“ზესტაფონმა” ბექა კაკუშაძე დაიმატა

ზესტაფონელთა გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 19 წლის ახალწვეულის სახელია ბექა კაკუშაძე. ახალგაზრდა ნახევარმცველი, რომელიც ბოლო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში ასპარეზობდა, “ზესტაფონის” ღირსებას მომდევნო 3 წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ გუნდის ახალწვეულის შესახებ: ბექა კაკუშაძე – ნახევარმველი; დაბადებულია – 28.12.1994; სიმაღლე – 172 სმ, წონა – 64 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” სამწლიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”მართვე” (ქუთაისი) -2009-2011; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2011-2013.

აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ახალგაზრდა პერსპექტიულმა ფეხბურთელმა თავის სადებიუტო მატჩი გასული წლის 27 აპრილს ჩაატარა.

ორმაგად საინტერესოა ის გარემოება, რომ იმ პერიოდში ქუთაისელთა მაისურით მოასპარეზე ბექა კაკუშაძემ მისთვის სადებიუტო შეხვედრაში სწორედ თავის დღევანდელი გუნდისა და თანაგუნდელთა წინააღმდეგ იასპარეზა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი უკვე შეუერთდა მარგველებს და მათ რიგებში მარტვილის “მერანთან” რამდენიმე დღის წინ გამართულ საკონტროლო შეხვედრაშიც იასპარეზა…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ქართული ტრანსფერების მიმოხილვა

ქართული კლუბები მეორე ეტაპისთვის ემზადებიან და ბუნებრივი, რომ ტრანსფერებიც აქტუალური თემაა. მოდით ერთად შევაჯამოთ განვლილ პერიოდში განხორციელებული ცვლილებები ქართულ კლუბებში. 

 

დინამო თბილისი

წავიდნენ: გიორგი შაშიაშვილი (კარიერა დაასრულა), ირაკლი ლექვთაძე (ტორპედო), ლევან ხმალაძე (უგუნდოდ), თორნიკე ზარქუა (ზუგდიდი), ომარ მიგინეიშვილი (ზესტაფონი), გიორგი სეთრიძე (მეტალურგი), გიორგი მიქაბერიძე (მეტალურგი), დავით ხოჭოლავა (ფოთის კოლხეთი), ლაშა შინდაგორიძ (ჩიხურა), ჯაბა დვალი (ყარაბახი).

მოვიდნენ: გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო), გიორგი რეხვიაშვილი (ჩიხურა), მათე ცინცაძე (ტორპედო), თორნიკე გორგიაშვილი (უგუნდო), ნიკა დაუშვილი (ვიტ ჯორჯია), ლაშა შერგელაშვილი, ნიკა დიასამიძე (დინამო 2).

დილა

წავიდნენ: ირაკლი მოდებაძე (დინამო), თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (ზესრაფონი), ნუკრი რევიშვილი, ირაკლი მასიურაძე (ვალეტა, მალტა).

მოვიდნენ: დავით რაჟამაშვილი (ზესტაფონი), კობა შალამბერიძ, ალექსანდრე კოშკაძე, ნიკოლოზ ჯიშკარიანი (გურია).

ზესტაფონი

წავიდნენ: როინ კვასხვაძე (ტორპედო), გიორგი კაჭკაჭიშვილი (ზუგდიდი), გიორგი ადამია (სიონი), გურამ სამუშია (ზუგდიდი), მუჰამედ რეკრუკი (უგუნდოდ), დავით რაჟამაშვილი (დილა), საბა ლომია (ჩიხურა), ილია კანდელაკი (სიონი).

მოვიდნენ: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძ, გიორგი გურული (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო), ომარ მიგინეიშვილი (დინამო), რევაზ გეწაძე (მეტალურგი).

ტორპედო

წავიდნენ: გიორგი ხიდეშელი, მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ზაზა ჭელიძე, დავით კუპატაძე, ნიკა საბანაძე, გიორგი ფანცულაია, გიორგი კუხიანიძე, თორნიკე კაპანაძე, ბექა კუკუშაძე (ტორპედო).

მოვიდნენ: გურამ ადამაძ (ვიტ ჯორჯია), ზურა მენთეშაშვილი (საბურთალო), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი).

მეტალურგი

წავიდნენ: ლაშა ჯაფარიძე (ტირასპოლი, მოლდოვა), ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (სპარტაკი ცხინვალი), რევაზ გეწაძე (ზესტაფონი).

მოვიდნენ: გიორგი სეთურიძე, გიორგი მიქაბერიძე (დინამო თბილისი).

ვიტ ჯორჯია

წავიდნენ: გურამ ადამაძე (ტორპედო), ლაშა კასრაძ (აზალი, აზერბაიჯანი), გიორგი ჯანელიძ, ნიკა დაუშვილი (დინამო თბილისი).

მოვიდნენ: ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (მერანი)

ჩიხურა

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (დინამო), დიმიტრი ტატანაშვილი (ზესტაფონი).

მოვიდნენ: საბა ლომია (ზესტაფონი), ლაშა შინდაგორიძე (დინამო).

ზუგდიდი

წავიდნენ: ამირ აზმი მეგაჰედი (მაჰალია, ეგვიპტე), ზურაბ მამალაძე (მერანი), ჯამალ ჰამზა (ჰარს ჰოდუდი, ეგვიპტე).

მოვიდნენ: გიორგი კაჭკაჭიშვილი, გურამ სამუშია (ზესტაფონი), თორნიკე ზარქუა (დინამო).

სიონი 

წავიდნენ: გივი იოსელიანი (სპარტაკი).

მოვიდნენ: გიორგი ადამია, ილია კანდელაკი (ზესტაფონი).

სპარტაკი

წავიდნენ: ნიკა კვეკვესკირი (დინამო 2).

მოვიდნენ: ლევან კაკუბავა, დავით მაისაშვილი (მეტალურგი), გივი იოსელიანი (სიონი).

მერანი

წავიდნენ: გიორგი რეხვიაშვილი (სასკო), ჯონი შეროზია, ლაშა ღონღაძე (ვიტ ჯორჯია), კრის ბანება, მარკოს დოს სანტოსი (უგუნდოდ).

გურია

წავიდნენ: ვლადიმერ ჯოჯუა (მერანი), კობა შალამბერიძ, ალექსანდერ კოშკაძ, ნიკა ჯიშკარიანი (დილა).

მოვიდნენ: გიგა კვერენჩხილაძე (დინამო ბათუმი).

 

როგორც ხედავთ, ამ ეტაპზე ძირითადად შიდა ტრანსფერები განხორციელდა. არის გაურკვევლობებიც. მაგალითად, შესაძლოა ომარ მიგინეიშვილმა “ზესტაფონის” ღირსების დაცვა მიმდინარე ჩემპიონატში ვერ შესაძლოს, ვინაიდან 2013/14 წლების სეზონში “ზესტაფონი” მისთვის უკვე მესამე კლუბია. არადა, ზესტაფონელებმა “დინამოს” მეკარეში გარკვეული თანხაც გადაუხადეს.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედია ჩვენი წამყვანი კლუბები კარგ შევსებას მიიღებენ.

იმერული რანდევუ

2014 წლის 24 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მიმდინარე წელიწადში რიგით მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ზესტაფონელთა საწვრთნელ ბაზაზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ზემოიმერლები ქუთაისის საფეხბურთო კლუბ ”ტორპედოს” დაუპირისპირდნენ.

რამდენიმე დღის წინ მარტვილელბთან გამართული მატჩის მსგავსად, მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ პირველსა და მეორე ტაიმებში მოედანზე განსხვავებული შემადგენლობები გაიყვანა. უნდა ითქვას, რომ მომქანცველი ფიზიკური დატვირთვების ფონზე, მასპინძლები ოდნავ მძიმედ გამოიყურებოდნენ, თანაც, საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია – სხვადასხვა სახის პრობლემის გამო საკუთარ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ ომარ მიგინეიშვილი, გიორგი ფანცულაია და რევაზ გეწაძე.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, დღევანდელმა შეხვედრამაც საკმაო ინტერესი გამოიწვია და ზესტაფონელთა ბაზაზე თავი 150-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქუთაისელმა ქომაგმა მოიყარა. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

”ზესტაფონი”: მეშველიანი (კუპატაძე, 46), თორნიკე გრიგალაშვილი (ღონღაძე, 46), თედორე გრიგალაშვილი (ფერეირა, 46), გურული (ჭელიძე, 46), გაგოშიძე (ენდელაძე, 46), აჯურუ (დოლიძე, 46), ჭანკოტაძე (კუხიანიძე, 46), სარდალიშვილი (შარიქაძე, 46), ჭანტურიშვილი, კაპანაძე (საბანაძე, 46), მიქაძე (ტატანაშვილი, 46).

