ვენგერი თავისი მომავლისა და სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, მოსაფიქრებლად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს.

„არ მეჩქარება. კონტრაქტი ივნისის თვეში მეწურება, ჯერ კი სექტემბერია. წინ დიდი დროა. ახლა რაიმეს დაგეგმვა საჭირო სულაც არ არის. მინდა, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო. შემდეგ დავსხდებით და ვიმსჯელებთ, რა გამოვიდა, რა შეიძლება კიდევ გამოვიდეს და მიღირს თუ არა თანხმობის თქმა“, – აღნიშნა „არსენალის“ თავკაცმა.

გარდა ამისა, ვენგერმა კლუბების სატრანსფერო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა.

„ვიბრძვი იმისთვის, რომ კლუბებმა იმაზე ნაკლები თანხა დახარჯონ, ვიდრე გამოიმუშავებენ. თუ გარკვეულ თანხას მივიღებთ, მოხარული ვიქნები მისი დახარჯვით. გარდა ამისა, მსოფლიო დონის ფეხბურთელებს ვეძებთ. რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბს ფინანსური შეზღუდვები ჰქონდა, ახლა „არსენალის“ მდგომარეობა ამ მხრივ უკეთესია“, – განაცხადა ვენგერმა.

„მეთოფეთა“ ფრანგმა დამრიგებელმა მესუთ იოზილის ტრანსფერის შესახებაც ისაუბრა, რაშიც „არსენალმა“ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.

„სიმართლე გითხრათ, მგონია, რომ მადრიდის „რეალის“ მხირად იოზილის გაყიდვა გარეტ ბეილის ყიდვასთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა „რეალში“. არსებობდა თუ არა ფინანსური მიზეზი ამ გადაწყვეტილების მისაღებად? შესაძლოა, არსებობდა კიდეც და ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ ვინმე გაეყიდათ“, – დაასრულა ვენგერმა.

ბექა დოგრაშვილი