ქულა დააგროვა, ხოლო ცენტრმა კრისტოფერ ფელჩერმა პირად ანგარიშზე 20 ქულა, 16 მოხსნა და 4 დაფარება ჩაიწერა.

მატჩის მეორე ტაიმი 20-ქულიანი სხვაობის ზღვარზე მიდიოდა. სტუმართა ლიდერობა ხან აცდებოდა აღნიშნულ ნიშნულს, ხან – ჩამოცდებოდა. საბოლოოდ, ზღვისპირელებმა 17 ქულით იმარჯვეს და მიმდინარე ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეეხებათ „მგზავრებს“, გუნდს დავით მაისურაძემ ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი – 16 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ანატოლი ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთბელი): მივულოცავ მოწინააღმდეგეს ღირსეულ გამარჯვებას, ძალიან ძლიერი გუნდია, ორი ლეგიონერი ჰყავთ. ჩვენ ბევრი შეცდომა გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, თუმცა წინა თამაშებთან შედარებით მაინც კმაყოფილი ვარ. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული დღე გამოვიყენოთ და შეცდომები შევამციროთ. იმედია, მომავალში უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაში ხარისხით არ ვარ კმაყოფილი. ,,მგზავრები-არმია’’ ახლადშეკრებილი გუნდია და მეტს ველოდი ჩემი მოთამაშეებისგან. თუმცა, ამხანაგური მატჩები არ ჩაგვიტარებია, ჯერ შეთამაშება ძალიან გვაკლია, ფაქტობრივად, ახალი გუნდი ვართ. წინა წლის შემადგენლობიდან მხოლოდ 2 მოთამაშეა დარჩენილი და ძნელია, ასეთ პირობებში მალე აჩვენო შედეგი.

ლევან რევაზაშვილი(,,ბათუმი’’): მივულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას, ძალიან გვინდოდა მოგება და მიზანს მივაღწიეთ. მართალია, გვქონდა ხარვეზები, თუმცა იმედია მოვახერხებთ მათ გამოსწორებას.

superleague.ge

აკადემიამ სოხუმს აჯობა

სპორტის სასახლეში გამართულ სუპერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთის წინააღმდეგ „შსს-აკადემია“ და „სოხუმი“ წარსდგნენ. მატჩის წინ ორივე გუნდის დამრიგებელი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა როგორც მოგვიანებით  გაირკვა ამის საფუძველი კოტე ტუღუშს უფრო ჰქონდა.

შეხვედრის პირველი მეოთხედი თანაბრად წარიმართა და საბოლოოდ ნომინალური მასპინძლების მცირე, 4-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. სოხუმელთა შემაგენლობაში ტრადიციულად ჩლაიძე გამოირჩეოდა, ხოლო ტუღუშის გუნდში თამაში საკუთარ თავზე რამდენიმე მოთამაშემ აიღო. მეოთხედის ბოლო წუთზე გუნდებმა ზუსტი სამიანები გაცვალეს. ფარღალავას ზუსტ ტყორცნას შეტევის ბოლო წამზე ლომოურმა უპასუხა.

მეორე პერიოდი სოხუმელებმა აქტიურად დაიწყეს და ფაღალავა-ჯგერენაიას ძალისხმევით ჩამორჩენაც აღმოფრქვეს და დაწინაურებაც მოახერხეს.  თუმცა, შეხვედრის საერთო სურათი არ შეცვლილა და საკმაოდ თანაბრად, ქულა-ქულაში მიმდინარე მატჩის პირელი ტაიმი სოხუმელთა მინიმალური გამარჯვებით, 42:43 დასრულდა.

ასეთი ანგარიში შესვენებისთვის განკუთვნილი 12 წუთის გარდა, თამაშის განახლებიდან  3 წუთის განმავლობაში არ შეცვლილა მესამე პერიოდში პირველი ქულები შარაბიძემ მოიპოვა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა“აკადემიას“ ცენტრმა მალევე პერსონალურთან ერთად ტექნიკურიც მიიღო და 5 პერსონალურით მოედანი ნაადრევად დატოვა. საინტერესოა, რომ ყველაზე შედეგიანი მოთამაშის გასვლა „შსს“-ს არ დაეტყო. ტუღუშის შეგირდებმა, მნიშვნელოვანი უპირატესობაც სწორედ ამ დროს, ფაცაციას და ჩიკვილაძის კარგი თამაშის წყალობით მოიპოვეს, რომელიც გადამწვეტ მეოთხედში წივწივაძე-ლომორუის ზუსტი ტყორცნებით კიდევ უფრო გაზარდეს. საბოლოოდ ტუღუშის გუნდმა 11-ქულიანი (85-74) სხვაობა დააფიქსირა და სეზონში მეორე გამარჯვებაც მოიპოვა.

„შსს“-ს შემადეგნლობაში ყველაზე შედეგიანი ბექა წივწივაძე გახდა (18 ქ.), ხოლო „სოხუმს“ 27 ქულით ჩლაიძემ ულიდერა.

სეზონის პირველი ოვერტაიმი

ხალი სეზონის დაწყებასთან ერთად სუპერლიგის საიტზე განახლდა რუბრიკა ,,ოვერტაიმი’’, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე კალათბურთელებს უფრო ახლოს გაგაცნობთ. რუბრიკის პირველი სტუმრები ,,ოლიმპის’’ ლიდერები – ნუგო აბულაძე და ნოდო გოგოძე არიან.

წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში ,,ოლიმპი’’ ახალი მწვრთნელით და შეცვლილი შემადგნელობით იასპარეზებს. სუპერლიგაში ეს ყველაზე ახალგაზრდული გუნდია და დუდუ დადიანის მემორიალის და ჩემპიონატის პირველი 2 ტურის შემდეგ საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. მე-2 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ,,ოლიმპმა’’ ,,სოხუმი’’ 98:75 დაამარცხა. თამაშის დასრულების შემდეგ სპორტკომპლექს ,,არენაში’’ გუნდის ახალგაზრდა კაპიტან ნუგო აბულაძეს და ასევე ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა კალათბურთელს – ნოდო გოგოძეს ვესაუბრეთ.

 

  1. 1.    როგორ შეხვდა ,,ოლიმპი’’ ახალი სეზონის დაწყებას?

ნოდო: წინა სეზონთან შედარებით გუნდი მთლიანად შეიცვალა, შარშანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა დარჩენილი. წელს უფრო ახალგაზრდული გუნდი ვართ, საკმაოდ სერიოზულად ვემზადებით სექტემბრიდან, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ძალიან დიდი ენთუზიაზმით შევხვდით სეზონის დაწყებას. ,,სოხუმთან’’ მეორე ტურში პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ და ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა.

ნუგო: 2 თვეა, რაც შევიკრიბეთ და მართლა ძალიან ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. როგორც ნოდომ აღნიშნა, პირველი გამარჯვება ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, საკმაოდ გამოცდილი და კარგი გუნდი დავამარცხეთ, თანაც, დიდი სხვაობით. ასევე ძალიან ძლიერ გუნდებთან დუდუ დადიანის მემორიალზე და სუპერლიგის პირველ ტურში ბოლო წუთებზე წავაგეთ. ახალგაზრდული გუნდი ვართ, ჩვენი პლიუსი სწრაფი თამაშია, მართალია, ბევრ შეცდომას ვუშვებთ, თუმცა მოწინააღმდეგესაც ბევრ შეცდომას ვაშვებინებთ და, როგორც ამბობენ, უხერხული მეტოქე ვართ. ეს ძალიან გვიხარია.

 

  1. 2.    როგორი ატმოსფეროა გუნდში? მოედნის გარეთ თუ მეგობრობთ?

ნუგო: ბიჭები ხშირად ვლაპარაკობთ იმაზე, რომ აქამდე არავინ ყოფილა ისეთ სიტუაციაში, როგორც ,,ოლიმპში’’ ვართ. ყველა ვმეგობრობთ, დროის ძალიან დიდ ნაწილს ვატარებთ ერთად და ეს გვეხმარება, ამასთან ერთად მოდის მოგება და წარმატება.

ნოდო: გუნდური თამაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა მოედანს გარეთ მეგობრობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ამის გარეშე არაფერი გამოვა. ამ მხრივ ჩვენ ნამდვილად გაგვიმართლა, შეკრული გუნდი ვართ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.

 

  1. 3.    რა მოლოდინები და ამბიციები აქვს სუპერლიგაში ,,ოლიმპს?’’

ნუგო: მე და ნოდო უკანახაზელები ვართ, ,,რუსთავთანაც’’ და ,,ქუთაისთანაც’’ გადამწყვეტ მომენტში ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო წავაგეთ, ,,სოხუმთან’’ ბოლო ტურში ბევრად უკეთ ვითამაშეთ, ის ბავშვური შეცდომები არ გავიმეორეთ, ლიდერობა თავიდანვე მოვიპოვეთ და ბოლომდე შევინარჩუნეთ. ვფიქრობ, ასე თუ გავაგრძელებთ, უფრო და უფრო კარგ შედეგს ვაჩვენებთ. თუ იანვრის შემდეგ გუნდებმა ლეგიონერები არ ჩამოიყვანეს, შეგვიძლია ოთხეულისთვის ვითამაშოთ და ვიბრძოლოთ ისე, რომ ყველას გაუჭირდება ჩვენთან თამაში.

ნოდო: ჩემპიონატის რამდენიმე ფავორიტ გუნდს ვეთამაშეთ – ,,დინამოს’’, ,,რუსთავს’’, ,,ქუთაისს’’… ,,დინამოსთან’’ მემორიალზე უშანსოდ წავაგეთ, მაგრამ დანარჩენ გუნდებთან დაძაბული თამაშები გვქონდა და გამოჩნდა ჩვენი შესაძლებლობები. თუ ლეგიონრებით არ გაძლიერდებიან სხვა გუნდები, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით და მოგების პრეტენზიაც გვექნება, ასე რომ , შესაძლოა საკმაოდ მაღალი მიზნებისთვისაც ვიბრძოლოთ.

  1. 4.    რამდენად ბევრს ნიშნავს ახალგაზრდა მოთამაშისთვის სუპერლიგაში თამაში?

ნუგო: დუდუ დადიანის მემორიალზეც და სუპერლიგის პირველ ტურშიც გამოცდილების ნაკლებობის გამო წავაგეთ. თუმცა, ნელ-ნელა მოვუმატებთ. ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა გამყრელიძის, ფაშაევის და ასეთი კალათბურთელების წინააღმდეგ თამაში, ეს დიდი სტიმულს მაძლევს და უფრო მონდომებული ვარ. გამოცდილების ხარჯზე ხშირად ისეთ რამეს აკეთებენ, რასაც მე ჯერ ვერ ვფიქრობ. თამაშის ვიდეონალიზს ვაკეთებთ ხოლმე და ვაკვირდებით ამ ყველაფერს, მათგან ბევრს ვსწავლობ ჯერ მოედანზე და შემდეგ ჩანაწერის ყურებისას.

ნოდო: ჩვენთვის ისეთი მოთამაშეების წინააღმდეგ ასპარეზობა, როგორებიც ლეჟავა, გამყრელიძე და სხვები არიან, ბევრს ნიშნავს. ეროვნულ ნაკრებში აქვთ ნათამაშები, კარგი კარიერა აქვთ და მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

 

  1. 5.    რამდენიმე დღეში 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება. წინასწარ თუ შეგიძლიათ გუნდის მიზნებზე საუბარი?

ნუგო: გუნდში ნაკრების სავარაუდო კანდიდატები მრავლად გვყავს, 2 მაღალი მოთამაშე, პულუზაშვილი და გამრეკლიძე, რომლებიც ნაკრებში უნდა იყვნენ, ასევე ჩვენთან არიან. ნამდვილად ძლიერი გუნდი ვართ და თავიდანვე შემიძლია ვთქვა, რომ აქცენტს ჩემპიონობაზე ვაკეთებთ. ვემზადებით აქტიურად და ვნახოთ, რა გამოვა.

 

  1. 6.    რას იტყვით 20-წლამდელთა ნაკრების გამოსვლაზე ევროპის ჩემპიონატის ‘’ბ’’ დივიზიონში?

ნოდო: ნაკრებს რამდენიმე ძლიერი მოთამაშე არ ჰყავდა, ზოგი ტრავმის, ზოგი დისკვალიფიკაციის გამო. ამანაც იქონია შედეგზე გავლენა. ყველა რომ ვყოფილიყავით, ალბათ, უკეთესად ვიასპარეზებდით.

ნუგო:  ნაკრებში ისეთი სიტუაცია რომ ყოფილიყო, როგორიც დღეს ჩვენს გუნდშია და  ასეთი კალათბურთი რომ გვეთამაშა, დარწმუნებული ვარ, ბევრს მივაღწევდით. ეს ყველაფერი მწვრთნელების ტაქტიკასა და მიდგომაზეა დამოკიდებული. სწორედ ამის დამტკიცება გვინდა ,,ოლიმპს’’, რომ ახალგაზრდებს ბევრი შეგვიძლია. ხშირად ლაპარაკობენ, რომ კალათბურთს მომავალი არ აქვს, თუმცა ეს ასე არ არის. მთავარი ტაქტიკა, სწორი მიდგომა და ბიჭებს შორის ურთიერთობაა. ეს ყველაფერი კი მენეჯმენტიდან და სამწვრთნელო შტაბიდან მოდის.

 

  1. 7.    როდის დაიწყეთ კალათბურთის თამაში? მოგვიყევით თქვენი კარიერის შესახებ.

ნუგო: ბავშვობაში ფეხბურთელობა მინდოდა, დელ პიეროს ფანი ვიყავი და კალათბურთის პირველ ვარჯიშზეც მისი ფორმით მივედი ზურაბ სამხარაძესთან, რომელიც მამაჩემის მწვრთნელი იყო. კალათბურთი პირველივე ვარჯიშიდან ძალიან შემიყვარდა. მანამდე მამაჩემს დავყვებოდი ხოლმე თამაშებზე და მამას, რა თქმა უნდა, ჰქონდა გავლენა. 7 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე. 13 წლის ასაკიში დავით თორთლაძესთან გადავედი და მასთან ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ძალიან ბევრი ვისწავლე მისგან, ფიზიკურად და ტექნიკურად ძალიან გამაძლიერა. ესპანეთშიც ვიყავი და წელს ,,ოლიმპში’’ ვარ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება, შემოთავაზებები მაქვს და იმედია, მოვახერხებ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებას.

ნოდო: კალათბურთს 7 წლიდან ვთამაშობ, ვარჯიში ქუთაისში დავიწყე მალხაზ კოხრეიძესთან, მასთან ავთანდილ აფრიდონიძემ მიმიყვანა. ძალიან ბევრი კარგი მწვრთნელი მყავდა, მათ შორის იყო გელა დარსაძეც, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. 12 წლის რომ ვიყავი, 1 წლით დავანებე კალათბურთს თავი, თუმცა როცა დავბრუნდი, მივხვდი, რომ ეს აღარ უნდა მომხდარიყო და იმის მერე ვთამაშობ. ბევრი გუნდი და მწვრთნელი გამოვიცვალე და მინდა ყველას მადლობა ვუთხრა, სათითაოდ ყველაზე ვერ ვისაუბრებ, არ მინდა ვინმე გამომრჩეს.

 

  1. 8.    რომელი იყო თქვენთვის ემოციურად ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში?

ნუგო: ჩემთვის ნაკრებში პირველი წელი იყო, როცა 16-წლამდელები მაკედონიას ვეთამაშებოდით მათ მოედანზე. ძალიან რთული თამაში იყო, ოვერტაიმი ვითამაშეთ, გადამწყვეტი ბურთი ჩავაგდე და მოვიგეთ. ეს გამარჯვება დღემდე გამორჩეულად მახსოვს. წაგებებიდან ყველაზე ცუდად წელს უკრაინასთან დამარცხება მახსენდება. ბოლო 6 წამში საოცარი ბურთი ჩაგვიგდეს და მოგვიგეს.

ნოდო: ყველაზე მეტად განვიცადე 20-წლამდელთა ფინალში წაგება ,,სოხუმთან’’. ძალიან კარგი გუნდი ვიყავით, კარგი სეზონი გვქონდა, ყველა გუნდს დიდი სხვაობით ვუგებდით, ფინალში არ ვიცი, რა დაგვემართა, სერია 2:0 წავაგეთ და ეს დღემდე ყველაზე ცუდად მახსენდება.

 

  1. 9.    რაიმე განსაკუთრებული წესი ხომ არ გაქვთ თამაშისთვის მოსამზადებლად?

ნუგო: ამას წესს ვერ დავარქმევ, უბრალოდ თამაშის წინა დღეს ვარჯიში გვაქვს დილის 7 საათზე J

ნოდო: წინა დღეს აუცილებლად ვუყურებთ როგორც ჩვენს, ისე მოწინააღმდეგის თამაშის ვიდეოს, განვიხილავთ შეცდომებს და ტაქტიკას ვარჩევთ.

 

1   რა სირთულეები არსებობს სპორტსმენის ცხოვრებაში?

ნუგო: ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ სისხლის დაავადება დამემართა და 1 წელი არ მითამაშია, მაშინ 16 წლის ვიყავი. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე იყო. ტრავმის გადატანა სპორტსმენისთვის ყველაზე მძიმეა. ჩვენს გუნდში ყველა რეჟიმშია, დღეგამოშვებით ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს – დილით და საღამოს, ჩვენმა ფიზიკურის ტრენერმა ყველას ინდივიდუალური კვების რეჟიმი შეგვირჩია. ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ სწორედ რეჟიმის დაცვის შემდეგ მოდის უტრავმობა. ჩვენთან მხოლოდ ტომარაძეებს აწუხებთ წელი, თუმცა ,,სოხუმთან’’ ორივემ ითამაშა და გამოჩნდა, გუნდისთვის ორივე რამხელა ძალაა. იმედია, სეზონის განმავლობაში ტრავმები არ შეგვაწუხებს.

ნოდო: შარშან თასის თამაშზე მხარი ამოვიგდე და დიდხანს ვეღარ ვვარჯიშობდი, არადა რამდენიმე დღეში ‘’ოლ სტარზე’’ 3-ქულიანების კონკურსზე უნდა გავსულიყავი. ტრავმის გადატანა, მითუმეტეს, სერიოზული ტრავმის, საკმაოდ რთულია, თუმცა ეს იმის სტიმულსაც გაძლევს, რომ უკეთეს ფორმაში დაბრუნდე და უკეთ ითამაშო.

 

1   რომელია თქვენი ოცნების გუნდი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ნუგო: კალათბურთში ნამდვილად არ მყავს ოცნების გუნდი, ,,გოლდენ სტეიტს’’ ვგულშემატკივრობ სტეფან კარის გამო. შორეულ გეგმებზე ბევრს არ ვფიქრობ, მთლიანად ამ სეზონზე ვარ კონცენტრირებული, მინდა, 20-წლამდელთა ჩემპიონები გავხდეთ და სუპერლიგაში რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ. შემოთავაზებები მაქვს, შარშანაც ვაპირებდი წასვლას, თუმცა რაღაც მიზეზების გამო არ გამომივიდა. ახლაც მაქვს ‘’NCAA’’-ის პირველი დივიზიონის გუნდებში წასვლის შანსი, ვნახოთ, მომავალ წელს რა გამოვა. კალათბურთის გარდა, ვსწავლობ ‘’ჯიპას’’ სამართლის სკოლაში და მინდა, ამ მხრივაც მივაღწიო წარმატებას.

ნოდო: ოცნების გუნდი ‘’ლეიკერსია’’, პირველი თამაში, რომელსაც ვუყურე, ,,ლეიკერსი’’ – ,,დეტროიტის’’ ფინალური დაპირისპირება იყო, კობის თამაშით მოვიხიბლე და მას შემდეგ ჩემი საყვარელი კალათბურთელია. მის გვერდით თამაში ყველაზე სასიამოვნო იქნებოდა, თუმცა ეს არამგონია ოდესმე მოხდეს. დაგეგმილი ჯერ არაფერი მაქვს, კალათბურთთან ერთად სწავლასაც დიდ ყურადღებას ვუთმობ. სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მესამეკურსელი ვარ. გუნდში ბევრი სტუდენტი ვართ და ვარჯიშების გრაფიკით გუნდი ძალიან გვეხმარება.

 

1   რა პრობლემებს ხედავთ ქართულ კალათბურთში?

ნუგო: ბევრი პრობლემა არსებობს, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი გამთბარი დარბაზი სპორტის სასახლეა, სხვაგან ისეთი პირობებია, უბრალოდ შეუძლებელია თამაში. ამას გარდა, თამაშების ნაკლებობა ძალიან სერიოზული პრობლემაა. გამოცდილების მისაღებად აუცილებელია ბევრი მატჩის ჩატარება.  14 თამაში (პლიუს პლეი ოფები) არაფერი არ არის, კარგ საკალათბურთო ქვეყნებში ამდენ მატჩს ალბათ 2 თვეში ატარებენ. ფაქტობრივად, მხოლოდ ვარჯიშობ და კვირაში 1 თამაშს ატარებ, ამით საკმარის გამოცდილებას ვერ მიიღებ. ასევე, ვფიქრობ, აუცილებელია უცხოეთში ხშირი გასვლები, ამ მხრივ ,,ოლიმპში’’ კარგი სიტუაციაა, ზამთარში ვაპირებთ 20-წლამდელთა გუნდი ერთ-ერთი ტურნირში მონაწილეობას, კარგი იქნება, სხვა გუნდებიც თუ გააკეთებენ ამას. სუპერლიგას მე-3 წრე თუ დაემატება, ეს დიდი პლიუსი იქნება. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, წელსაც, როგორც ვიცით, რეგიონების გუნდებმა ჩამოსვლის ხარჯების გამო თამაშების რაოდენობის გაზრდაზე უარი თქვეს. გუნდებისთვის ეს ძალიან რთულია და მეტი ბიუჯეტია საჭირო.