”ტორპედო”: ცაბუტაშვილი (ადამია, 46), ადამაძე (ლაღაძე, 46), მამასახლისი (ჩადუნელი, 46), ხარაბაძე (გვეტაძე, 46), გელაშვილი (კუჭუხიძე, 46), ბერუაშვილი (თვალავაძე, 46), ლექვთაძე (ტუღუში, 46), ლაშქარავა ((ჭედია, 46), გოგიჩაიშვილი (ჭრელაშვილი, 46), მარკოზაშვილი (ღვიტიძე, 46), ღონღაძე (კვერნაძე, 46).

შეხვედრა შემდეგი სცენარით წარიმართა – ზესტაფონელები მეტოქის კარს გამუდმებით უტევდნენ და ერთი-მეორეს მიყოლებით საგოლე მომენტებს ანიავებდნენ, ქუთაისელებს კი… გოლები გაჰქონდათ. მასპინძელთაგან აშკარა საგოლე მომენტები გაუცუდდათ გიორგი ჭანკოტაძეს, თორნიკე კაპანაძეს, ვახტანგ ჭანტურიშვილს, დავით მიქაძეს, ნიკა საბანაძეს, გიორგი კუხიანიძესა და დიმიტრი ტატანაშვილს (ორჯერ)…

თავის მხრივ, სტუმრები ძირითადად თავის კარის უსაფრთხოებაზე ფიქრით იყვნენ დაკავებულნი, მეტოქის მოედანზე მხოლოდ სწრაფი კონტრაქციებისას გადადიოდნენ და მეტოქის კარის მიმართულებით სულ რაღაც ოთხჯერ დაარტყეს, თუმცა ამ ოთხი დარტყმიდან სამი ზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ, მატჩი, რომელიც მარგველთა მიერ გამოუყენებელი მომენტების რაოდენობით ბევრ რეკორდს გააუმჯობესებდა, ზესტაფონელთა მარცხით, ანგარიშით 1-3 დასრულდა.

ქუთაისელთაგან გატანილი გოლებით თავი გურამ ადამაძემ, თეიმურაზ მარკოზაშვილმა და ოთარ კვერნაძემ გამოიჩინეს, მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორი კი გახლავთ თეიმურაზ ღონღაძე, რომელმაც მატჩს მიწურულს 11-მეტრიანის შესრულებისას იყოჩაღა.

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ზესტაფონელები კიდევ ერთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. 29 იანვარს ზემოიმერლები თერჯოლის საფეხბურთო კლუბ “საპოვნელას” უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

თორნიკე კაპანაძე “ზესტაფონის” ღირსებას დაიცავს

ზესტაფონელთა გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა – 21 წლის ახალწვეულის სახელია თორნიკე კაპანაძე. ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელსაც “სამტრედიის”, წყალტუბოს “სამგურალისა” და ქუთაისის “ტორპედოს” რიგებში უასპარეზია, “ზესტაფონის” ღირსებას მომდევნო 2,5 წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: თორნიკე კაპანაძე – თავდამსხმელი; დაბადებულია – 04.06.1992; სიმაღლე – 167 სმ, წონა – 65 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2008-2009; ”სამტრედია” – 2009-2011; “სამგურალი” (წყალტუბო) – 2011-2013; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2013.

“თორნიკე კაპანაძე თითქმის ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა რეზერვისტთა ტურნირში და მაშინდელი „ტორპედო-2“-ის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლეც იყო… შემდეგ წყალტუბოს „სამგურალში“ იქნა განათხოვრებული, სადაც მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი და 27 გოლით პირველი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა…

მოედანზე სისწრაფით, მოქნილობითა და ძლიერი დარტყმით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ შეარქვეს მეტსახელად „ელვა“. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ტანმორჩილია, იგი თავით თამაშსაც არ უჩივის, რამეთუ გოლების არცთუ ისე მცირე რაოდენობა სხეულის ამ ნაწილითაც აქვს გატანილი” – ასე ახასიათებს თორნიკე კაპანაძეს თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში ინტერნეტ-გამოცემა “მსოფლიო სპორტი”.

