Fanebi.com “ჩელსი” – “პსჟ”-ს მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ტიაგოს სილვას ცხოვრების ისტორიის შესახებ გიამბობთ.
რიო-დე-ჟანეიროში, ტიაგოს სილვას სახლიდან დაახლოებით 50 მეტრში ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ფაველაა განლაგებული. სროლის ხმა და პოლიციის სპეცოპერაციები იქ ჩვეულებრივი, ფაქტობრივად ყოველდღიური მოვლენაა.
ტიაგოს ოჯახის მატერიალური მდგომარეობა ძალიან ცუდი იყო. დედამისი მის გაჩენასაც კი არ აპირედა, რადგან ფინანსური მხარე ბავშვის სრულფასოვან აღზრდას ხელს არ უწყობდა.
“ვიჯექი და ვტიროდი. აბორტის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ფულიც არ მქონდა. საბოლოოდ მამაჩემმა ცოდვა არ ჩამადენინა და ტიაგო გავაჩინე” – იხსენებს ფეხბურთელის დედა.
მიუხედავად მძიმე ბავშვობისა ტიაგოს მთავარი პრობლემა ის იყო, რომ უბანში არსებული რთული კრიმინოგენული ვითარების გამო, მას გარეთ გასვლას უკრძალავდნენ. ამიტომ, ფეხბურთის სათამაშოდ სილვა სახლიდან იპარებოდა.
“სადილის შემდეგ დედა იძნებდა რა დროსაც სახლიდან გავრბოდი, ფეხბურთს ვთამაშობდი და შინ დაბრუნებას ვასწრებდი” – ამბბოს ფეხბურთელი.
თუმცა, ბრაზილიისთვის სპორტის მთავარი სახეობით ასეთი გატაცება კარიერის ასაწყობად საკმარისი არ აღმოჩნდა. “ფლუმინენსეს” სკოლაში ტიაგომ მწვრთნელების მოხიბლვა ვერ შეძლო. 13-15 წლის ასაკში ის საყრდენის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა თანატოლებთან შედარებით გაცილებით სუსტად გამოიყურებოდა და მწვრთნელებმაც ჩათვალეს, რომ მას სხვა გუნდი უნდა მოეძებნა, რიოში მისი აყვანის მსურველი კოლექტივი კი ვერ მოიძებნა.
“ყველაზე მეტად “ფლამენგოში” სინჯები იყო საწყენი. ტესტირების დროს მწვრთნელები არც კი მიყურებდნენ და მოედანთან ზურგით იდგნენ. სახლში დაბრუნების შემდეგ ვთქვი, რომ ფეხბურთს აღარ ვითამაშებდი”
ტიაგოს გადაწყვეტილება დედამ შეაცვლევინა და ცოტა ხანში ის მოკრძალებულ “ბარსელონა რიო-დე-ჟანეიროში” აღმოჩნდა, სადაც სილვამ პირველად ითამაშა მცველის პოზიცაზე და შედარებით სერიოზული კლუბების ყურადღებაც მიიპყრო. ჯერ იყო “პედრაბრანკა”, შემდეგ კი “ჟუვენტუდე”.
2004 წელს ტიაგო სილვა ბრაზილიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად დაასახელეს და საუკეთესო მცველების სამეულშიც შეიყვანეს. ევროპულმა ინტერესმაც არ დააყოვნა – მოთამაშით “პორტუ” დაინტერესდა, რომელიც იმ პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი იყო. ტრანსფერი 2,5 მილიონ ევროდ შეფასდა. თუმცა, პორტუგალიაში მან ძირითად გუნდში ერთხელაც ვერ ითამაშა და მოსკოვის “დინამოში” გადავიდა. რუსეთში სილვას ტუბერკულიოზი აღმოუჩინეს, რის გამოც ის 6 თვე საავადმყოფოში იწვა და ფეხბურთი დაახლოებით ერთი წელი არ უთამაშია.
“პირველი ორი თვე ჩემთან თარჯიმანის გარდა არავინ მოსულა. მას საჭმელი მოჰქონდა და მკურნალობის შესახებ მიყვებოდა. იმ დროს ისიც კი არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა კარიერის გაგრძელებას. საშინელი პერიოდი იყო”
ფეხბურთელის დედა კი იხსენებდა, რომ ტიაგოს ძალიან ცუდ პირობებში უწევდა ყოფნა და ავადმყოფობის დროს მათ 10 კილოგრამამდე დაიკლო.
ტიაგო სილვას კარიერა ივო ვორტმანმა გადაარჩინა. მწვრთნელმა, რომელმაც ის “ჟუვენტუდში” საბოლოოდ მცველად ჩამოაყალიბა, შემდეგ კი მოსკოვურ “დინამოში” მუშაობდა და მისი ავადმყოფობის შესახებაც იცოდა.
ვორტანი 2006 წელს ბრაზილიაში დაბრუნდა და “ფლუმინენსეს” ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ დროს მწვრთნელმა ტიაგოს კიდევ ერთი შანსი მისცა, რომელიც ფეხბურთელმა 100 პროცენტით გამოიყენა. სასტარტო შემადგენლობაში მან 143 მატჩი ჩაატარა და ბრაზილიის თასის მოგება შეძლო. ტიაგო ფეხბურთში ტრიუმფალურად დაბრუნდა და ახლა მისი სახლის ფანჯრებიდან შემზარავი ფაველების ნაცვლად ტრიუმფალური თაღი ჩანს.
გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ბიოგრაფიის მქონე ადამიანმა გუშინდელი შეცდომის შემდეგ, რომელსაც პარიზელთა კარში პენალტი მოჰყვა, ბოლომდე იბრძოლა და საკუთარი გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა.