ფიფიას ჰეთ თრიკი და შემდეგი ეტაპის საგზური

1 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის განმეორებითი 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ცენტრალურზე“ საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ ხარაგაულის „ჩხერიმელას“ უმასპინძლა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისელებს ჰქონდათ მოგებული, რა გასაკვირია, რომ „ტორპედო“ ამჯერადაც გასამარჯვებლად იყო შემართული. რევაზ ძოძუაშვილმა დღეს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. უნდა ითქვას დებიუტანტებზეც, რომლებმაც „ოფიციალურში“ პირველად იასპარეზეს რიონოსპირელთა რიგებში: შეუცვლელად ითამაშა მეკარე საბა ცაბუტაშვილმა, ხოლო მეორე ტაიმში შევიდნენ მოედანზე: ლევან შენგელია, გურამ თედიაშვილი და გივი დუდუჩავა. გუნდების დონეებს შორის სხვაობა მატჩის დებიუტშივე გახდა შესამჩნევი. თავიდან, ანგარიში მხოლოდ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ იცვლებოდა: მე-5 წუთზე, ბენაშვილის პასით ნიკო კვასხვაძემ გაიტანა, მე-16-ზე თენგიზ ჩიკვილაძემ გაახვია ბურთი ბადეში უძლიერესი შორეული დარტყმით, 34-ე წუთზე კი ტაბატაძის პასით გოგი ფიფიამ „ტორპედოს“ ოფიციალურ მატჩებში გახსნა საკუთარი გოლების ანგარიში – 3:0. ბუნებრივია, ქუთაისელთა ასეთი უპირატესობა არანაირ კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებდა.

ტაიმებს შორის შესვენების შემდეგ სტუმრები ოდნავ გააქტიურდნენ, ამას 59-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი მოჰყვა, რომელიც თავური დარტყმით ლაშა გაბრიჭიძემ გაიტანა – 3:1, თუმცა 68-ე წუთზე გოგი ფიფიამ საჯარიმოს გარედან ტექნიკური დარტყმით ისევ სამბურთიანი გახადა ანგარიშის სხვაობა – 4:1. ეს ციფრები დიდხანს არ ყოფილა ძალაში, აქედან სამ წუთში ირაკლი გვეტაძემაც მოახერხა კარის აღება – 4:2. 76-ე წუთზე კი გოგი ფიფიამ კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი და ჰეთ თრიკიც შეასრულა – 5:2. გოლების გარდა შეხვედრა გაცუდებული საგოლე მომენტებითაც იყო დახუნძლული. ამრიგად, „ტორპედომ“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6:2 დაამარცხა „ჩხერიმელა“ და თასის გათამაშების დაგეგმილი 1/8 ფინალის საგზურიც უპრობლემოდ მიიღო.

FCTorpedo.Ge

„ჩხერიმელასთან“ განმეორებითი სათასო მატჩის წინ

1 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის 1/16 ფინალის განმეორებით მატჩში პირველლიგელ ხარაგაულის „ჩხერიმელას“ დახვდება. თამაში, რომელზეც დასწრება უფასოა, 15:00 საათზე დაიწყება.

მოგეხსენებათ, საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალის ყველა საპასუხო მატჩი 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ეროვნული ნაკრების ინტერესების გამო კალენდარში შესულმა ცვლილებებმა მათი გადადება 30 სექტემბრისა და 1 ოქტომბრისთვის განაპირობა.

„ტორპედოსა“ და „ჩხერიმელას“ შორის აღნიშნულ ეტაპზე ხარაგაულში მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე გამართულ პირველ მატჩში ქუთაისელებმა მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს მეტოქე, თამაშის 55-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი 19 წლის ცოტნე ქებურია გახდა. დეტალური ინფორმაციისთვის გთავაზობთ 20 აგვისტოს ჩატარებული შეხვედრის პროტოკოლს –http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=249.

ჩვენს მომდევნო მეტოქეზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად შემდეგს მოგახსენებთ – „ჩხერიმელა“ პირველი ლიგის გათამაშების „ა“ ზონაში გამოდის, სადაც 6 ტურის მერე დაგროვილი 4 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. ზემოიმერელთა მწვრთნელი 29 წლის გიორგი შავგულიძე გახლავთ. გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელია, რომელთაც ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია.