უნდა ითქვას, რომ ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ ახალგაზრდა თავდამსხმელმა თავი ევროკომპანიაში ისახელა – “ჟილინასთან” სლოვაკეთში ფრედ (3-3) დასრულებულ შეხვედრაში თორნიკემ ორჯერ მოახერხა სლავთა კარის აღება. რაც შეეხება ეროვნულ ასპარეზზე მის მონაგარს, ქუთაისელთა მაისურით ფეხბურთელმა 17 შეხვედრა ჩაატარა და თავი 6 გატანილი გოლითაც გამოიჩინა.

მარგველთა ახალწვეული უკვე შეუერთდა გუნდს და მასთან ერთად ივარჯიშა კიდეც.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ირაკლი ლექვთაძე კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს

“დინამო თბილისის” ნახევარმცველი ირაკლი ლექვთაზე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ლექვთაძეზე “დინამოში” დიდ იმედებს ამყარებდნენ. პირველ გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელი კახა კაჭარავამ დააწინაურა. თუმცა, ფეხბურთელმა ძირითადში ადგილის დამკვიდრება ვერ შესძლო.

ირაკლი ლექვთაძე აღნიშნულ ფაქტს საკუთარ ფეისბუქზე გაკეთებული განცხადებით ეხმაურება

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „დინამოში“ მომუშავე თითოეულ ადამიანს. „დინამოს“ ბაზის პერსონალს, რომლებისგანაც სითბოს მუდამ ვგრძნობდი, თითოუელ მწვრთნელს, რომელთანაც მიმუშავია „დინამოს“ აკადემიაში, დუბლებსა თუ პირველ გუნდში (განსაკუთრებული მადლობა კახა კაჭარავას, რადგან მან მაზიარა პირველად უმაღლეს ლიგას და პროფესიონალურ ფეხბურთს). დიდი მადლობა ბატონ რომან ფიფიას, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის, „დინამოსთვის“ და მინდა ბოდიში მოვუხადი, რადგან მისი იმედები ბოლომდე ვერ გავამართლე.
და ბოლოს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო „გლადიატორებს“, რომლებიც ამ სახელს 100%-ით ამართლებენ. მუდამ დარჩება ჩემს გულში ეს გუნდი. ეს ჩემი ოჯახი იყო. კლუბი, რომელშიც 8 წელი გავატარე. 
ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. დღეიდან მე ვარ „ტორპედოელი“ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ჩემი თავი საუკეთესო მხრივ წარმოვაჩინო და დავეხმარო „ტორპედოს“ უმაღლესი მიზნების მიღწევაში“ 

მენთეშაშვილი კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” უკვე ყოფილი ფეხბურთელი ზურაბ მენთეშაშვილიკარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დაგვიდასტურა. ამპლუით ნახევარმცველი იმერულ კლუბში 16 იანვარს გამოცხადდება და კონტრაქტსაც ხელი ამის შემდეგ მოეწერება.

გეცოდინებათ, რომ “მენთეშა” “საბურთალოს” შემადგენლობაში გასული წლის აგვისტოდან ირიცხებოდა. ფეხბურთელის გამოცდილება დიდად წაადგა ახალგაზრდულ კლუბს. ზურამ დედაქალაქელთა რიგებში რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლიც შეაგდო.
“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “საბურთალოს” ხელმძღვანელობას, სამწვრთნელო შტაბსა და კლუბში ყველა მომუშავე ადამიანს. მათგან ყოველთვის გვერდში დგომას ვგრძნობდი. თბილისურ კლუბს მომავალში წარმატებებსა და დიდ გამარჯვებებს ვუსურვებ”, – განაცხადა ზურაბ მენთეშაშვილმა.

 

fcsaburtalo.ge

არნემიდან ქუთაისში?

კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით ქუთაისის “ტორპედოს” შეძენით არნემის “ვიტესის” ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაა დაინტერესებული. არსებობს ვარაუდი, რომ ჟორდანია ქუთაისურ კლუბს მომავალი სეზონიდან უპატრონებს.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისური კლუბი გენერალურმა სპონსორმა “ვისოლმა” დატოვა. მას შემდეგ ქუთაისში ახალი დამფინანსებლის პოვნის საკითხი აქტუალური გახდა.

