მარტვილის „მერანთან“ მომავალ პაექრობამდე

კვირას, ქუთაისის „ტორპედოს“ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის მე-3 ტურში გასვლითი მატჩი აქვს, უფრო ზუსტად კი, სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ჩვენს გუნდს მარტვილის „მერანი“ უმასპინძლებს. შეხვედრა უჩვეულო დროს, 17:15 საათზე დაიწყება.

გასულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასვლის შემდეგ მარტვილელთა შემადგენლობა საზაფხულო შესვენების დროს საკმაოდ შეიცვალა. გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტი 44 წლის უკრაინელმა ვლადიმერ ლობასმა დაიკავა. მისი ხელძღვანელობით „მერანმა“ საქართველოში გაიარა შეკრება და შევსება შემდეგი ახალწვეულებით მიიღო: სერგი ორბელაძე,დავით ბოლქვაძე(ორივე „დილადან“), ვაჟა ლომაშვილი(„ჩიხურადან“), აკაკი წყაროზია(„ვიტ ჯორჯიადან“), ბესიკ ჩიმაკაძე(„მეტალურგიდან“).

26-ე შიდა ჩემპიონატის დაწყებიდან ჩვენმა მომდევნო მეტოქემ სასტარტო მატჩები დათმო, პირველ ტურში „ვიტ ჯორჯიასთან“(0:2) და მეორე ტურში – „სპარტაკთან“(0:1), რომელშიც ბოლო წუთზე შეცდომის შედეგად გაშვებული პენალტით დამარცხდა. სხვათა შორის, წინა ჩემპიონატიდან მოყოლებული “მერანს” უმაღლეს ლიგაში ბოლო 8 მატჩი აქვს წაგებული. თუმცა 2 დღის წინ, სათასო გამოსვლა მათ წარმატებით დაიწყეს და ოზურგეთის „მერცხალთან“ სტუმრად მოპოვებული გამარჯვებით(4:1), პრაქტიკულად, გადაწყვიტეს ამ წყვილში შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ბედიც.

აქვე მარტვილის „მერანთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზეც მოგახსენებთ. სულ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 10 მატჩია გამართული, რომელთაგან 6 „ტორპედომ“ მოიგო, 3 – „მერანმა“, 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება ქუთაისელთა სასარგებლოდაა – 18:10.

ქვემოთ გთავაზობთ „მერანის“ წინააღმდეგ „ტორპედოს“ ყველა გატანილი გოლის ავტორებს.

2 გოლი – ნიკოლოზ საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, ოთარ კვერნაძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი.

1 გოლი – რევაზ გოცირიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, ზაზა ჭელიძე, ირაკლი ლექვთაძე, მამუკა ღონღაძე, თენგიზ ჩიკვილაძე.

fctorpedo.ge

“ჩხერიმელა” – “ტორპედო” 0:1

20 აგვისტოს, დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის პირველი მეთექვსმეტედფინალური მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ხარაგაულს ესტუმრა და ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ დაუპირისპირდა.

დღევანდელ შეხვედრაში „ტორპედოს“ მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი გამართეს: გაბრიელ თებიძემ, ალექსი ბენაშვილმა და გიორგი გიორგაძემ. ჩვენს გუნდში დაბრუნების შემდეგ ასევე პირველად იასპარეზა შოთა ბაბუნაშვილმა. პირველლიგელ იმერლებთან პაექრობა საშუალო ტემპში დაიწყო. მართალია, დაძაბულობა თან ახლდა მას, თუმცა ხეირიანი იერიშები იშვიათად ხორციელდება. „ჩხერიმელას“ შემადგენლობაში ყველაზე მეტად ექსმერანელი ლეგიონერი რაფაელ ჩუკურანი აქტიურობდა, რომელსაც ტორპედოელები მუდამ მზადყოფნაში ჰყავდა. პირველ ტაიმში თებიძეს ორჯერ მოუწია ნახტომის გაკეთება, ორივე შემთხვევაში მან მეტოქეთა დარტყმულის შემდეგ კუთხურზე გადააგდო ბურთები. ერთხელაც 19 წლის მეკარემ ადგილზე გამოავლინა კარგი რეაქცია. „ტორპედოს“ მასპინძელთა კართან მიახლოებას კი ხიფათი ვერ მოჰქონდა, შესაბამისად, მცირე უპირატესობაც ზემოიმერელთა მხარეს იყო. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა გაიტანეს, ოღონდ თამაშგარედან, ბენაშვილის შესრულებული საჯარიმოთი ბურთი „ცოცხალ კედელს“ მოხვდა და ჭედიას მიუვიდა, ამ უკანასკნელმაც ბადე შეარხია, მაგრამ გვერდით მსაჯს ამ დროს ალამი აწეული ჰქონდა და გოლიც გაუქმდა.

ტაიმებს შორის შესვენების შემდეგ „ტორპედო“ უფრო სწრაფად აგორებდა ბურთს და შეტევებზეც მეტად იყო ორიენტირებული, ამან მალევე გამოიღო შედეგი. 55-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგზე ბურთი ჭედიამ დაამუშავა, ამავე მხრიდან საჯარიმოში შეიჭრა და კარის გასწვრივ დაბალი ტრაექტორიით გააკეთა გადაცემა, ვარდნაში მას მოედანზე 3 წუთის წინ შესული ცოტნე ქებურია გამოეხმაურა, 19 წლის ფეხბურთელმა ოპონენტს წამით დაასწრო რეაგირება და კარში გადაამისამართა ბურთი, რომელმაც კარის ხაზი სულ მცირედიდ გადაკვეთა და მსაჯმაც ცენტრისკენ გაიშვირა ხელი – 0:1. დაწინაურებამ ქუთაისელებზე დადებითად იმოქმედა და აქედან ორ წუთში, ფიფიას აუღო მეკარემ ბურთი. 67-ე წუთზე, ჭედიას პასით ბაბუნაშვილი ურტყამდა მეკარისგან დაუცველ კარში, თუმცა ბურთი ერთ-ერთმა მცველმა მოიგერია. მალევე მამასახლისმა დაჰკრა ბურთს შორიდან, მაგრამ მიზანს ააცილა. შემდეგ კვერნაძეს ქუსლით უნდოდა გატანა, მაგრამ არ გამოუვიდა. დარჩენილ დროში „ჩხერიმელას“ გათანაბრების შანსები მიეცა, მაგრამ ხარაგაულელებმა ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიყენეს. ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი შეხვედრა ბოლო ნაწილში ამინდმა „გახადა“ უფრო სამახსოვრო… ტრიბუნებზე შეკრებილ რამდენიმე ასეულ გულშემატკივართა უმეტესობა, რომელთა შორის „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბი „ჯუნგლებიც“ იყო, არც მას მერე დაშლილა, რაც თამაშის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ხარაგაულში თქეში წამოვიდა, ამას ემატებოდა ძალზედ ცუდი ხილვადობა და მინდორზე დამდგარი წყლის გუბეები, რაც ფეხბურთის თამაშის საშუალებას არ იძლეოდა და ბოლო წუთები ფეხბურთელებისთვის ნამდვილ წვალებად იქცა. საბოლოოდ, „ტორპედომ“ მატჩი მინიმალური ანგარიშით გამარჯვებამდე მიიყვანა(1:0). აღნიშნულ ეტაპზე გუნდებს შორის საპასუხო მატჩი სექტემბერში გაიმართება, ჩემპიონატის კალენდარში შესული ცვლილებების გამო, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია.

