საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახურის განცხადება

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური ამ ბოლო დღეებში ჩვენი კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას გაგაცნობთ:

როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს ჩვენი გუნდი გორის “დილას” წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამის რეალური მიზეზი გახლდათ ის, რომ ჯერაც დაუდგენელმა პირებმა “ზესტაფონის” ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გორელებთან შეხვედრის “დათმობა” შესთავაზეს.

იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის კლუბს არ მოეპოვებოდა გარიგების მცდელობის შესახებ სრული ინფორმაცია, ჩვენ, რეალურად არსებული და მასმედიის საშუალებებში არაერთგზის გაჟღერებული ფინანსური პრობლემების მოტივით, ფედერაციას მატჩის გადადების თხოვნით მივმართეთ. თუმცა, პარალელურად, შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ბატონი რევაზ არველაძე და მას ფედერაციის მხრიდან შექმნილ სიტუაციაში საჭირო ზომების მიღება და კლუბში შიდა მოკვლევის ჩატარების მიზნით მატჩის გადადება ვთხოვეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებისა და, პირდაპირ ვთქვათ, კრიმინალური ქმედების ჩადენის მცდელობას, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ბოლო მომენტამდე ელოდა მატჩის გადადების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, ეს მოლოდინი არ გამართლდა. არსებული ვითარებისა და სხვა მოსალოდნელი რისკების მიუხედავად, ფედერაციის მხრიდან სიტუაციის გარკვევის მიზნით რაიმე ნაბიჯი, თუ არ ჩავთვლით ჩვენი კლუბის ჩემპიონატიდან მოკვეთას, დღემდე არ გადადგმულა.

ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ინტერნეტსივრცეში შექმნილ უადგილო აჟიოტაჟსა და “ზესტაფონისა” და გორის “დილას” დაპირისპირების უღირს მცდელობებს. მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ კომენტარებში ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს გორის „დილას“ წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია. საუბარია ჩვენთვის დიდად პატივსაცემი გუნდის სახელს ამოფარებულ და ამ სახელის ბოროტად გამომყენებელ უღირს ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთელს სიბინძურისაკენ უბიძგებენ, ქართული კლუბების სახელებით მანიპულირებენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას.
ჩვენთვის ჯერაც უცნობია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ სააშკარაოზე მათი გამოყვანა შედის როგორც „ზესტაფონის“, ასევე გორის „დილას“ და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ინტერესებში! დღეს ჩვენი კლუბი მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებულია იმ შეხვედრის დრო და ადგილი, სადაც ფეხბურთელმა გარიგების თაობაზე შემოთავაზება მიიღო. დანარჩენი კი სამართალდამცავების კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება.

აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი – დიდი ალბათობით გორელებს ამ ზაფხულს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშიორისო ასპარეზზე მოუწევთ და ჩვენ რომ 19 აპრილს გასამართ მატჩზე გავსულიყავით, დარტყმის ქვეშ პირველ რიგში სწორედ „დილას“, მის რეპუტაციასა და გორული კლუბის ინტერესებს დავაყენედით. ალბათ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს თურქული „ბეშიქთაშის“ ამასწინანდელი ამბები და ამ გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთა…

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ “ზეტაფონის” მოკვეთის თაობაზე დისციპლინართა გადაწყვეტილებას, ჩვენ მას უსამართლოდ მივიჩნევთ და საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” პროკურატურაში მიდის – კოკაია ფეხბურთელების მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის და რუსთავი 2-ის ეთერში “ზესტაფონის” პრეზიდენტმა, ილია კოკაიამ განაცხადა, რომ გორის “დილასთან” მატჩამდე ზესტაფონელთა რამდენიმე ფეხბურთელის მოსყიდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი, რაზეც იმერულმა კლუბმა სფფ-ს აცნობა. კოკაიამ განაცხადა, რომ “ზესტაფონი” ამ ფაქტის გამოძიების მიზნით პროკურატურაში მიმართავს.

კოკაიას ამ განცხადებას გორის “დილა” საგანგებო მიმართვის გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“უხერხულია დღევანდელი გორის “დილას” მისამართით ასეთ აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთება.

ჩვენ გვესმის, რომ ეროვნული ჩემპიონატის სეზონი მთავრდება და დაძაბულობა მატულობს. “დილა” სამართლიანად იმყოფება პირველ ადგილზე.

ჩვენ მსგავსი სიბინძურის წინააღმდეგი ვართ და არც ამ ბინძურ საინფორმაციო ომში ვაპირებთ ჩაბმას. საფეხბურთო კლუბი “დილა” მზად არის, გახსნილად ითანამშრომლოს ყველა დონეზე”.

კოკაიამ ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ მსურველს “ზესტაფონის” აქციებსა და ინფრასტრუქტურას სიმბოლურ ფასად, 2 ლარად მიჰყიდის. აღსანიშნავია, რომ აქამდე “ზესტაფონის” ფასი 1 ლარი იყო.

სერგო ფუტკარაძე: “სფფ-ს მატჩის გადადება ვთხოვეთ, მაგრამ უარი მივიღეთ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწვეტილების შესახებ Fanebi.com-თან კომენტარი “ზესტაფონის” პრესატაშემ, სერგო ფუტკარაძემ გააკეთა.

“გორის “დილასთან” მატჩის გადადების თხოვნით სფფ-ს მივმართეთ, თუმცა თხოვნა არ დაკმაყოფილდა. დღევანდელი გადაწყვეტილება კი დებულების გათვალისწინებით მოსალოდნელი იყო და ამის შესახებ განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვი. 

ხვალ, ზესტაფონში კლუბის დაფინანსების საკითხს მუნიციპალიტეტის სხდომაზე განიხილავენ და ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი“.

 

“ზესტაფონი” უმაღლესი ლიგიდან მოიხსნა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს სადისციპლინო კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საფეხბურტო კლუბ “ზესტაფონის” საკითხი განიხილა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო იმერული კლუბი გუშინ გორის “დილასთან” გასამართ საშინაო შეხვედრაზე არ გამოცხადდა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა. 

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით „ზესტაფონს“ ჩაეთვალა წაგება 0:3 გორის „დილასთან“ მატჩში გამოუცხადებლობის გამო. დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 ათასი ლარი და მოიხსნა შეჯიბრებიდან.

ასევე, საქართველოს 2014-15 წწ. ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.34 პუნქტის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში „ზესტაფონს“ ჩაეთვალა წაგება, ამავე პუნქტის თანახმად – თუ გუნდს მატჩების ნახევარის ან მეტის ჩატარების შემთხვევაში, გუნდს ყველა დარჩენილ თამაშში ჩაეთვლება წაგება 0:3 და ასეთი გუნდი დაგროვილი ქულებით დარჩება გათამაშების ცხრილში.

სადისციპლინო კომიტეტმა დისციპლინარული სასჯელი დააკისრა კლუბის დირექტორსაც. სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 130-ე, გარდამავალი დებულებების მუხლისა და 55-ე, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის ზოგადი იურისდიქციის მუხლის თანახმად, მიხეილ ხუციშვილს მიეცა ერთწლიანი სანქცირებადი ვადა. ამ ერთი წლის განმავლობაში, თუ კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში, მას მიეცემა დისკვალიფიკაცია და აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება “ზესტაფონს” 7 დღის განმავლობაში შეუძლია.

“ზესტაფონი” “დილასთან” გასამართ დღევანდელ მატჩზე არ გამოცხადდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში “ზესტაფონსა” და გორის “დილას” შორის დღეს გასამართ მატჩზე იმერული გუნდი არ გამოცხადდა.

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრიდან ზესტაფონური კლუბი ფინანსურ კრიზისში იმყოფება. ადგილობრივი ხელისუფლება კი, კლუბისთვის გამოყოფილი თანხების გუნდის ბიუჯეტში ჩარიცხვას იურიდიული საკითხების გამო ვერ ახერხებს.

21 აპრილს ზესტაფონის საკრებულოს წევრთა ინიციატივით ქალაქის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც განხილული იქნება ერთადერთი საკითხი, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაფინანსების შესახებ.

“ზესტაფონის” საკითხი სამშაბათს განიხილება

სამშაბათს, 21 აპრილს, 15:00 საათზე, გაიმართება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც ტარდება საკრებულოს წევრთა ინიციატივით განხილული იქნება ერთადერთი საკითხი, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაფინანსების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრიდან ზესტაფონური კლუბი ფინანსურ კრიზისში იმყოფება. ადგილობრივი ხელისუფლება კი, კლუბისთვის გამოყოფილი თანხების გუნდის ბიუჯეტში ჩარიცხვას იურიდიული საკითხების გამო ვერ ახერხებს. უმაღლესი ლიგის უკანასკნელ ტურში “ზესტაფონი” “კოლხეთთან” სფფ-ს მიერ გამოყოფილი საწვავით გაემგზავრა.

“ზესტაფონი” ფოთის “კოლხეთთან” სათამაშოდ გავა

ხვალ, ლანჩხუთში “კოლხეთსა” და “ზესტაფონს” შორის გასამართი დაპირისპირება არ ჩაიშლება.

ზესტაფონელები ლანჩხუთში გამგზავრებას ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საწვავით შეძლებს. ფეხბურთელების კვება კი საკუთარ თავზე რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ერთ-ერთმა რესტორანმა ითავა.

აღანიშნავია, რომ ხვალინდელი მატჩის ჩაშლის შემთხვევაში “ზესტაფონი” გათამაშებიდან მოიხსნებოდა.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი გუნდსი ყოფნ-არყოფნის საკითხის რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს.

მატჩის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია ზესტაფონში

რუსთავის ”მეტალურგთან” გუშინ მოგებული მატჩის დასრულების შემდეგ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელშიც, ზესტაფონელთა და რუსთაველთა მთავარი მწვრთნელების გარდა, მონაწილეობა იმერული კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმაც მიიღო.

იმერული კლუბის გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე მყოფ ჟურნალისტებს კლუბში შექმნილი კატასტროფული ფინანსური მდგომარეობა გააცნო და ამცნო იმის შესახებ, რომ ორშაბათს, მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან დაპირებული დაფინანსების გამოყოფის ისევ გადავადების შემთხვევაში, გუნდი ვეღარ მოახერხებს სავარჯიშო პროცესის გაგრძელებას და ვერც მომდევნო ტურში ითამაშებს.

გთავაზობთ გუშინდელი პრეს-კონფერენციის სრულ ვიდეოჩანაწერსა და ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც ზესტაფონელთათვის ესოდენ მნიშვნელოვან თემას ეხება.

FCZestafoni.GE

რუსთაველებთან მორიგი “დუელის” წინ

3 აპრილს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის შეხვედრაში იმერული კლუბი რუსთავის საფეხბურთო კლუბ “მეტალურგს” დაუპირისპირდება.

სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და რუსთაველებს (“ოლიმპი” და “მეტალურგი”) ერთმანეთში 26 მატჩი აქვთ გამართული. შეგახსენებთ, რომ ერთი შეხვედრა არ დასრულებულა – ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა. დანარჩენ მატჩებში 11-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 8 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში უპირატესობა იმერელ ფეხბურთელთა მხარესაა – 28:18.

დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაში რუსთავურ-ზესტაფონური “დუელი” სამჯერ შემდგარა. უპირატესობა სათასო მატჩებშიც მარგველთა მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში მათ 4-ში იმარჯვეს, 2 მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთაგან გატანილი გოლებით ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს დაუმწუხრებია – დღესდღეობით ალბანური “ფლამურტარის” ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით – 8). ჯაბა დვალს “ოლიმპისა” და “მეტალურგის” კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით – 4).

3 აპრილს გასამართი შეხვედრა, რომელსაც ეროვნული კატეგორიის ქუთაისელი არბიტრი გიორგი დოგრაშვილი განსჯის, 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ონლაინ-რეპორტაჟს კი ჩვენი კლუბის საიტზე კომპანია “აირმაქსის” დახმარებით შემოგთავაზებთ.

FCZestafoni.GE

ზესტაფონში კიდევ ერთი აქცია გაიმართა (ვიდეო)

ზესტაფონში, ადგილობრივი კლუბის მხარდამჭერებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. შეგახსენებთ, რომ უსახსრობის გამო საქართველოს ორგზის ჩემპიონი დაშლის პირასაა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი კლუბისთვის გამოყოფილი თანხის ადრესატისთვის გადაცემას იურიდიული საკითხების გამო ვერ ახერხებს.

შეგახსნებთ, რომ ზესტაფონში კლუბის კერძო მეპატრონე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გუნდის თანადაფინანებას ითხოვს, რისი მოგვარებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. არადა, საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი სამტრედიაში აღმოჩნდა, სადაც ადგილობრივი გუნდი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა სახელმწიფოს მხიდან 100 %-ით ფინანსდება.

ამხანაგური მატჩი საჩხერელებთან

მიმდინარე წლის 28 მარტს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონის” პირველმა გუნდმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მასპინძლები მარგვეთის მხარის კიდევ ერთ წარმომადგენელს, საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” დაუპირისპირდნენ.

იმერული გუნდის დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ მოედანზე შემდეგი შემადგენლობა გაიყვანა: ჯალაღონია (კუპატაძე, 46), მთივლიშვილი (მჭედლიშვილი, 46 (ვაჭარაძე, 85)), რობაქიძე, ლომაია (მოსიძე, 83), ჩიხრაძე (გაგოშიძე, 46), რაჟამაშვილი (პ. ხორგუაშვილი, 65), ნემსაძე (ვასაძე, 46), სიხარულია (გაჩეჩილაძე, 46), ხაბელაშვილი (ილურიძე, 46), მესხი (სამუშია, 46), ჯერემია (კანდელაკი, 70).

უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა ზესტაფონელებმა, პრობლემების მიუხედავად, წინასწარ დაგეგმილი მზადების პროცესი მაინც არ ჩაშალეს და დღევანდელ სპარინგს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ – ანგარიში ტაიმის მიწურულს, 34-ე წუთზე გაიხსნა – ივანე ხაბელაშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ “ჩიხურას” კარში გოლი ჯონი ჯერემიამ გაიტანა.

მეორე ტაიმის შუაწელს (70-ე წუთი), ამჯერად უკვე გიორგი ილურიძის კარგი გადაცემის შემდეგჯონი ჯერემიამ თავის გუნდი უკვე ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. მართალია, საჩხერელმა არჩილ ბაჯელიძემ 76-ე წუთზე გატანილი პენალტით ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ, დღევანდელი დაპირისპირება მაინც “ზესტაფონის” გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სტადიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა (ვიდეო)

“ზესტაფონის” სტადიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. იმერუი კლუბის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინორმაციით, დავალიანების გამო კომპანია “საქენერგომ” არენას დენის მიწოდება შეუწყვიტა.

ცენტრალურ სტადიონთან ერთად ელექტროენერგია “ზესტაფონის” ბაზასაც აღარ მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ ფინანსური პრობელმების წინაში კლუბის მეორე წრის დაწყებამდე დადგა. თავდაპირველად არსებული ინფორმაციით კლუბის ხელმძღავნელობა და ქალაქის ადმინისტრაცია თანადაფინანსებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ზესტაფონის მუნიციპალიტეტი თანხის გადარიცხვას აჭიანურებს.