,,დინამომ” ,,ბათუმი” ბოლო წუთებზე გატეხა

დაძაბული და საინტერესო გამოდგა სუპერლიგის პირველი ტურის ცენტრალური შეხვედრა. მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ“ ბოლო პერიოდში გატეხა „ბათუმი“ და ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო – 68:82.

„დინამოს“ წინა სეზონიდან არც ერთი ლეგიონერი არ შემოჩა, თუმცა რამდენიმე ძლიერი ქართველი კალათბურთელის დამატებით ამბიცია შეინარჩუნეს. ბათუმელებს კი ახალგაზრდებისა და ლეგიონერთა ნაზავი გუნდი ჰყავთ. 2 ახალი უცხოელი მოთამაშე ზღვისპირულ გუნდს ამ სეზონში დიდად დაეხმარება – კრისტოფერ ფელჩერმა და ნიკოლას კელოგმა თბილისელებს ბევრი პრობლემა შეუქმნეს.

მატჩისბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. პირველი მეოთხედი სტუმართა მინიმალური უპირატესობით – 15:14 დასრულდა, მეორე და მესამე პერიოდების შემდეგ კი ანგარიში თანაბარი იყო – 31:31 და 46:46. ბოლო წუთებზე ბესო ლეჟავას, გიორგი გამყრელიძის და ილია ლონდარიძის აქტიურობით დინამოელებმა გაქცევა მოაწყვეს და მეტოქეთათვის მიუწვდომელნი გახდნენ.

„დინამოში“ 14 ქულით საუკეთესო გამყრელიძე გახლდათ, ლეჟავამ 13 მიითვალა, ხოლო რიჩარდ მათიაშვილმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა. ბათუმელთაგან ლეგიონერები გამოირჩნენ –  ფლეტჩერმა 15 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, ხოლო კელოგმა 14 ქულა და 6 პასი.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მივესალმები ,,ბათუმის’’ გუნდს, მათ მწვრთნელს და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში. რაც შეეხება თამაშს, ეს არის, რაც განვლილი დღეებიდან გამომდინარე შევძელით. მოთამაშეები ფიზიკური, ტაქტიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნიდან ჯერ კიდევ შორს არიან. დღევანდელი გამარჯვება იყო ბიჭების პროფესიონალიზმის შედეგი, მიუხედავად მოსამზადებელი დროის სიმცირისა, მოახერხეს საკმაოდ ძლიერი გუნდის დამარცხება. ვფიქრობ, მომავალში უფრო გუნდურ და კარგ თამაშს ვაჩვენებთ.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,დინამოს’’ გამარჯვებას. არ მინდა თავის გამართლებაში ჩამეთვალოს, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ თამაშს პრობლემებით შევხვდით. ერთი ამერიკელი ლეგიონერი დილით ჩამოფრინდა, ელიაძე და ელიაშვილი ტრავმირებულები არიან. არც ერთი ამხანაგური თამაში არ ჩაგვიტარებია, ვარჯიშებზეც კი არ გვითამაშია 5-5-ზე და ეს დღეს კარგად გამოჩნდა. ,,დინამომ’’ გამოცდილებით გვაჯობა, ჩვენგან განსხვავებით, მათ მემორიალზეც იასპარეზეს. მაგრამ მიხარია, რომ ახალგაზრდებმა თავი გამოიჩინეს, მათ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, თავად კი კიდევ უფრო მეტი უნდა იშრომონ.

დავით აფხაზავა(,,ბათუმი’’): გუნდში ტრავმიანობა გვაქვს, ერთი ლეგიონერი დღეს ჩამოვიდა და საერთოდ არ უვარჯიშია ჩვენთან, 5-5ზე, ფაქტობრივად, არ გვითამაშია. თუმცა, შევეცდებით ნელნელა შევთამაშდეთ და მივაღწიოთ სასურველ მიზნებს.

superleague.ge 

”შსს აკადემიამ” სუპერლიგა ”მგზავრები-არმიის” ძლევით დაიწყო

საკალათბურთო სუპერლიგა დაიწყო. პირველი ტურის ოთხივე მატჩი თბილისის სპორტის სასახლეშია დანიშნული, რომელთაგანაც პირველი შეხვედრა დასრულდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს „მგზავრები-არმია“ და „შსს-აკადემია“ შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „შსს-აკადემიას“ გასული 3 სეზონის მანძილზე „არმიაში“მომუშავე კოტე ტუღუში წვრთნის. არმიელებს კი სასტუმროთა ქსელ „მგზავრების“ სახით სპონსორი გამოუჩნდათ და შესაბამისად, სახელწოდებაში აღნიშნული ბრენდი ჩაემატათ.

სეზონის დასაწყისში გუნდებს მომზადების დონე აკლიათ და შეცდომებიც ამითაა განპირობებული. ორმხრივი შეცდომებით მიმდინარე შეხვედრაში აკადემიელებმა იძალეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „მგზავრები-არმია“ პირველ ნახევარში მეტოქეს არაფერს უთმობდა.

მესამე პერიოდში „შსს-აკადემიის“ უპირატესობა გამოიკვეთა. რეზო როგავა, ბექა წივწივაძის და ლევან ფაცაციას ძალისხმევით აკადემიელებმა აღნიშნული მეოთხედი 24:16 მოიგეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 63:49 დაწინაურდნენ. ფარქვეშ კარგად ირჯებოდა შსს-ს ფორვარდი იოსებ ბიბილური, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 12 ქულა, 9 მოხსნა მიითვალა.

საბოლოოდ „შსს-აკადემიამ“ 82:71 იმარჯვა და სუპერლიგაში პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აკადემიელებს რეზო როგავამ ულიდერა 21 ქულითა და 6 პასით. 15 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა ლევან ფაცაციამ, წივწივაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „მგზავრებში“ 23 ქულით საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი იყო, ხოლო დავით მაისურაძის ანგარიშზე ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხნა დაგროვდა.