შემადგენლობები, სტატისტიკა, ფოტოგალერეა – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=249

FCTorpedo.GE

„ტორპედოს“ სათასო ისტორია და წინათქმა 25-ე გათამაშების დაწყებამდე

ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასი ჯერჯერობით 2-ჯერ აქვს მოპოვებული, მას შემდეგ რაც გათამაშებას ეროვნული საფეხბურთო ფედერაცია ატარებს (1990). პირველად ეს 1999 წელს მოხდა, როცა ფინალში იმერული დერბი გაიმართა – ჩვენი მეტოქე წყალტუბოს “სამგურალი” იყო. ძირითადი და დამატებითი დროის უგოლოდ დასრულების შემდეგ, გუნდებმა 11-მეტრიანები დაარტყეს და უფრო ზუსტნი ქუთათურები აღმოჩნდნენ – 4:2.
ჩვენმა გუნდმა მეორე გამარჯვებასაც მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში მიაღწია. 2001 წელს, იმჯერად თბილისის “ლოკომოტივს” ვაჯობეთ – 4:3. ამის გარდა, “ტორპედო” კიდევ 4-ჯერ იყო ახლოს საპატიო ტიტულის დასაკუთრებასთან. მან ფინალში 2000, 2002, 2004 და 2011 წლებში ითამაშა, მაგრამ გადამწყვეტი ბრძოლა წააგო.
სულ თასის გათამაშებებში ქუთაისის “ტორპედომ” 141 მატჩი გამართა, რომელთაგან 70 მოიგო (იგულისხმება მხოლოდ ძირითად დროში დაფიქსირებული შედეგი), 35 ფრედ ითამაშა, 36 წააგო. ჩვენი გუნდი ბურთების სხვაობაშიც სჯობს მეტოქეებს – 255:145.
რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის დამდეგ, რიგით 25-ე გათამაშებას, იგი მისი წინამორბედების მსგავსად, 1/16 ფინალით იხსნება. წინა სეზონში ევროასპარეზზე გაუსვლელობის გამო ქუთაისის „ტორპედოც“ ხვალ, 20 აგვისტოს სწორედ აღნიშნული ეტაპიდან დაიწყებს გამოსვლას. მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის მეტოქე ორმატჩიან პაექრობაში ხარაგაულის „ჩხერიმელა“ გახლავთ, რომელმაც გასული ჩემპიონატი პირველ ლიგაში მე-9 ადგილზე დაასრულა.

გუნდების პირველ ურთერთშეხვედრას ხარაგაულის სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონი 17:00 საათიდან უმასპინძლებს. ცნობილია ხვალინდელი მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადაც: მთავარი არბიტრი: ზვიად ტუღუში(ბათუმი) იქნება, მას დაეხმარებიან ასისტენტები, არჩილ კოკაია(მარტვილი) და კობა ვასაძე, სათადარიგო მსაჯი კი ოთარ ხეცაძეა(თბილისი).

ქვემოთ გთავაზობთ “ტორპედოს” მიერ დღემდე თასზე ნათამაშები ყველა მატჩის შედეგს და მათში ქუთაისელთაგან გატანილი გოლების ავტორთა ვინაობას.

I გათამაშება
1/16-ფინალი
#1. 05.07.1990. “ქუთაისი”-“იმერეთი” (ხონი) 3:1 – როსტომ თორღაშვილი, დავით ჯანაშია, გიორგი დარასელია.
#2. 09.07.1990. ”იმერეთი”-”ქუთაისი” 0:2 – როსტომ თორღაშვილი, გიორგი დარასელია.
1/8-ფინალი
#3. 13.07.1990. ”ქუთაისი”-”დილა” (გორი) 3:0 – დავით ჯანაშია (2), ვასილ შენგელია.
#4. 28.08.1990. ”დილა”-”ქუთაისი” 2:1 – ჯაბა წიკლაური.
1/4-ფინალი
#5. 05.09.1990. ”გურია” (ლანჩხუთი)-”ქუთაისი” 5:1 – დავით ჯანაშია
#6. 07.10.1990. ”ქუთაისი”-”გურია” 1:0 – ივანე ჯუღელი.

II გათამაშება
1/16-ფინალი
#7. 03.09.1991. სენაკი. “ქუთაისი”-“გორდა” (რუსთავი) 0:1
#8. 15.10.1991. ”გორდა”-”ქუთაისი” 1:3 – დავით ჯანაშია (2), ნუგზარ ლობჟანიძე (საკ. კარში).
1/8-ფინალი
#9. 23.02.1992. ლესელიძე. ”ქუთაისი”-”მაღაროელი” (ჭიათურა) 2:0 – დავით ჯანაშია, ემზარ ხურცილავა.
#10. 28.02.1992. ლესელიძე. ”მაღაროელი”-”ქუთაისი” 0:2 – დავით ჯანაშია, გიორგი დარასელია.
1/4-ფინალი
#11. 27.03.1992. ”მზიური” (გალი)-”ქუთაისი” 3:2 – დავით ჯანაშია, მამუკა ხუნდაძე.
#12. 14.04.1992. ”ქუთაისი”-”მზიური” 2:1 – გიორგი დარასელია, ვასილ შენგელია.
1/2-ფინალი
#13. 29.04.1992. ”იბერია” (თბილისი)-”ქუთაისი” 2:0
#14. 12.05.1992. ”ქუთაისი”-”იბერია” 1:1 – მამუკა ხუნდაძე.

III გათამაშება
1/16-ფინალი
#15. 30.09.1992. “ტორპედო”-“ანცი” (თბილისი) 1:1 – გიორგი დარასელია.
#16. 04.11.1992. ”ანცი”-”ტორპედო” 2:2 – ზურაბ იონანიძე (2).
1/8-ფინალი
#17. 06.03.1993. რუსთავი. ”ცხუმი” (სოხუმი)-”ტორპედო” 1:1 – დავით ჯანაშია.
#18. 10.03.1993. ”ტორპედო”-”ცხუმი” 5:1 – დავით ჯანაშია (3), მამუკა ხუნდაძე, დავით ჩხეტია.
1/4-ფინალი
#19. 14.03.1993. ”საპოვნელა” (თერჯოლა)-”ტორპედო” 0:0
#20. 26.03.1993. ”ტორპედო”-”საპოვნელა” 4:2 – დავით ჯანაშია (3), მამუკა ხუნდაძე.
1/2-ფინალი
#21. 06.05.1993. ”დინამო” (თბილისი)-”ტორპედო” 3:0
#22. 14.05.1993. ”ტორპედო”-”დინამო” 1:3 – მამუკა ხუნდაძე.

IV გათამაშება
1/16-ფინალი
#23. 14.09.1993. ”სამტრედია”-“ტორპედო” 1:0
#24. 24.11.1993. ”ტორპედო”-”სამტრედია” 1:3 – ირაკლი გიორგობიანი.

V გათამაშება
1/16-ფინალი
#25. 14.09.1994. ”მეშახტე” (ტყიბული)-“ტორპედო” 2:6 – ირაკლი გიორგობიანი (2), ზაზა ვაჩიბერაძე (2), მამუკა ხუნდაძე, მირზა მაღლაკელიძე.
#26. 28.09.1994. ”ტორპედო”-”მეშახტე” 6:1 – მერაბ მეგრელაძე (3), ზაზა ვაჩიბერაძე, მამუკა ხუნდაძე, ირაკლი გიორგობიანი.
1/8-ფინალი
#27. 19.10.1994. ”ტორპედო”-”ქიზიყი” (წნორი) 2:1 – მირზა მაღლაკელიძე, არჩილ ჩხაბერიძე.
საპასუხო მატჩზე ”ტორპედო” არ გამოცხადდა და გამოეთიშა გათამაშებას.

