ფინალში გასვლის შემთხვევაში, ვისთან სურს დაპირისპირება გარეთ ბეილს?

უელსის ნაკრებმა “ევრო 2016”-ზე საოცარი მატჩები ჩაატარა და დამსახურებულად გავიდა ტურნირის ნახევარფინალში, სადაც პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. როგორც იცით, ამ წყვილში გამარჯვებული გერმანიასა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეერკინება ფინალში. აღნიშნულთან დაკავშირებით, უელსის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა კომენტარი გააკეთა.

“იყო დრო, როცა რეიტინგში მე-100 ადგილს ვიკავებდით და ბევრს ეგონა, რომ მე ამ ზაფხულზე ორ კვირიანის ნაცვლად, ცხრა კვირიანი შვებულება მექნებოდა. მაგრამ, ყველას დავუმტკიცეთ, რას წარმოვადგენთ! ვიმედოვნებ, ეს ჯერ ყველაფერი არაა! პორტუგალიელების ბარიერი უნდა დავძლიოთ და ფინალში გავიდეთ!”

“მეტოქე დასკვნით მატჩში? იცით, ერთხელ ტონი კროოსმა მითხრა, ამ “ევროპის ჩემპიონატზე” მხოლოდ სამ თამაშს ჩაატარებო. ეს ნახევრად ხუმრობით იყო ნათქვამი, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც ძალიან მინდა ფინალში გასვლის შემთხვევაში, სწორედ გერმანელებს დავუპირისირდეთ. მინდა, კროოსსა და მის გუნდელებს ვაჩვენოთ რა შეგვიძლია!” – განაცხადა გარეთ ბეილმა.

მარკ ვილმოტსის ახალი გამოგონება, ანუ როგორ უნდა “მართო ფერარი მოსკვიჩივით”

“ოქროს თაობა”… საუკეთესო ფეხბურთელები ყველა რგოლში… ყველაზე კარგი შემადგანლობა “ევრო 2016”-ზე… ეს და სხვა უამრავი დადებითი ისმოდა წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ბელგიის ეროვნული ნაკრების შესახებ. მეტიც, მათ გათამაშების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად თვლიდნენ. ეს ლოგიკურიც იყო, რადგან “წითელი ეშმაკების” განაცხადში იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელი შევიდა, რომ ორი უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა თავისუფლად შეიძლებოდა. მოკლედ, ამ გუნდს უმრავლესობა დიდი სიმპატიით უყურებდა. ბელგიელებს იმაშიც გაუმართლათ, რომ პლეი-ოფში მარტივ ბადეში მოხვდნენ და ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით შეეძლოთ მისვლა; ისინი გავიდნენ მეოთხედფინალში, შეხვდნენ შემადგენლობით არც თუ ისე ძლიერ უელსს, უკვე ნახევარფინალში მათი და პორტუგალიის დაპირისპირისპირებაზეც კი საუბრობდნენ, მაგრამ… მაგრამ რა მოხდა რეალურად?! ახლა ამ რიტორიკული შეკითვის დასმის საჭიროებაში უმთავრესი დამნაშავე ბელგიელთა დამრიგებელი, მარკ ვილმოტსია.

რატომ?

იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უელსთან შეხვედრაში ყველაზე ალოგიკური და გაუმართლებელი გადაწყვეტილებები მიიღო. მან გუნდს არ მისცა საშუალება, გაეკეთებინა ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – ჰქონოდა ბურთის კონტროლის მხრივ უპირატესობა, მოედნის ცენტრში დაეკავებინა სივრცეები და მუდამ შეტევაში ყოფილიყო.