სრული სტატისტიკა 

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, ყველას ვულოცავ სეზონის დაწყებას. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, დრო არ გვქონდა სათანადოდ მოსამზადებლად, ფორმაში შესასვლელად და ეს დღეს კარგად გამოჩნდა. ვეცდებით მომავალში გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები. ,,შსს აკადემიას’’ კი დამსახურებულ გამარჯვებას მივულოცავ.

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): მეც შევუერთდები მილოცვას. ჩვენმა გუნდებმა ყველაზე ბოლოს დავიწყეთ შეკრება და დაკომპლექტება, ყველაზე მეტი პრობლემა გვქონდა და ეს თამაშზეც აისახა. სასიხარულოა, რომ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩემთვის არ იყო მარტივი მათ წინააღმდეგ თამაში, ამ გუნდში არაერთი სასიამოვო და კარგი წელი მაქვს გატარებული. პირადად ბუბას და მთელ გუნდს ვუსურვებ წარმატებებს, ახალგაზრდული, კარგი გუნდია, მჯერა, რომ ბევრის მიღწევა შეუძლიათ და სეზონსაც წარმატებით გამოიყენებენ.

მერაბ ბოქოლიშვილი(,,მგზავრები-არმია’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,შსს აკადემიას’’ გამარჯვებას. ჩვენი გუნდისთვის პირველი თამაში იყო, მოთამაშეების უმეტესობას ერთად არასდროს გვითამაშია, ზოგი სუპერლიგაშიც პირველად ასპარეზობს, თან ორი კვირაც არ არის, რაც ვარჯიში დავიწყეთ. ამიტომ ველოდებოდით შეცდომებს, სეზონი ახლა დაიწყო, გავაანალიზებთ ჩვენს ხარვეზებს და მოვუმატებთ. მარტივი თამაში ჩვენთან არც ერთ გუნდს არ ექნება.

ბექა წივწივაძე(,,შსს აკადემია’’): მეც გილოცავთ ყველას ახალი სეზონის დაწყებას. როგორც კოტემ აღნიშნა, სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც ორივე გუნდი შეიკრიბა და ყველაზე მეტი პრობლემები ჩვენ გქვონდა. ამიტომ, სასურველი ფორმისგან ჯერ შორს ვართ. შევეცდებით, ყოველი ვარჯიში მაქსიმალურად გამოვიყენოთ, დღითიდღე მოვუმატოთ ხარისხს და კარგი თამაში ვაჩვენოთ.

superleague.ge

სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა (VIDEO)

24 ოქტომბერს, სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას, გაფორმდა მემორანდუმი „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრსა” და „სუპერგაზს” შორის. მემორანდუმს ხელი „ოლიმპიური ცენტრის” დირექტორმა

შალვა გოგოლაძემ და „სუპერგაზის” წარმომადგენელმა მიხეილ აბულაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, „სუპერგაზი” იღებს ვალდებულებას, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ჩაანაცვლებს ცენტრს, როგორც ‘’ოლიმპის” დამფუძნებელს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი – საკალათბურთო სუპერლიგა 25 ოქტომბერს დაიწყება. ტურნირში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს – „სოხუმი”, „ბათუმი-რსუ”, „ქუთაისი 2010″, „რუსთავი”, „დინამო”, „ოლიმპი”. „მგზავრები-არმია” და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი.

აღნიშნულმა კლუბებმა კალათბურთის ფედერაციაში სუპერლიგაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი ოქტომბრის დასაწყისში შეიტანეს. ოთხმა მათგანმა – „სოხუმმა”, „დინამომ”, „ოლიმპმა” და „რუსთავმა” 22 ოქტომბერს დასრულებულ ტრადიციულ, დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირშიც მიიღეს მონაწილეობა.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საკალათბურთო გარემო უწინდელთან შედარებით მნიშვნელოვნად იცვლება. ფედერაციის და სამინისტროს მიერ შემუშავებულ კალათბურთის განვითარების პროგრამის ბიუჯეტში კლუბების დაფინანსებაც არის გათვალისწინებული. სუპერლიგის გუნდებს ფინანსური სტაბილურობა პროგრამით მინიმუმ 5 წლის მანძილზე ექნებათ გარანტირებული, რაც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას, კლუბური სისტემის ჩამოყალიბებას და უფრო მომავალზე გათვლილი პროგრამების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის რამდენიმე კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა და ეტაპობრივად უწყებრივი  გუნდების დაფინანსება კერძო ორგანიზაციებზე გადავა. „ოლიმპს” ფინანსურ დახმარებას „სუპერგაზი” გაუწევს, „არმიას” სასტუმროების ქსელი „მგზავრები”, „სოხუმს” საქართველოს რკინიგზა, ხოლო „დინამოს” კვლავ საქართველოს ბანკი, ჯერჯერობით ისევ უწყებრივ დაფინანსებაზე რჩება „შსს”,  „ბათუმი-რსუ”, „ქუთაისი 2010″ და „რუსთავი” კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან დაფინანსდებიან.

სუპერლიგის პირველი ტურის ოთხივე მატჩი 25 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც ჩემპიონატი რეგიონებშიც გადაინაცვლებს: „ბათუმი”, „ქუთაისი” და „რუსთავი” საშინაო მატჩებს თავიანთ ქალაქებში უმასპინძლებენ, ხოლო თბილისური გუნდები, ტრადიციულად სპორტის სასახლეში ითამაშებენ.

gbf.ge

სუპერლიგის 2014-2015 სეზონი იწყება!

მომავალ შაბათს, 25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება. საკალათბურთო სუპერლიგაში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. გასული სეზონის შემადგენლობას „მაკაბი“ გამოაკლდა, დანარჩენები კი არიან: „დინამო“, „შსს-აკადემია“, „მგზავრები-არმია“, „ქუთაისი“, „ბათუმი“, „სოხუმი“, „ოლიმპი“ და „რუსთავი“.

ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდება, ხოლო კალათბურთის განვითარების პროექტის დეტალების დაზუსტების  შემდეგ სუპერლიგის  დებულებაში კლუბებებთან შეთანხმებით გარკვეული საკითხების შეცვლა ან დამატებაც იქნება შესაძლებელი.

25 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში 4 მატჩი გაიმართება:

superleague.ge

საშეჯიბრო დეპარტამენტმა სუპერლიგის გუნდებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონთან დაკავშირებით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტმა ჩემპიონატში მონაწილე გუნდებთან რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა და დებულების სხვადასხვა საკითხები გადაწყვიტა.  

დღეს შეკრებილი 8 კლუბიდან  7-მა  სუპერლიგაში მონაწილეობის თაობაზე განაცხადი ოფიციალურად უკვე წარადგინა, დარჩენილმა ერთმა გუნდმა კი ფედერაციას  წერილობით პასუხი 22 სექტემბრამდე უნდა აცნობოს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სათათბირო ოთახში სუპერლიგაში მონაწილე გუნდებთან ერთად ჩემპიონატის დაწყების თარიღი გადაწყდა. სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონი მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს დაიწყება, ხოლო მანამდე  18 ოქტომბერს, ტრადიციული დუდუ დადიანის მემორიალი გაიმართება.

დარჩენილი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად საშეჯიბრო დეპარტამენტი და სუპერლიგის კლუბები  23 სექტემბერს, 15:00 საათზე შეიკრიბებიან.

gbf.ge

 

საშეჯიბრო დეპარტამენტის პირველი შეხვედრა სუპერლიგის გუნდებთან

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში  სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონთან დაკავშირებით ფედერაციის ხელმღვანელობასა და კლუბების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრო, რომელიც სუპერლიგის მოთამაშეებს შეხვდა.

 კალათბურთელებმა დღეს  ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მინისტრთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და დაფინანსებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს. მოთამაშეებმა აღნიშნეს, რომ სახელწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა წინა წლებთან შედარებით არ უნდა შემცირდეს,  რადგან ამით ჩემპიონატის დონე არათუ იგივე დარჩება, არამედ დაიწევს კიდეც.  

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და ფედერაციის ხელმძღვანელობა მოთამაშეებს კალათბურთის განვითარების პროექტზე ესაუბრა, რომელიც 2015 წლის იანვრის თვიდან ამუშავდება.   

აღნიშნული პროექტი ხელს შუწყობს ქვეყანაში კალათბურთის წინსვლას, ინფრასტრუქტურის შექმნას, ასაკობრივი ჩემპიონატების განვითარებას და მოაწესრიგებს ჩემპიონატში არსებულ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხებს.

დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, აღმოჩნდა რომ მოთამაშეებსა და კლუბებს შორის არ იყო კომუნიკაცია და კალათბურთელებს არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ  რომელი კლუბები იღებდენ ჩემპიონატში მონაწილეობას.  

   შეხვედრამ დაახლოებით ორ საათს გასტანა, რომლის დასრულების შემდგომ კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტი  სუპერლიგაში მოასპარეზე კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდა და მომავალი სეზონის დებულებასთან დაკავშირებით იმსჯელა. 

 საშეჯიბრო დეპარტამენტი  სუპერლიგის გუნდებთან მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს, 15:00 საათზე გამართავს და დებულებასთან დაკავშირებულ  დღეს წამოჭრილ სხვადასხვა საკითხებს გადაწყვეტს.  

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დარბაზში დღეს 8 გუნდის წარმომადენელმა  მოიყარა თავი (სოხუმი, არმია, შსს აკადემია, დინამო, ოლიმპი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი). მათგან  წერილობითი თანხმობა ჩემპიონატში მონაწილეობის თაობაზე მხოლოდ „დინამოს“ აქვს წარმოდგენილი. დანარჩენმა გუნდებმა  კი ფედერაციას მონაწილეობის შესახებ ოფიციალური პასუხი  22 სექტემბრამდე უნდა  შეატყობინონ, რის შემდეგადაც  გუნდებთან ერთად გადაწყდება ჩემპიონატის ჩატარების ზუსტი თარიღი.  

მიხეილ გაბრიჩიძე: ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება და  სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა ვიმედოვნებთ სოლიდური იქნება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოთამაშეები კმაყოფილნი დარჩნენ. ამ ეტაპზე სუპერლიგაში ასპარეზობის მსურველი 8 გუნდია. მათთან სამუშაო  შეხვედრები კიდევ  გაგრძელდება და ერთობლივად გადაწყდება ჩემპიონატის დაწყების თარიღი. ასევე ხვალ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა  ასაკობრივი ლიგების გუნდებთან.

კოტე ტუღუში: კლუბის უშუალო ხელმძღვანელობისგან დღეს, რამდენიმე საათის წინ მივიღე დაპირება, რომ  დაფინანსება იქნება, რათა კლუბმა იანვრამდე იარსებოს, შემდეგ კი ,,არმიაც’’ შემოთავაზებული პროგრამის მიხედვით გააგრძელებს არსებობას.  რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ძალიან კარგია, რომ ყველა მხარე – სამინისტრო, ფედერაცია, კლუბები, მწვრთნელები, მოთამაშეები ერთად შევიკრიბეთ და საკუთარი პოზიცია დავაფიქსირეთ. ამ 5-წლიან პროექტზე იმედები მყარდება, რომ ის რეალურ შედეგს გამოიღებს და საქართველოში კალათბურთი წინ წავა. ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. თუმცა, აშკარად ჩანს და ფაქტია, რომ ეროვნული ჩემპიონატი საფრთხის წინაშე დგას და მისი დონე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე გასულ წლებში. ეს, რა თქმა უნდა, კარგ შედეგს არ მოგვიტანს. მინისტრი დაგვპირდა, რომ მუშაობა გაგრძელდება და იმედია წლის ბოლოს, როცა ახალი პროექტი უნდა ამუშავდეს, უკეთესი სიტუაცია იქნება.

