ჟერარდ სარაგოსა: „გურიასთან“ ამჯერადაც სამი ქულისთვის ვითამაშებთ“

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ სტუმრად ლანჩხუთის „გურიასთან“ ხვალ გასამართი შეხვედრის წინ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა. გუნდის მზადყოფნასა და დამდეგი მატჩის მოლოდინზე ჩვენი გუნდის ესპანელ მთავარ მწვრთნელს ვესაუბრეთ.

ჟერარდ სარაგოსა მულეტი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ფეხბურთის თამაშის ჩვენებით მოვიგეთ წინა მატჩი – „სპარტაკთან“. ახლა კი, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღება მხოლოდ „გურიასთან“ მატჩისკენ გვაქვს მიმართული. ჩვენი მომდევნო მეტოქე უმაღლეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელიც კარგ შედეგებსაც აღწევს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ჩემპიონატის პირველ დაპირისპირებაში შევძელით მათი დამარცხება, ამჯერადაც სამი ქულისთვის ვითამაშებთ, თუმცა რთული იქნება, რადგან ქუთაისში საკმაოდ გაგვიჭირდა მათთან სასურველი შედეგის მოპოვება.

რაც შეეხება დანაკლისებს, დისკვალიფიცირებულ ჭანტურიასა და ფირცხალავას გარდა, სავარაუდოდ, ვერ დაგვეხმარებიან: ფანცულაია და ახვლედიანი. ასევე, მიკრო-ტრავმები აქვთ სხვა ფეხბურთელებსაც, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინიც მზად იყვნენ ამ თამაშისთვის“.

„ტორპედოს“ პრესსამსახური

“ტორპედოს” მიმდინარე ჩემპიონატში ლანჩხუთელებთან მეორე ჭიდილი

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ 9 დეკემბერს სტუმრად ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ გამართავს, სადაც ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და სავარაუდოდ, მისი პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაციაც განხორციელდება ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.

ბევრისთვის მოულოდნელად, უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „გურია“ მიმდინარე ჩემპიონატშივე ლიდერებს შორისაა. მართალია, ჩვენი მომდევნო მეტოქე საკუთარ სტადიონზე ვერ მასპინძლობს მეტოქეებს, თუმცა დაგროვილი ქულების უმეტესობა გურულებმა სწორედ „ჩელე არენაზე“ აიღეს. ეს არის, ამ ბოლოს, ლანჩხუთელთა ბანაკში ფინანსური პრობლემები მოეძალათ, რასაც 2-მატჩიანი წაგებათა სერია მოჰყვა. მიუხედავად ამისა, „გურია“ წინა ტურში გასვლაზე თბილისის „დინამოს“ ამარცხებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გაშვებული გოლებით ქულასაც კი ვერ გამორჩა(1:3). იქამდე კი ლანჩხუთელები შინ, ბოლნისის „სიონთან“ დამარცხდნენ(1:2).

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების ქუთაისური დაპირისპირება მინიმალური სხვაობით „ტორპედოს“ სასარგებლოდ დასრულდა(1:0). გამარჯვების გოლი გიორგი კუხიანიძის ანგარიშზეა – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=205.

პირველი ურთიერთშეხვედრისას გურულებს დავით მახარაძე თავკაცობდა, რომელიც მალევე მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკრაინელმა რომან პოკარამ ჩაანაცვლა. ცნობისთვის, ამ უკანასკნელის შეგირდები სათასო ასპარეზიდან მარტვილის „მერანმა“ გამოთიშა(1:2, 1:1). ამრიგად, მათ აქცენტის გასაკეთებლად მეორე ალტერნატივა აღარ დარჩათ და საუკეთესო ექვსეულში დასამკვიდრებლად ერთ-ერთ კონკურენტთან არაფერს არ დათმობენ. ისევე, როგორც ქუთათურები, რომლებსაც საპრიზო ადგილებზე მოსახვედრად ქულების დაგროვება სჭირდებათ.

„ტორპედოდან“ დისკვალიფიკაციის გამო დამდეგ მატჩს: ნიკა ჭანტურია და ნიკა ფირცხალავა გამოტოვებენ, რომლებსაც წინა შეხვედრაში მიღებული გაფრთხილებებით სამ-სამი ყვითელი ბარათი დაუგროვდათ.

რაც შეეხება ლანჩხუთელებთან არსებულ საერთო სტატისტიკას, პირველი დამოუკიდებელი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“, „ტორპედო“) ლანჩხუთის „გურიას“ სულ 35-ჯერ შეხვდნენ. აქედან 21 მატჩი ქუთაისელთა სასარგებლოდ დასრულდა, 9 – ლანჩხუთელთა, 5-ში კი გუნდებმა ქულები გაიყვეს. ბურთების შეფარდება იმერელთა სასარგებლოდაა – 78:41-ზე.

ყველაზე დიდი ანგარიშით „ტორპედოს“ უახლოესი მეტოქისთვის 1995 წელს – 5:0 აქვს მოგებული, ერთი წლის შემდეგ კი „გურიამ“ ჩემპიონატში ყველაზე დიდი ანგარიშით – 2:0 მოგვიგო. აქვე ერთ საინტერესო შედეგზეც, 2005 წელს, ეროვნულ თასზე ქუთაისურ-ლანჩხუთური დუელი ფრედ, ანგარიშით 5:5 დასრულდა.

FCTorpedo.GE

თორნიკე კაპანაძის ქუსლით გატანილი ბრწყინვალე გოლი ცხინვალის “სპარტაკის” კარში

5 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძემ ქუსლით, “ტორპედოელთა” კარგი კომბინაციის შემდეგ გაიტანა.

FCTorpedo.GE-ს ფოტო

“ტორპედოს” უახლოესი მიზანი – მოგების გახსენება ცხინვალის „სპარტაკთა

5 დეკემბერს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის გაიმართება, რომელშიც ს/კ „ტორპედო“ ცხინვალის „სპარტაკს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტ-ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

სათქმელია, რომ აღნიშნული გუნდები მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად იცნობენ ერთმანეთის შესაძლებლობებს. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ეროვნული თასის მერვედფინალური ეტაპის ორმატჩიან დუელში „ტორპედომ“ სწორედ მისი მომდევნო მეტოქე გამოთიშა გათამაშებას, რასაც დიდი ენერგია შეალია – შინ და სტუმრად გამართული ორივე მატჩის ერთნაირი ანგარიშით(2:2) დასრულების შემდეგ, გამარჯვებული პენალტების სერიით გამოვლინდა, რამაც მიუხედავად გამარჯვებისა, ქუთაისელთა ნერვიულობის გარეშე არ ჩაიარა(6:5). ამ სათასო დუელებში, ისევე, როგორც ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ურთიერთშეხვედრაში, „სპარტაკს“ ვლადიმერ ხაჩიძე თავკაცობდა, რომელმაც გუნდი სწორედ „ტორპედოსთან“ გამოვარდნის შემდეგ დატოვა. მას მერე კი სპარტაკელებს კახა კაჭარავა მოძღვრავს, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩები წარმატებული გამოდგა(„ვიტ ჯორჯია“ 3:1, „მერანი“ 1:0), რასაც ვერ ვიტყვით ბოლო ორ თამაშზე: „სიონთან“(2:3) და თბილისის „დინამოსთან“(0:4).

მიმდინარე ჩემპიონატის პირველი პაექრობა ვახსენეთ და აქვე 1 სექტემბერს გამართული მატჩის პროტოკოლსაც წარმოგიდგენთ – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=204

რასაკვირველია, აუტსაიდერთა რიგებში მყოფი „სპარტაკი“ ამ სეზონში „ტორპედოსთან“ ორივე ასპარეზზე განცდილი მარცხისთვის ქუთაისში რევანშის ასაღებად ჩამოვა. მასპინძლებს კი გამარჯვება ყველანაირი თვალსაზრისით, ჰაერივით ჭირდებათ, რაშიც ჟერარდ სარაგოსას შეგირდებს უკვე დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი კუხიანიძეც დაეხმარებათ, თუმცაღა ზედმეტი „ყვითლების“ გამო ერთი დანაკლისი მაინც გვეყოლება მათე ცინცაძის სახით. ამავე მიზეზით ჩვენს მეტოქეს ლაშა ჩაფიძე დააკლდება.

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (პირველ სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდის სახელი “ქუთაისი” იყო) ცხინვალელთა სახელით მოთამაშე სამ გუნდსაა(„ლიახვი“, „ცხინვალი“ და „სპარტაკი“) შენახვედრი. სულ გუნდებს შორის 12 მატჩია(1-შიც კი „ლიახვი“ არ გამოცხადდა) გამართული, აქედან 7 „ტორპედომ“ მოიგო, 3 ფრედ დასრულდა, 2-ში კი ცხინვალელებმა გაიმარჯვეს.

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა ცხინვალური გუნდი 1990 წლის 25 ივნისს დაამარცხეს – 6:0, ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება კი 2007 წლის 5 ნოემბრით თარიღდება – 0:4.

აქვე გთავაზობთ „ტორპედოს“ მეგოლეებსაც, რომლებსაც სხვადასხვა დროს ცხინვალური გუნდების კარი აქვთ აღებული:

2 გოლი – გრიგოლ თევზაძე, ლაშა კემუხტაშვილი, ნიკა საბანაძე, თენგიზ ჩიკვილაძე

1 გოლი – თემურ ფაიქიძე, იასონ ბზიკაძე, როსტომ თორღაშვილი, გიორგი დარასელია, ლევან კორღალიძე, გიორგი ყიფიანი, რევაზ კვერნაძე, მამუკა ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე თარხნიშვილი.

“დილა” – “ტორპედო” 3-0

გორში გამართული ტურის ცენტრალური მატჩი საინტერესო სანახავი გამოდგა. შეხვედრა მასპინძლების აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, რასაც ჟერარდ სარაგოსას შეგირდები უხეშ თამაშს უპირისპირებდნენ. საერთო ჯამში, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ვადაჭკორიას ორივე გუნდის ფეხბურთელებისათვის შვიდი ყვითელი ბარათი აჩვენა. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, თუმცა “დილას” რამოდენიმე კარგი მომენტი ქონდა. მეორე ტაიმში კი, გორელებმა რეალიზაციაც გამოასწორეს და მე-60 წუთზე ანგარიში მიხეილ გორელიშვილმა გახსნა. გოლი თომაშვილის შესანიშნავ სოლო რეიდს მოჰყვა. ცენტრალურმა მცველმა მეტქის საჯარიმომდე გზად 2 ფეხბურთელი ჩამოიტოვა და გორელიშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა. აღსანიშნავია, რომ გოლის გატანიდან ერთ წუთში ახალგაზრდა ფეხბურთელი შეცვალეს. თუმცა, შეცვლაზე გამოსულმა ნიკოლოზ სადაღაშვილმაც შეიტანა თავისი წვლილი გორელთა გამარჯვებაში და 78-ე წუთზე მეორე ბურთი შეაგდო “ტორპედოს” კარში. მესამე გოლი 88-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ახალგაზრდა ფორვარდმა ტექნიკურად ჩამოიცილა ქუთაისელი მცველი და ქვილითაიას აუღებელი დაურტყა.

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე”

დილა 3 – 0 ტორპედო

გოლები: გორელიშვილი 60′, სადაღაშვილი 78′, ქვილითაია 88′

3 ყვითელი ბარათები 4

    8   კუთხურები    1

“დილა”: რევიშვილი, ღონღაძე, მაისურაძე, ბოლქვაძე, გურული, ხიზანეიშვილი, მოდებაძე, თომაშვილი, დოლიძე, გორელიშვილი, კობახიძე.

სათადარიგოები: შეყრილაძე, გაბარაევი, სადაღაშვილი, გოგინაშვილი, ქვილითაია, გაგნიძე, აბურჯანია.

“ტორპედო”: ქვილითაია, სანდოხაძე, ფირცხალავა, ცინცაძე, საბანაძე, ჯიქია, ხიდეშელი, მთივლიშვილი, გაბაძე, ჭელიძე, ბარაბაძე.

სათადარიგოები: მიქავა, გიგაური, გავაშელიშვილი, გოროზია, ჭანტურია, კაპანაძე, უბილავა.

მატჩის შემდეგ:

ჟერარდ სარაგოსა: – “დილას” ვულოცავ გამაჯრვებას. მატ ყველა კომპონენტში გვაჯობეს და დამსხურებულადაც მოიგეს.

რამაზ სოლოღაშვილი: – მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა, იოლი მატჩი არ ყოფილა. ვულოცავ და მადლობა ჩემს ბიჭებს ბრძოლისათვის. სამეულისთვის ბრძოლას ვაპირებთ.

“ტორპედო” გორში რთული გამოცდის მოლოდინში

30 ნოემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის შეხვედრას სტუმრად თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილასთან“ ჩაატარებს. 14:00 საათზე დასაწყისი თამაშის ტელე-ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცემა, ინტერნეტ-ტრანსლაციას კი ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისში გოლის გარეშე, მშვიდობიანი ანგარიშით – 0:0 დასრულდა. მოცემულ ბმულზე იხილეთ 17 სექტემბერს გამართული მატჩის პროტოკოლი -http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=206

გათამაშების ცხრილში გორელებს ყველანაირი მაჩვენებელი იგივე აქვთ, რაც ქუთაისელებს, რომლებსაც მხოლოდ უფრო უარესი ბურთების შეფარდების გამო უდგანან კვალში. მიუხედავად ანგარიშგასაწევი ძალისა, რაც „დილამ“ ბოლო საჩემპიონატო მატჩში ლიდერ თბილისის „დინამოსთანაც“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა(1:1), შიდაქართლელები ისე ვერ გამოიყურებიან, როგორიც საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ გუნდს შეეფერება, რასაც მე-6 ადგილიც ცხადყოფს. არა და შემადგენლობიდან გამომდინარე, ალბათ, ჩვენი მომდევნო მეტოქის საუკეთესოთა შორის მოხვედრა არავის არ გაუკვირდება. ქუთაისელთა ახალგაზრდულ გუნდს რაც შეეხება, ზედიზედ მეოთხე წაგების მერე „ტორპედოს“ გორში ურთულესი გამოცდა ელის და ჟერარდ სარაგოსას „მოწაფეებიც“ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციის მოსახდენად ყველაფერს გაიღებენ. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო ისევ ვერ ითამაშებს ტორპედოელთა „ათიანი“ გიორგი კუხიანიძე, რომლის სასჯელსაც ვადა დამდეგი მატჩის შემდეგ გასდის.

აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს“ მსგავსად რამაზ სოლოღაშვილის გაწვრთნილი გუნდიც გავიდა ეროვნული თასის მეოთხედფინალში, მას შემდეგ, რაც პირველლიგელ ბათუმის „დინამოს“ სტუმრად გატანილი ბურთით აჯობა(1:0, 1:2).

აქვე გორულ გუნდთან „ტორპედოს“ სტატისტიკაც – პირველი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) გორის “დილას” უმაღლეს ლიგაში 45-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 6-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 31 შეხვედრა მოიგო, “დილამ” 14, ფრედ კი 6 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობას ადასტურებს – 104:54.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 29 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 12 წააგო (ბურთები 96:49), ხოლო თასზე 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო (ბურთები 8:5).

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა გორელები ანგარიშით – 8:3, პირველ ეროვნულ ჩემპიონატში დაამარცხეს, 1998 წელს კი ასევე ყველაზე დიდი ანგარიშით – 0:3 დამარცხდნენ. გასახსენებელია წინა ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, ქუთაისში გამართული გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელშიც „ტორპედო“ ორჯერ აგებდა, თუმცა საბოლოოდ, ანგარიშით 5:4 დაამარცხა მეტოქე.

ქვემოთ „დილასთან“ შეხვედრებში „ტორპედოს“ ყველა გატანილი გოლის ავტორების ვინაობებს და თითოეული მათგანის ანგარიშზე არსებულ გოლთა რაოდენობას გთავაზობთ.

15 გოლი – გიორგი მეგრელაძე

13 გოლი – დავით ჯანაშია

6 გოლი – მიხეილ აშვეთია, ზაზა ვაჩიბერაძე

5 გოლი – ზურაბ იონანიძე

4 გოლი – მამუკა ხუნდაძე

3 გოლი – კახა კვეტენაძე, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი ფანცულაია

2 გოლი – მერაბ მეგრელაძე, გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, გიორგი გაბიდაური, მიხეილ ბობოხიძე, ანდრეი პოროშინი, რობერტ ზირაქიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, გრიგოლ დოლიძე

1 გოლი – ალეკო დვალიშვილი, ვასილ შენგელია, ჯაბა წიკლაური, გრიგოლ თევზაძე, როსტომ თორღაშვილი, ივანე ჯუღელი, მალხაზ მორგოშია, მამუკა მანაგაძე, დავით ჩხეტია, გიორგი წიქარიშვილი, გიორგი სუხიაშვილი, ვასილ გიგიაძე, ლევან ქებაძე, გიორგი გოგიაშვილი, გრიგოლ იმედაძე, ჯონი შალამბერიძე, შოთა ჩომახიძე, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი დარსაძე, რევაზ ჯიქია, თენგიზ უგრეხელიძე, დავით ბოლქვაძე, ლაშა შერგელაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე.

FCTorpedo.GE

1 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე ქომაგთა ტურნირს უმასპინძლებს

1 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე ქომაგთა კლუბებს შორის მინი ფეხბურთში ერთდღიან ტურნირს „დასავლეთის თასს“ უმასპინძლებს. ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბ „ჯუნგლების“ გარდა, რომელიც ამ გათამაშებას ორგანიზებას უკეთებს, მასში წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი გუნდების ქომაგთა კლუბები: საჩხერის „ჩიხურა“, ლანჩხუთის „გურია“, „ზესტაფონი“, ბათუმის „დინამო“, „ზუგდიდი“. ასევე, „უნსო“(ქუთაისი) და „ქართული სპორტის ქომაგები“.

დღეს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე აღნიშნული ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, რითაც გუნდები ორ ჯგუფად დაიყვნენ:

A ჯგუფი: „ჯუნგლები“(ქუთაისი), „აბრაგები“(ზუგდიდი), პირატები(ბათუმი) და „ჩიხურას“ ფანები(საჩხერე)

B ჯგუფი: „უნსო“(ქუთაისი), „ქართული სპორტის ქომაგები“, „ზესტაფანები“(ზესტაფონი), „გურიას“ ფანები(ლანჩხუთი)

ნახევარფინალში ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. მატჩებზე დასწრება უფასო იქნება.