მოდით, უფრო კონკრეტულად მივყვეთ. მატჩი “ბელგიელი წითელი ეშმაკების” უპირატესობით დაიწყო. თავიდანვე ეტყობოდა, რომ “ოქროს თაობის” გუნდი სწრაფი გოლის გატანას ცდილობდა. რამდენიმე სახიფათო მომენტის შემდეგ, ნაინგოლანის ყუმბარისებულმა და უმაღლეს დონეზე შესრულებულმა დარტყმამ უელსელები დაადუმა.

nainggolan

ამ გოლის შემდეგ ბევრი მიხვდა, რომ ბელგიას “გადავლა” შეეძლო მოწინააღმდეგისთვის. ყველა მოელოდა, რომ ისინი კვლავ შეუტევდნენ და კიდევ ბევრჯერ დაასველებდნენ უელსელთა კარს; ეს ყველაზე ლოგიკური რამ იყო, მაგრამ ვილმოტსი თურმე “ახალ ველოსიპედს იგონებდა.” სწრაფი გოლის შემდეგ ბელგიელებმა ყურები ჩამოყარეს, უკან დაიხიეს, ცენტრი უელსს დაუთმეს და კონტრშეტევებზე თამაშის აწყობა სცადეს. ვილმოტსმა ამ მომენტში წარმოუდგენელი რამ მოინდომა! მას ჰყავდა ძალიან სწრაფი, შესანიშნავი პასის, დარტყმისა და ხედვის მქონე ფეხბურთელები, რომლებიც თვალის დახამხამებაში ავითარებდნენ შეტევებს და მან ეს ფეხბურთელები საკუთარ კარს მიაჯაჭვა! დიახ! ვილმოტსმა “უსწრაფესი ფერარის მოსკვიჩივით მართვა” მოინდომა! ამან დაღი დაასვა მისი გუნდის თამაშსს. ბელგია ისე ეთამაშებოდა უელსს, როგორც საქართველო უნდა ეთამაშოს ესპანეთს, ან პანამა სუპერშეტევის მქონე არგენტინის ნაკრებს. ამ ყველაფერმა ის შედეგი მოიტანა, რომ ბელგიელებს აღარაც კონტრშეტევები აღარ გამოსიოდათ. მეტოქეები პანტაპუნტით ყრიდნენ ძირს მატჩის ფავორიტებს და დაწყებულ შეტევებს შლიდნენ. მართალია, დიდი რაოდენობით ყვითელი ბარათი მიიღეს, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ბელგიელებს ფაქტობრივად თავიანთ ნახევარზე აღარ უშვებდნენ შესატევად. მოხდა ლოგიკური რამ: ვილმოტსის “საშინლად მართულ ფერარს საშინელი ავარია მოუვიდა,” – 31-ე წუთზე ეშლი უილიამსმა ანგარიში გაათანაბრა.

williams

პირველი მთავარი შეცდომა გოლის შემდეგ ბელგიელთა საკუთარ ნახევარზე ჩადგომა რომ იყო, ეს ნათელია. ახლა, კიდევ ერთ რამეზე მინდა ყურადღების გამახვილება – პირველი ტაიმი რის ვაივაგლახით ჩაამთავრა ბელგიამ და ფაქტი იყო, რომ თუ მათ მოგება სურდათ, ასე ვეღარ გააგრძელებდნენ. რაღაც უნდა შეცვლილიყო. ეს რაღაც ყველამ იცოდა რა იყო – ბელგიელებს პირველი გოლის შემდეგ დაკარგული სივრცეები უნდა დაებრუნებინათ  და თავდაჯერებულად უნდა შეეტიათ. მაგრამ? მაგრამ აი კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ვილმოტსი “ფერარის მოსკვიჩივით მართავდა”! მან მეორე ტაიმში შეტევა კი არ გააძლიერა, არამედ პირველ ნახევარში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, თუ ყველაზე არა, მოთამაშე იანიკ ფერეირა კარასკო გაიყვანა და მის მაგივრად “ხე დარგო” მოედნის ცენტრში! შეტევაში თითქმის უმოქმედო და ამ მხრივ თითქმის არანაირი ხიფათის გამომწვევი “ხე”! ეს იყო ტანმაღალი, კარასკოზე გაცილებით ნელი საყრდენი ფელაინი! ფეხბურთელის პოზიცია მიტომ გავამუქე, რომ ბელგიას შეტევის გაძლიერება სჭირდებოდა და მან პირიქით ის დაასუსტა დაცვის გაძლიერების ხარჯზე.