ბესიკ ლეჟავა: როგორც დღევანდელი შეხვედრიდან გაირკვა, წელს გუნდებს უფრო ნაკლები ბიუჯეტი ექნებათ. მინისტრის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებს განვითარებას არა ამ სეზონში, არამედ უფრო შორეულ პერსპექტივაში. შესაბამისად, წელს ჩემპიონატის დონე ნამდვილად დაიწევს, ამ გეგმის მიხედვით ეროვნული ჩემპიონატი სტაბილურ სახეს შემდგომ წლებში მიიღებს და ნელ-ნელა უფრო წინ წავა. გასაგებია, რომ  რთული სიტუაციია და უნდა მოვითმინოთ, თუმცა, ჩემი აზრით, იმ თანხებზე, რაზეც ლაპარაკია, ძალიან ბევრ კალათბურთელს არ უღირს თამაშის გაგრძელება. შესაბამისად, ბევრი უარს იტყვის თამაშზე, რაც სუპერლიგის დონეს ძალიან დაწევს, ხოლო თუ ეროვნული ნაკრების წევრებიც არ გააგრძელებენ ასპარეზობას, ეს ნაკრებზეც ცუდად აისახება.

gbf.ge

3×3 ეროვნული ჩემპიონატის თბილისის ტურის გუნდების საყურადღებოდ!

3x3 ჩემპიონატის თბილისის ტურის გუნდების საყურადღებოდ!

დასრულდა 3×3 ჩემპიონატის თბილისის ტურში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია.  რეგისტრაცია გაიარა 50 გუნდმა!

22 ივნისის თბილისის ტურის მონაწილე გუნდების კენჭისყრა გაიმართება დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში!

გუნდების წარმომადგენლებს ვთხოვთ მობრძანდნენ 18:00 საათზე!

22 ივნისს გუნდები Tbilisi Mall-ში უნდა გამოცხადნენ 09:00 საათზე ადგილზე რეგისტრაციის გასავლელად. თამაშები დაიწყება 10:00 საათზე. 

http://superleague.ge/

3×3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატი იწყება

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3X3 ხკალათბურთში 22 ივნისს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ცერემონიალი “თბილისი მოლში” გაიმართება, რასაც მოჰყვება დედაქალაქის შესარჩევი ტური, რომლის საუკეთესო გუნდებიც ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ.

მთლიანობაში 11 შესარჩევი ტური გაიმართება საქართველოს ყველა რეგიონში, საიდანაც წარმატებული გუნდები ფინალურ ტურნირში გადავლენ. საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს 12 ივლისს, თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში პირველად ტარდება. აქამდე ერთჯერადი ტურნირები იმართებოდა, ხოლო ფიბა-ს რეკომენდაციით და მხარდაჭერით საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 3X3 კალათბურთს მეტი ყურადღება მიაქცია და ორგანიზებას ეროვნულ ჩემპიონატს უწევს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახმარებით ფედერაციამ ფიბა-ს სტანდარტის მოედანი შეიძინა, რომლის ანალოგიც საქართველოში არაა და რომელზეც ისტორიაში პირველი ჩემპიონატი გაიმართება 3X3 კალათბურთში, რომლის მიმდინარეობაც ონლაინ რეჟიმში, ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაშუქდება.

ტურნირში მონაწილეობის უფლება ექნებათ ნებისმიერ მსურველს, რომელსაც 16 წელი შეუსრულდა. რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე.

ტურნირის გენერალური სპონსორი  კომპანია “სამსუნგია, “გენერალური პარტნიორი –  “ბორჯომი,  პარტნიორი ტურისტული კომპანია  – trawellin”,  ტურნირის ოფიციალური მასპინძელი  –“Tbilisi mall”,   საინფორმაციო პარტნიორი  – ტელეკომპანია  “აფხაზეთის ხმა”.

superleague.ge

დავით ქაცარავა კალათბურთის შესახებ

დავით ქაცარავას ქართული საზოგადოება საკმაოდ კარგად იცნობს. ის ხალხმა ჯერ როგორც რაფტინგის ანუ ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი, ისე გაიცნო,  შემდეგ კი მსახიობის და ტელეწამყვანის ამპლუაში მოგვევლინა. დათო ძალიან აქტიური პიროვნებაა და თავისი საქმიანობით მუდმივად უწევს პოპულარიზაციას ცხოვრების ჯანსაღ წესს.  სპორტი მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანი ნაწილია და არაერთ სახეობას საკმაოდ კარგ ფლობს, მათ შორის, კალათბურთსაც. დათო სპორტის სასახლეში სუპერლიგის ფინალური სერიის თამაშს დაესწრო და შემდეგ სპორტულ და საკალათბურთო თემებზე საკმაოდ საინტერესოდ გვესაუბრა.

 

 

სპორტი

ბავშვობაში  ვოცნებობდი პროფესიონალი სპორტსმენი გავმხდარიყავი  და პრინციპში, ცუდი მონაცემები არ მქონია, მაგრამ მამაჩემმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროფესიონალი  არ გამოვსულიყავი და  აბსოლუტურად ყველა სპორტზე მატარა. J  სპორტის ყველა სახეობაზე ვგიჟდებოდი,  კალათბურთს  რომ ვითამაშებდი, მერე ფეხბურთის დრო დგებოდა, შემდეგ  ჩოგბურთის. დავდიოდი  კარატეზეც.

ვფიქრობ კარგია, რომ ეს ასე მოხდა. სპორტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და ჩემთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ  ჩემი ცხოვრებით და საქმიანობით პროპაგანდას ვუწევ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ძალიან ბევრ სახეობაში ვართ ჩართული, ზოგში როგორც მოყვარული, ზოგიერთში კი როგორც  პროფესიონალი.

 

ჯომარდობა

ჩემს ცხოვრებაში ჯომარდის აღმოჩენა ჯერ ქვეცნობიერში  მოხდა,  რეალიზება  კი – წლების შემდეგ. 13-14 წლის ვიყავი, როცა  ჩვენს კომუნისტურ ბავშვობაში ერთ-ერთი გადაცემიდან დამამახსოვრდა  საჯომარდო კადრი, მაშინ ის საერთაშორისო ტერმინით, რაფტინგით იყო ცნობილი.  გავიფიქრე, ამ ნავში ალბათ ცხოვრებაში ვერ ჩავჯდები-მეთქი, მაგრამ ოცნებად მაინც დამრჩა.  ეს ფაქტი შემდეგში აღარც მახსოვდა, მაგრამ 11 წლის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე საქართველოში ამის  შესაძლებლობა. მეგობარს,  მამუკა ბურდულს რამოდენიმე საჯომარდო  ახალი შემოტანილი ჰქონდა საქართველოში. უბრალოდ ჩავჯექი ნავში და იქ ჩემი თავი ვიპოვე. მივხვდი, რომ ამის გარეშე აღარ შემეძლო ცხოვრება. მე და ჩემს მეგობრებს  უზომოდ შეგვიყვარდა ეს სახეობა და ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ სიტყვა ჯომარდობა  პოზიტივთან, ცხოვრების ჯანსაღ წესთან და გართობასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

 

კალათბურთი

კალათბურთი ერთ-ერთი ულამაზესი სახეობაა საყურებლადაც და სათამაშოდაც. ვგიჟდები ამ სპორტზე.  მთელი ბავშვობა ვთამაშობდი კალათბურთს.  ვერ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ ჩემი კუმირი იყო ჯორდანი. იმდენად მიყვარდა, რომ როცა ჯორდანი სპორტიდან წავიდა, ჩემთვის კალთბურთი მოკვდა. ჯორდანის შემდეგ კალათბურთს ისე ვეღარ ვუყურებ.  ერთადერთი გამონალისი ეროვნული ნაკრების თამაშებია, რომლებსაც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვესწრები. ჯორდანის კალათბურთიდან წასვლის ფაქტორმა დაამთავრა ჩემთვის კალათბურთის აქტიური ყურება და ღამეების თენება. თუმცა თამაშისთვის დროს ყოველთვის ვპულობდი. პროფესიონალურად არ გავყოლილვარ ამ სპორტს,  მაგრამ 90-იან წლებში ორი სეზონი სტუდენტურ ლიგაში ვთამაშობდი სტუ-ს შემადენლობაში. მახსოვს ფინალში უნივერსიტეტთან დავმარცხდით და  მეორე ადგილი ავიღეთ. ეს იყო გია კაზანჯიანის, ზვიად ბაბიაშვილის პერიოდი და  ერთად გვიწევდა თამაში.

შემდეგ,  თუ არ ვცდები, 1999 წელს,  საქართველოში ჩატარდა ერთ-ერთი პირველი ტურნირი  ქუჩის კალათბურთში. იქ შემთხვევით მოვხდი და ‘’ფორტუნა+’’-ის სახელით ვიასპარეზე. გუნდმა ვერ აჩვენა განსაკუთრებული  შედეგი, მაგრამ იმას მივაღწიე, რომ  ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და ბომბარდირიც გავხდი. ეს იყო ჩემი „საკალათბურთო კარიერის“ ერთგვარი დაგვირგვინება.

შარშანაც გავიხსენე ახალგაზრდობა და მონაწილოება მივიღე Red Bull King of the Rock-ის ტურნირში, სადაც ახალგაზრდა თაობისთვის ალბათ უცნაური და მოულოდნელი იყო ჩემი მოედანზე გამოჩენა და კალათბურთთან ასეთი მჭიდრო კავშირი.  არ ვიყავი სათანადო ფორმაში და ამ ტურნირიდან მალევე  გამოვვარდი, მაგრამ ზუსტად ერთ კვირაში ძალიან მაგარი გუნდი შეიქმნა – „კაკტუსი“ და  და ქუჩის კალათბურთის ტურნირიც მოვიგეთ. რომ არაფერი ვთქვა ორგანიზებაზე, მხოლოდ შემადგენლობის გამო ღირდა იქ თამაში.

ისე გამოდის,  თითქოს მხოლოდ შედეგებზე ვსაუბრობ,  მაგრამ ვცდილობ, უფრო კარგად წარმოვაჩინო ჩემი დამოკიდებულება კალათბურთის მიმართ. მე ამაყი ვარ ქართული კალათბურთით და იმით, რომ ასეთ რთულ პირობებში გვყავს ძალიან მაღალი დონის კალათბურთელბი. ბიჭები მართლა ძალიან მაგრები  არიან და იმ შედეგს, რასაც აჩვენებენ, დამატებითი სტიმული და წახალისება სჭირდება.