ასევე ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კლუბის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ბრუნდება “ტორპედოს” ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ხურციძე.
ხოლო პრეზიდენტის ვაკანტურ თანამდებობას გიორგი დემეტრაძე დაიკავებს.

 

როინ კვასხვაძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს

24 წლის ქართველი კარის დარაჯი, როინ კვასხვაძე ამიერიდან “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს – ამ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის ხელმძღვანებლობა ადასტურებს.

კვასხვაძე 2005 წლიდან მოყოლებული “ზესტაფონში” ირიცხებოდა, სადაც გუნდის შეუცვლელ ფიგურად და კაპიტნად იქცა.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა დროს, ქუთაისის “ტორპედოში” როინის ბაბუას, ძმასა და მამას უთამაშიათ.

ცნობისათვის, გერმანული სააგენტო Transfermarkt-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს 700 000 ევროდ აფასებს.

“ზესტაფონმა” კუხიანიძე და ფანცულაია დაიმატა

21 წლის ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე და 20 წლის ფორვარდი გიორგი ფანცულაია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” იასპარეზებენ. კუხიანიძესთან გაფორმებულია ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ფანცულაია მარგველთა ღირსებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეულების შესახებ:

გიორგი კუხიანიძე – ნახევარმცველი; დაბადებული – 01.07.1992; სიმაღლე – 180 სმ, წონა – 73 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი კუხიანიძე ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა.

“თავისი ტექნიკური არსენალით, პასის კულტურითა და არაორდინარული თამაშით გიორგი ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. მას თანაგუნდელებს პასებით მომარაგება შეუძლია, ამავე დროს, არც თავად ერიდება კარში დარტყმებს და საგოლე ალღოც არ ღალატობს” – ასე ახასიათებდა 2013 წლის მიწურულს გიორგის ასპარეზობას ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”.

***

გიორგი ფანცულაია – თავდამსხმელი; დაბადებული – 06.01.1994; სიმაღლე – 177 სმ, წონა – 76 კგ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი ფანცულაიაც ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა. ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 2011-2013 წლებში ნიჭიერმა თავდამსხმელმა ქუთაისელთა მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა და თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა. გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თავის დროზე მას ჩვიდმეტ- და ცხრამეტწლამდელთა ნაკრებ გუნდებშიც წარმატებით ასპარეზობდა.

***

დღესვე გუნდის ახალწვეულებმა სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ “სიტი-სპორტში” სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

პირველი ეტაპი – ტორპედო

Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ტორპედო” იქნება.

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი ქუთაისის “ტორპედომ” ჩააგდო. კარგი სტარტს, ხანგრძლივი წარუმატებელი სერია მოჰყვა და შედეგად გათამაშების პირველი ნაწილი ქუთაისელებმა მეცხრე პოზიციაზე დაასრულეს.

თუმცა, ეროვნულ ჩემპიონატამდე ევროთასები იყო. სეზონის წინ “ვისოლმა” ქუთაისური კლუბის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და თბილისის “ლოკომოტივის” ძირითად ბირთვთან ერთად, “რკინიგზელთა” მთავარი მწვრთენლიც, ჯერარდ სარაგოსაც “ტორპედოში” მიიწვია. სადებიუტო მატჩშს განახლებული “ტორპედო” საკუთარ მოედანზე, სლოვაკურ “ჟილინასთან” ატარებდა და დიდი ანგარიშით, 0-3 დამარცხდა. სლოვაკეთში ჩატარებული განმეორებითი შეხვედრა, ფრედ 3-3 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე “ჟილინა” გავიდა. “ტორპედო” კი უმაღლეს ლიგაზე გადმოერთო.

ეროვნული ჩემპიონატი ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს. ლაღი, სანახაობრივი და რაც მთავარია შედეგიანი ფეხბურთით “ტორპედო” მეათე ტურამდე დაუმარცხებლად მივიდა.

სწორედ ამ ტურიდან დაიწყო სარაგოსას გუნდის უკუსვლა. “დინამო არენაზე” გამართული შეხვედრა გადამწყვეტი გამოდგა. “დინამოსა” და “ტორპედოს” თამაში ნამდვილი სანახაობა იყო. მატჩის დებიუტში თბილისელები რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდნენ და “ტორპედომ” ამით მალევე ისარგებლა. თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და მეორე ტაიმში “დინამომ” ხმალაძის გოლით გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.