აქვე დამდეგი ქუთაისური მატჩის მომსახურე მსაჯთა შემადგენლობაზეც ვთქვათ, რომელსაც დავით სანოძე(ხონი) უხელძღვანელებს, მას ასისტენტობას გაუწევენ: ფელიქს ჭაავა(ზუგდიდი) და ზვიად ერქვანია(ზუგდიდი), სათადარიგო მსაჯობა კი ჯენერი ხორავას(ხობი) დაევალა.

FCTorpedo.Ge

“ტორპედო-2” – “დინამო-2” ბათუმი 0:0

28 სექტემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ჩვენი გუნდის საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ერთმანეთს „ტორპედოსა“ და ბათუმის „დინამოს“ დუბლიორები შეხვდნენ.

პირველი ტაიმი ძირითადად ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა უფრო მეტად მასპინძლები აქტიურობდნენ, რასაც მათი საგოლე მომენტებიც მოწმობს, რომელთაგან ერთიც ვერ იქნა გამოყენებული. მეორე ტაიმში კი ტორპედოელთა(მწვრთნელები: გიორგი სუხიაშვილი, ვლადიმერ ჭყონია) უპირატესობა საგრძნობლად გაიზარდა, მაგრამ დინამოელები(მწვრთნელი – ივანე მახარაძე) ბევრჯერ გადაურჩნენ გაშვებულ გოლს და საბოლოო შედეგიც ფრე დაფიქსირდა(0:0).

„ტორპედო-2“: გეგუჩაძე, ბერძენაძე, გაგოშიძე, ნაცვლიშვილი(ბერიშვილი 52), მამასახლისი, ლაღაძე, ზაქარაშვილი(კუჭუხიძე 75), ხვიჩია(ტვილდიანი 65), გოგუაძე, იონანიძე(ხეცურიანი 46), ჩიხლაძე.

„დინამო-2“: შოვნაძე, შაფათავა, ო. მუჯირი, ფოთელიძე, აშბა, ჩინბა(ქათამაძე 46), ვარშანიძე, ტროფიმოვი(პატარაია 35), ჩაჩხუნაშვილი, ალეფირენკო(ჭეიშვილი 65, ცეცხლაძე 84), აბუსელიძე.

არბიტრი: თორნიკე ნაკაიძე(ლანჩხუთი)

FCTorpedo.Ge

რევაზ ძოძუაშვილი: “ვფიქრობ, ვინც თამაშზე მოვა, ნასიამოვნები დარჩება“

გუშინ, საღამოს, ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოსთან“ ხვალინდელ მატჩამდე საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში გამართა. ტრადიციულად, ქვემოთ დამდეგი ქუთაისური თამაშის წინ ტორპედოელთა კომენტარებს გთავაზობთ.

რევაზ ძოძუაშვილი: „საზოგადოდ, როცა გუნდი სატურნირო მდგომარეობის მაღალ საფეხურზე დგას, თვითონ საქმე გეუბნება, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის, მაგრამ, ლაპარაკიც არ უნდა, რომ უკეთესი უნდა შევქმნათ. ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისში ჩამოყალიბდეს ქართული ფეხბურთის ბირთვი. ამის საშუალება და უნარი ქუთაისს ყოველთვის ჰქონდა. „ტორპედო“ სწორ გზაზე დგას. მოხარულები ვართ, რომ წინა თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. „სამტრედია“ ის გუნდია, რომელმაც მოახერხა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელების თავმოყრა, ადენად, ეს გამარჯვება კარგი საზომი არის იმის დასადგენად, თუ რას წარმოვადგენთ. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, ბათუმის „დინამო“ დიდი ტრადიციების კლუბია. ვფიქრობ, ვინც ხვალინდელ თამაშზე მოვა, ნასიამოვნები დარჩება“.

შოთა ბაბუნაშვილი: „ჩემი საფეხბურთო კარიერა „ტორპედოში“ დავიწყე და ძალიან მინდა, რომ აქვე დავასრულო. იმედი მაქვს, მომავალშიც ვიქნები ამ გუნდისთვის გამოსადეგი ფეხბურთელი. დღესდღეობით საკმაოდ გამოცდილი გუნდი შევიკრიბეთ. ლოგიკურად მივიჩნევ, რომ ჩემპიონატში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ვართ, ალბათ, მეტიც შეგვეძლო, დასანანი ქულები რომ არ დაგვეკარგა. რეალურად რომ ვთქვათ, სამეულში შესვლა შეგვიძლია, თუმცა ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. მართალია, ამჟამად ძლიერი ჩემპიონატი არ გვაქვს, მაგრამ ისიც პროგრესია, რომ ნებისმიერი თამაშის შედეგზე პროგნოზის გაკეთება ძალიან გართულდა. ვიცით, რომ ხვალ იოლი მატჩი არ გვექნება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“.

დღესვე, ერთი მისასალმებელი ფაქტიც იყო – ჭყონდიდის ეპარქიაში მომსახურე მამა გიორგიმ(ბასილაია) ჩვენი გუნდის ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის სახელზე საჯანმრთელო პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ კი საცხოვრებელი შენობა და მთლიანად „ტორპედოს“ ბაზაც აკურთხა.

FCTorpedo.Ge

“სამტრედია” – “ტორპედო” 0:1

21 სექტემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურის მატჩები შედგა. ქუთაისის „ტორპედო“ სტუმრად ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მასპინძელ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ დაუპირისპირდა.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ იმერულ დერბიზე ანშლაგი იყო. ტრიბუნებზე მყოფ 2 500-მდე გულშემატკივართა შორის საკმაოდ ბევრი ქუთაისელი ქომაგიც გახლდათ, რომლებიც ხშირი შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს. „ტორპედო“ მატჩს დანაკლისით შეხვდა – კაპიტანი თენგიზ ჩიკვილაძე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ეხმარებოდა თანაგუნდელებს. მის მაგივრად გუნდს ტრავმამოშუშებულმა ვალერი აბრამიძემ უკაპიტნა. „ტორპედოს“ რიგებში დებიუტი ჰქონდა უკრაინელ ილია დრევალს. 18 წლის ახალწვეულმა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა.

შეხვედრის პირველი ტაიმი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა. ახალი ფეხბურთელებით გაძლიერებული „სამტრედია“ ყველა სათამაშო კომპონენტში ფლობდა უპირატესობას, თუმცა ბოლო ფაზაში მასპინძელ ფეხბურთელებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. საწყის 25 წუთში მარტო ბეჭვაიასა და გეწაძის მომენტებს თუ დავაჯამებთ, ისინი 6-ჯერ იყვნენ ახლოს ანგარიშის გახსნასთან. შემდეგ თითოჯერ მელქაძეს, ბაკურაძესა და კაკუბავასაც შეეძლოთ მათი გუნდის დაწინაურება, მაგრამ არარეალიზებულ შეტევებში მთავარი „დამნაშავე“ მეკარე თებიძე იყო, რომელსაც ზედიზედ მესამე თამაშია გოლი არ გაუშვია. „სამტრედიას“ მასირებული იერიშების ფონზე იყო მოლოდინი, რომ „ტორპედო“ დიდხანს ვეღარ შეინახავდა კარს „მშრალად“ და ქუთაისელთათვის უკეთეს შემთხვევაში კი ფრეს მიაღწევდა, თუმცა წინ მეორე ტაიმი იყო…

მატჩის დასკვნითი მეორედი პირველისგან განსხვავებული გამოდგა. თამაში გათანაბრდა და „ტორპედოც“ გაცილებით უფრო გამოცოცხლდა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები შეექმნათ ბონდარენკოს, აბრამიძესა და ჩაკვეტაძეს, მაგრამ ყველა მათგანი უშედეგო აღმოჩნდა. შიგადაშიგ პასუხობდნენ სამტრედიელებიც, მელქაძემ და ქანთარიამ ბურთი კარში ვერ მოახვედრეს, ახლო მანძილიდან გორგიაშვილის დარტყმულზე კი თებიძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა დამაჯერებლობა. უკომპრომისო ორთაბრძოლები ბოლომდე გაგრძელდა. „ტორპედოს“ უკეთესი ფიზიკური მომზადება განსაკუთრებით თამაშის ეპილოგში გამოჩნდა. 83-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა კვერნაძემ ბაბუნაშვილის პასი მიიღო და მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა კუთხიდან შეიჭრა, ტორპედოელს ხელს არავინ უშლიდა, თუმცა მის დარტყმულზე მეკარემ იყოჩაღა. აქედან ოთხ წუთში, „ტორპედოს“ კომბინაცია გოლით დაგვირგვინდა, ტაბატაძემ აბრამიძესთან გაითამაშა „კედელი“, ვაჟამ ცრუ მოძრაობით ოპონენტი მოატყუა და კარის გასწვრივ ჩააწოდა, სადაც ოთარ კვერნაძემ დაუხვედრა ბურთს თავი, მეკარე მოძრაობაზე დაიჭირა და საპირისპირო კუთხეში დარტყმით დალაშქრა კარი – 0:1. დარჩენილ წუთებში არაფერი შეცვლილა და არბიტრ სილაგავას, რომელსაც ამ მატჩში თითქმის შეცდომა არ დაუშვია, საფინალო სასტვენმა ქუთათურების მნიშვნელოვანი გამარჯვება დააფიქსირა, შედეგად, რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე ადგილზე გადავიდა.

fctorpedo.ge

“ტორპედოს” სარეზერვო გუნდის მატჩი „ვიტ ჯორჯიასთან“

17 სექტემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-4 ტურის გადმოტანილი მატჩი გაიმართა. ჩვენი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის „ტორპედოს“ სათადარიგო გუნდმა(მწვრთნელი გიორგი სუხიაშვილი, მისი ასისტენტი – ვლადიმერ ჭყონია) თანატურნირელი თბილისის „ვიტ ჯორჯია“ მიიღო.

შეხვედრის მე-5 წუთზე სტუმრები პენალტის გამოყენებით გავიდნენ წინ – 0:1. 35-ე წუთზე, ლაღაძის გადაცემით ლევან შენგელიამ ხელსაყრელი პოზიციიდან იმოქმედა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 70-ე წუთზე, ერთ-ერთმა ვიტელმა სტანდარტული მდგომარეობა აქცია გოლად – 1:2. მდევრის რანგში მყოფმა ქუთაისელებმა რამდენიმე საგოლე მომენტი კი შექმნეს, თუმცა ლაღაძის, მამასახლისისა და ტვილდიანის გადამწყვეტმა დარტყმებმა მიზანს ვერ მიაღწია, შედეგად, გამარჯვებაც „ვიტ ჯორჯიას“ დარჩა, თუმცა უფრო ლოგიკური იქნებოდა, რომ დღევანდელი შეხვედრა ფრედ დასრულებულიყო.

„ტორპედო-2“: ბობღიაშვილი, დუდუჩავა, ბერძენაძე, ნაცვლიშვილი(ფანცხავა 65), გელაშვილი, შენგელია(იონანიძე 60), ტვილდიანი(კოხრეიძე 73), გოგუაძე, მამასახლისი(გაგოშიძე 70), ზაქარაშვილი, ლაღაძე(გრ. კუხიანიძე 75).

FCTorpedo.Ge

“ტორპედო” – “ვიტ ჯორჯია” 1:0

16 სექტემბერს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გადადებული მე-4 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ სტადიონზე თბილისის „ვიტ ჯორჯია“ მიიღო.

ძირითადად მზიან ამინდში მიმდინარე საინტერესო შეხვედრის დებიუტი ქუთაისელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის განმავლობაში „ცენტრალურის“ ტრიბუნებზე შეკრებილები საკმაოდ ხშირად ხმაურობდნენ, რაც უმეტესად „ტორპედოს“ მიერ შექმნილი სახიფათო მომენტებით იყო გამოწვეული. უკვე მე-2 წუთზე მასპინძელთა სწრაფი გადასვლა მეტოქის ნახევარზე ტუღუშის კარში დარტყმით ბოლოვდებოდა, რომ არა ერთ-ერთი ოპონენტი მცველი, რომლისგანაც კუთხურზე გადავიდა ბურთი. აქედან ერთ წუთში ჩიკვილაძემ ზედიზედ მეორე კუთხური მოაწოდა, კართან ახლოს ყველას კვერნაძემ დაასწრო, მაგრამ თავით მიზანში ვერ მოარტყა. მე-17 წუთზე, ისევ კვერნაძე შევიდა სტუმართა საჯარიმოში მარჯვენა კუთხიდან და ამჯერად მეკარეს ვერ აჯობა. 34-ე წუთზე, ვიტელთა საჯარიმოში მყოფმა ტუღუშმა აკრობატული დარტყმით სცადა გატანა, მაგრამ შეროზიამ რთული ბურთი მოიგერია. საწინააღმდეგო კართან შექმნილ ეპიზოდებზეც რომ ვთქვათ, 45 წუთი ისე მიიწურა, რომ ტორპედოელ მეკარეს სერიოზული საქმე არ მისცემია, რადგან სტუმართა 2-3 დარტყმით ბურთი „მართკუთხედის“ მიღმა წავიდა. ყველაზე მაღალპროცენტიანი შანსი გეთიაშვილს ჰქონდა, რომელმაც ვარდნაში 4-5 მეტრიდან ააცილა კარს.

15-წუთიანი შესვენების შემდეგ პირველი 20 წუთი არაფრით იყო გამორჩეული. თითქოს, სტუმრები უფრო გააქტიურდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ბურთის ფლობაში ჩანდა. 66-ე წუთზე, ტაბატაძემ მისივე ფლანგიდან ჩააწოდა ბურთი, რომელსაც თავით ჩადუნელი გამოეხმაურა და მას სულ ცოტა დააკლდა ანგარიშის გახსნამდე. 77-ე წუთზე, ბონდარენკოს მიერ შესრულებული საჯარიმოთი ბურთი მეკარემ დაიმორჩილა ხელებში. აქედან წამებში, ჩიკვილაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმით შეაზანზარა ხარიხა. თამაშის ფინალი მეტად დაძაბული გამოდგა, ამან ფეხბურთელებზეც ზედმეტად ემოციურად იმოქმედა, რისთვისაც მათ მთავარი მსაჯისგან ყვითელი ბარათები მიიღეს. „ტორპედო“ ფრეს არ ეგუებოდა და რისკზეც გადავიდა. თამაშის კულმინაცია 88-ე წუთზე იყო, როცა ფიფიამ ცრუ მოძრაობების შემდეგ კარის გასწვრივ ჩასაწოდებლად არეალი გაითავისუფლა, ჩააწოდა და… ჩვენი გუნდის მიერ მეტოქის კარში განხორციელებულმა მე-9 დარტყმამ შედეგი გამოიღო. 19 წლის უკრაინელი ვალერი ბონდარენკო საჭირო ადგილას აღმოჩნდა და ლამაზი თავური დარტყმით იგი მისი პირველი ქუთაისური მატჩის გამარჯვების გოლის ავტორი და ამასთან, საუკეთესო მოთამაშეც გახდა. არბიტრის საბოლოო სასტვენმა ჩემპიონატში ქუთათურების 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და დამსახურებული გამარჯვება დააფიქსირა – 1:0.

FCTorpedo.Ge

“შუქურა” – “ტორპედო” 1:0

7 სექტემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ამხანაგური მატჩის გასამართად ქობულეთს ეწვია და „ჩელე არენაზე“ ადგილობრივ უმაღლესლიგელ საფეხბურთო კლუბ „შუქურას“(მწვრთნელი – ამირან გოგიტიძე) გაეჯიბრა.

შეხვედრას ტრავმების მიზეზით „ტორპედოდან“ ვალერი აბრამიძე, ვაჟა ტაბატაძე , ალექსი ბენაშვილი და მამუკა ღონღაძე აკლდნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი მისი მშობლიური ქალაქის გუნდს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე ვეღარ დაეხმარება. ქობულეთურ მატჩში გამარჯვებული ერთადერთმა გოლმა გამოავლინა, რომელიც 28-ე წუთზე, მასპინძელთა რიგებიდან ლეგენდარული ვეტერანი ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის(ამჟამად, იგი „შუქურას“ პრეზიდენტია) ვაჟმაგიორგი ჩელებაძემ დაახლოებით 25 მეტრის მანძილიდან გაიტანა. რასაკვირველია, შანსები ორივე კართან მრავლად იყო, თუმცა უფრო ახლოს ზღვისპირელები იყვნენ ანგარიშის მათ სასარგებლოდ შეცვლასთან. საბოლოოდ, 1:0 მეტოქის სასარგებლოდ.

„შუქურა“:ჯიოევი(კაკალაძე 48), კალანდაძე, ხოჭოლავა(ლობე 46), ბერუაშვილი, გურული(ჩელებაძე 74), კუტალია(ჩალაძე 57), კუხიანიძე(კომახიძე 69), ჩაფიძე, ჩელებაძე(მესხი 61), კომახიძე(ტაკიძე 46), ზ. ტუღუში(მეტრეველი 46).

„ტორპედო“:თებიძე(ბობღიაშვილი 46), მახვილაძე(ელიავა 46), თოდუა, ჩაკვეტაძე(მამასახლისი 67), გიორგაძე(ქებურია 29, დუდუჩავა 73), ბონდარენკო, ჩიკვილაძე(ჩადუნელი 57), დრევალი(გოგიჩაიშვილი 64), ბაბუნაშვილი(ბ. ტუღუში 46), მარკოზაშვილი(კვასხვაძე 46, შენგელია 67), კვერნაძე(ფიფია 46).

მსაჯი: ილია ტუღუში(ლანჩხუთი)

FCTorpedo.Ge

რევაზ ძოძუაშვილი: “მშვიდად მუშაობის საშუალება გვაქვს და რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ”

როგორც იცით, ქუთაისის „ტორპედომ“ მიმდინარე ჩემპიონატის საწყის სამ ტურში ყველა სახის შედეგი აჩვენა: ფოთის „კოლხეთთან“ მოგებას(3:0) გორის „დილასთან“ ფრე(0:0) და მარტვილის „მერანთან“ მარცხი(1:3) მოჰყვა. მართალია, უმაღლესი ლიგის გასული ნაწილი მთლიანის სულ რაღაც მეათედს შეადგენს, თუმცა თუ ამჟამად სატურნირო ცხრილს ჩავხედავთ, ქუთაისელები იქ მე-6 პოზიციას იკავებენ. როგორ აფასებს ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ყოველივეს, ასევე, რას ამბობს „ტორპედოსთან“ დაკავშირებულ სხვა საინტერესო თემებსა და ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩზე ამას, რევაზ ძოძუაშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო რევაზ, რამდენად კმაყოფილი ხართ ჩემპიონატში „ტორპედოს“ სტარტით?

– სტარტი არაა დამაკმაყოფილებელი. იმიტომ, რომ დავკარგეთ ისეთი ქულები, რომლებიც არ უნდა დაგვეკარგა, ვგულისხმობ „დილასა“ და „მერანთან“ მატჩებს. ჩვენ იმისკენ მივისწრაფვით, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ. თუმცა ვიტყოდი, რომ ცუდთან ერთად ის კარგიც იყო, რომ ამ თამაშებმა ჩვენი ნაკლოვანებები გვაჩვენა.

ჩემპიონატისწინა მოსამზადებელ პერიოდში ყველა ფეხბურთელმა წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები, თუმცა ის, რომ ჩვენ 8-9 საკონტროლო თამაში არ წაგვიგია, ამან, გარკვეულწილად, სრული ანალიზის საშუალება არ მოგვცა, რადგან მარცხის შემთხვევაში უფრო მეტი დეტალი ჩანს გუნდის თამაშში.

– ახალწვეულ უკრაინელებს როგორ დაახასიათებთ და რომელ პოზიციაზე მოიაზრებთ მათ?

– ორივე უკრაინელი ჩვენ ჯერ მხოლოდ ამხანაგურ თამაშებში გამოვცადეთ, მათ შორის ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, საჩხერის „ჩიხურასთან“ შეხვედრაში ისინი დაცვაში გავამწესე, სადაც კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობებს, თუ რას წარმოადგენენ რეალურად, ამას ოფიციალურ მატჩებში დავინახავთ.

– იმის გათვალისწინებით, რომ გუნდში საკმაო რაოდენობის უკანახაზელია, რატომ გადაწყვიტეთ ამავე ამპლუის ლეგიონერების დამატება?

– იქედან გამომდინარე, რომ ბოლო თამაშში დაცვაში ისეთმა ფეხბურთელებმა მიიღეს ტრავმები, როგორებიც აბრამიძე და ტაბატაძეა, ამან, ჩვენი დაცვა მნიშვნელოვნად შეასუსტა. ამიტომ მიზანმიმართულად წავედით იმაზე, რომ დაგვემატებინა ნიჭიერი მცველები და ამ გზით შეგვევსო გუნდი. რას ვიზამთ, ტრავმას ვერ გავექცევით და ახალი ფეხბურთელების მოყვანაც სწორედ ამით არის განპირობებული.

– თუ შეიძლება აბრამიძისა და ტაბატაძის მდგომარეობაზე უფრო კონკრეტულად გვითხარით…

– ამ ეტაპზე, აბრამიძე ვერ ვარჯიშობს და მკურნალობს გადის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომავალ თამაშს იგი ვერ ითამაშებს. რაც შეეხება ვაჟას, მას მუხლი ტრავმა აქვს და ჯერჯერობით არასრული დატვირთვით ვარჯიშობს.

 – მათ გარდა, კიდევ თუ გვყავს ტრავმირებული ფეხბურთელ(ებ)ი?

– სამწუხაროდ, ჩვენს თავდამსხმელ მამუკა ღონღაძეს თითქმის მორჩენილი ტრავმა გაუმიზეზდა და ოპერაცია სჭირდება. არადა, იგი ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. იმედია, მალე დაგვიბრუნდება, თუმცა იქამდე იმის ძებნაშიც ვართ, თუ როგორ შევავსოთ მისი დანაკლისი. ასევე, მიკრო-ტრავმები აქვს რამდენიმე ფეხბურთელს.

 – მიმდინარე სანაკრებო შესვენებას როგორ იყენებთ გუნდისთვის?

– რასაკვირველია, კარგია ეს პაუზა. იმიტომ, რომ ამ დროს უფრო მეტი ანალიზის გაკეთება შეიძლება. პლუს, გუნდში ახალწვეულებიც დავიმატეთ. ერთი ნაყოფიერი ამხანაგური მატჩი უკვე ვითამაშეთ შინ „ჩიხურასთან“. 7 სექტემბერს კი, სტუმრად ქობულეთის „შუქურასთანაც“ ვისპარინგებთ. მშვიდად მუშაობის საშუალება გვაქვს და რაც შეიძლება უკეთ უნდა მოვემზადოთ.

– გამორიცხულია თუ არა „ტორპედოში“ კიდევ გამოჩნდეს ახალი ფეხბურთელი?

– ჩვენ ის ბზარები, რაც გაგვიჩნდა, უცებ შევავსეთ. ყველაფერს მომავალი თამაშები დაგვანახებს. ღმერთმა გვაშოროს, თუ იქნება ტრავმა ან ჩავარდნა, შევსებას და გაძლიერებას ყოველთვის უნდა ველოდოთ, ასეთია გუნდის ცხოვრება.

– და ბოლოს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე ორი დღეა დარჩენილი, საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება, რას ელოდებით ეროვნული ნაკრებისგან?

– ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს ნაკრებმა რაც შეიძლება კარგად ითამაშოს. თემურ ქეცბაიას მიზანი ამჯერად ფინალურ ეტაპზე გასვლაა. მას აქვს საკმარისი გამოცდილება და ეს სიტყვები „მშრალზე“ არ უთქვამს. ეს უკვე კარგი მიდგომაა და ყველას პოზიტიურად განაწყობს. ირლანდია არაა ის ნაკრები, რომ მასთან საქართველოს მოგების შანსი მცირე იყოს. სავსებით არის იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოდან ისინი წაგებულები გავუშვათ. აქვე სიხარულით აღვნიშნავ, რომ როგორც იქნა, საქართველოს ისევ ეღირსა ახალი სანაკრებო სტრატეგია, რასაც წლების განმავლობაში ვემხრობოდით ვეტერანი ფეხბურთელები, ჩამოყალიბდა ე. წ. მეორე ნაკრები, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასეთი შეკრებები აუცილებებლია, რათა მეტი წარმოდგენა შეგექმნას ამა თუ იმ ფეხბურთელზე.

  – დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

“ტორპედო” – “ჩიხურა” 0:0

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამოცხადებული სანაკრებო პაუზის გამო ქუთაისის „ტორპედომ“ დღეს, საკუთარ სტადიონზე ამხანაგური შეხვედრა უეფას ევროპის ლიგის გასულ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრილ საჩხერის „ჩიხურასთან“ გამართა.

რევაზ ძოძუაშვილმა დღევანდელ სპარინგში „ტორპედოს“ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. თამაშში მონაწილეთაგან, პირველ რიგში, ჩვენი გუნდის უკრაინელ ახალწვეულებზე უნდა ითქვას: 18 წლის ნახევარმცველი ილია დრევალი აქამდე კრივოი როგის „კრივბასისა“ და შემდეგ კიევის „არსენალის“ ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, მეორე ლეგიონერიც ბოლოს, ამ უკანასკნელ საფეხბურთო კლუბში იყო, ეს 19 წლის ამპლუით მცველი ვალერი ბონდარენკოგახლავთ. ორივე მათგანის ქუთაისელთა რიგებში ჩარიცხვა ერთთვიანი დაკვირვების შედეგად გადაწყდა. აღსანიშნავია ნიკო კვასხვაძის გამოჯანმრთელებაც, რომელმაც მარტვილის „მერანთან“ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ზემოიმერლებთან გაჯიბრება, „ტორპედოს“ მცირე უპირატესობის მიუხედავად, გატანილი გოლის გარეშე, ფრედ დასრულდა – 0:0.

„ტორპედო“: თებიძე(ბობღიაშვილი 46), დრევალი, ჩადუნელი(შენგელია 70), ბონდარენკო, მახვილაძე, გიორგაძე(ჩაკვეტაძე 30), მამასახლისი(ბენაშვილი 46), ჩიკვილაძე(გოგიჩაიშვილი 46), ჭედია(ქებურია 46), მარკოზაშვილი(კვასხვაძე 46), კვერნაძე(ტუღუში 46).

„ჩიხურა“: მწყერაშვილი, ლ. ჭელიძე(ზ. ნადირაძე 75), ჩიკვაიძე, კაშია, ქიმაძე(იაკობაშვილი 87), სიხარულია(ოდიკაძე 55), დობროვოლსკი, მუმლაძე(ს. გაბაძე 87), კორიფაძე(თ. ნადირაძე 67), დეკანოიძე(ივანიშვილი 80), კუჭუხიძე.

მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)

FCTorpedo.Ge

“მერანი” დუბლებმა დაამარცხეს

25 აგვისტოს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-3 ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოსა“ და მარტვილის „მერანის“ სათადარიგო გუნდები გუშინდელი შეხვედრის მსგავსად ერთმანეთს სამტრედიაში შეეჯიბრნენ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, თამაშის მეორე ნაწილი საინტერესო ეპიზოდებით დახუნძლული გამოდგა. 48-ე წუთზე, „მერანი“ ლაშა ჯღამაიამ დააწინაურა, რომელმაც მეკარის შეცდომით ისარგებლა. მთავარი მომენტებიც დარჩენილ დროში იყო. 55-ე წუთზე, მატჩის პირველი პენალტი „ტორპედოს“ კარში დაინიშნა, რომელიც თეგა ლომთაძემ მოიგერია. აქედან ოც წუთში, ჯანაძის პასით მეტოქის საჯარიმოშიოლეგ მამასახლისი წააქციეს და მსაჯმა ამჯერად მარტვილელთა კარის თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. საჯარიმო დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა ზუსტად – 1:1. მე-80 წუთზე, „მერანს“ ისევ მიეცა პენალტით ანგარიშის სათავისოდ შეცვლის საშუალება, მაგრამ ტორპედოელი მეკარე როგორც ამას, ასევე დამატებაზე შესრულებულ დარტყმასაც გაუმკლავდა. მეკარის ამგვარმა მოქმედებამ სტუმრები შეაგულიანა და გადამწყვეტი გოლიც მათ გაიტანეს. 85-ე წუთზე, გოგიჩაიშვილის გადაცემით ბურთი მატჩის გამორჩეულმა ფიგურამ, ოლეგ მამასახლისმა მიიღო, მეტოქის დასაცავ ობიექტთან მარცხენა მახვილი კუთხიდან მიახლოებულმა ეფექტურად აიღო კარი და დუბლიც შეასრულა – 1:2. შანსები ამის მერეც ჰქონდათ ორივე გუნდს, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ გიორგი სუხიაშვილის მეთაურობით(ასისტენტი – ვლადიმერ ჭყონია), მიმდინარე ტურნირზე პირველი სამი ქულა მოიპოვა.

„ტორპედო-2“: ლომთაძე, დუდუჩავა(ლაღაძე 65), ნაცვლიშვილი, გაგოშიძე, ბერიშვილი, ნამიჭეიშვილი(ამბარდნიშვილი 70), ტვილდიანი(ჩიხლაძე 46), გოგიჩაიშვილი, გოგუაძე(ჯანაძე 60), მამასახლისი, თორთლაძე(შენგელია 46)

FCTorpedo.GE

„მერანთან“ მატჩს ლევან კვარაცხელია უმსაჯებს

მარტვილის „მერანსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის სამტრედიაში ხვალ გასამართი მატჩის მომსახურებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილებამ არბიტრთა ოთხეული დანიშნა, რომელთაგან მთავარი ლევან კვარაცხელიაა(ზუგდიდი), მას ასისტენტებად ეყოლებიან, ზვიად ერქვანია(ზუგდიდი) და დავით კვეტენაძე(ზესტაფონი), სათადარიგო მსაჯობა კი თემურ ხუჭუას(სამტრედია) დაევალა.

ეროვნული კატეგორიის მქონე 35 წლის კვარაცხელიამ მთავარი არბიტრის სტატუსით „ტორპედოს“ მონაწილეობით ბოლოს, 5 თვის წინ გამართული მატჩი განსაჯა, რომელშიც ქუთაისელებმა „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე ბოლნისის „სიონს“ აჯობეს(2:1).

FCTorpedo.GE