ლევან შარიქაძე და გიორგი გადრანი უკრაინის ჩემპიონატში?

შესაძლოა, მალე, “ზესტაფონის” ნახევარმცველი, ლევან შარიქაძე და “გაგრას” მცველი, გიორგი გადრანი უკრაინის ჩემპიონატში ვიხილოთ.

გაზეთ “უკრაინულ ფეხბურთთან” საუბრისას, საფეხბურთო კლუბ “გაგრას” პრეზიდენტმა, ბესო ჩიხრაძემ თქვა, რომ უკრაინელებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

“ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ორ ქართველ ფეხბურთელზე – „ზესტაფონში“ მოთამაშე ლევან შარიქაძეზე და „გაგრას“ ცენტრალურ მცველ გიორგი გადრანზე. კლუბების დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ”, – ციტირებს ჩიხრაძის სიტყვებს FCGagra.GE.

*FCZestafoni.GE-ს ფოტო

“ზესტაფონი” 1:1 “ჩიხურა”

ზესტაფონში გამართული იმერული დერბი ფრედ, 1:1 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. მეორე ტაიმის მესამე წუთზე, ყოფილმა “ზესტაფონელმა” ნიკა კვასხვაძემ საჩხერელები დააწინაურა. წონასწორობის აღდგენა მასპინძლებმა 71-ე წუთზე მოახერხეს. გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზეა.

ტურის დარჩენილი შეხვედრები ხვალ გაიმართება:

სიონი – ზუგდიდი

მერანი – ვიტ ჯორჯია

ტორპედო – სპარტაკი

დინამო – გურია

“ზესტაფონი” მორიგი დერბისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას აგრძელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის 4 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ “ჩიხურას” უმასპინძლებენ.

გუნდი საჩხერელებთან მატჩისათვის საკუთარ ბაზაზე ემზადება. საინტერესოა, რომ მიმდინარე პირველობის კალენდრის მიხედვით, “ზესტაფონს” ერთმანეთის მიყოლებით მესამე “დერბის” გამართვა უწევს – ქუთაისში გამართული იმერული დუელისა და ბოლო ტურში მოგებული მეტალურგთა ქალაქების დერბის შემდეგ, ამჯერად ზესტაფონელებს კიდევ ერთ იმერულ გუნდთან დაპირისპირება ელით…

სასიამოვნოა, რომ ტრავმებით გამოწვეული იძულებითი უქმობის შემდეგ, საერთო ჯგუფში ვარჯიში დაიწყეს გიორგი ადამიამ და თედორე გრიგალაშვილმა. რაც შეეხება ირაკლი ქობალიას, ამ ეტაპზე ის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზესტაფონელთა სერბმა ნახევარმცველმა იგორ იელიჩმა სერბეთში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს სამშობლოშივე გადის და წესით, გუნდს ზამთრის პაუზის დასრულების შემდეგ უნდა შეუერთდეს.

საჩხერის “ჩიხურასთან” 4 დეკემბერს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

DSC03057

DSC03058

DSC03005

DSC03009

DSC03016

DSC03021

DSC03052

DSC03053

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფანები” “დასავლეთის თასის” პრიზიორები გახდნენ

გუშინ ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა დასავლეთ საქართველოს თასის გათამაშებას მინი-ფეხბურთში. ეს გახლდათ ტურნირი, რომელიც ქუთაისის „ტორპედოსა“ და ამ გუნდის ქომაგთა კლუბის მიერ იყო ორგანიზებული. მასში ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ფან-კლუბები მონაწილეობდნენ.

სხვა გუნდებთან ერთად, “დასავლეთის თასის” გათამაშებაში მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენელმა გუნდმა “ზესტაფანებმაც” მიიღო. უნდა ითქვას, რომ ჩვენი ქალაქის წარმომადგენლებმა ამ ერთდღიან ტურნირში წარმატებით იასპარეზეს და საბოლოოდ მესამე ადგილისათვის განკუთვნილი პრიზიც დაისაკუთრეს. სხვა გულშემატკივრებთან ერთად, ქუთაისის სპორტის სასახლის ტრიბუნებიდან “ზესტაფანებს” საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” რამდენიმე ფეხბურთელიც ამხნევებდა.

ჯგუფური ტურნირი “ზესტაფანებმა” მძიმედ დაიწყეს და პირველი მატჩი ქართული სპორტის ქომაგთა გუნდ “ქომაგებთან” 1-2 დათმეს. იმის გათვალისწინებით, რომ ლანჩხუთელებთან შეხვედრაში გუნდს ტექნიკური გამარჯვება (3-0) ჩაეთვალა, ნახევარფინალში გასასვლელად გადამწყვეტის სტატუსი მიიღო შეხვედრამ ქუთაისელ გულშემატკივართა გუნდ “უნსოსთან”, რომელიც გათამაშების დაწყებამდე მის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. ზესტაფონელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და ის არასაფეხბურთო ანგარიშით 9-0 დაამარცხეს.

“ზესტაფანებისა” და ქუთაისის “ჯუნგლების” ნახევარფინალური შეხვედრა ტურნირის მშვენება გამოდგა. მატჩი ძალიან სანახაობრივი და ამავე დროს დრამატულიც გამოდგა. თავად განსაჯეთ, საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე მარგველები 3-1 ამარცხებდნენ ქუთაისელებს, თუმცა მეტოქეს მატჩის გადარჩენის შესაძლებლობა მისცეს და ძირითადი დროის 3-3 დასრულების შემდეგ, მატჩის შემდგომი პენალტების სერიაში გამარჯვებაც (3-1) და ფინალის საგზურიც “ჯუნგლებმა” მოიპოვეს.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში “ზესტაფანებმა” ადვილად (7-0) დაამარცხეს ბათუმელი “პირატები”, “დასავლეთის თასის” ტრიუმფატორი კი ზესტაფონელებთან ნახევარფინალის სასწაულებრივად შემომტრიალებელი ქუთათურები გახდნენ – გაადამწყვეტ შეხვედრაში მათ “ქომაგები” 2-0 დაამარცხეს.

მესამე ადგილისათვის განკუთვნილი თასის გარდა, ზესტაფონელებმა კიდევ ორი პრიზი დაისაკუთრეს. ზესტაფანმა გოჩა სულაქველიძემ, რომელმაც თავი 15 გატანილი გოლით გოლით გამოიჩინა, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი პრიზების მფლობელი გახდა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

გიორგი ჭანკოტაძის სუპერგოლი რუსთავის “მეტალურგის” კარში

30 ნოემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მე-14 ტურში, “ზესტაფონმა” საკუთარ მოედანზე რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ზესტაფონელთა შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ჭანკოტაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა.

ჭანკოტაძის გოლი იხილეთ 2:14-დან.

მორიგი ზესტაფონურ-რუსთავური დუელის მოლოდინში

შაბათს, 30 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში იმერული კლუბი რუსთავის “მეტალურგს” უმასპინძლებს.

რუსთავის “გორდასთან” ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია 1991 წლიდან (რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატი) მოყოლებული იღებს სათავეს – მეტალურგთა ორი ქალაქის გუნდების შეხვედრები ყოველთვის პრინციპული და დაძაბული ხასიათისა გახლდათ. წარმატებას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე აღწევდა და 1991 – 2003 წლებში გამართული მატჩების დაჯამებით იმერელთა მინიმალურ უპირატესობას მივიღებთ.

რაც შეეხება რუსთაველებთან (“ოლიმპი” და “მეტალურგი”) საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ურთიერთობებს – სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ეს გუნდები ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ, მაგრამ ერთ მატჩში შედეგი არ დაფიქსირებულა (ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა). დანარჩენ მატჩებში 8-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირატესობა იმერელ ფეხბურთელებს გააჩნიათ – 21:15.

ხშირი გახლდათ რუსთავურ-ზესტაფონური “ბრძოლები” დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ აშკარა უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში 4-ში იმერლებმა იმარჯვეს, ხოლო 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

საინტერესოა ისიც, რომ გატანილი გოლებით ზესტაფონელთაგან ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია – დღესდღეობით აზერბაიჯანული “ყარაბახის” ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით – 8). ჯაბა დვალს “ოლიმპისა” და “მეტალურგის” კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით – 4), 2-2-ჯერ კი რუსთაველთა კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ჟილვან გომეს ვიეირა, გოგი ფიფია, ბექა გოცირიძე, თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი) შეურხევია…

რუსთავის საფეხბურთო კლუბ “მეტალურგთან” ხვალ (30 ნოემბერს) გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა მოემსახურება, 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

იმერლები რუსთაველებთან მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 30 ნოემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში, ზესტაფონელები რუსთავის საფეხბურთო კლუბ “მეტალურგს” უმასპინძლებენ.

მარგველთა პირველი გუნდი 26 ნოემბერს ზესტაფონში შეიკრიბა და ქვემოქართლელებთან მატჩისათვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა შაბათს, 30 ნოემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

4

1

2

3

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტის განცხადება

საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტის განცხადება

ქართულ ფეხბურთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს ნება მივეცი გულშემატკივრების წინაშე ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

საფეხბურთო კლუბსა და ფეხურთელს შორის ურთიერთობას აწესრიგებს კონტრაქტი, რომლის შესრულებაც ორივე მხარისთვის სავალდებულოა. ურთიერთობის ამ ფორმას აღიარებს ფიფა და უეფა, თუმცა, მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა ფეხბურთელი თორნიკე გორგიაშვილი გაათავისუფლა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ წინაშე არსებული ვალდებულებებისგან და მას თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა, საკითხი ასეთი სახით დაისვა – ხომ არ შეიქმნა პრეცედენტი იმისა, რომ ხვალ და ზეგ, სხვა კლუბების ფეხბურთელებს, გარკვეული მცირე დავის წარმოშობის შემთხვევაშიც კი, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანომ არასამართლიანად მიანიჭოს თავისუფალი აგენტის სტატუსი და საკონტრაქტო ვალდებულებებისგან გაათავისუფლოს… ანუ საფრთხე შეექმნას სისტემას, რომელიც აწესრიგებს კლუბსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობას და რომლის სრულყოფასა და მოწესრიგებაზე ფიფა-სა და უეფა-ში მთელი რიგი ღონისძიებები ხორციელდება.

კერძო მესაკუთრის მფლობელობაში არსებული კლუბის ერთადერთი შემოსავლის წყარო ამა თუ იმ ფეხბურთელის უცხოურ ან სხვა ქართულ კლუბში გასხვისებაა. კლუბების კერძო მფლობელები ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავენ ქართული ფეხბურთის გასავითარებლად და თუ ტრანსფერების განხორციელების საშუალება არ მიეცემათ, მაშინ დახარჯული თანხის მინიმალური რაოდენობით უკან დაბრუნების შესაძლებლობაც სათუო ხდება. აქედან გამომდინარე, კერძო მფლობელი სერიოზულად დაფიქრდება მომავალში ქართულ ფეხბურთში განაგრძოს თუ არა ინვესტირება, რაც ამ ეტაპზე ერთიანად წამგებიანია და აქამდე მხოლოდ ფეხბურთის სიყვარული, ქართველი გულშემატკივრების პატივისცემა და ქართული ფეხბურთის მომავალზე ზრუნვა აძლევდა ამ ნაბიჯის გადადგმის სტიმულს.

უკვე დიდი ხანია ფეხბურთის ფედერაციის წინაშე დადგა საკითხი, რათა კერძო და არაკერძო მფლობელობაში არსებული კლუბების უფლებები თანაბრად იქნას დაცული, მათი დაფინანსება ერთი საერთო პრინციპის მიხედვით მოხდეს და ადგილი არ ჰქონდეს მუნიციპალურ დაქვემდებარებაში მყოფი კლუბების უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ კუთხით ვითარება არ შეცვლილა, სასიკეთო ძვრებს ვერ ვხედავთ და კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კერძო მფლობელობაში არსებული კლუბების საქმიანობა საკმაოდ ეფექტური და შედეგის მომცემია. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები. აქ მოთამაშე ფეხბურთელთა უმეტესობა სწორედ კერძო კლუბებში ირიცხებიან და ამიტომაც, ასეთი კლუბები უფრო მეტად უნდა წახალისდნენ, შეღავათები დაუწესდეთ, მათ მიმართ მეტი ყურადღება იქნას გამოჩენილი.

შექმნილ სიტუაციაში სოლიდარობას ვუცხადებთ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“. ჩვენი აზრით, კერძო ინვესტორების წასვლა ქართულ ფეხბურთიდან კატასტროფის ტოლფასი იქნება. მიგვაჩნია, რომ სწორედ პრინციპულობა, სამართლიანობის აღდგენა და ამავე დროს კომპრომისი გადაარჩენს დღეს რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართულ ფეხბურთს!

პატივისცემით,

ბესიკ ჩიხრაძე

1 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე ქომაგთა ტურნირს უმასპინძლებს

1 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე ქომაგთა კლუბებს შორის მინი ფეხბურთში ერთდღიან ტურნირს „დასავლეთის თასს“ უმასპინძლებს. ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბ „ჯუნგლების“ გარდა, რომელიც ამ გათამაშებას ორგანიზებას უკეთებს, მასში წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი გუნდების ქომაგთა კლუბები: საჩხერის „ჩიხურა“, ლანჩხუთის „გურია“, „ზესტაფონი“, ბათუმის „დინამო“, „ზუგდიდი“. ასევე, „უნსო“(ქუთაისი) და „ქართული სპორტის ქომაგები“.

დღეს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე აღნიშნული ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, რითაც გუნდები ორ ჯგუფად დაიყვნენ:

A ჯგუფი: „ჯუნგლები“(ქუთაისი), „აბრაგები“(ზუგდიდი), პირატები(ბათუმი) და „ჩიხურას“ ფანები(საჩხერე)

B ჯგუფი: „უნსო“(ქუთაისი), „ქართული სპორტის ქომაგები“, „ზესტაფანები“(ზესტაფონი), „გურიას“ ფანები(ლანჩხუთი)

ნახევარფინალში ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი იასპარეზებს. მატჩებზე დასწრება უფასო იქნება.

FCTorpedo.GE

ბატონო ილია, დაბრუნდით!

“ზესტაფონის” ფანები ილია კოკაიას კლუბში დაბრუნებას სთხოვენ. მეცამეტე ტურის შეხვედრაზე, რომელშიც “ზესტაფონმა” ქუთაისის “ტორპედო” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ზესაფონელი გულშემატკივრები საგანგებოდ დამზადებული ბანერით მივიდნენ. ფანებს ცენტრალური სტადიონზე ჰქონდათ გამოკრული ბანერი წარწერით – “ბატონო ილია, დაბრუნდით!”

შეგახსენებთ, რომ ილია კოკაიამ ზესტაფონი რამოდენიმე დღის წინ დატოვა, ზვიად სიჭინავასთან კონფლიქტის გამო. მორიგი უთანხმოება თორნიკე გორგიაშვილის ცნობილმა საქმემ გამოიწვია.

“ზესტაფონმა” “ტორპედო” ქუთაისში დაამარცხა

2013 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი შემდეგი სცენარით წარიმართა – ტერიტორიულ უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე ეუფლებოდა, სახიფათო მომენტები კი ნაკლებად იქმნებოდა. პირველი ხიფათი სტუმართა კართან შეიქმნა – ნიკა საბანაძის ახლოდან დარტყმული მარგველთა კაპიტანმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლოს კი ზედიზედ ორ ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს უკვე ზესტაფონელებმა იყვნენ. უნდა აღინიშნოს ის, რომ ქუთათურები დიდ უსიამოვნებებს ორივეჯერ მათი კარის დარაჯმა მაქსიმე ქვილითაიამ გადაარჩინა – მან ჯერ გიორგი ჭანკოტაძის ურთულესი დარტყმა მოიგერია, ხოლო შემდეგ მასთან პირისპირ გასულ საბა ლომიას არ გაატანინა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0-0.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლებმა სტუმართა კართან კიდევ ერთი მომენტი შექმნეს – გიორგი ხიდეშელის ჩაწოდების შემდეგ, კართან სახიფათო სიახლოვეს მყოფმა ლაშა ჭელიძე დაარტყა თავით, თუმცა როინ კვასხვაძე ცივსისხლიანად გაისარჯა. 56-ე წუთზე კი მარგველებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს – “ზესტაფონის” მორიგი შეტევის შემდეგ, მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ საბა ლომია გადიოდა, მისი დარტყმულ მცველებმა მოიგერიეს, თუმცა ბურთთან ყველაზე ადრე ავთო ენდელაძემ გაჩნდა და ის კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.

ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, ზემოიმერლები აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და მათ გატანის კიდევ რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ – ჯერ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულ საბა ლომიას შეეძლო გატანა, თუმცა ახლო მანძილიდან მისი თავით დარტყმული ქვილითაიამ მოიგერია, მერე კი მეტოქის საჯარიმო მოედნის სიახლოვიდან თორნიკე გრიგალაშვილის უძლიერესი “გასროლილი” სულ მცირედით ასცდა მასპინძელთა კარს…

ამის შემდეგ თამაში დამშვიდდა, რასაც დიდწილად ხელი გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა შეუწყო. სტუმრები ბურთს და ზოგადად თამაშის მიმდინარეობას მშვიდად აკონტროლებდნენ და თამაშისათვის განკუთვნილი დრო ისე გაილია, რომ “ტორპედოს” ანგარიშის სათავისოდ შეცვლის რეალური შესაძლებლობა არც მისცემია. ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ქუთაისის “ტორპედოს” ინტერნეტ-გვერდის ფოტომასალა

უმაღლეს ლიგაში ზესტაფონელებთან მე-40 დერბის წინასიტყვაობა

24 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მე-13 ტურში გასამართი იმერული დერბის მასპინძელი ქუთაისის „ტორპედო“ იქნება, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონს“ დახვდება. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ინტერნეტ-ტრანსლაციას ჩვენი ვებ-გვერდი უზრუნველყოფს.

უმაღლესი ლიგის ეგიდით, დამდეგი იმერული დერბი გუნდების ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში საიუბილეო, რიგით მე-40 იქნება. მსგავსად წინა შეხვედრებისა, რაღა თქმა უნდა, ეს დაპირისპირებაც დიდ ინტერესს იწვევს.

გემახსოვრებათ, რომ მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გამარჯვება ჩვენმა გუნდმა სტუმრად დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სწორედ იმერული დერბის მომავალ „პარტნიორთან“ დაძაბულ შეხვედრაში მოიპოვა, ანგარიშით 3:2. ტორპედოელთაგან დუბლი შეასრულა ნიკა საბანაძემ, ერთხელაც კი თორნიკე კაპანაძემ დალაშქრა მასპინძელთ კარი, აქვე 18 აგვისტოს ჩატარებული მატჩის ოქმიც – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=202

ბოლო დროს, ს/კ „ზესტაფონში“ ხელმძღვანელობის მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სერბი რატკო დოსტანიჩის გათავისუფლების შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა გია გეგუჩაძე, რომლის „მეორე დებიუტი“ თბილისის „დინამოსთან“ საშინაო შეხვედრაში შედგა(1:2). რამდენიმე დღის წინ კი, ბევრისთვის სამწუხაროდ, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა ილია კოკაიამ დატოვა დაკავებული თანამდებობა.

ჩვენს მომდევნო მეტოქეს გასული ჩემპიონატიდან მოყოლებული ძალიან უჭირს სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებზე ასვლა. ამჟამად მე-7 პოზიციაზე მყოფი ზესტაფონური გუნდისთვის კვირის მატჩს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, თუმცა რასაკვირველია, ქუთაისელებსაც ძალიან სურთ, 3-მატჩიანი უქულო სერიის მოგებით შეწყვეტა…

რაც შეეხება სტატისტიკას, ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან ქუთაისის „ტორპედო“(საწყის სამ ჩემპიონატში „ქუთაისის“ სახელით გამოდიოდა) სამ სხვადასხვა ზესტაფონურ გუნდსაა შენახვედრი: „მარგვეთს“, „მეტალურგსა“ და „ზესტაფონს“. სულ ქუთაისურ და ზესტაფონურ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 39 მატჩია(კიდევ ერთ შეხვედრაში „მეტალურგი“ არ გამოცხადდა) ნათამაშები. 18 რიონისპირელებმა მოიგეს, 13 ყვირილასპირელებმა, 8 ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 58:39 ქუთაისელთა სასარგებლოდაა. 5 მატჩი შედგა ეროვნული თასის გათამაშებებზე – 1 მოგება ქუთაისელთა მხარესაა, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 2-ჯერ კი ზესტაფონელებმა იმარჯვეს(ბურთების უკეთესი ბალანსი ზესტაფონელთა მხარესაა – 5:3).

ყველაზე დიდი სხვაობით ქუთაისელებს სხვადასხვა ჩემპიონატში 3-ჯერ ანგარიშით 4:0 დაუმარცხებიათ ზესტაფონური გუნდები. საპირისპიროდ კი, 1996 წელს, „მარგვეთთან“ ანგარიშით 3:5 აქვთ წანაგები.

ბოლოს კი გთავაზობთ ზესტაფონელთა წინააღმდეგ “ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლებიდან თითოეული ავტორის ანგარიშზე არსებულ რაოდენობას.

6 გოლი – გიორგი მეგრელაძე

5 გოლი – მამუკა ხუნდაძე

4 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე

3 გოლი – კახა კვეტენაძე, მიხეილ აშვეთია

2 გოლი – გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, ანდრეი პოროშინი, გიორგი შენგელია, გივი დიდავა, დავით ჯანაშია, დავით გამეზარდაშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე

1 გოლი – არჩილ ჩხაბერიძე, გელა კიკალეიშვილი, ლევან ქებაძე, შალვა ხუჯაძე, დიმიტრი პარამონოვი, ზვიად ქუთათელაძე, მალხაზ ასათიანი, ზურაბ იონანიძე, შოთა ბაბუნაშვილი, გაგა ჩხეტიანი, დავით ბოლქვაძე, რევაზ ჯიქია, არმაზ დოღონაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, მერაბ გიგაური, დავით დიღმელაშვილი, რევაზ გოცირიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე კაპანაძე.

FCTorpedo.GE