FCTorpedo.GE

“ზესტაფონმა” “ტორპედო” ქუთაისში დაამარცხა

2013 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი შემდეგი სცენარით წარიმართა – ტერიტორიულ უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე ეუფლებოდა, სახიფათო მომენტები კი ნაკლებად იქმნებოდა. პირველი ხიფათი სტუმართა კართან შეიქმნა – ნიკა საბანაძის ახლოდან დარტყმული მარგველთა კაპიტანმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლოს კი ზედიზედ ორ ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს უკვე ზესტაფონელებმა იყვნენ. უნდა აღინიშნოს ის, რომ ქუთათურები დიდ უსიამოვნებებს ორივეჯერ მათი კარის დარაჯმა მაქსიმე ქვილითაიამ გადაარჩინა – მან ჯერ გიორგი ჭანკოტაძის ურთულესი დარტყმა მოიგერია, ხოლო შემდეგ მასთან პირისპირ გასულ საბა ლომიას არ გაატანინა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0-0.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლებმა სტუმართა კართან კიდევ ერთი მომენტი შექმნეს – გიორგი ხიდეშელის ჩაწოდების შემდეგ, კართან სახიფათო სიახლოვეს მყოფმა ლაშა ჭელიძე დაარტყა თავით, თუმცა როინ კვასხვაძე ცივსისხლიანად გაისარჯა. 56-ე წუთზე კი მარგველებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს – “ზესტაფონის” მორიგი შეტევის შემდეგ, მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ საბა ლომია გადიოდა, მისი დარტყმულ მცველებმა მოიგერიეს, თუმცა ბურთთან ყველაზე ადრე ავთო ენდელაძემ გაჩნდა და ის კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, ზემოიმერლები აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და მათ გატანის კიდევ რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ – ჯერ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულ საბა ლომიას შეეძლო გატანა, თუმცა ახლო მანძილიდან მისი თავით დარტყმული ქვილითაიამ მოიგერია, მერე კი მეტოქის საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან თორნიკე გრიგალაშვილის უძლიერესი “გასროლილი” სულ მცირედით ასცდა მასპინძელთა კარს…

ამის შემდეგ თამაში დამშვიდდა, რასაც დიდწილად ხელი გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა შეუწყო. სტუმრები ბურთს და ზოგადად თამაშის მიმდინარეობას მშვიდად აკონტროლებდნენ და თამაშისათვის განკუთვნილი დრო ისე გაილია, რომ “ტორპედოს” ანგარიშის სათავისოდ შეცვლის რეალური შესაძლებლობა არც მისცემია. ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ქუთაისის “ტორპედოს” ინტერნეტ-გვერდის ფოტომასალა

უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელებთან მე-40 დერბის წინასიტყვაობა

24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-13 ტურში გასამართი იმერული დერბის მასპინძელი ქუთაისის „ტორპედო“ იქნება, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დახვდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ინტერნეტ-ტრანსლაციას ჩვენი ვებ-გვერდი უზრუნველყოფს.

უმაღლესი ლიგის ეგიდით, დამდეგი იმერული დერბი გუნდების ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში საიუბილეო, რიგით მე-40 იქნება. მსგავსად წინა შეხვედრებისა, რაღა თქმა უნდა, ეს დაპირისპირებაც დიდ ინტერესს იწვევს.

გემახსოვრებათ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება ჩვენმა გუნდმა სტუმრად დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სწორედ იმერული დერბის მომავალ „პარტნიორთან“ დაძაბულ შეხვედრაში მოიპოვა, ანგარიშით 3:2. ტორპედოელთაგან დუბლი შეასრულა ნიკა საბანაძემ, ერთხელაც კი თორნიკე კაპანაძემ დალაშქრა მასპინძელთ კარი, აქვე 18 აგვისტოს ჩატარებული მატჩის ოქმიც – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=202

ბოლო დროს, ს/კ „ზესტაფონში“ ხელმძღვანელობის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სერბი რატკო დოსტანიჩის გათავისუფლების შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა გია გეგუჩაძე, რომლის „მეორე დებიუტი“ თბილისის „დინამოსთან“ საშინაო შეხვედრაში შედგა(1:2). რამდენიმე დღის წინ კი, ბევრისთვის სამწუხაროდ, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ დატოვა დაკავებული თანამდებობა.