VI გათამაშება
1/16-ფინალი
#28. 03.09.1995. ”უნივერსიტეტი” (თბილისი)-“ტორპედო” 0:6 – მიხეილ აშვეთია (3), ირაკლი გიორგობიანი, კახა ჩხეტიანი, მამუკა ხუნდაძე.
#29. 11.09.1995. ”ტორპედო”-”უნივერსიტეტი” 4:1 – ზაზა ვაჩიბერაძე, მიხეილ აშვეთია, დავით ნოზაძე, გიორგი შენგელია.
1/8-ფინალი
#30. 04.11.1995. ”ტორპედო”-”დინამო-2” (თბილისი) 4:1 – მიხეილ აშვეთია (2), გიორგი წიქარიშვილი, მამუკა ხუნდაძე.
#31. 19.11.1995. ”დინამო-2”-”ტორპედო” 3:3 – მიხეილ აშვეთია (2), მამუკა ხუნდაძე.
1/4-ფინალი
#32. 04.03.1996. ”ტორპედო”-”სამტრედია” 0:0
#33. 10.03.1996. ”სამტრედია”-”ტორპედო” 2:0

VII გათამაშება
1/16-ფინალი
#34. 01.09.1996. “ტორპედო”-“მაღაროელი” (ჭიათურა) 3:2 – ზაზა ვაჩიბერაძე (2), შალვა მუმლაძე.
#35. 18.10.1996. ”მაღაროელი”-”ტორპედო” 0:0
1/8-ფინალი
#36. 25.11.1996. ”დინამო” (ბათუმი)-”ტორპედო” 4:0
#37. 29.11.1996. ”ტორპედო”-”დინამო” (ბთ) 1:0 – ალექსანდრე შეყრილაძე.

VIII გათამაშება
1/16-ფინალი
#38. 23.09.1997. “ტორპედო”-“ოქროს საწმისი” (ქუთაისი) 7:0 – კახა კვეტენაძე (2), დავით ნოზაძე (2), ვახტანგ ხვადაგიანი, გიორგი მეგრელაძე, ზაზა ვაჩიბერაძე.
#39. 15.10.1997. ”ოქროს საწმისი”-”ტორპედო” 0:5 – ზურაბ იონანიძე (2), გიორგი მეგრელაძე (2), დავით ჯანაშია.
1/8-ფინალი
#40. 12.11.1997. ”დილა” (გორი)-”ტორპედო” 3:1 – ლევან ქებაძე.
#41. 25.11.1997. ”ტორპედო”-”დილა” 0:0

IX გათამაშება
1/8-ფინალი
#42. 04.10.1998. ”კოლხეთი-1913” (ფოთი)-“ტორპედო” 3:1 – დავით ჯანაშია.
#43. 11.10.1998. ”ტორპედო”-”კოლხეთი-1913” 4:1 – ზურაბ იონანიძე (2), დავით ჯანაშია, გიორგი მეგრელაძე.
1/4-ფინალი
#44. 20.02.1999. ”ტორპედო”-”გორდა” 8:0 – ვახტანგ ხვადაგიანი (2), გიორგი მეგრელაძე (2), კახა ჩხეტიანი (2), დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე.
#45. 09.03.1999. ”გორდა”-”ტორპედო” 0:1 – ზურაბ იონანიძე.
1/2-ფინალი
#46. 07.04.1999. ”არსენალი” (თბილისი)-”ტორპედო” 1:2 – კახა ჩხეტიანი (2).
#47. 20.04.1999. ”ტორპედო”-”არსენალი” 3:0 – გიორგი მეგრელაძე, გიორგი მაზანიშვილი, ზაზა ვაჩიბერაძე.
ფინალი
#48. 26.05.1999. ”ტორპედო”-”სამგურალი” (წყალტუბო) 0:0, 4:2 (პენ.) – ზურაბ იონანიძე, დავით ჯანაშია, გრიგოლ იმედაძე, გიორგი მაზანიშვილი.

X გათამაშება
1/16 ფინალი
#49. 25.08.1999. “ტორპედო”-“სამეგრელო” (ჩხოროწყუ) 7:0 – გიორგი მეგრელაძე (2), გრიგოლ იმედაძე (2), დავით ჯანაშია, ზაზა ვაჩიბერაძე, კახა ჩხეტიანი.
#50. 18.09.1999. ”სამეგრელო”-”ტორპედო” 0:4 – გიორგი მეგრელაძე (2), გრიგოლ იმედაძე, მიხეილ ბობოხიძე.
1/8-ფინალი
#51. 01.03.2000. შსს აკადემია (თბილისი)-”ტორპედო” 0:5 – ზურაბ იონანიძე (2), გიორგი მეგრელაძე, მიხეილ ბობოხიძე, კახა ჩხეტიანი.
#52. 08.03.2000. ”ტორპედო”-შსს აკადემია 2:0 – მიხეილ მახვილაძე, გიორგი მეგრელაძე.
1/4-ფინალი
#53. 15.03.2000. ”სამგურალი” (წყალტუბო)-”ტორპედო” 0:0
#54. 22.03.2000. ”ტორპედო”-”სამგურალი” 2:0 – ვახტანგ ხვადაგიანი, გიორგი მეგრელაძე.
1/2-ფინალი
#55. 02.05.2000. ”დინამო” (თბილისი)-”ტორპედო” 1:1 – გიორგი მეგრელაძე.
#56. 09.05.2000. ”ტორპედო”-”დინამო” 0:0
ფინალი
#57. 26.05.2000. ”ლოკომოტივი” (თბილისი)-”ტორპედო” 0:0, 4:2 (პენ.) – კახა კვეტენაძე, მალხაზ ასათიანი.

XI გათამაშება
1/16-ფინალი
#58. 14.09.2000. “ტორპედო”-“ლაზიკა” (ზუგდიდი) 4:0 – გრიგოლ იმედაძე (2), ჯონი შალამბერიძე, ვალტერ გუჩუა.
#59. 27.09.2000. ”ლაზიკა”-”ტორპედო” 0:3 – ზურაბ იონანიძე, გრიგოლ იმედაძე, ვალტერ გუჩუა.
1/8-ფინალი
#60. 07.11.2000. ”ტორპედო”-”დინამო” (ბათუმი) 2:0 – ზურაბ იონანიძე, მიხეილ ბობოხიძე.
#61. 21.11.2000. “დინამო” (ბთ)-”ტორპედო” 2:2 – კახა კვეტენაძე, მალხაზ ასათიანი.
1/4-ფინალი
#62. 06.12.2000. ”კოლხეთი-1913” (ფოთი)-”ტორპედო” 1:1 – ზურაბ იონანიძე.
#63. 10.12.2000. ”ტორპედო”-”კოლხეთი-1913” 1:0 – გრიგოლ იმედაძე.
1/2-ფინალი
#64. 01.05.2001. ”ვიტ ჯორჯია” (თბილისი)-”ტორპედო” 1:2 – სევასტი თოდუა, ზურაბ იონანიძე.
#65. 15.05.2001. ”ტორპედო”-”ვიტ ჯორჯია” 1:0 – ვახტანგ ხვადაგიანი.
ფინალი
#66. 26.05.2001. ”ტორპედო”-”ლოკომოტივი” (თბილისი) 0:0, 4:3 (პენ.) – ვახტანგ ხვადაგიანი, ზურაბ იონანიძე, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი.

XII გათამაშება
1/8-ფინალი
#67. 31.10.2001. “მერანი-91” (თბილისი)-”ტორპედო” 0:1 – ლევან სილაგაძე.
#68. 14.11.2001. ”ტორპედო”-“მერანი-91” 4:0 – გრიგოლ იმედაძე (3), ზურაბ იონანიძე.
1/4-ფინალი
#69. 06.03.2002. ”გურია” (ლანჩხუთი)-”ტორპედო” 0:2 – ზურაბ იონანიძე, დავით ჩიღვინიძე.
#70. 03.04.2002. ”ტორპედო”-”გურია” 2:0 – გივი კვარაცხელია, ზურაბ იონანიძე.
1/2-ფინალი
#71. 23.04.2002. ”ტორპედო”-”ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 1:0 – ზვიად ქუთათელაძე.
#72. 04.05.2002. ”ვიტ ჯორჯია”-”ტორპედო” 1:0, 3:4 (პენ.)
ფინალი
#73. 26.05.2002. ”ლოკომოტივი” (თბილისი)-”ტორპედო” 2:0

XIII გათამაშება
1/16 ფინალი
#74. 26.02.2003. “ტორპედო”-“სამგურალი” (წყალტუბო) 5:1 – გაგა ჩხეტიანი (2), რომან ახალკაცი, შოთა ბაბუნაშვილი, ზურაბ იონანიძე.
#75. 01.03.2003. ”სამგურალი”-”ტორპედო” 0:3 – ანდრეი პოროშინი, გაგა ჩხეტიანი, კახა კვეტენაძე.
1/8-ფინალი
#76. 06.03.2003. ჭაბუკთა ნაკრები-”ტორპედო” 0:4 – ანდრეი პოროშინი (2), დავით გამეზარდაშვილი, ზურაბ იონანიძე.
#77. 10.03.2003. ”ტორპედო”-ჭაბუკთა ნაკრები 1:2 – რომან ახალკაცი.
1/4-ფინალი
#78. 18.03.2003. ”ტორპედო”-“დილა” (გორი) 1:0 – ანდრეი პოროშინი.
#79. 10.04.2003. “დილა”-”ტორპედო” 0:2 – რობერტ ზირაქიშვილი, ანდრეი პოროშინი.
1/2-ფინალი
#80. 19.04.2003. ”სიონი” (ბოლნისი)-”ტორპედო” 1:0
#81. 07.05.2003. ”ტორპედო”-”სიონი” 0:0

XIV გათამაშება
1/16 ფინალი
#82. 27.02.2004. “ტორპედო”-“გურია” (ლანჩხუთი) 5:0 – სულიკო დავითაშვილი (4), გაგა ჩხეტიანი.
#83. 01.03.2004. ”გურია”-”ტორპედო” 1:2 – გიორგი ნერგაძე, დავით ბოლქვაძე.
1/8-ფინალი
#84. 06.03.2004. ”ტორპედო”-”სიონი” (ბოლნისი) 0:0
#85. 12.03.2004. “სიონი”-”ტორპედო” 2:3 – სულიკო დავითაშვილი (3)
1/4-ფინალი
#86. 22.03.2004. ”ქობულეთი”-”ტორპედო” 0:5 – შოთა ბაბუნაშვილი (2), სულიკო დავითაშვილი, დავით ბოლქვაძე, გაგა ჩხეტიანი.
#87. 06.04.2004. ”ტორპედო”-”ქობულეთი” 5:1 – შოთა ბაბუნაშვილი, მიხეილ ხუციშვილი, მალხაზ ჭინჭარაული, გიორგი დარსაძე, გიორგი მემარნიშვილი.
1/2-ფინალი
#88. 20.04.2004. ”ტორპედო”-”სპარტაკი” (თბილისი) 2:0 – სულიკო დავითაშვილი, გაგა ჩხეტიანი.
#89. 05.05.2004. ”სპარტაკი” (თბ)-”ტორპედო” 0:0
ფინალი
#90. 26.05.2004. ”დინამო” (თბილისი)-”ტორპედო” 2:1 – სულიკო დავითაშვილი.

XV გათამაშება
1/16 ფინალი
#91. 25.08.2004. “ტორპედო”-“გურია” (ლანჩხუთი) 6:0 – გაგა ჩხეტიანი (2), გიორგი დარსაძე (2), დავით გამეზარდაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე.
#92. 03.09.2004. ”გურია”-”ტორპედო” 5:5 – გიორგი მეგრელაძე, დავით ბოლქვაძე, გიორგი დარსაძე, შოთა ბაბუნაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე.
1/8-ფინალი
#93. 20.10.2004. ”ტორპედო”-”მერანი-მილანი” (თბილისი) 4:0 – გიორგი ნერგაძე (2), გიორგი დარსაძე (2).
#94. 03.11.2004. “მერანი-მილანი”-”ტორპედო” 2:0
1/4-ფინალი
#95. 01.12.2004. ”თბილისი”-”ტორპედო” 2:0
#96. 09.12.2004. ”ტორპედო”-”თბილისი” 2:1 – გიორგი ნერგაძე, ალექსანდრე კოშკაძე.

XVI გათამაშება
1/8-ფინალი
#97. 08.11.2005. “ვიტ ჯორჯია” (თბილისი)-“ტორპედო” 1:0
#98. 22.11.2005. ”ტორპედო”-“ვიტ ჯორჯია” 0:5

XVII გათამაშება
1/16-ფინალი
#99. 10.08.2006. “ტორპედო”-“მეშახტე” (ტყიბული) 2:0 – ნიკოლოზ ნადირაძე, მამუკა ღონღაძე.
#100. 23.08.2006. ”მეშახტე”-”ტორპედო” 0:3 – დავით ხორავა, გაგა ჩხეტიანი, გიორგი კრასოვსკი.
ჯგუფური ეტაპი
#101. 13.09.2006. ”ტორპედო”-”ბორჯომი” 4:1 – დავით გამეზარდაშვილი, გიორგი კრასოვსკი, მამუკა ღონღაძე, მანუჩარ წიქარიშვილი.
#102. 27.09.2006. “ვიტ ჯორჯია” (თბილისი)-”ტორპედო” 0:1 – ზურაბ მუშკუდიანი.
#103. 25.10.2006. ”ტორპედო”-”მესხეთი” 0:0
#104. 11.11.2006. ”ბორჯომი”-”ტორპედო” 0:0
#105. 22.11.2006. ”ტორპედო”-”ვიტ ჯორჯია” 1:0 – ზურაბ მუშკუდიანი.
#106. 02.12.2006. ”მესხეთი”-”ტორპედო” 3:0
1/4-ფინალი
#107. 18.02.2007. ”დინამო” (ბათუმი)-”ტორპედო” 0:0
#108. 06.03.2007. ”ტორპედო”-”დინამო” (ბთ) 0:3

XVIII გათამაშება
1/16-ფინალი
#109. 29.08.2007. “ტორპედო”-“კოლხეთი-1913” (ფოთი) 0:0
#110. 05.09.2007. ”კოლხეთი-1913”-”ტორპედო” 1:2 – რევაზ ქიმუცაძე, თეიმურაზ ხარებავა.
ჯგუფური ეტაპი
#111. 18.09.2006. “ამერი”-”ტორპედო” 6:1 – თეიმურაზ ხარებავა.
#112. 03.10.2007. ”ტორპედო”-”სპარტაკი” (ცხინვალი) 0:2
#113. 24.10.2007. ”მესხეთი”-”ტორპედო” 4:0
#114. 01.11.2007. ”ტორპედო”-”ამერი” 0:3
#115. 05.11.2007. ”სპარტაკი”-”ტორპედო” 4:0
#116. 27.11.2007. ”ტორპედო”-”მესხეთი” 0:1

XIX გათამაშება
1/16-ფინალი
#117. 01.08.2008. ”ჭიათურა”-“ტორპედო-2008” 1:1 – გივი ჩხეტიანი.
#118. 04.08.2008. ”ტორპედო-2008”-”ჭიათურა” 0:3

XX გათამაშება
1/16-ფინალი
#119. 26.08.2009. ”ადელი” (ბათუმი)-“ტორპედო-2008” 1:3 – გიორგი გურული (2), რევაზ კვერნაძე.

1/8-ფინალი
#120. 21.10.2009. ”ტორპედო-2008”-”ზესტაფონი” 0:2

XXI გათამაშება
1/16-ფინალი
#121. 24.08.2010. ”მერცხალი”-“ტორპედო” 0:4 – გიორგი დათუნაიშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, ირაკლი ცნობილაძე, თორნიკე თარხნიშვილი.
1/8-ფინალი
#122. 10.11.2010. ”ტორპედო”-“ბაია” (ზუგდიდი) 1:0 (დ.დ.) – ნიკოლოზ საბანაძე.
1/4-ფინალი
#123. 01.12.2010. ”სიონი” (ბოლნისი)-”ტორპედო” 0:1 – ვახტანგ კვარაცხელია.
#124. 16.12.2010. ”ტორპედო”-”სიონი” 0:0
1/2-ფინალი
#125. 19.04.2011. ”ტორპედო”-”ზესტაფონი” 1:0 – გიორგი მეგრელაძე.
#126. 04.05.2011. ”ზესტაფონი”-”ტორპედო” 0:0
ფინალი
#127. 26.05.2011. ”გაგრა”-”ტორპედო” 1:0 (დ.დ.)

XXII გათამაშება
1/16-ფინალი
#128. 17.08.2011. “ტორპედო”-“მესხეთი” (ახალციხე) 2:0 – ვაჟა ტაბატაძე, გივი იოსელიანი.
#129. 13.09.2011. ქუთაისი. “მესხეთი”-“ტორპედო” 1:6 – გივი იოსელიანი (3), ნიკოლოზ საბანაძე, ნუკრი მანჩხავა, რევაზ გოცირიძე.
1/8-ფინალი
#130. 28.09.2011. “დინამო” (ბათუმი)-”ტორპედო” 0:2 – ნიკოლოზ საბანაძე, რევაზ გოცირიძე.
#131. 02.11.2011. “ტორპედო”-“დინამო” (ბთ) 1:1 – გიორგი მეგრელაძე.
1/4-ფინალი
#132. 24.11.2011. ”ტორპედო”-”ზესტაფონი” 1:1 – დავით გამეზარდაშვილი.

#133. 07.12.2011. “ზესტაფონი“-„ტორპედო“ 2:1 – რევაზ გოცირიძე.

XXIII გათამაშება

1/8-ფინალი

#134. 26.02.2013. „ტორპედო“-„გაგრა“ 1:1 – გიორგი ონიანი.

#135. 02.03.2013. „გაგრა“-„ტორპედო“ 0:2 – გიორგი ფანცულაია, ელგუჯა გრიგალაშვილი.

1/4-ფინალი

#136. 13.03.2013. „ტორპედო“-„სიონი“ (ბოლნისი) 3:1 – გიორგი ფანცულაია, ნიკოლოზ საბანაძე, გრიგოლ დოლიძე.

#137. 10.04.2013. „სიონი“-„ტორპედო“ 2:0

XXIV გათამაშება

1/8-ფინალი

#138. 25.09.2013. „ტორპედო“-„სპარტაკი“ (ცხინვალი) 2:2 – ნიკოლოზ საბანაძე (2).

#139. 30.10.2013. „სპარტაკი“-„ტორპედო“(*) 2:2 – ნიკა კვეკვესკირი(ავტ.), ნიკა ახვლედიანი.

1/4-ფინალი

#140. 22.02.2014. „ტორპედო“-„დილა“ (გორი) 1:2 – ოთარ კვერნაძე.

#141. 20.03.2014. „დილა“ -„ტორპედო“ 2:0

სათასო მატჩებში “ტორპედოს” მაისურით მოთამაშეთაგან ყველაზე მეტი გოლის გამტანთა სამეული ასე გამოიყურება: დავით ჯანაშია – 22 ზურაბ იონანიძე – 21, გიორგი მეგრელაძე – 18.

FCTorpedo.GE

გიორგი პაპიაშვილი: “ბევრი ახალი პროექტი მაქვს გეგმაში”

როგორც გაცნობეთ, ცოტა ხნის წინ ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტის პოსტი ბატონმა გიორგი პაპიაშვილმა დაიკავა. იგი ჩვენი საიტის რესპონდენტად აღმასრულებელი დირექტორის სტატუსით დღემდე არაერთხელ ყოფილა, ამჯერად კი მას, როგორც კლუბის პირველ პირს, ისე დავუსვით რამდენიმე, ვფიქრობთ, საინტერესო შეკითხვა…

– ბატონო გიორგი, პირველ რიგში, გილოცავთ პრეზიდენტად დანიშვნას და თუ შეიძლება გვითხარით, რამ განაპირობა „ტორპედოს“ სპონსორად „ვისოლის“ დაბრუნება?

– მადლობას მოგახსენებთ მოლოცვლისათვის. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ლევანსა და სოსო ფხაკაძეებს ამხელა ნდობისთვის, რაც მათ მე გამომიცხადეს. შეიძლება, გასული 4 წლის განმავლობაში „ტორპედოში“ შექმნილ ვითარებას უფრო მეტად მე ვუყურებდი და აღვიქვამდი, სწორედ ამიტომ ჩათვალეს საჭიროდ ჩემი პრეზიდენტად დანიშვნა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი ყოველი გადაწყვეტილება იქნება ერთპიროვნული. მე ყოველთვის გუნდურად ვიმუშავებ. ნებისმიერ ადამიანს შევხვდები და საღ აზრს მოვისმენ მისგან.

პრინციპში, ჩვენ იანვრის შემდეგაც არ მიგვიტოვებია კლუბი და როგორც სპორტული, ასევე ადმინისტრაციული სამუშაო კუთხით პრობლემები არ ყოფილა, შესაბამისად, გუნდმაც ღირსეულად ჩაამთავრა ჩემპიონატი.

ამჟამინდელი მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ ის ხარვეზები, რომლებზეც იყო საუბარი, აბსულუტურად აღმოფხვრილია და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხს ისევე სათანადოდ მიექცევა ყურადღება, როგორც აქამდე ხდებოდა ჩვენი „ტორპედოში“ მოსვლის დღიდან. ისე, რომ არავინ უკმაყოფილო არ დარჩეს. უახლოეს პერიოდში ახალი ეკიპირებაც ექნება გუნდს. აქტიურად მუშაობენ ადმინისტრაციის თანამშრომლები, რომ ჩვენს ფეხბურთელებს არანაირი პრობლემა არ შეექმნას.

– გამოდის, რომ „ვისოლის“ დამოკიდებულება „ტორპედოს“ მიმართ არ შეცვლილა…

– ნამდვილად ასეა. დიდ მადლობას ასევე ჩვენს გულშემატკივრებს ვეუბნები, წინა წლებიდან მოყოლებული ჩვენ საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს და შევხვდებით კიდეც. ერთადერთი ჩვენ უერთიერთპატივისცემის გარდა „ტორპედო“ ქუთაისი გვაერთიანებს. გულახდილად გეუბნებით, ამ ხალხს ქუთაისი ძალიან მაგრად უყვარს. მათთვის დომინანტი „ტორპედოა“ და ვინც ამ კლუბში თავის საქმეს პატიოსნად გააკეთებს, ის ყოველთვის დაფასებული იქნება.

– როგორ აპირებთ კლუბის განვითარებას?

– შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ახალი პროექტი მაქვს გეგმაში, ერთ-ერთია საერთაშორისო ურთიერთობები, რათა ჩვენ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ქართულ გუნდებთან ასპარეზობით, არამედ ახლო მეზობელი ქვეყნების საფეხბურთო კლუბებთანაც გვქონდეს მეგობრული დამოკიდებულება. ამის საფუძველზე, გაიმართება ამხანაგური თამაშებიც. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ და თანდათან უფრო მეტად განვავითაროთ კლუბი. ამის ხელშეწყობა ხდება სპორტული მხარის მიერ. თუ გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებს, მეტი მოტივაციაც გაგაჩნია და შედარებით უფრო მარტივია ამა თუ იმ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბება. გახსოვთ მგონი, ერთი პერიოდი ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვქონდა თურქულ „ტრაბზონსპორთან“, ეს გამოიწვია ნელ-ნელა წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა.

– ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით გკითხავთ, რა ვადისაა ისინი?

– მოქმედი კონტრაქტები გაფორმებულია ახალ წლამდე, შესაბამისად, მომავალი 4 თვე უფრო დაგვანახებს თუ როგორ შეიძლება განვითარდეთ და რაში შეიძლება უფრო მეტი თანხის ჩადება. გასულმა 4-მა წელმა ჩვენ ნათლად დაგვანახა, რომ ფეხბურთს სჭირდება ძალიან დიდი დახმარება, საკმაოდ სოლიდური ფინანსები, რომლის არქონის შემთხვევაში მივიღებთ იმას, რომ გუნდი არ იქნება, ამიტომ ყველაფრის საწყისი არის ურთიერთთანამშრომლობა.

ჩვენ კლუბის თითოეულ წევრთან გავაფორმეთ კონტრაქტები, რომლებშიც გაწერილია დეტალურად თუ რა ვალდებულებას იღებს კლუბი მათ წინაშე და ვფიქრობთ, ერთი კითხვის ნიშანიც არ გაჩნდება მათი მხრიდან. ასე რომ, ამ ეტაპზე ის უპირველესი რამ, რაც გუნდისთვისაა საჭირო, ჩათვალეთ რომ წესრიგშია, დანარჩენი უკვე ფეხბურთელებზეა დამოკიდებული თუ როგორ მოახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ და „ტორპედო“ ქუთაისი ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

– სხვა საკადრო ცვლილება ხომ არ მომხდარა კლუბის ხელძღვანელობაში?

– ძირეული ცვლილებები არ მომხდარა კლუბში. აღმასრულებელი დირექტორის ფუნქციებსაც მე შევითავსებ. როგორც წინა სეზონში, დირექტორის მოადგილე იქნება დავით ფრუიძე, გუნდის უფროსი კი რამაზ ჩხიკვაძე. გვყავს სტადიონის ახალი დირექტორი – გიგა ჩუბინიძე, რომელიც აქამდე ჩვენი ტექნიკური მენეჯერი გახლდათ. სპორტული მხარე კი უკვე ცნობილია.

– „ტორპედოს“ საშინაო მატჩებზე დასწრება უფასო იქნება, ეს გადაწყვეტილებაც კეთილი ნების გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს?

– ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, სტადიონზე მოვიდეს ხალხი, რეალურად ნახოს თუ რას წარმოადგენს „ტორპედო“ ქუთაისი, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ამას ემსახურება.

თუმცა ბილეთების გაყიდვაც არავინ არ უნდა გაიგოს ისე, რომ ეს არის თითქოს თანხის მოზიდვის საშუალება, უბრალოდ, ეს არის წესი, როდესაც უყურებ სანახაობას, განსაზღვრული თანხა უნდა გადაიხადო, თუნდაც მიზერული.

– დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.

– მადლობთ. ბოლოს, მინდა ყველას მივულოცო ჩემპიონატის დაწყება. იმედი მაქვს, რომ ეს პირველობა იქნება საინტერესო და დაძაბული. წინასწარ ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. მინდა ფეხბურთის ყველა სპეციალისტმა თუ გულშემატკივარმა იცოდეს, რომ „ტორპედო“ ქუთაისი ყოველთვის მზადაა ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმე გააკეთოს.

FCTorpedo.Ge

ქუთაისის “ტორპედოს” ახალი პრეზიდენტი ჰყავს

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ეს ჩვენი კლუბის აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი პაპიაშვილია.

ვულოცავთ ბატონ გიორგის და წარმატებებს ვუსურვებთ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში.

FCTorpedo.GE

ქუთაისის “ტორპედო” გორის „დილასთან“ ძველი ანგარიშების გასასწორებლად

პარასკევს, 15 აგვისტოს, ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ სტადიონზე 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ტურში გორის „დილას“ მიიღებს. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.

2013-2014 წლების ეროვნულ სეზონში „ტორპედოსთვის“ „დილა“ აუღებელი ციხე-სიმაგრე იყო. გასულ ჩემპიონატში სა სათასო გათამაშებაში ყველაზე უარყოფითი ბალანსიც სწორედ გორელებთან გვქონდა(1 ფრე და 5 მარცხი, ბურთები: 1:14) და ამით, მათ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაში შესამჩნევად გაიუმჯობესეს მდგომარეობა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მიუხედავად ასეთი ცუდი შედეგებისა, ქუთაისელები ქვედა ექვსეულში პირველ ადგილზე გავიდნენ და 7 ქულით ჩამოიტოვეს ისინი.

ჩვენმა მომდევნო მოწინააღმდეგემ სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი ახალი მთავარი მწვრთნელის, 25 წლის უჩა სოსიაშვილის თაოსნობით საქართველოში გაიარა. მან გუნდში შემდეგი ახალწვეულები მიიყვანა: გიორგი სომხიშვილი(„ჩიხურადან“), დავით ხურცილავა, ნიკა კვეკვესკირი და ირაკლი მოდებაძე(სამივე თბილისის „დინამოდან“), გიორგი სეთურიძე(„მეტალურგიდან“), ლაშა ჯაფარიძე(მოლდოვური „ტირასპოლიდან“), ბაჩანა არაბული(ესპანური „ალკორკონიდან“ დაუბრუნდა) და გურამ ადამაძე(„ტორპედოდან“). ამგვარი შევსების შემდეგ „დილამ“ ჩემპიონატი შინ ცხინვალის „სპარტაკთან“ დამაჯერებელი მოგებით(2:0) დაიწყო.

რაც შეეხება გორულ გუნდთან „ტორპედოს“ საერთო სტატისტიკას, იგი ასეთია – პირველი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) გორის “დილას” უმაღლეს ლიგაში 48-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 8-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 31 შეხვედრა მოიგო, “დილამ” 19, ფრედ კი 6 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობას ადასტურებს – 105:68.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 29 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 15 წააგო (ბურთები 96:59), ხოლო თასზე 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 4 წააგო (ბურთები 8:9).

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა გორელები 8:3, პირველ ეროვნულ ჩემპიონატში დაამარცხეს, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი 2014 წლის 4 აპრილით თარიღდება – 0:4.

ქვემოთ გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომელთაც “ტორპედოს” მაისურით სხვადასხვა დროს გორის „დილას“ კარში 1 და მეტი გოლი გაუტანიათ.

15 გოლი – გიორგი მეგრელაძე

13 გოლი – დავით ჯანაშია

6 გოლი – მიხეილ აშვეთია, ზაზა ვაჩიბერაძე

5 გოლი – ზურაბ იონანიძე

4 გოლი – მამუკა ხუნდაძე

3 გოლი – კახა კვეტენაძე, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი ფანცულაია

2 გოლი – მერაბ მეგრელაძე, გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, გიორგი გაბიდაური, მიხეილ ბობოხიძე, ანდრეი პოროშინი, რობერტ ზირაქიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, გრიგოლ დოლიძე

1 გოლი – ალეკო დვალიშვილი, ვასილ შენგელია, ჯაბა წიკლაური, გრიგოლ თევზაძე, როსტომ თორღაშვილი, ივანე ჯუღელი, მალხაზ მორგოშია, მამუკა მანაგაძე, დავით ჩხეტია, გიორგი წიქარიშვილი, გიორგი სუხიაშვილი, ვასილ გიგიაძე, ლევან ქებაძე, გიორგი გოგიაშვილი, გრიგოლ იმედაძე, ჯონი შალამბერიძე, შოთა ჩომახიძე, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი დარსაძე, რევაზ ჯიქია, თენგიზ უგრეხელიძე, დავით ბოლქვაძე, ლაშა შერგელაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე, ოთარ კვერნაძე.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” სპარინგი ტყიბულელებთან

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურ მატჩში პირველლიგელ ტყიბულის „მეშახტეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 მოუგო. მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა თითოეულ ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე(თავიდან ბოლომდე მხოლოდ მეკარე თებიძემ ითამაშა). ტორპედოელთაგან გოლები ბექა ტუღუშმა და გოგი გოგიჩაიშვილმა გაიტანეს. პირველმა მათგანმა მეკარეს გადაუგდო თავს ზემოთ ბურთი, მეორემ კი შორი მანძილიდან მოახვედრა მეტოქის კარის „ცხრიანში“. სტუმართაგან გოლი ლევან შავგულიძემ მიითვალა.

“ტორპედო“ პირველ ტაიმში: თებიძე, ხარაბაძე, ნაცვლიშვილი, კიკნაველიძე, ბენაშვილი, მამასახლისი, ტუღუში, ბაბუნაშვილი, ჭედია, ღონღაძე.

მეორე ტაიმში: თებიძე, გელაშვილი, კოხრეიძე, დუდუჩავა, შენგელია, ამბარდნიშვილი, გიორგაძე, ნამიჭეიშვილი, ტვილდიანი, გოგიჩაიშვილი, ხურციძე.
“მეშახტე”: გიორგაძე(გორდეზიანი 46), ჩუბინიძე(ბ. ჩხეტიანი 46), ჩხარტიშვილი, ბაქრაძე, გვენეტაძე, გოგიჩაძე, ბრეგაძე, გოდერიძე, შავვგულიძე, შარვაძე.

FCTorpedo.GE

„ტორპედოს“ საშინაო მატჩებზე დასწრება უფასო იქნება

ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდის მონაწილეობით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გასამართ ეროვნული ჩემპიონატისა და სათასო გათამაშების მატჩებზე დასწრება უფასო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ახალ სეზონში „ტორპედო“ საკუთარ არენაზე პირველ თამაშს 15 აგვისტოს გორის „დილას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. ზემოხსენებული სიახლეც სწორედ ამ შეხვედრიდან ამოქმედდება.

FCTorpedo.GE

კოლხეთი 0:3 ტორპედო

უმაღლესი ლიგის პირველი ტურის მატჩში ქუთაისის ტორპედომ ფოთის კოლხეთს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

კოლხეთი  0:3 ტორპედო 

გოლი: 0:1 ნიკა კვასხვაძე (10), 0:2 ოთარ კვერნაძე (56), 0:3 თენგიზ ჩიკვილაძე (70)

„კოლხეთი“ – „ტორპედო“-ს დავით ხარიტონაშვილი გაუძღვება

26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის საწყის ტურში ლანჩხუთში გასამართი ხვალინდელი მატჩის, რომელშიც ერთმანეთს 17:30 საათიდან ფოთის „კოლხეთი“ და ქუთაისის „ტორპედო“ შეხვდებიან, მსაჯთა ბრიგადა ცნობილია. მთავარი არბიტრი – დავით ხარიტონაშვილი(თბილისი) იქნება, რომელსაც დაეხმარებიან ასისტენტები, გურამ ჩიგოგიძე(სამტრედია) და დავით კურტანიძე(სურამი), სათადარიგო მსაჯობა კი დავით სანოძეს(ხონი) დაევალა.

ეროვნული კატეგორიის მქონე 33 წლის ხარიტონაშვილმა „ტორპედოს“ მონაწილეობით ბოლოს გასული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩი განსაჯა, რომელშიც ქუთაისელებმა თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ „მიხეილ მესხზე“ 6:1 სძლიეს.

FCTorpedo.GE

ფოთის „კოლხეთი“ – “ტორპედოს” პირველი მეტოქე 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში

შაბათს, 9 აგვისტოს, ახალი ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ნიშნად სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს ქალაქებში 26-ედ აღმართავენ ეროვნულ დროშას. ეს პირველობა წინამორბედებისაგან განსხვავებული იქნება, რადგან მასში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ამრიგად, მის მიმართ ინტერესი დიდია.

პირველი წრის პირველ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ ერთწლიანი დაქვეითების შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ სტუმრად იასპარეზებს. ფოთში ფაზისის სტადიონზე დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეხვედრა ლანჩხუთში ევგრაფის შევარდნაძის სახელობის სტადიონზე შედგება და 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

ცოტა რამ დღევანდელ „კოლხეთზე“ – გასული ჩემპიონატის პირველ ლიგაში ფოთელთა წარმატებული გამოსვლის შემდეგ გუნდის ძირითადი ბირთვი უცვლელი დარჩა. ზაზა ინაშვილის სახით იგივეა მთავარი მწვრთნელიც. ზღვისპირელებმა, გარდა საქართველოში ჩატარებული მოსამზადებელი ეტაპისა, თურქული შეკრებაც ნაყოფიერად გაიარეს, რომლის ფარგლებში 4 ამხანაგური მატჩი გამართეს. რაც შეეხება ახალწვეულებს, მათ შორის არიან: კონსტანტინე სეფიაშვილი(მეკარე), ლუკა გუგუჩია, ნიკა სიჭინავა,ნიგერიელი ჩარლზ ნევუჩე და განელი იბრაჰიმ ადამი.

ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის 3 ჩემპიონატში იგი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) ფოთის “კოლხეთს“ უმაღლეს ლიგაში 56-ჯერ (კიდევ ერთი მატჩი არ ჩატარდა, 1994 წლის 10 სექტემბერს ფოთში ქუთაისელთა ჩაუსვლელობის გამო), ხოლო თასის გათამაშებაში 6-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 29 მატჩი მოიგო, “კოლხეთმა” 15, ფრედ კი, 18 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობაზე მეტყველებს – 97:65.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 26 მოიგო, 16 ფრედ ითამაშა და 14 წააგო (ბურთები 88:59), ხოლო თასზე 3 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 წააგო (ბურთები 9:6).

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით „ტორპედომ“ „კოლხეთი“ 2002 წლის 11 სექტემბერს დაამარცხა – 6:1, ხოლო ფოთელებმა კი უდიდესი სხვაობით 1993 წლის 6 დეკემბერს მოგვიგეს -7:2.
ქვემოთ გაგაცნობთ “კოლხეთთან“ შეხვედრებში იმ ფეხბურთელთა ვინაობებს, რომლებსაც სხვადასხვა დროს 1 და მეტი გოლი აქვთ გატანილი.

19 გოლი – ზურაბ იონანიძე,

9 გოლი – გიორგი მეგრელაძე,

5 გოლი – დავით ჯანაშია, კახა კვეტენაძე

4 გოლი – გივი დიდავა

3 გოლი – მამუკა ხუნდაძე, მიხეილ აშვეთია, რობერტ ზირაქიშვილი, რევაზ გოცირიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა საბანაძე 59

2 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე, მერაბ მეგრელაძე, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ ხვადაგიანი, შოთა ბაბუნაშვილი, გიორგი ნერგაძე, სულიკო დავითაშვილი 75

1 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ემზარ ხურცილავა, თამაზ კიკლიაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი შენგელია, გიორგი ლომიძე, ირაკლი ვაშაკიძე, გრიგოლ იმედაძე, მიხეილ ბობოხიძე, მიხეილ ქობულაძე(საკ. კარში), ზვიად ქუთათელაძე, ლევან სილაგაძე, ანდრეი პოროშინი, ალექსანდრე კოშკაძე, მიხეილ სოსელია, ხარებავა, ქიმუცაძე, ვახტანგ კვარაცხელია, გრიგოლ დოლიძე, ალექსანდრე კვახაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი.

როგორც ხედავთ, გამოკვეთილი მეგოლე ზურაბ იონანიძეა, რომელსაც ფოთელთა წინააღმდეგ ყველა შედეგიანი მატჩის ჯამში 4 დუბლი და 2 ჰეთ თრიკი აქვს შესრულებული.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” საბრძოლო განწყობა ჩემპიონატის სტარტისთვის

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოში“ ფინანსური პრობლემები აღარ არსებობს და გუნდი ახლა აქცენტს მხოლოდ მომზადებაზე აკეთებს. ფეხბურთელებთან(მათ სრულ სიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ), მწვრთნელებთან და მთლიანად პერსონალთან ახალი კონტრაქტები გაფორმდა და კლუბში შექმნილი სამუშაო ვითარებაც გამოსწორდა.

9 აგვისტოს, 16-გუნდიანი, 26-ე ეროვნული ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომლის პირველ ტურში ქუთათურები სტუმრის რანგში უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ფოთის „კოლხეთს“ ლანჩხუთშიშეხვდებიან.

რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ოთხშაბათს საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ახალი პირველობის დაწყებამდე ერთ-ერთი დასკვნითი ვარჯიში გამართა, რომელსაც ფეხბურთელის სახით დანაკლისი არ ჰყოლია. ესაა, ფორვარდი მამუკა ღონღაძე ჯერ კიდევ ვერ ვარჯიშობს სრული დატვირთვით.

ვარჯიშის შემდეგ ჩვენ ორ ტორპედოელს ვთხოვეთ „ტორპედოს“ საჩემპიონატო შანსებისა და გუნდში არსებული გარემოს შეფასება.

მიხეილ მახვილაძე: „ტორპედო“ იგივე ჩემი სახლია და ფაქტობრივად, შინ დავბრუნდი. საქართველოში ბევრ გუნდში მითამაშია, მაგრამ ჩემი მშობლიური კლუბი „ტორპედოა“, რომლის შემდეგაც მოდის „მეტალურგი“, კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ ამ გუნდებში მაქვს გატარებული.

მახსენდება ის სეზონი, როცა ქუთაისში პირველად გავხდით ჩემპიონები და ეს ზედიზედ სამჯერ მოხდა. ძალიან დიდი სიხარული მივანიჭეთ აქაურებს და განსაკუთრებით ბოლო ჩემპიონობის დროს, მთელი ქალაქი და რეგიონი ზეიმობდა. ჩვენი დიდი სურვილია, ის ემოცია დავაბრუნოთ ქუთაისში.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სეზონის წინ რთულ პირობებში მოგვიწია მომზადება, გუნდი საკმაოდ დაბალანსებული და კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულია. საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას ვითვალისწინებთ და შეიძლება ითქვას, პირობებით უკმაყოფილო არ ვართ. სხვა ქვეყნებთან კი შედარებაც არ შეიძლება. პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი საქმე და ჩვენი ქალაქი გვიყვარს და ამას ვემსახურებით. ამდენად, პირობები ნორმალურია, თუმცა მათი გაუმჯობესება, უკეთეს შედეგებს მოგვიტანს.

ვფიქრობ, ახალ ჩემპიონატში გუნდების დონე თითქმის გათანაბრებულია, ვერ იტყვი თუ რომელი გუნდი იქნება გამოკვეთილი ფავორიტი ჩემპიონობისა. მაგალითად, ჩვენ მოსამზადებელ ეტაპზე „ზესტაფონს“ ვეთამაშეთ და საუკეთესო ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს მოვუგეთ სტუმრად, ეს ერთგვარი საზომია იმისა, რომ „ტორპედოს“ შეუძლია მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა. აქ არიან ისეთი ბიჭები, რომ კონკურენციაც შესამჩნევია, სხვანაირად ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ განვითარდება”.

თენგიზ ჩიკვილაძე: „სამწუხაროდ, ქართული რეალობაა ესაა, რომ ბევრ უმაღლესლიგელ გუნდს ჩაუვარდა მოსამზადებელი პერიოდი, ამიტომ მძიმე სტარტს ველოდები. თუმცა, ჩემი აზრით, „ტორპედოში“ გამოცდილი კონტიგენტი შევიკრიბეთ და ნელ-ნელა სეზონის განმავლობაში შევალთ ფორმაში, როგორც ზამთრის ეტაპზე იყო, ვფიქრობ, ისე განმეორდება.

მინდა აღვნიშნო, როცა „ვისოლი“ „ტორპედოში“ მოვიდა, პირველად მეც მაშინ ჩამოვედი ქუთაისში. ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია ამ კომპანიას, რომ ჩამოვთვალო შორს წაგვიყვანს. მგონი, ჩვენც არ დავრჩენილვართ ვალში და ასე ვთქვათ, ბევრი კარგი დღე ვაჩუქეთ ერთმანეთს. სასიამოვნოა, რომ დღესდღეობით ისევ „ვისოლი“ დარჩა კლუბის მფლობელად და სასიკეთოდ რომ შემოტრიალდა ყველაფერი, მათი დამსახურებაა. უკეთესი იქნებოდა, მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გაგვევლო, თუმცა ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით და ჩვენს წილ პასუხიმგებლობას ვიღებთ.

ვფიქრობ, რაც მეტი თამაში იქნება უმაღლეს ლიგაში, მით უკეთესია. რაც შეეხება ჩვენს პირველ მატჩს, „კოლხეთი“ ჩვენზე უკეთ მოემზადა და ლოგიკურად, უნდა გაგვიჭირდეს ჩვენი თამაშის ჩვენება. შედეგის პროგნოზირებისგან თავს შევიკავებ, რადგან ბოლო პერიოდში ნებისმიერი მატჩის ბედის გამოცნობა ძალზე გართულდა, ამას კი ვიტყვი, რომ განწყობა საბრძოლოა და მოსაგებად უკან არ დავიხევთ”.

რიონისპირული დერბი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

FCTorpedo.Ge