სუპერლიგა

სუპერლიგა უკვე კარგი სახელია, ძალიან სწორად შერჩეული.  ბოლო დროს აქტიურად ვერ ვადევნებდი  ჩემპიონატს თვალს, მაგრამ ერთი პერიოდი ხშირად დავდიოდი „სოხუმის“ თამაშებზე და  ვგულშემატკივრობდი  ამ  კარგ და ჯანსაღად ამბიციურ გუნდს.  სიმართლე გითხრათ,  მომწონს სუპერლიგის ორგანიზება, მაგრამ არ მომწონს გულშემატკივრების გულგრილობა. როცა თამაშებზე მოვდივარ, მსურს რომ  ნახევარად სავსე დარბაზს მაინც ვხედავდე, რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება.  ისმის  წუწუნი, რომ კალათბურთელები ვერ თამაშობენ, მაგრამ  გაავსონ  გულშემატკივრებმა დარბაზი და ნახავენ, როგორ  იასპარეზებენ  ბიჭები. უდიდესი სტიმულია, როცა გყავს მაყურებელი, სულ  სხვანაირად თამაშობ და ეს არის უმნიშველოვანესი ფაქტორი. გულგრილობა  კი ძალიან სერიოზული პრობლემაა.  მერე რა, რომ ვერ ვაჩვენებთ  ნბა-ს ან წამყვანი ევრიპული ჩემპიონატის დონეს.  უნდა გაიზარდო, შენი მოსვლით  და ბილეთის შეძენით უნდა შეუქმნა  მოთამაშეებს სტიმული და პირობები, შენი მცირე ინვესტიცია ჩადო განვითარებაში.  სუპერლიგა უკვე დიდი ხანია  არსებობს და მისი განვითარება სრულიად ნათელია.

შარშანდელი სეზონიდან კარგად მახსოვს ,,ოლიმპის“ გუნდი.  იმ პერიოდში სპორტკომოპლექს „არენას“ დირექტორი ვიყავი და ძალიან მომწონდა  ამ კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობის და გუნდის განვითარების სტილი. „ოლიმპმა“ აქცენტი ფიზიკურ კონდიციებზე გააკეთა,  რაც დიდი პრობლემაა ზოგადად ქართულ სპორტში. ამის გარეშე სპორტი ვერ იარსებებს. გუნდს შესანიშნავი ფიზ.მომზადების მწვრთნელი ჰყავდა – რეი გაეტანო, რომელმაც  სერიოზული სამუშაო ჩაატარა და მშვენიერ შედეგსაც აჩვენებდა. ზოგადად, ქართველი კალათბურთელები ხშირ შემთხვევაში საეთაშორისო დონეს ვერ აკმყოფილებენ, მაგრამ რამოდენიმე თვეში გაეტანოს დახმარებით ბიჭები სპორტულ და   ევროპულ სტანდარტებზე მოვიდნენ. შესაბამისად, კარგ თამაშებსაც აჩვენებდნენ.

ასევე, ძალიან მომწონს „დინამოს“, ამ უდიდესი ტრადიციების და ტიტულის მქონე კლუბის სერიოზული მიდგომა საქმისადმი, მაგრამ, ზოგადად, დონემ უნდა აიწიოს. მოხდეს  გულშემატკივრის, სპორტული მენეჯმენტის დონის ამაღლება.  ვთვლი, რომ კალათბურთი პოპულარულია და  კარგ შედეგაც ვაჩვენებთ, მაგრამ ბუნებრივია, უფრო დიდი შედეგი გვინდა, ამისთვის კი  ბევრი რამ არის დასალაგებელი. მხოლოდ  მენეჯმენტის ხარჯზე ვერ მოხდება ეს.  ამ ყველაფერს, სახელმწიფოს, ბიზნესმენების და უბრალო მოქალაქეების  გვერდში დგომა სჭირდება.

 

ეროვნული ნაკრები

ნაკრებისგან  ყოველთვის მაგარ თამაშს  ველოდები. ამას  უკვე შეგვაჩვიეს ჩვენმა კალთბურთელებმა, ისევე როგორც „ბორჯღალოსნებმა“. რომც აგებდნენ, ვერასდროს ვიტყვი, რომ   ბოლომდე არ დაიხარჯნენ ან თავი დაზოგეს. ამიტომაცაა, რომ  ნაკრები ყოველთვის იმსახურებს სავსე არენას და   ყოველთვის გადაჭედილია დარბაზი.  ის სიხარული, რაც  ევროპის ჩემპიონატზე მოგვანიჭეს ბიჭებმა, დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის და მსურს წარმატებები ვუსურვო ჩვენს მაგარ ნაკრებს.  დარწმუნებული ვარ, წლევანდელი ასპარეზობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მივაღწევთ.

 

ემოციები

ნაკრების თამაშებიდან ყველა ემოციური იყო და კონკრეტულად ვერცერთს ვერ გამოვყოფ.  უამრავ  ძლიერ გუნდთან მოუწიათ ბიჭებს ასპარეზობა და პირადად რასაც დავესწარი, მარტივად არცერთი მატჩი არ დასრულებულა და დაძაბულობა ყოველთვის იყო.

ყველაზე ემოციურად  მახსოვს 90-იან წლებში  „ვითა“ – „დინამოს“ დაპირისპირებები.  ძნელია იმის გადმოცემა, რა ხდებოდა სპორტის სასახლეში.  ისეთი დაძაბულობა იყო საკლუბო დონეზე, რომ სანატრელად მახსენდება და მსურს, მალე დაბრუნდეს ის დრო და არა მხოლოდ ნაკრებზე,  სუპერლიგაზეც გვქონდეს ასეთი ბრძოლები. არანორმალური გულშემატკივრობა და დაძაბულობა იყო თამაშებზე. არ ვიცი, ,,ვითა’’ – ,,დინამოს’’ თამაშები რას შევადარო. ეს იყო საკალათბურთო გულშემატკივრობის პიკი.

 

პრობლემები

საქართველოს ნაკრების თამაშებზე დავდივარ და როცა ვახერხებ სუპერლიგასაც ვესწრები.   ვისურვებდი, რომ უფრო მეტად მოხდეს  თამაშების გრაფიკის გაჟღერება და  ინფორმაციის მოწოდება.  მე დიდად არ ვმეგობრობ ინტერნეტთან და ტელევიზიასთან, მაგრამ მეტად რომ იყოს,  სასურველია.