ჩვენს მომდევნო მეტოქეს გასული ჩემპიონატიდან მოყოლებული ძალიან უჭირს სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებზე ასვლა. ამჟამად მე-7 პოზიციაზე მყოფი ზესტაფონური გუნდისთვის კვირის მატჩს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა რასაკვირველია, ქუთაისელებსაც ძალიან სურთ, 3-მატჩიანი უქულო სერიის მოგებით შეწყვეტა…

რაც შეეხება სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან ქუთაისის „ტორპედო“(საწყის სამ ჩემპიონატში „ქუთაისის“ სახელით გამოდიოდა) სამ სხვადასხვა ზესტაფონურ გუნდსაა შენახვედრი: „მარგვეთს“, „მეტალურგსა“ და „ზესტაფონს“. სულ ქუთაისურ და ზესტაფონურ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 39 მატჩია(კიდევ ერთ შეხვედრაში „მეტალურგი“ არ გამოცხადდა) ნათამაშები. 18 რიონისპირელებმა მოიგეს, 13 ყვირილასპირელებმა, 8 ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 58:39 ქუთაისელთა სასარგებლოდაა. 5 მატჩი შედგა ეროვნული თასის გათამაშებებზე – 1 მოგება ქუთაისელთა მხარესაა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს(ბურთების უკეთესი ბალანსი ზესტაფონელთა მხარესაა – 5:3).

ყველაზე დიდი სხვაობით ქუთაისელებს სხვადასხვა ჩემპიონატში 3-ჯერ ანგარიშით 4:0 დაუმარცხებიათ ზესტაფონური გუნდები. საპირისპიროდ კი, 1996 წელს, „მარგვეთთან“ ანგარიშით 3:5 აქვთ წანაგები.

ბოლოს კი გთავაზობთ ზესტაფონელთა წინააღმდეგ “ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლებიდან თითოეული ავტორის ანგარიშზე არსებულ რაოდენობას.

6 გოლი – გიორგი მეგრელაძე

5 გოლი – მამუკა ხუნდაძე

4 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე

3 გოლი – კახა კვეტენაძე, მიხეილ აშვეთია

2 გოლი – გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, ანდრეი პოროშინი, გიორგი შენგელია, გივი დიდავა, დავით ჯანაშია, დავით გამეზარდაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე

1 გოლი – არჩილ ჩხაბერიძე, გელა კიკალეიშვილი, ლევან ქებაძე, შალვა ხუჯაძე, დიმიტრი პარამონოვი, ზვიად ქუთათელაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ იონანიძე, შოთა ბაბუნაშვილი, გაგა ჩხეტიანი, დავით ბოლქვაძე, რევაზ ჯიქია, არმაზ დოღონაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, მერაბ გიგაური, დავით დიღმელაშვილი, რევაზ გოცირიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე კაპანაძე.

FCTorpedo.GE

გიორგი ხიდეშელი: “მაქსიმუმს გავიღებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ”

ასაკობრივი სანაკრებო გუნდების თამაშებით დატვირთულმა კვირეულმა განვლო და დროა, ყურადღება ეროვნულ ასპარეზზე გადმოვიტანოთ, სადაც მორიგი მატჩისთვის მზადებას აგრძელებენ ქუთათურები. 24 ნოემბერს ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ წინააღმდეგ გამოსასვლელად დღეს, ჩვენმა გუნდმა საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ესპანელ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსა მულეტის განკარგულებაში 24 ფეხბურთელი იყო, მათ შორის საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებიდან დაბრუნებულებიც. დღევანდელ საწვრთნელ პროცესში აქცენტი ბურთის გამოყენებით ტექნიკურ-ტაქტიკური ტიპის ვარჯიშებზე გაკეთდა.

მომდევნო მატჩის წინ კომენტარები ვთხოვეთ ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებს:

მათე ცინცაძე: „მოხარული ვარ, რომ ამ სანაკრებო პაუზისას რამდენიმე ტორპედოელთან ერთად მეც გავახარე გულშემატკივრები ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე წარმატებული თამაშით და იმედი მაქვს, რომ ეს დადებითი მუხტი ჩვენგან „ტორპედოსაც“ გადმოედება. ბიჭები კარგ სათამაშო კონდიციებში ვართ და სერიოზულად ვემზადებით „ზესტაფონთან“ მატჩისთვის, რომელშიც ასი პროცენტით დავიხარჯებით, რომ ამ 3-მატჩიან წაგებათა სერიას გამარჯვებით დავუსვათ წერტილი. ვფიქრობ, პირველი წრის თამაშში ზესტაფოში საკმაოდ გაგვიმართლა და მოვიგეთ. ამჯერადაც ძალიან გაგვიჭირდება მათი დამარცხება, თუმცა გპირდებით, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

გიორგი ხიდეშელი: „ჩემი აზრით, ბოლო მატჩებში ჩვენი დამარცხების მიზეზი არაერთია. პირველ რიგში, გვაკლდნენ საჭირო ფეხბურთელები, ცოტათი არ გაგვიმართლა და ალბათ, რაღაც ჩვენც დავაკელით გასამარჯვებლად, მაგრამ არა უშავს, ყოველ აღმართს დაღმართი მოსდევს და იმედია, ამიერიდან გამოვასწორებთ ჩვენს მდგომარეობას. რაც შეეხება „ზესტაფონთან“ მომავალ მატჩს, მართალია, ჩემთვის ნებისიერი თამაში განსაკუთრებულია, თუმცა მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე წინა პლანზე დგას „ზესტაფონთან“ შეხვედრა. ამ გუნდში 7 წელი ვთამაშობდი და შეუძლებელია, რომ ასე არ იყოს. უშეღავათო მატჩის მოლოდინში ვართ. ვფიქრობ, ახალი მწვრთნელის ფაქტორი ზესტაფონური გუნდისთვის კარგად იმოქმედებს. ვპირდები ჩვენს გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს, რომ ბიჭები მაქსიმუმს გავიღებთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ“.

FCTorpedo.GE

ჟერარდ სარაგოსა მულეტი: „დროა, რომ ნეგატიური სერია ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ“

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ერთნაირი ანგარიშით 1:2 დამარცხდა, რაც 9-მატჩიან წაუგებელ სერიას მოჰყვა. ალბათ, გულშემატკივართათვის საინტერესო იქნება ჩვენი გუნდის ესპანელი მთავარი მწვრთნელის მოსაზრება ამ თემასა და მომავალ მატჩთან დაკავშირებით.

ჟერარდ სარაგოსა მულეტი: „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ბედნიერები, რადგან ჩემპიონატში ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი მატჩი დავთმეთ. შევეცდები, რომ თითოეულ მარცხზე გავაკეთო მოკლე კომენტარი. მოგეხსენებათ, წაუგებელი სერია თბილისის „დინამოსთან“ მატჩში დავასრულეთ, რომელშიც მეტწილად არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდით, თუმცა ბოლო თორმეტ წუთში გაშვებული გოლებით დავმარცხდით. შემდეგ, „სპარტაკთან“ სათასო მატჩს დიდი ენერგია შევალიეთ, რამაც განაპირობა „ჩიხურასთან“ ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში ჩემპიონატში. ბოლოს კი, რუსთავში „მეტალურგთანაც“ არ გვითამაშია ცუდად, მეტოქემ ერთიანობაში ვერ გვაჯობა, თუმცა გამარჯვება მათ დარჩათ. ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი სანაკრებო პაუზისას უფრო გვიმართლებდა, მეორისას კი – ნაკლებად.

ველოდი თუ არა კარგი სტარტის შემდეგ ასეთ ნეგატიურ სერიას? სიმართლე გითხრათ, არ მქონდა წარმოდგენილი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. დროა, რომ ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ ყველაფერი.

რაც შეეხება ამ ორკვირიან მოსამზადებელ პერიოდს, პირველ კვირას საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა, რომლებშიც დუბლშემადგენლობიდან დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელი. იცით, რომ ჩვენი ბევრი მოთამაშე იყო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ისინი უკვე შემოგვიერთდნენ და ტაბატაძის გარდა, მთლიანი გუნდით ვემზადებით „ზესტაფონისთვის“.

ჩვენს მომავალ მეტოქესთან პირველი წრის თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ „ზესტაფონი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში, კარგი ფებურთელებით დაკომპლექტებული. სერბი დოსტანიჩის სახით საკმაოდ მაღალი დონის თავკაცი ჰყავდა, ახლა კი ახალი მწვრთნელის ხელში შეეცდება საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას. ყველანაირად უნდა ვეცადოთ და გულშემატკივრის დახმარებით ეს თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ, განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქომაგების მხარდაჭერის ფაქტორი“.

FCTorpedo.GE

ვაჟა ტაბატაძე: „სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია“

ვაჟა ტაბატაძე იმ ფეხბურთელთა შორისაა, ვინც ქუთაისური გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. 22 წლისას უკვე ბევრჯერ დაუმტკიცებია საფეხბურთო მოედანზე თუ რაოდენ საჭირო მოთამაშეა. დასანანია, რომ ამ ეტაპზე, „ტორპედო“ მის გარეშე ატარებს მატჩებს, გეცოდინებათ, მან მარჯვენა ფეხზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ეს მნიშვნელოვანი ქირურგიული პროცედურა 3 კვირის წინ, სტამბულში ჩატარდა, ახლა იგი სარეაბილიტაციო კურსს გადის, პარალელურად კი, მიუხედავად ყავარჯნებით სიარულისა, შეძლებისდაგვარად, „ტორპედოს“ ვარჯიშებსაც ესწრება და თანაგუნდელებთან სიახლოვეს არ კარგავს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვაჟას ვესაუბრეთ…

– როგორ შეაფასებ თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას?
– ძალიან კარგად, ვიცოდი, რომ მაღალი დონის სპეციალისტები მემსახურებოდნენ და სანერვიულო ნაკლებად მქონდა. როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგაც, თითქმის, ყოველ წუთს ყურადღების ქვეშ ვიყავი. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შოთა არველაძის მიმართ, რომელმაც თურქეთში ყოფნისას ყველანაირი დახმარება გამიწია, რაც კი დამჭირდა. იქ ჩასვლისთანავე შოთასთან მივედით, რომელმაც მისი გაწვრთნილი „კასიმფაშას“ მთავარ ექიმს გამასინჯა და მეორე დღეს მანვე წამიყვანა კლინიკაში, სადაც გუნდის ექიმი ყოველდღე მოდიოდა მოსანახულებლად და ვითარების გასაკონტროლებლად, რისთვისაც უღრმესი მადლობა შოთას.

– როგორ მიდის სარეაბილიტაციო კურსი? ვხედავ, ყავარჯნებით დადიხარ, თავიდან ძალიან გაგიჭირდებოდა მათთან „დამეგობრება“…
– რასაკვირველია, სარეაბილიტაციო კურსებით გათვალისწინებულ პროცედურებს ზედმიწევნით ვასრულებ და თანდათან შედეგსაც ვგრძნობ. თვენახევარში კიდევ მომიწევს გასასინჯად თურქეთში ჩასვლა და ალბათ, იმ დროისთვის ყავარჯნებსაც მოვიშორებ, მართალია, მათ ტარებას ძნელად ვეგუები, მაგრამ სხვა რა გზაა?!

– ყოველდღიური რეჟიმი როგორი გაქვს?
– ძირითადად ვწევარ, დროგამოშვებით კი, სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებ. პირველად ვმკურნალობ ამგვარ ტრავმას და ცოტა არ იყოს, რთულია ჩემთვის ასეთი ცხოვრების წესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოთმენა მომიწევს. ორ დღეში განსხვავებული ტიპის ვარჯიშები ჩამომივა, რომელთა დანიშნულება უშუალოდ ტრავმირებული მუხლის აღდგენა იქნება.

– ვიცი, ერთი სული გაქვს, როდის ითამაშებ ფეხბურთს, თუ მკურნალობა ასევე კარგად გაგრძელდა, სავარაუდოდ, ვარჯიშის დაწყებას რამდენ ხანში შეძლებ?
– როგორც ვიცი, ეს ტრავმა ფეხბურთელებში საკმაოდ ხშირია და მათ მაგალითზე ვამბობ, რომ, სამწუხაროა, მაგრამ, ალბათ, მიმდინარე სეზონში ვეღარ დავეხმარები ჩემს გუნდს. მკურნალობის კარგად განვითარების შემთხვევაში, ღმერთის ნებით, ხუთ თვეში დავიწყებ ვარჯიშს.

– ბუნებრივია, ძალიან განიცდი ყოველივეს, როგორ ცდილობ ამ უსიამოვნების შემსუბუქებას? ვისი ან რისი დახმარებით?
– ამას, მარტო ჩემით ვერ მოვახერხებ, მეგობრები და ახლობლები გვერდში მიდგანან, რაც შეუძლიათ და მათზეა დამოკიდებული, ყველანაირად მეხმარებიან ამ მძიმე პერიოდის გადასატანად.

– რამდენად გრძნობ ჩვენი კლუბის ყურადღებას?
– სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია და ყოველდღიურად ვგრძნობ კლუბის თანადგომას, თურქეთში „ტორპედოს“ აღმასრულებელ დირექტორ გიორგი პაპიაშვილთან ერთად ვიყავი და როგორც ის, ასევე, კლუბის სხვა ხელმძღვანელებიც დიდად დაინტერესებულნი არიან ჩემი მდგომარეობით. ასევეა გუნდის წევრებიც. ძალიან გამიხარდა, როცა გორის „დილასთან“ მატჩში ჩემი თანაგუნდელები ჩემს მხარდასაჭერ მაისურებში გამოვიდნენ მოედანზე.

– ქუთაისელ გულშემატკივრებში აქტუალურია შენი ტრავმის თემა. ისინი თვლიან, რომ „ტორპედოს“ ძალიან აკლიხარ…
– დიდი მადლობა თითოეულ მათგანს იმ ერთგული დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩემდამი იჩენენ. მთავარია, რომ, როცა გამოვჯანმრთელდები, საქმით გადავუხადო მადლობა.

– თვალს თუ ადევნებ „ტორპედოს“ თამაშებს და როგორ ფიქრობ, რა არის ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიზეზი?
– დიახ, სახლის თამაშებზე დავდივარ, გასვლით მატჩებს კი ინტერნეტის მეშვეობით ვუყურებ. ვფიქრობ, თბილისის „დინამოსთან“ მარცხმა, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა გუნდზე, სათავე დაუდო დანარჩენ წაგებულ მატჩებს. მას მერე დაღლაც დაეტყო „ტორპედოს“, თუმცა მჯერა, მალევე დასრულდება ეს ჩავარდნა.

– დიდი მადლობა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.

FCTorpedo.GE