შესაბამისად, მოხდა ის, რაც არა თამაშის დაწყების წინ, არამედ მატჩში პირველი გოლის გასვლის შემდეგ იყო ლოგიკური – უელსელებმა განაგრძეს შეტევები და ანგარიშის შენარჩუნებაზე კი არა, თამაშის მოსაგებად წავიდნენ. ამან შედეგი გამოიღო, 55-ე წუთზე იმ გუნდს, რომელსაც 10 წუთის წინ რაღაც უნდა შეეცვალა და წარმატებას მიეღწია, “ხის დარგვა” და შეტევის დასუსტება ძვირად დაუჯდა! რობსონ კანუმ თითქოს ერთი მოძრაობით ყველა და ყველაფერი მოატყუა და მისი საყვარელი ნაკრები წინ გაიყვანა.

rob

გოლის საპასუხოდ, 75-ე წუთზე ვილმოტსმა მცველ ჯორდან ლუკაკუს მაგივრად შემტევი დრის მერტენსი შემოიყვანა, მაგრამ მარკს გვიან მოუვიდა “ფერარისთვის მაღალ სიჩქარეში გადართვა:” ვერც მერტენსმა და ვერც შემდეგ შეცვლაზე შემოსულმა ბათჩუაიმ ვეღარ შეძლეს ვერაფერი. მეტიც! ბოლო ჭანჭიკი ჩვენს “ფერარის” 86-ე წუთზე სემ ვოუკსმა მოაძრო! მან მესამედ აიღო კურტუას კარი და ბელგიელებს ყველა იმედი ჩაუკლა!

Wales' Sam Vokes, left, celebrates with his teammate Wales' Chris Gunter, after scoring his side's third goal during the Euro 2016 quarterfinal soccer match between Wales and Belgium, at the Pierre Mauroy stadium in Villeneuve d¿Ascq, near Lille, France, Friday, July 1, 2016. (AP Photo/Petr David Josek)

 

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ მატჩის ანტიგმირი ვილმოტსია, რომელმაც ყველაზე ალოგიკური და შედეგის ვერმომტანი გადაწყვეტილებები მიიღო.

წარუმატებლობის სხვა ფაქტორები

  • ვერმაელენის და ვერტონგენის არყოფნა                                    

პირველი მათგანის თამაში უელსთან მატჩში მერვედფინალურ შეხვედრაშივე გამოირიცხა, რადგან ვერმაელენმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და უეფას წესების გამო მოუწია თამაშის ტრიბუნიდან ყურება. ვერტონგენმა კი ვარჯიშზე დაზიანდა და არა მარტო უელსთან მატჩის გამოტოვება მოუწია, არამედ იგი მთელი ოთხი თვე იუქმებს. სწორედ ასე, მივიღეთ დაცვა, სადაც ორი ახალი ფეხბურთელი იყო – ჯორდან ლუკაკუ მარცხენა ფლანგზე და დაცვის ცენტრში ჯეისონ დენაიერი. ორივე მათგანმა საშინელი შთაბეჭდილება დატოვა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლუკაკუ და დენაიერი ხშირად ცდებოდნენ პოზიციურად, თამაშობდნენ დაუკვირვებლად, ჩქარობდნენ უაზროდ, რასაც უელსელები იყენებდნენ და კურტუას კარსაც, ხშირად არაფრის გამო, ექმნებოდა ხიფათი.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ უილიამსის ის გოლი, რომელმაც უელსელებს მუხტი მისცა და ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭა, დენაიერის კისერზეა. სწორედ მას გაექცა უელსის კაპიტანი ძალიან მარტივად და ამ უკანასკნელმაც მარტივად მოახერხა ბურთის გადაგზავნა კარში.

მოკლედ, ბელგია ძალიან დააზიანა არაპროფესიონალმა მცველებმა.