პირველი ეტაპის დარჩენილ რვა შეხვედრაში ქუთაისელებმა ერთი მატჩის მოგება შესძლეს და 7-ჯერ დამარცხდნენ. უკანასკნელ ტურში კი, “ტორპედო” “ვიტ ჯორჯიასთან” 5-0 განადგურდა და ჟერარდ სარაგოსაც გუნდიდან წავიდა. სარაგოსას კლუბის მთავარი სპონსორი “ვისოლიც” მიჰყვა. გუნდი წამყვანმა მოთამაშეებმაც დატოვეს.

პირველ ეტაპზე გუნდმა 18 მატჩიდან 6 მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და 8-ჯერ დამარცხდა. ბურთების შეფარდება 19/24-ზე.

მეორე ეტაპზე კლუბს სავარაუდოდ ქალაქის მერია ან ადგილობრივი ბიზნესმენები დააფინანსებენ. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოს” რევაზ ძოძუაშვილი უთავკაცებს.

ახალგაზრდა გოლკიპერი “ზესტაფონის” რიგებში

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 22 წლის ახალწვეულის სახელია დავით კუპატაძე. ახალგაზრდა გოლკიპერი, რომელიც ბოლო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოში” ასპარეზობდა, “ზესტაფონის” ღირსებას შემდეგი ორი წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ახალწვეულების შესახებ: დავით კუპატაძე – გოლკიპერი; დაბადებული – 06.06.1991; სიმაღლე – 188 სმ, წონა – 80 კგ.

გთავაზობთ დავით კუპატაძის მცირე კომენტარს, რომელიც მან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ინტერნეტ-საიტ www.fci.ge-სთან საუბარში გააკეთა: “ტორპედოში” სამი წელი გავატარე და, რა თქმა უნდა, შევეჩვიე ამ კლუბს და ქუთაისელ გულშემატკივარს. კი გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასე იყო საჭირო …

რაც შეეხება ჩემს ახალ გუნდ “ზესტაფონს”, კონტრაქტს ხელი დღეს მოვაწერე და 8-ში სამედიცინო შემოწმებას გავივლი. სავარაუდოდ, ამ დღეებშივე შევუერთდები გუნდს და ვარჯიშსაც დავიწყებ…

რატომ მაინც და მაინც “ზესტაფონი”? დიდი სურვილი მქონდა, რომ სწორედ ამ კლუბში მეთამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო ამ გუნდის მწვრთნელებს იმის გამო, რომ ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. დიდი ხანი არ მიფიქრია მათ შემოთავაზებაზე, მაშინვე დავთანხმდი…

ჯერ-ჯერობით იმედებზე საუბარი ადრეა, მაგრამ “ზესტაფონს” შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს და მათ შესწევთ იმის ძალა, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლონ”…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

საბანაძე: “გულშემატკივრებს მათი გულების ბევრჯერ გახარებას ვპირდები”

ქუთაისის “ტორპედოდან” “ზესტაფონში” გადასულმა ნიკა საბანაძემ მარგველთა ოფიციალური საიტისათვის კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის ზესტაფონელ გულშემატკივრებს მათი გულების ბევრჯერ გახარებას პირდება.

“ძალიან კმაყოფილი ვარ “ზესტაფონში” გადმოსვლით! რამდენიმე წინადადება მქონდა, მათ შორის ქართული კლუბებიდანაც… საჩხერის “ჩიხურა” და თბილისის “დინამო” მიწვევდნენ, თუმცა მე “ზესტაფონზე” შევაჩერე არჩევანი, რაშიც დიდი როლი გია გეგუჩაძის ფაქტორმაც ითამაშა…

გეგმებს რაც შეეხება – წელს ევროტურნირებზე თამაში მინდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლა. ვფიქრობ “ზესტაფონი” ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს…

გულშემატკივარს ბოლომდე დახარჯვას, მოედანზე ბრძოლას, თავდადებას და, რა თქმა უნდა, მათი გულების ბევრჯერ გახარებას ვპირდები, როგორც ჩემი კარგი თამაშით და გოლებით, ასევე მთელი გუნდის წარმატებული გამოსვლით .”

ესაუბრა დიმა ნებიერიძე

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური