მარგველთა და ზუგდიდელთა შეხვედრების ისტორია

კვირას, 6 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ცენტრალური სტადიონი ზესტაფონელთა და ზუგდიდელთა მორიგ, რიგით 22-ე საჩემპიონატო დაპირისპირებას უმასპინძლებს. საქართველოს XXV ეროვნული პირველობის მერვე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემიონი საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” ესტუმრება.

დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი ამ ორი ქალაქის კლუბების დაპირისპირებათა ისტორია რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატიდან მოყოლებული იწყებს ათვლას. ჩვენ კი თქვენს ყურადღებას ზუგდიდელებთან უშუალოდ საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” “ურთიერთობებზე” შევაჩერებთ – იმერელთა და მეგრელთა “გაცნობა” 2005 წლის 23 აგვისტოს მოხდა – ეროვნული თასის გათამაშების პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში, რომელსაც ზესტაფონის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, მასპინძლებმა ანგარიშით 3-0 მოუგეს საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს”. საპასუხო შეხვედრა იმავე წლის 13 სექტემბერს სენაკში გაიმართა და იმერლებმა კიდევ უფრო დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე – 4-0. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ზესტაფონელებს “ზუგდიდური ბარიერის” გადალახვა მათთვის ყველაზე დიდი წარმატების მომტან 2007-2008 წლის სათასო გათამაშებაშიც მოუხდათ – 2007 წლის 2 ოქტომბერს გამართულ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელებმა მეტოქე 6-3 დაამარცხეს, ხოლო 5 ნოემბერს ზუგდიდს მეორე გუნდით ესტუმრნენ და მატჩი 0-2 დათმეს.

ეროვნულ ჩემპიონატში გამართული პირველი დაპირისპირება 2007 წლის 25 აგვისტოს ზესტაფონში გაიმართა – მატჩის მიწურულს ზურაბ იონანიძის მიერ შესრულებული “დუბლით” მასპინძლებმა 2-0 იმარჯვეს, ხოლო გულია თუთბერიძის სახელობის სტადინზე გამართული XIX ჩემპიონატის საპასუხო შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა.

XX და XXI ეროვნულ ჩემპიონატებში გამართულ შეხვედრებში მხოლოდ ზესტაფონელები იმარჯვებდნენ – 2008-2009 წლის საფეხბურთო სეზონში იმერლებმა ზუგდიდის “მგლები” ორჯერ შინ (1-0 და 3-1) და ერთხელაც სტუმრად (1-0) დაამარცხეს, ხოლო მომდევნო წელს უკვე “ბაიასთან” მატჩებში ზედიზედ 4 გამარჯვებას მოუყარეს თავი – ორჯერ შინ (2-1 და 4-0) და ამდენჯერვე სტუმრად (1-0 და 1-0).

XXII ეროვნულ ჩემპიონატში გამართული პირველივე ზუგდიდურ-ზესტაფონური დუელი აღსანიშნავია იმით, რომ სწორედ 2010 წლის 11 სექტემბერს შემდგარ შეხვედრაში, გიორგი მეგრელაძის დუბლის მეშვეობით, სამეგრელოს წარმომადგენელმა (კერძოდ, “ბაიამ”) პირველად და დღემდე უკანასკნელად მოახერხა საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ძლევა, ის მატჩი 2-1 დასრულდა. ამის შემდეგ, პირველი საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მომართულმა იმერლებმა ზედიზედ 3 მარცხი აგემეს ოპონენტს – ორჯერ შინ (6-1 და 3-0) და ერთხელ სტუმრად (3-1).

ასევე უდავო იყო “ზესტაფონის” უპირატესობა მეორე საჩემპიონო ტიტულის მოპოვებისას – მარგველებმა მოიგეს ზესტაფონში შემდგარი ორივე შეხვედრა (1-0 და 4-1), ხოლო ზუგდიდში გამართული ორი მატჩიდან ერთი მოიგეს ანგარიშით 2-1, ხოლო მეორე დასრულდა ფრედ ანგარიშით 1-1.

წინა ჩემპიონატშიც მეტოქეებმა ოთხი მატჩი გამართესდა – გასული წლის 20 ოქტომბერს “დავით აბაშიძეზე” გამართულ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ლევან შარიქაძის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვეს (1-0), ხოლო 19 დეკემბერს განმუხურში ზუგდიდელებს უფრო დამაჯერებლად (3-0) სძლიეს – გატანილი გოლები ბოტი დემელის, თედორე გრიგალაშვილის და ზურაბ მენთეშაშვილის ანგარიშზეა, მიმდინარე წლის 6 აპრილს განმუხურში დაფიქსირდა ფრე (0-0), ხოლო ზესტაფონში 12 მაისს გამართულ შეხვედრაში გამარჯვება (2-0) იმერლებმა იზეიმეს.

სულ, ეროვნული პირველობის ეგიდით საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” და ზუგდიდელებმა ერთმანეთში 21 შეხვედრა გამართეს. ამ მატჩებში 17-ჯერ გაიმარჯვეს იმერლებმა, 3 დასრულდა ფრედ, 1 კი მოიგეს სამეგრელოს წარმომადგენლებმა. არაა გასაკვირი არც გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსში მარგველთა დიდი უპირატესობა – 42-9.

საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთაგან ზუგდიდელთა კარში ყველაზე მეტი გოლი ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია – ექს-ზესტაფონელს “მგლებისა” და “ბაიას” კარში 7 გოლი აქვს გატანილი. 4-4-ჯერ კი ზუგდიდელთა კარის ბადე ერთბაშად 4 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ზურაბ იონანიძე, შოთა გრიგალაშვილი, ჯაბა დვალი და თორნიკე გორგიაშვილი) შეურხევია…

საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდთან” კვირას გასამართი შეხვედრა, რომელსაც ყვარლელი ეროვნული კატეგორიის არბიტრი მალხაზ ბეუქლიშვილი მოემსახურება, 15:00 საათზე დაიწყება…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” დუბლიორთა ტესტ-მატჩი 17-წლამდელთა ნაკრებთან

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ზესტაფონმა საინტერესო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდმა კლუბის ბაზაზე უმასპინძლა ნოდარ აკობიას დამმოძღვრილ საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებს, რომელიც უეფას ევროპის ჩემპიონატის კარსმომდგარი პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებისათვის ემზადება.

საინტერესოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში (მატჩი ორი 40-წუთიანი ტაიმისაგან შედგებოდა) 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, იცავდნენ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ორი წარმომადგენელიც. როგორც მოგეხსნებათ, ბექა მიქელთაძე და ნიკა ლაშხია ნაკრებში არიან გამოძახებულნი და, გუნდის მწვრთნელის ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ორივემ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზეს.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ. გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა 25-ე წუთზე გიორგი მაკარიძეს მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ნაკრების მეკარე ოთარ გოშაძემ მოიგერია.

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – 46-ე წუთზე ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების სწრაფი იერიში, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ზუსტი დარტყმით ირაკლი ბიძინაშვილმა დააგვირგვინა.

76-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს – მარგველთა ხანგრძლივი მრავალსვლიანი შეტევა საბა იონანიძის აუღებელი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ, მატჩი დასრულდა ფრედ – ანგარიშით 1-1.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

“ზესტაფონი-2”: გიორგაძე (მახათაძე, 57), კუპრაშვილი (ასათიანი, 73), გიორგაძე (მოსიძე, 53), ნაცვლიშვილი (იონანიძე, 71), ახალაძე (ჩიტორელიძე, 60), გოგია (კვანტალიანი, 48), შალამბერიძე (ბეროშვილი, 53), მაკარიძე (ომარ გრიგალაშვილი, 60), კვარაცხელია (ჩუბინიძე, 50), რეკრუკი (ჭეიშვილი, 57), ეგუტიძე (ვაჭარაძე, 60).

17-წლამდელთა ნაკრები: გოშაძე (ბენდიანაშვილი, 41), ართმელაძე, კაციტაძე, ჩომახიძე, გაფრინდაშვილი (გოგიაშვილი, 41), მამუჩიშვილი (კიკნაძე, 41), კომახიძე (ქობულაძე , 41), ჯობავა (კამლაძე , 41), ლაშხია (წივილაშვილი, 41), ცინცქილაძე (ბიძინაშვილი, 41), მიქელთაძე (ნემსაძე, 41).

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” მორიგი მატჩისთვის მზადებას შეუდგა

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 6 ოქტომბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში, განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე, ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდს” ესტუმრებიან.

მარგველთა პირველი გუნდი 1 ოქტომბერს ზესტაფონში შეიკრიბა და მორიგი მატჩისათვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის ზუგდიდელებთან გასამართი შეხვედრა კვირას, 6 ოქტომბერს გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტური

30 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ლანჩხუთის ”გურიის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ტერზიჩი (გიორგაძე, 46 (ნაცვლიშვილი, 76)), რობაქიძე, შალამბერიძე, ახალაძე, ჭანკოტაძე, რეკრუკი (მიქელთაძე, 46), ენდელაძე, სარდალიშვილი, კვარაცხელია (ლაშხია, 46), კვერნაძე (მაკარიძე, 51).

შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და 16-ე წუთზე მათი სწრაფი შეტევა ოთარ კვერნაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. მარგველები ამის შემდეგაც განაგრძობდნენ შეტევებს ლანჩხუთელთა კართან და რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა მათთვის სამწუხაროდ, ანგარიშის გაზრდის ყველა ეს შესაძლებლობა გააცუდეს.

სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის დებიუტში, 54-ე წუთზე, მოახერხეს – ზუსტი დარტყმით თავი გუგა მახარაძემ გამოიჩინა. ამის მიუხედავად, მალევე მასპინძლები ისევ წინ გავიდნენ – 60-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძემ გრძელი გადაცემით სტუმართა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ავთო ენდელაძე, რომელსაც გოლის გატანა არ გასჭირვებია.

იმერლებმა საქმე გაკეთებულად ნაადრევად ჩათვალეს და ამის გამო დაისაჯნენ კიდეც – 70-ე და 71-ე წუთებზე ლანჩხუთელთა შემტევმა თეიმურაზ შარაშენიძემ ზედიზედ ორჯერ შეირგო ზესტაფონელ მცველთა “საჩუქრები”, დუბლიც გაიფორმა და თავის გუნდიც დააწინაურა.

87-ე წუთზე ანგარიში ისევ გათანაბრდა – მარგველთა ერთ-ერთი შეტევისას ლანჩხუთელი მცველის მხრიდან საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშის გამო თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა უნდა დანიშნულიყო, თუმცა მატჩის არბიტრმა მასპინძლებს შეტევის დასრულების საშუალება მისცა და მიხეილ სარდალიშვილმა თავის შანსი მშვიდად გამოიყენა. შეხვედრის ბოლო წუთები ზემოიმერული კლუბის დუბლიორებმა, რომლებიც გამარჯვების გოლის გატანას ცდილობდნენ, შეტევებში გაატარეს, თუმცა მატჩის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა – ფრე 3-3.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

დოსტანიჩი: “გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა”

“გურიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ, “ზესტაფონის” მთავარმა მწვრთნელმა, რატკო დოსტანიჩმა განაცხადა, რომ გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა. სერბი სპეციალისტის აზრით, იმერლებს მეშვიდე ტურის მატჩში აღებული სამი ქულა ფსიქოლოგიურად დიდ დახმარებას გაუწევს.

“უპირველესად, დიდი მადლობა ქომაგებს ბოლომდე მხარდაჭერისათვის – დღევანდელი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. მართალია, წინა მატჩებისაგან განსხვავებით, დღეს ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვება მაინც მოვახერხეთ, რაც ძალიან გვჭირდებოდა და ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება. არ მიყვარს ფეხბურთელთა გამოყოფა, მთავარია, რომ გუნდმა მის წინაშე დასახული ამოცანა შეასრულა. ბოლომდე გახარჯვისათვის მინდა ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო… შემადგენლობაში ადგილს ჩვენი გუნდის ის ფეხბურთელი დაიმსახურებს, ვინც მზადების პროცესში მაქსიმალურად გაიხარჯება”, – ამბობს დოსტანიჩი.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ლანჩხუთელებთან მატჩის წინათქმა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდიქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზელანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას”უმასპინძლებენ.

კვირას გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელთა მეტოქე სახელოვანი წარსულით იწონებს თავს. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელი რაიონული ცენტრის წარმომადგენელმა გუნდმა საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გაღწევა მოახერხა და საბჭოთა ფეხბურთის ელიტაში რამდენიმე სეზონი გაატარა. ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი, სწორედ “გურიამ” მოახერხა ეროვნული თასის პირველსავე გათამაშებაში გამარჯვების მოპოვება – ფინალურ შეხვედრაში გურულებმა ანგარიშით 1-0 სოხუმის “ცხუმი” დაამარცხეს.

დღემდე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ლანჩხუთლებს ეროვნული ჩემპიონატის ერთსა და იმავე დივიზიონში არასდროს უასპარეზიათ და ერთმანეთს პირველად სწორედ 29 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს ორჯერ, 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში, დაუპირისპირდნენ.

2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძისგოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ზესტაფონელთა ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემგამოიჩინა.

მოულოდნელად დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა სენსაციური მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძე,ლაშა  ჩალაძედავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებმა მოიპოვეს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის კვირას, 29 სექტემბერს, გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი ჩვენს საიტზე გადაიცემა …

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“სიონმა” “ზესაფონი” დაამარცხა

2013 წლის 25 სექტემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მერვედფინალური სტადიის პირველი მატჩები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს ბოლნისის საფეხბურთო კლუბი ”სიონი” და საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი 13-ე წუთზე მაინც სტუმრებმა შექმნეს – თორნიკე გრიგალაშვილის დარტყმა ბოლნისელთა კარის ძელმა მოიგერია. მასპინძლებმა გიორგი კახელიშვილის სახიფათო გარღვევით უპასუხეს, თუმცა იმერელთა მცველებმა მას გადამწყვეტი დარტყმის განხორციელების საშუალება არ მისცეს.

ამის შემდეგ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ და “სიონის” გოლკიპერ ზურაბ ბათიაშვილის კართან რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. გიორგი ადამიას და ორჯერ ირაკლი ქობალიას თავის გუნდის დაწინაურების კარგი შანსები მიეცათ, თუმცა ყველა ამ ეპიზოდში საიმედოდ ითამაშა ქვემოქართლელთა გოლკიპერმა.

მეორე ტაიმი ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. სახიფათო მომენტები ნაკლებად იქმნებოდა, თუმცა სანდრო გურულს მაინც მიეცა საკუთარი გუნდის დაწინაურების მშვენიერი შანსი – ის ბოლნისელთა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ზურაბ ბათიაშვილმა მოახერხა “სიონის” აშაკარა გოლისაგან ხსნა. სამაგიეროდ, ბოლნისელებმა თავის პირველივე შანსი გოლად აქციეს – სტუმართა საჯარიმოში აკაკი მიკუჩაძის წაქცევისათვის (ამ ეპიზოდის გამო მატჩის არბიტრმა მოედნიდან ილია კანდელაკი გააძევა) დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა გოლად თავად დაზარებულმა აქცია. პირველი მერვედფინალური მატჩი ბოლნისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

FCZestafoni.GE