ნოდო: როცა გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშობ, თითოეული მატჩი ძალიან ბევრს გაძლევს, ამიტომ მეტი თამაშია საჭირო. ეს ფინანსების პრობლემაა. როგორც ვიცით, აპირებდნენ 3 ან 4 ტურად ჩატარებას, მაგრამ ზოგიერთმა გუნდმა უარი განაცხადა.

 

1      რა რჩევებს მისცემთ დამწყებ კალათბურთელებს?

ნუგო: ჩემს თამაშს არ უყურონ და უფრო ჭკვიანურად ითამაშონ J J უყურონ კრის პოლს, ტონი პარკერს და ასეთი კალათბურთელებისგან მაგალითი აიღონ.

ნოდო: თამაშებს აუცილებლად უნდა უყურონ, ასე ბევრს რამეს სხვანაირად დაინახავენ. ვურჩევდი, სწავლას თავი არ დაანებონ, ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი გაუნათლებელი სპორტსმენების შესახებ, ამიტომ მხოლოდ კალათბურთზე არ იფიქრონ J პირველ რიგში, უნდა იყვნენ მონდომებულები და ასე ყველაფერს მიაღწევენ.

ნუგო: მონდომება და მოტივაციაც გუნდზე არის დამოკიდებული. ჩვენ ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი – დარბაზი, ბასეინი, ტრენაჟორები… როგორც ჩვენთვის უკეთესი იქნება, ისე არის გუნდში ყველაფერი. ამიტომ ვართ ძალიან მონდომებულები. დიდი პლიუსია, როცა გუნდი მსგავს პირობებს გიქმნის.

superleague.ge

სუპერლიგის მეორე ტური დასრულდა

დღეს, სპორტკომპლექს “არენაში” სუპერლიგის მეორე ტურის დასკვნითი ორი შეხვედრა შედგა. პირველები მოედანზე “სოხუმის” და “ოლიმპის” კალათბურთელები გავიდნენ. შეხვედრა კაზანჯიანის გუნდის უპირატესობით დაიწყო და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. თბილისელებმა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს უპირატესობა, რომელიც მესამე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდეს და მეტოქეც საბოლოოდ გატეხეს.

“ოლიმპის” შემადგენლობაში ლერი კვანტალიანი (18 ქულა) და გიორგი ალხანაიძე (17 ქულა) გამოირჩეოდნენ, ხოლო მატჩის საუკეთესო ბომბარდირი სოხუმელი ლაშა ფარღალავა გახდა, რომლის ანგარიშზე 27 ქულაა.

ტურის უკანასკნელ შეხვედრაში კი, რომელშიც ერთმანეთს თბილისი “დინამო” და “მგზავრები-არმია” დაუპირისპირდნენ ერთი გუნდის დომინირება აშკარა იყო. მოქმედმა ჩემპიონებმა თამაში აგრესიულად დაიწყო და უპირატესობაც მატჩის დებიუში მოიპოვეს. პირველი ტაიმი დინამოელებმა 46:19 მოიგეს, რის გამოც მეორე ნახევარში მოეშვნენ და შეხვედრაც გათანაბრდა. საბოლოოდ “დინამომ” 89:61 მოიგო.

ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს “დინამო”, “რუსთავი” და “ქუთაისი” ლიდერობენ.

სოხუმი 75:98 ოლიმპი

დინამო 89:61 მგზავრები-არმია

რუსთავმა და ქუთაისმა მე-2 ტური მოგებით გახსნეს

სუპერლიგა დღეს რეგიონებშიც დაიწყო. მეორე ტურის მატჩებს ბათუმმა და რუსთავმა უმასპინძლეს. ზღვისპირეთში მასპინძლები კიდევ ერთ რეგიონის გუნდ „ქუთაისთან“ დამარცხდნენ, ხოლო რუსთაველებმა „შსს-აკადემია“ თბილისში წაგებული გაუშვა.

რუსთავში თამაში მასპინძელთა დიდი უპირატესობით დაიწყო. სწრაფი გარღვევებითა და ზუსტი შორი სროლებით ქვემოქართველებმა პირველივე მეოთხედში 20-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. განსაკუთრებით ამერიკელი ჰეიდენ ჰამსი გამოირჩეოდა, რომელიც რუსთაველთა გუნდის შესანიშნავი დანამატია.

ჰამსმა პირველ მეოთხედში 11 ქულა ჩააგდო და რუსთაველების სოლიდურად დაწინაურებას ხელი დიდად შეუწყო. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 26:5 მოიგეს და მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედში ჩავარდნა ჰქონდათ, ლიდერობა არ დაუთმიათ. თბილისელები მასპინძლებს მეორე პერიოდში 7 ქულით მიუახლოვდნენ, თუმცა რუსთაველები სტაბილურად თამაშობდნენ და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

ჰამსთან ერთად გამორჩეულად ითამაშეს აკაკი დვალიშვილმა და მიხეილ ჭოჭუამ. დვალიშვილმა ფარქვეშ შესანიშნავად გაისარჯა, მასთან ორთაბრძოლაში აკადემიელმა ცენტრმა გიორგი შარაბიძემ ადრიანად მიიღო ჯარიმები დ ამან მასპინძელთა ცენტრს ასპარეზი კიდევ უფრო გაუფართოვა.

გამარჯვებულებს აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – 26 ქულა, 16 მოხწსნა, 8 პასი. თამაშიდან 13-დან 11 სროლა ჩააგდო და 26 ქულას მოუყარა თავი ჰეიდენ ჰამსმა, ხოლო გოგა ცეკვავამ პირად ანგარიშზე 14 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი ჩაიწერა. აკადემიელთაგან 21 ქულით საუკეთესო ბექა ჩიკვილაძე იყო, გიორგი შარაბიძემ კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

ბათუმში უფრო დაძაბული მატჩი ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა მესამე პერიოდი ძალიან კარგად ითამაშეს და მეტოქეს 10-წუთეული 14:1 მოიგეს, საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. ქუთაისეებმა ბოლო პერიოდი საიმედო დაცვითა და სწრაფი შეტევებით ჩაატარეს და ათწუთეულის 19:5 მოგებით შეხვედრაში გაიმარჯვეს – 63:55.

სტუმრებს ძმებმა ბარბაქაძეებმა ულიდერეს – დავითმა 15 ქულა დააგროვა, გიორგიმ კი – 14. 7 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა მატჩი ავთანდილ ლომინაშვილმა. ბათუმელებში კი ლეგიონერები გამოირჩნენ – ნიკოლას კელოგმა 18 ქულა მიითვალა, კრისტოფერ ფელჩერმა კი 14 ქულა და 12 მოხსნა.

სუპერლიგის მე-2 ტურის დარჩენილი 2 მატჩი ხვალ, 1 ნოემბერს, სპორტკომპლექს „არენაში“ გაიმართება.

მატჩიშემდგომი კომენტარები

ბათუმი- ქუთაისი  55:63

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ქუთაისს’’ გამარჯვებას. დღეს ფაქტობრივად, 6 კაცით ვითამაშეთ. ტრავმირებული მოთამაშეები ვერ გამოვიყვანე, მხოლოდ ელიაძემ ითამაშა. ,,ქუთაისს’’ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, დღეს ნამდვილად გვაჯობეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

 

მედეა მხეიძე(,,ქუთაისის’’ მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული და კარგი თამაში იყო. პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა, შეგვეძლო გაგვეზარდა სხვაობა, მაგრამ ბევრი ბურთი დავკარგეთ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ფიზიკურად ვერ ჩავაგდეთ ვერაფერი. საბედნიეროდ, მოვახერხეთ მობილიზება, ანგარიშის გათანაბრება მეოთხე პერიოდში და კარგი დაცვის ხარჯზე ლიდერობაც დავიბრუნეთ. საბოლოო ჯამში, კმაყოფილები ვართ. წინ ძალიან სერიოზული თამაში გველის რუსთავის წინააღმდეგ, დარბაზის პრობლემების გამო გასვლითი თამაშები გვაქვს. დღევანდელი მატჩი ნამდვილად გამოგვადგება ამ შეხვედრისთვის მოსამზადებლად. შევეცდებით, ეს კვირა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და მომდევნო თამაშშიც წარმატებას მივაღწიოთ.

რუსთავი-შსს  95:76

კოტე ტუღუში (შსს-აკადემიას“ მთავარი მწვრთნელი): თავის გასამართლებლად არ ვამბობ, თუმცა ფაქტია რომ ჩვენი გუნდი უვარჯიშებელია. ერთი კვირაა, რაც სრულფასოვანი ვარჯიში დავიწყეთ და ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი გვაკლია. ამ წაგებიდან დასკვნებს გამოვიტანთ და ვეცდებით, უახლოეს მომავალში დღეს დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.

მიხეილ ბერუაშვილი („რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი): აშკარად ეტყობოდა „შსს-აკადემიას“, რომ ოპტიმალური ფორმისგან შორსაა. ჩვენ საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით და ეს შანსი გამოვიყენეთ. დარწმუნებული ვარ, მეორე წრეში ამ გუნდთან გაცილებით რთული მატჩი გვექნება. ვულოცავ ჩვენს გუნდს სეზონის მეორე გამარჯვებას და ვეცდებით, თამაში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ.

superleauge.ge

რუსთაველებმა სოხუმთან დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს

სუპერლიგის პირველი ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს „სოხუმი“ და „რუსთავი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ქვემოქართლური გუნდის იოლი გამარჯვებით – 84:68 დასრულდა.

შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. რუსთაველებმა რამდენიმე დღის წინ დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს და საკუთარი ამბიციები თვალნათლივ წარმოაჩინეს. სოხუმელებს კი ძლიერ მოთამაშეებთან ერთად შეთამაშებაც აკლიათ – ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ვარჯიში ახლახანს დაიწყო, „რუსთავი“ კი თითქმის 2 თვეა, ვარჯიშობს და შემადგენლობაც რუსთაველ კალათბურთელებთან ერთად ამერიკელი ლეგიონერით – ჰეიდენ ჰამსითაც გაიძლიერეს.

მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა დამაჯერებლად ითამაშეს და პირველივე წუთებიდან რომ დაწინაურდნენ, არც ლიდერობა და არც სათამაშო ინიციატივა არ დაუთმიათ. საბოლოოდ „რუსთავმა“ 16 ქულის სხვაობით იმარჯვა და დუდუ დადიანის მემორიალის მოგებით შექმნილი იმიჯი გაიმყარა.

ფარქვეშ შეუჩერებელი იყო აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც საბოლოოდ 30 ქულადა 15 მოხსნა მიითვალა 14 ქულითა, 7 მოხსნით და 5 პასით თავი გოგა ცეკვავამ გამოიჩინა, ხოლო ლეგიონერმა ჰეიდენ ჰამსმა რუსთაველებს 12 ქულა შესძინა. სოხუმელთაგან 17 ქულით ირაკლი ჩლაიძე გამოირჩა, 12 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა გიორგი ჯგერენაიამ.

მომდევნო, მე-2 ტური 31 ოქტომბერს რუსთავსა და ბათუმში დაიწყება და 1 ნოემბერს თბილისში 2 მატჩით დასრულდება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): როგორც წინასამატჩო პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, მოგების შანსი ,,რუსთავს’’ უფრო ჰქონდა – 70-30-ზე. ,,რუსთავი’’ კარგად დაკომპლექტებული გუნდია, ისეთი ძლიერი მოთამაშეები ჰყავთ, როგორებიც ჭოჭუა, დვალიშვილი, ცეკვაა.. ისინი,  ნაკრების კანდიდატებიც არიან, ჭოჭუა ნაკრების წევრია, ამიტომ მოსალოდნელი იყო ეს დამარცხება. მათ უფრო ადრე დაიწყეს მომზადება, ჩვენ კი – გვიან. ახალბედა მოთამაშეები გვყავს, რომლებიც უნდა გაიზარდნონ. ისინი პერსპექტიულები არიან, თუმცა თამაში მოგება რთულია. იანვრისთვის უფრო სერიოზულად მოვემზადებით.

მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):  მივულოცავ ჩემს მოთამაშეებს გამარჯვებას. შეასრულეს ის, რაზეც ვმუშაობდით მთელი ეს თვეები. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მხოლოდ მესამე თამაში იყო, ხარვეზები გვქონდა და ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. თუმცა, შევეცდებით გამოვასწოროთ. რაც შეეხება ,,სოხუმს’’, მას ახალგაზრდა მოთამაშეებიც ჰყავს და გამოცდილებიც და, ალბათ, თანდათან შეთამაშდებიან და დალაგდებიან. წელს არ იქნება ისეთი ჩემპიონატი, რომელსაც ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს, ყველა გუნდი მოგებისთვის იბრძოლებს და აუცილებელია, ყველა თამაშზე მობილიზებული და მონდომებული გახვიდე, ეს მეტოქის პატივისცემაა.

superleague.ge