ვფიქრობ, დიდი  პრობლემა  გვაქვს  სპორტულ მენეჯმენტში, რომელიც გადასაწყვეტია სისტემურად და  არა ცალკეული ფედერაციების და კლუბების დონეზე. მიმაჩნია, რომ სპორტული მენეჯმენტის სპეციალობაა შემოსაღები და ამ დარგში  უცხოელ სპეციალისტებს ვისურვებდი, რადგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.

სპორტში ძალიან კარგად  ვარ ჩახედული, ჯომარდობის ფედერაციის  პრეზიდენტი ვარ და საკმაოდ  დიდ სირთულეებთან მიწევს გამკლავება. სპორტს  ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება,  რაც ცოტა პრობლემატურია ჩვენს პრობებში. სპორტის სხვა სახეობებს მოვუწოდებ, რომ უფრო მეტად მოინდომონ, ბოლომდე დაიხარჯნონ, მიბაძონ კალთბურთს, რაგბს, ჭიდაობას. რადგან ქართველებს ნამდვილად დიდი პოტენციალი გვაქვს.

 

მიმართვა გულშემატკივარს

უნდა დავუდგეთ  გვერდში არა მხოლოდ კალათბურელებს, არამედ ერთმანეთს და სუპერლიგაც  ძლიერი და მაგარი  იქნება. მიეცით ბიჭებს  სტიმული, რათა უფრო  მაგრად ითამაშონ. როცა დაინახავენ, რომ მაყურებელი  მათ თამაშებზე დადის,  შეუძლებელს გააკეთებენ და გაჩუქებენ ძალიან კარგ თამაშს.

 

რჩევები დამწყებ სპორტსმენებს

აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა. თუ გინდა პროფესიონალი სპორტსმენი გახდე და გარკვეულ კლასს მიაღწიო,  ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი, იმ სიამოვნების უდიდეს ნაწილზე,  რასაც  ყოველდღიურად ვიღებთ ცხოვრებისგან.  გართობა,  სიამოვნება და პროფესიონალური სპორტი  ერთად არ გამოვა. სამწუხაროდ, მე ხშირად  ვხედავ, რომ  სპორტსმენები ისე იქცევიან, როგორც მოყვარულები.  საკუთარ თავზე მუშაობა  და იმ საქმის სერიოზულად, ბოლომდე აღქმა, რასაც აკეთებ, ძალიან რთულია, მაგრამ უნდა მოახერხო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოლოს ნახევრად პროფესიონალი და ნახევრად მოყვარული  იქნები, ,,ბირჟაზე’’ ერთ ხელში ლუდით, მეორე ხელში სიგარეტით და იტყვი,  როგორ არ გაგიმართლა ცხოვრებაში.

superleague.ge

2002 წელს დაბადებულთა საქართველოს მინი ფესტივალი სპორტის სასახლეში დაიწყო

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ფესტივალმა მინი-კალათბურთში 2002 წელს დაბადებულთა შორის. ტურნირის ორგანიზატორი„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია“, ხოლო ფესტივალის მხარდამჭერი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

ფესტივალის გენერალური სპონსორია „პრივატბანკი“ და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 21 გუნდი მონაწილეობს. გუნდები 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. ჯგუფურ ეტაპზე გამოვლინდება 8 საუკეთესო გუნდი, რომლებიც  ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

გაგაცნობთ ტურნირში მონაწილე გუნდებს:

ა ჯგუფი: ქუთაისი, ბოლნისი, ჰიუნდაი, თსსუ, რუსთავი1

ბ ჯგუფი: სომხეთი, ბათუმი, აკადემი 1, მართვე, TBC

გ ჯგუფი: რუსთავი 2, ზესტაფონი, დინამო, ოვერტაიმი, ვესტა

დ ჯგუფი: ვარსკვლავები, გორი, აკადემია 2, შსს-ორბი, ბასტიონი, სოხუმი

აღნიშნულ ტურნირთან დაკავშირებით თბილისის სპორტის სასახლეში გახსნის ცერემონიალი მოეწყო, რომლის დასრულების შემდეგ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნუგზარ კევლიშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერეს.

მიხეილ გაბრიჩიძე(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი): არაჩვეულებრივი დღეა. გუშინ დასრულდა მინი ფესტივალი, რომელიც ძალიან კარგად ჩატარდა. დღეს კი უფრო მასშტაბურ ფესტივალს ვიწყებთ და ის მთელ საქართველოს მოიცავს. ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს კალათბურთის განვითარებას, ახალგაზრდების დაახლოვებას და  ახალი ტალანტების აღმოჩენას.

ნუგზარ კევლიშვილი(ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორი):კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან დღეს ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი. ჩვენი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში კალათბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციას. რაც მთავარია, გვინდა ფესტივალმა ტრადიციული სახე მიიღოს.

ზურაბ მასურაშვილი(,,პრივატბანკის’’ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე): ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ,,პრივატ ბანკი’’ აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ ღონისძიებებს. ჩვენი სპონსორობა გულისხობს მონაწილეებისთვის, რომლებიც სკოლის მოსწავლეები არიან, საბანკო ბარათების უფასოდ გადაცემას და ამ გზით ფინანსური კულტურის გაღვივებას. პრიზები მონაწილეებს სწორედ ამ ბარათებზე ჩაერიცხებათ და ისწავლიან ბარათების ცხოვრებაში გამოყენებას.

superleague.ge

სუპერლიგამ სეზონის საუკეთესოები დაასახელა

საუკეთესო მწვრთნელი

 

სუპერლიგის 2013-2014 წლების სეზონის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა საკალათბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ხოშტარია,  რომელსაც, ცნობილი  ქართველი მწვრთნელის, გიორგი ავალიშვილის სახელობის პრიზი  გადაეცა. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი პრიზით დააჯილდოვა  გიორგი ავალიშვილის  ქალიშვილმა, ქალბატონმა ქეთევან ავალიშვილმა.

 

საუკეთესო ახალაზრდა კალათბურთელი

 სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ზვიად მიქაძის ოჯახმა და მეგობრებმა დააწესეს,  გადაეცა ქუთაისის მოთამაშეს ლევან გრძელიძეს. სეზონის  საუკეთესო  ახალგაზრდას პრიზი ზვიად მიქაძის შვილებმა სალომემ და იოანე გადასცეს.

 

საუკეთესო მოთამაშე (MVP)

 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP) სეზონის საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და კომისრების გამოკითხვის შედეგად საუკეთესო სამეული გამოვლინდა.

მე-3 ადგილი  – გიორგი გამყრელიძე (დინამო)

მე-2 ადგილი – აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი)

ხოლო სეზონის საუკეთესო მოთამაშე (MVP)  გახდა საკალათბურთო კლუბ  თბილისის „დინამოს“ მოთამაშე სტევან მილოშევიჩი.

სტევან მილოშევიჩს საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა საქართველოს ეროვნული კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ.

superleague.ge

ქუთაისმა ფინალში დინამოს ჩამორჩენა შეუმცირა

ფინალური სერია გრძელდება. მალხაზ კოხრეიძისა და მედეა მხეიძის გაწვრთნილმა “ქუთაისმა” საჩემპიონო სერიის მე-3 მატჩში, საკუთარი გულშემატკივრებით გადავსებულ დარბაზში 89:84 დაამარცხა “დინამო” და საერთო ანგარიში 1:2 გახდა. დინამოელებს 1 მოგება აკლდათ ჩემპიონობამდე, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა ვერ მოახერხეს და ხვალ, 25 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლე სერიის მე-4 მატჩს უმასპინძლებს.

გულშემატკივარი ვახსენეთ და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისელებმა მხურვალე ქომაგობის პარალელურად კინაღამ ცუდი საქმე გაუკეთეს საკუთარ გუნდს. რიგ მომენტებში მსაჯობით უკმაყოფილო გულშემატკივარი მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდა. დიქტორს ორჯერ დასჭირდა მაყურებელთა ინფორმირება, რომ თავი შეეკავებინათ მოედანზე საგნების სროლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში თამაში შეწყდებოდა.

თამაში ისედაც შეწყდა, ოღონდ არა გულშემატკივართა ზღვარსგადასული საქციელის გამო. პირველი მეოთხედის დასასრულს დარბაზში ელექტროენერგია გამოირთო და 20 წუთის შემდეგ მოვიდა. მატჩი ქუთაისელი კალათბურთელების სიზუსტით დაიწყო და მასპინძლებმა საბოლოოდ რომ მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, სწორეთ მათი ზუსტი თამაშის დამსახურება იყო.

სერიის საწყისმა ორმა შეხვედრამ გამოაჩინა, რომ “დინამოს” ფარქვეშ უდიდესი უპირატესობა ჰქონდა. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა თბილისში გამართული მატჩები 49 და 31-ქულიანი უპირატესობით მოიგო და იმ შეხვედრებში საუკეთესონი ძირითადად მეფარეები – სტევან მილოშევიჩი და ქიან კარტერი გახლდნენ. ქუთაისელებმა იცოდნენ, რომ მეტოქესთან ფარქვეშ ჭიდილში გამარჯვებულები ვერ გამოვიდოდნენ და თბილისელებს პერიმეტრიდან სროლებზე, სწრაფ შეტევებზე აწყობილი ტაქტიკა დაუპირისპირეს.

ამ ტაქტიკამ გაამართლა. სამქულიანებს სანაქებოდ ესროდა დავით ბარბაქაძე, რეზო დიდია, ხოლო ქუთაისელთა ერთადერთმა გამოკვეთილმა ცენტრმა – მატჩის საუკეთესო მოთამაშე აკაკი დვალიშვილმა ქულათა უმეტესობა სამწამიანს გარედან ნასროლი ბურთებით მიითვალა. დვალიშვილმა სამქულიანიც ჩააგდო, ის არც ფარქვეშ შესვლას ერიდებოდა, თუმცა ამას იშვიათად და ძალზედ ხელსაყრელ მომენტებში აკეთებდა – შესაბამისად მიზანსაც აღწევდა და თავისი გუნდის წარმატების ძირითადი დასაყრდენიც გახდა.

ბოლო მეოთხედში დინამოელებმა 1 ქულით დაწინაურება მოახერხეს, თან მოედნიდან 5 პერსონალურის გამო გასული იყო დავით ბარბაქაძე, თუმცა მასპინძლებს ახალგაზრდა თაობამ უშველა – ლევან გრძელიძემ უზუსტესი პასები მიითვალა, სამქულიანიც ჩააგდო. შორი სროლა მიითვალა 21 წლის გიორგი ცირეკიძემაც, ხოლო გიორგი ბარბაქაძემ საჭირო მომენტში ლიდერის ფუნქციები იკისრა და არაერთი ჰაერივით საჭირო ორქულიანი ჩააგდო. როცა დინამოელებმა ქუთაისელთა სწრაფ და ზუსტ თამაშს ვერაფერი დაუპირისპირეს, მატჩის ბედი გადაწყდა.

დვალიშვილმა შეხვედრა 25 ქულით, 11 მოხსნით და 4 პასით დაასრულა. 21 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა გიორგი ბარბაქაძეს , ხოლო ზაურ ფაშაევის ანგარიშზე 15 ქულა და 9 პასი დაგროვდა. დავით ბარბაქაძემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. “დინამოში” ყველაზე მეტი – 21 ქულა ბესო ლეჟავამ დააგროვა, 14 ქულა ჰქონდა ქიან კარტერს, ხოლო სტევან მილოშევიჩმა თავისი წილი ორმაგი დუბლი მაინც მიითვალა – 13 ქულა, 10 მოხსნა.

ფინალური სერიის მორიგი შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში 25 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება.

სტატისტიკა 

 

superleague.ge