  • გუნდს ლიდერი არ ჰყავდა

როცა გუნდს გოლი ჰაერივით სჭირდება, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად არც მწვრთნელის ტაქტიკა ამართლებს და ფეხბურთელებიც ინდივიდუალურად ვერაფერს შვებიან, ბოლო იმედი ერთი ლიდერია, რომელიც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შექმნის რაღაცას, რაც კოლექტივს წარმატებას მოუტანს. ბელგიაში ფორმალურიც და პრაქტიკულიც ლიდერი ედენ აზარია, რომელიც ბევრს ცდილობდა, აქტიურობდა, მაგრამ დასამახსოვრებელი ვერაფერი შემოგვთავაზა.

hazard

 

თითქოს, იმ შეხვედრაშიც ისევ ის აზარი თამაშობდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ნამდვილად არ დატოვა კარგი (მით უმეტეს ლიდერის) შთაბეჭდილება. ეს ედენი ნამდვილად არ გავდა იმ სპორტსმენს, რომელმაც მერვედფინალში ერთი გოლი და საგოლე გადაცამა მიითვალა; რომელიც თითქმის ყველა შეტევის მთავარი შემოქმედი და სულისჩამდგმელი იყო.

                                                                                 

რობსონ-კანუ: “ამისათვის 8 წლის მანძილზე ვმუშაობდით”

უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჰალ რობსონ-კანუმ ბელგიასთან გამართული შესანიშნავი მატჩის შემდეგ (3-1) პრესასთან კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის მოგებაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა, რამეთუ სწორედ მისი გოლის წყალობით გავიდნენ წინ უელსელები.

“ფანტასტიკურია. დიდებულად ვითამაშეთ, კარგია რომ თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ. ვიცოდით, რომ თუ ისევე ვითამაშებდით, როგორც პირველ ნახევარში, შედეგსაც მივაღწევდით. რთულია შესაფერისი სიტყვების მოძებნა.

ამისათვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით ბოლო 8 წლის მანძილზე.

მათ წინააღმდეგ ბოლო წლებში რამოდენიმეჯერ ვითამაშეთ, ასე რომ ვიცოდით, თუ როგორი მატჩი გველოდა. ყველაფერს გეგმის მიხედვით ვაკეთებდით.

ჩვენ მსოფლიო დონის ფეხბურთელები გვყავს. დაცვაში ისევე მტკიცედ შეგვიძლია დგომა, როგორც ქვას. ეს ყველაფერი კი ჩვენ საკმაოდ კარგ შანსს გვაძლევს.” – განაცხადა უელსელმა შემტევმა.

ქრის კოლმენი: “ნუ შეგეშინდებათ ოცნების”

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ევრო 2016-ის მეოთხედფინალში ბელგიის დამარცხების (3-1) შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკეთა.

“როდესაც გუნდში ისეთი ფეხბურთელები გყავს, როგორებიც არიან აარონ რემზი, გარეთ ბეილი და ჯო ალენი, ვალდებული ხარ რომ კარგი ფეხბურთი ითამაშო. შენი გუნდისგან საუკეთესო უნდა მიიღო.

გვინდოდა გამოვსულიყავით და გვეჩვენებინა ხალხისთვის, რომ შეგვიძლია ძალიან შემტევი გუნდი ვიყოთ და ეს გავაკეთეთ.

ძალიან კმაყოფილი ვარ სემ უოკსის თამაშით. ის რეგულარულად ვერ ხვდება სასტარტოში, მაგრამ ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმუმი გაიღოს. რაც შეეხება ეშლის, მას ბევრი გოლი ვეღარ გააქვს, თუმცა მაინც დიდებული ლიდერია. ჰალ რობსონ-კანუ? ვაუ, ვერაფერს იტყვი.

ნუ შეგეშინდებათ ოცნების. 4 წლის წინ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვიყავი. უფრო მეტი ჩავარდნა მქონდა, ვიდრე წარმატება. მაგრამ ჩავარდნების არ მეშინია. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.”

გარეთ ბეილი: ” დროა გავიბრწყინოთ”

ევრო 2016-ის მეოთხედფინალების დაწყებამდე უელსისა და მადრიდის “რეალის” ფორვარდმა პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გასვლა მათთვის უდიდესი მიღწევაა.

“ბედნიერები ვართ. ჩვენი დროა, უნდა გავიბრწყინოთ. ეს მიღწევა მართლაც რომ გასაოცარია.” – განაცხადა “რეალის” ვარსკვლავმა პრესასთან საუბრისას.

“ჩრდილო ირლანდიელებთან მატჩი ძალიან ცუდი იყო, ეს ჩვენ არ შეგვეფერებოდა. მაგრამ ასეთი ცუდი მატჩების მოგება კარგად აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი სული და ხასიათი. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ.”

უელსელები მეოთხედფინალში ბელგიელებს დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდნენ. ეს გუნდები ბოლოს კარდიფში შეხვდნენ. მაშინ გამარჯვება უელსელებს დარჩათ, გამარჯვების გოლი კი სწორედ ბეილმა გაიტანა.

“ის მომენტი მაშინ ჩვენთვის გადამწყვეტი იყო. ამის შემდეგ რწმენით ავივსენით, ვიწამეთ რომ ჩვენ ეს მართლა შეგვიძლიათ. ამან თოვლის პატარა გუნდის ეფექტი იქონია, რომელმაც ზვავი გამოიწვია.

ბელგიის დამარცხება – ნომერ მეორე გუნდი საერთაშორისო დონეზე ამ დროისთვის – დამატებით რწმენას გაძლევს და გადაყავხარ ახალ ეტაპზე. ჩვენ ახალ ეტაპზე ვართ.”

უელსის ნაკრებმა ინგლისის ევროპის ჩემპიონატიდან გავარდნა ემოციურად აღნიშნა

შეიძლება ინგლისმა ჯგუფში უელსი დაამარცხა, მაგრამ სწორედ გარეთ ბეილი და მისი თანაგუნდელები იყვნენ ისინი, ვინებიც ბოლოს იცინოდნენ.

როგორც იცით, როი ჰოჯსონის აწ უკვე ყოფილი გუნდი ისლანდიის ნაკრებთან, ევრო 2016-ის მერვედფინალში დამარცხდა (2-1).

Brexit-მა პრობლემები “რეალსაც” შეუქმნა – მადრიდელებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ

გარეთ ბეილის მომავალმა შესაძლოა მადრიდის “რეალს” პრობლემები შეუქმნას, მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ხმა ევროკავშირიდან გასვლას მისცა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ უელსელი შემტევი გახდება ევროკავშირის არაწევრი ფეხბურთელი. ლა ლიგა კი კლუბებს საშუალებას აძლევს, რომ მაქსიმუმ სამი ასეთი ფეხბურთელი იყოლიონ გუნდში.

ფლორენტინო პერესის გუნდში სამივე ადგილი შევსებულია – ხამეს როდრიგესი, დანილო და კაზემირო. მადრიდელები კი გარეთ ბეილისთვის ახალი, გრძელვადიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებდნენ.

სავარაუდოდ Brexit-ს პროცესის დასრულებას 2 წელი დასჭირდება.

ბეილი: “ჯგუფში პირველზე გავედით, ჩვენგან მეტი რა გინდათ?”

უელსის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” შემტევმა, გარეთ ბეილმა რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული ბრწყინვალე მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

“ვგრძნობდით, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ხელში იყო. მატჩის დაწყების წინ ვთქვით – “ისე გავაკეთოთ, რომ შემდეგში არ ვინანოთ”.

ეს ალბათ საუკეთესო მატჩია (ნაკრებში), რომელშიც მე მონაწილეობა მივიღე. თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, დიდად არც ვნერვიულობდით.

გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ფანებს, რომლებიც ჩვენთან იყვნენ და მათაც, რომლებიც სახლში არიან.

ჯგუფში პირველზე გავედით, ჩვენგან მეტს რას ითხოვთ? ამაზე მეტს ვერც გავაკეთებდით. ახლა ისღა დაგვრჩენია დავიცადოთ და ვნახოთ, თუ ვისთან მოგვიწევს დაპირისპირება.” – განაცხადა ბეილმა.

უელსის მწვრთნელი: “არავის და არაფრის არ გვეშინია”

რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ (0-3), უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ქრის კოულმანმა პრესასთან ისაუბრა.

“საერთო ჯამში ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. ფეხბურთელებს ჩემი ხმა მივაწვდინე. მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ ამ ჯგუფისგან მეტის მიღება იყო საჭირო.

მაშინაც კი, როცა ტურნირი დასრულებულია, ეს ჯგუფი მაინც არის საქმეში. მოხარული ვარ, რომ ასეთ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვეშინია. ასეთი პერფრომანსის შემდეგ, რატომ უნდა გვეშინოდეს?”

რუსეთი 0-3 უელსი: ვინ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი?

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის მესამე ტურის მატჩი რუსეთისა და უელსის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომლებიც B ჯგუფში არიან მოკალათებულნი. მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთისათვის, რამეთუ ეს მომდევნო ეტაპზე გასვლის ბოლო შანსი იყო მათთვის.

მიუხედავად ამისა, კოულმენის გუნდთან სლუტსკის გუნდმა ვერაფერი გააწყო და მეტიც – განადგურდა კიდეც. აღნიშნულ მატჩში გოლები რემზიმ, ტეილორმა და გარეთ ბეილმა გაიტანა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი პირველი გოლის ავტორი, აარონ რემზი დასახელდა, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში თითქმის უშეცდომო იყო.

რუსეთი 0-3 უელსი: უელსელებმა რუსებს “გადაუარეს”

ახლახან დასრულდა მატჩი უელსისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც რუსი ფეხბურთელებისთვის გადარჩენისთვის ბრძოლის ბოლო შანსს წარმოადგენდა, თუმცა სლუტსკის გუნდმა უელსელებთან ვერაფერი გააწყო.

მთელი 90 წუთის მანძილზე უპირატესობას უელსის ეროვნული ნაკრები ფლობდა, უელსელებმა, განსაკუთრებით კი ბეილმა არაერთხელ დაარტყეს კარში, რაც დაცვაში რუსების ცუდ თამაშზე მიუთითებს.

ევრო-2016
B ჯგუფი
რუსეთი – უელსი 0:3 (0:2)

რუსეთი: აკინფეევი, სმოლნიკოვი, იგნაშევიჩი, გლუშაკოვი, კოკორინი, სმოლოვი, მამაევი, ბერეზუცკი, შიროკოვი, ძიუბა, კომბაროვი

მთავარი მწვრთნელი: სლუტსკი.

უელსი: ჰენესი, გინტერი, ტეილორი, დევისი, ჩესტერი, უილიამსი, ალენი, რემსი, ბეილი, ლედლი, ვოუქსი

მთავარი მწვრთნელი: კოლმენი.

გოლები: რემზი 11′, ტეილორი 20′, ბეილი 67′
გაფრთხილებები: ვოკსი 16′ – მამაევი 64′
მთავარი მსაჯი: ერიქსონი (შვედეთი)

გარეთ ბეილი: “რონალდუს რჩევა არ მჭირდება, მე ჩემი საკუთარი სტილი მაქვს”

როგორც იცით, გარეთ ბეილმა ევრო 2016-ის პირველ ორ მატჩში 3-დან 2 ჯარიმის გატანა მოახერხა. როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ეს რონალდუს რჩევების დამსახურება, მან განაცხადა: “არა, ნამდვილად არა. მე ამას ჩემებურად ვაკეთებ. მომწონს ჩემი სტილი.

ჩვენ ვარჯიშის დროს ერთად ვვარჯიშობთ, თუმცა სხვადასხვა მხარეზე.

როგორ ვურტამ? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ მოედნის რომელ მხარეში ვარ, სად არის ბურთი და რამდენად ახლოს ვარ მიზანთან.

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ვხედავ რომ ჩემი შრომა ფასდება და გოლი გამაქვს.” – განაცხადა გარეთ ბეილმა, რომელსაც დღეს აკინფეევის კარის დალაშქვრა აქვს მიზნად დასახული.