ფოტორეპორტაჟი თბილისის ზღვასთან მიმდინარე მშენებლობის შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ბაზაზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. სულ რამდენიმე დღის წინ მშენებარე კომლექსის პირველი საფეხბურთო მინდვრის დაგების პროცესი დაიწყო.

აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ იმერული კლუბის დაკვეთით, ამ სამუშაოებს რულონური გაზონის წარმოებისა და სპორტული მოედნების მშენებლობის სფეროში მოღვაწე ქართულ-უკრაინული კომპანმია “Lawns of Georgia” ასრულებს. თავის მხრივ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” წარმომადგენლები სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობიან.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც თბილისურ ბაზაზე სამუშაოების მიმდინარეობაზე მოგვითხრობს…

IMG_3780

IMG_3782

IMG_3786

IMG_3787

IMG_3791

IMG_3793

IMG_3794

IMG_3796

IMG_3797

IMG_3798

IMG_3800

IMG_3803

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ფოტორეპორტაჟი მარგველთა მზადების შესახებ

მცირე დასვენების შემდეგ ზემოიმერლები ზესტაფონში შეიკრიბნენ და საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრას მარგველები 26 სექტემბერს რუსთავში გამართავენ – სტადიონ “ფოლადზე” “ზესტაფონს” ადგილობირივი საფეხბურთო კლუბი “მეტალურგი” უმასპინძლებს.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ბაზაზე გამართული ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს …

DSC02092

DSC02095

DSC02097

DSC02102

DSC02115

DSC02151

DSC02157

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ბოლოსწინა წუთზე ხელიდან გაშვებული გამარჯვება

მიმდინარე წლის 20 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ”ზესტაფონმა” უმაღლეს ლიგაში წელს დაბრუნებულ ქობულეთის საფეხბურთო კლუბ ”შუქურას” უმასპინძლა.

დღევანდელი შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მატჩის დებიუტში სტუმართა გოლკიპერის რეაქცია შორიდან დარტყმებით ლევან შარიქაძემ და ლაშა გვალიამ მოსინჯეს (მეკარე თეიმურაზ კაკალაძემ ორივეჯერ საიმედოდ ითამაშა), შემდეგ კი შორიდან მახვილგონივრული დარტყმით გიორგი ჭანკოტაძე ცდილობდა გატანას, თუმცა მის ამ მცდელობას სიზუსტე დააკლდა…

ანგარიშის გახსნა ზესტაფონელებმა 30-ე წუთზე მოახერხეს – ჭანკოტაძე-სარდალიშვილის კარგ კომბინაციას დროული გაგრძელება მოუძებნა გიორგი ილურიძემ, რომელიც ქობულეთელთა გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზესტაფონელთა რიგებში სულ რამდენიმე კვირის წინ მოსულმა გიორგიმ თავის გამოჩენა ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა…

ზესტაფონელებმა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეს. თამაშის განახლებისთანავე ანგარიშის გაზრდის კარგი შანსი მიეცა ვახტანგ ჭანტურიშვილს, რომელიც საწადელის მიღწევას შორიდან მოჭრილი დარტყმით ცდილობდა, თუმცა მასპინძელთა ნახერვამცველის დარტყმული “შუქურას” კარის ბადეს გარედან მოხვდა…

ამასობაში ქობელეთელებიც გააქტიურდნენ და ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში თამაშში ჩართვა და საკუთრი გუნდის გადარჩენა უკვე ზესტაფონელთა გოლკიპერ ბოიან პავლოვიჩს მოუხდა – მარგველთა კარის დარაჯმა მასთან პირისპირ გასულ გიორგი ჩელებაძეს არ გაატანინა.

სტუმრები მატჩის გადარჩენას შეეცადნენ და ბედმა მათ მატჩის ბოლოსწინა 89-ე წუთზე გაუღიმა – ქობულეთელებმა მასპინძელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დანიშნული სტანდარტი კარგად გაითამაშეს და ლაშა ჩალაძემ ანგარიში საყაიმო გახადა. ფრე – 1-1.

FCZestafoni.GE

ქობულეთელებთან სადებიუტო მატჩის მოლოდინში

ბოლნისელებთან მოგებული მატჩის შემდეგ იმერლებმა ერთი დღე დაისვენეს, გუშინ კი ზესტაფონში შეიკრიბნენ და ვარჯიშს შეუდგნენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მორიგი, მეექვსე ტურის შეხვედრას მარგველები 20 სექტემბერს გამართავენ – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლებს.

უნდა ითქვას, რომ “ზესტაფონი” ქობულეთელებს ოფიციალურ შეხვედრებში არასდროს შეხვედრია. შესაბამისად, მატჩი, რომელიც შაბათს გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება, ამ გუნდების სადებიუტო დაპირისპირება იქნება. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური ქობულეთელებთან მატჩის პირდაპირ ონლაინ-რეპორტაჟს ჩვენს ინტერნეტ-საიტზე შემოგთავაზებთ.

მანამდე კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC01887

DSC01902

DSC01907

DSC01908

DSC01909

DSC01915

DSC01930

FCZesafoni.GE

“მიხეილ მესხზე” მოპოვებული სამი ქულა

2014 წლის 16 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, სანაკრებო ბატალიების გამო გადადებული, რიგით მეოთხე ტურის შეხვედრები. მიხეილ მესხის სახელობის თბილისის სტადიონის მთავარ არენაზე საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმართა გუნდის უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. მარგველებს ანგარიშის გახსნის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტაბლოზე საკმაო ხანს ნულოვანი ფრე იყო დაფიქსირებული. ბოლო-ბოლო, 34-ე წუთზე ლევან შარიქაძემ კარგი გადაცემით შეტევის მარცხენა ფლანგზე მოძებნა ვახტანგ ჭანტურიშვილი, რომელიც მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა.

37-ე წუთზე იმერელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა – ბოლნისელთა კართან დანიშნული ჯარიმის შესრულება თავის თავზე მალხაზ გაგოშიძემ აიღო. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ “სიონის” გოლკიპერ ზურაბ ბათიაშვილს ბურთი ხელიდან გაუვარდა და მასთან პირველი გიორგი ილურიძე გაჩნდა…

ტაიმის მიწურულს ზესტაფონელებს კიდევ მართებდათ გატანა – ჯერ მატჩის არბიტრმა ლაშა სილაგავამ ბოლნისელთა საჯარიმოში სახიფათოდ შეჭრილი გიორგი ჭანკოტაძის წაქცევის ეპიზოდში წასის დარღვევა არ დააფიქსირა, შემდეგ კი მასპინძლები გიორგი ილურიძემაც დაინდო.

მეორე ტაიმში სტუმრებმა ოდნავ უკან დაიხიეს, აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და სწრაფ კონტრაქციებზე გააკეთეს. უნდა ითქვას, რომ მარგველთა ასეთი ტაქტიკა გაცილებით ნაყოფიერი იქნებოდა, მათ შემტევებს “სიონის” კართან შექმნილი მომენტები ჯეროვნად რომ გამოეყენებიათ. მასპინძელთა კართან ხიფათს ზესტაფონელები მთელი ტაიმის განმავლობაში ჰქმნიდნენ, თუმცა შეტევის დამაგვირგვინებელ სტადიაში ბევრს სცოდავდნენ.

შედეგად, 79-ე წუთზე ბოლნისელებმა მატჩის დასკვნით ნაწილს ინტრიგა შეუნარჩუნეს – ქვემოქართლური გუნდის სწრაფი შეტევა და ბოიან პავლოვიჩის საჯარიმო მოედანზე გაკეთებული მაღალი ჩაწოდება გოლად მასპინძელთა მცველმა გივი კვარაცხელიამ აქცია.

ზესტაფონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანგარიშის მინიმუმამდე შემცირების შემდეგ, ისინი დაცვაზე აქცენტის გაკეთებას, ბედის შეტევაში ძიება ამჯობინეს და არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, ავთო ენდელაძის პასის შემდეგ, თორნიკე კაპანაძემ დღევანდელი დაპირისპირების საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – მარგველთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“სიონთან” მორიგი დაპირისპირების წინ

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 16 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის გადადებული მეოთხე ტურის შეხვედრაში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტუმრებიან.

ბოლო წლების განმავლობაში ორივე კლუბი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის უცვლელი ბინადარი გახლავთ და ერთმანეთში ურთიერთობებს ზედიზედ მეთერთმეტე სეზონია არკვევს. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში “ზესტაფონისა” და “სიონის” ურთიერთშეხვედრები სადღეისოდ 29 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში დიდი უპირატესობა მარგველთა მხარესაა – 16 მოგება, 8 ფრე და 5 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 33:11.

ზესტაფონელთაგან ბოლნისელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალსა და რატი წინამძღვრიშვილს გაუტანიათ – მარგველთა დღევანდელ კაპიტანს ოპონენტთა კარი 6-ჯერ აქვს აღებული. ხოლო რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშზე 5 გოლია. 2-2-ჯერ “სიონის” კარის ბადე ედიკ საჯაიას, თორნიკე აფციაურს და ზურაბ იონანიძეს შეურხევიათ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ზესტაფონელებმა და ბოლნისელებმა ერთმანეთში ერთხელ, კერძოდ გასულ სეზონში იასპარეზეს. “სიონმა” იმერლები ორივე შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა და თასის გათამაშების მეოთხედფინალური სტადიის საგზურიც მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის “სიონსა” და “ზესტაფონს” შორის 16 სექტემბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა განსჯის, 16:00 საათზე დაიწყება. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინტერნეტ-საიტზე ხვალინდელი მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი იგეგმება.

FCZestafoni.Ge

სამტრედიელ დუბლიორთა განადგურება ზესტაფონში

2014 წლის 13 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩები. ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიის” მეორე გუნდს საკუთარ ბაზაზე უმასპინძლეს.

მასპინძლებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კუპატაძე, ბარბაქაძე, ხიდეშელი (ჩიტორელიძე, 46), რობაქიძე, ენდელაძე (გოგავა, 78), ვაჭარაძე, სამუშია (კანდელაკი, 46), ჭანკოტაძე (ბუბულაშვილი, 80), ფანცულაია, მიქელთაძე, კაპანაძე (ჩუბინიძე, 74).

მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და 14-ე წუთზე ანგარიშში დაწინაურდნენ კიდეც – სტუმართა საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდების შემდეგ მასპინძელთა ფორვარდი თორნიკე კაპანაძე “სამტრედიის” კარის სიახლოვეს დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, ხოლო მეტოქე გუნდის მცველები მისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ეპიზოდი დასრულდა იმით, რომ ბურთი კარის ბადეში აღმჩნდა…

28-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა – ბექა მიქელთაძე სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა, ცრუმოძრაობით გოლკიპერი უსაქმოდ დატოვა და ბურთი ცარიელ კარში მშვიდად შეაგორა. სამტრედიელებმა გაიბრძოლეს და ტაიმის მიწურულს სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 40-ე წუთზე ლევან შილაკაძემ აუღებელი დარტყმით დალაშქრა დავით კუპატაძის კარი…

მეორე ტაიმში კი ზესტაფონელთა ბაზის მწვანე მინდორზე “ცალკარა” გაღაღდა – 50-ე და 79-ე წუთებზე ბექა მიქელთაძემ კიდევ ორი გოლი გაიტანა სტუმართა კარში. ამ გოლებს შორის (72-ე წუთი) თავის გოლი დემურ კანდელაკმა გაიტანა. 83-ე წუთზე “სამტრედიის” დუბლიორთა კარი მეექვსედ გიორგი ფანცულაიამ აიღო, ხოლო 88-ეზე ბექა მიქელთაძემ დღევანდელ შეხვედრაში “პოკერი” შეასრულა. ზესტაფონელთა გამარჯვება გამანადგურებელი ანგარიშით 7-1.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

იმერული დერბი და სიურპრიზები ხორავასაგან

მიმდინარე წლის 12 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ”ზესტაფონმა” საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” უმასპინძლა და 0-1 დამარცხდა.

თამაშის დაწყებამდე “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენლებმა სპეციალური პრიზი გადასცეს ჯაბა დვალს. საგანგებოდ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, კაპიტანი მარგველთა შემადგენლობაში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული…

მატჩის პირველი ნახევარი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. უკვე მატჩის დებიუტში ჭანტურიშვილი-გვალიას მიერ წამოწყებულ კომბინაციას ჯაბა დვალი აგვირგვინებდა, თუმცა სტუმრები მეკარე გიორგი ბეგაშვილმა გადაარჩინა. შორიდან დარტყმებით სამტრედიელთა კიპერის შეწუხება სცადეს ვახტანგ ჭანტურიშვილმა და მალხაზ გაგოშიძემ, მაგრამ კარის დარაჯი ამ ეპიზოდებშიც საიმედო გახლდათ.

სახიფათო იყო გიორგი ილურიძის დარტყმა, თუმცა “ზესტაფონის” ახალწვეულს სიზუსტე ოდნავ დააკლდა. 35-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს – გორგიაშვილი-კვირკველია-ქანთარიას კომბინაცია საჯარიმოს ფარგლებს გარედან შესრულებული ზუსტი დარტყმით გიორგი დათუნაიშვილმა დააგვირგვინა.

ტაიმის მიწურულს, მას შემდეგ რაც მიხეილ სარდალიშვილი სტუმართა საჯარიმოში დავით კვირკველიასთან ორთაბრძოლისას წაიქცა, მასპინძლები თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მატჩის არბიტრმა ჯენერი ხორავამ თამაშის გაგრძელება ბრძანა…

შესვენების შემდეგ ზესტაფონელები მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით გამოვიდნენ. როგორც გაირკვა, სწორედ შესვენების დროს მატჩის არბიტრს ჯაბა დვალის მოედნიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიუღია…

მოვლენათა ასეთი განვითარების მიუხედავად, მასპინძლებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს – ანგარიშის გათანაბრებასთან ახლოს გახლდათ ვახტანგ ჭანტურიშვილი, თუმცა მისი დარტყმული სტუმართა კარის ბადეს გარედან მოხვდა.

სტუმრები ბედს სწრაფ კონტრშეტევებში ეძიებდნენ და ერთ-ერთ ეპიზოდში ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის შანსი ბიჭიკო გედენიძეს მიეცა – სამტრედიელის დარტყმული ბოიან პავლოვიჩის კარის ძელს მოხვდა…

ამას მასპინძლეთა უფრო გააქტიურება მოჰყვა და ისინი მიზანთან ახლოს ზედიზედ ორჯერ იყვნენ – ჯერ მიხეილ სარდალიშვილის დარტყმული მოხვდა ხარიხას, შემდეგ კი გიორგი ჭანკოტაძის გასროლილიც ხარიხამ აისხლიტა.

ამასობაში მატჩის არბიტრმა დავით აბაშიძეზე მყოფ პუბლიკას კიდევ ერთი სიურპრიზი შესთავაზა. საქმე იმაშია, რომ მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე სამტრედიელ ფეხბურთელს მაისურზე განთავსებული სათამაშო ნომრები გაძვრა და მათ ფაქტიურად უნომროდ უწევდათ ასპარეზობა. რაც შეეხება სტუმართა გუნდის კაპიტან გიორგი მელქაძეს, მისმა მაისურმა უფრო “მძიმე” დაზიანება მიიღო და ფეხბურთელს ამ მაისურის გამოცვლა მოუხდა. გასაკვირი კი ყველაფერში ამაში ის გახლდათ, რომ მელქაძემ, რომელიც მანამდე 19-ნომრით ასპარეზობდა, მატჩი 20-ნომრიანი მაისურით გააგრძელა (!!!)

მატჩის ეპიოლოგში თავის გუნდისათვის ქულის გადარჩენა თავური დარტყმებით თედორე გრიგალაშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. სამტრედიელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

შორტზე 19, მაისურზე 20 ნომერი

საქართველოს უმაღლესი ლიგის V ტურში “ზესტაფონისა” “სამტრედიას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას უჩვეულო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის კაპიტან გიორგი მელქაძეს მაისურზე სათამაშო ნომერი აღარ ეტყობოდა, რის გამოც მას მთავარმა არბიტრმა ფორმის გამოცვლა მოსთხოვა. მელქაძეს 19-ის ნაცვლად 20-ნომრიანი მაისური ჩააცვეს, შორტზე 19 ნომერი ეწერა, მაისურზე კი – 20.

მატჩი “სამტრედიას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გთავაზობთ ამ უჩვეულო ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

სამი წლის შემდეგ დაბრუნებული დერბი

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის ემზადება. 2014 წლის 12 სექტემბერს საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში ზესტაფონელები საფეხბურთო კლუბ ”სამტრედიას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

იმერეთის მხარის წარმომადგენელი ამ ორი კლუბის დაპირისპირებათა ისტორია 2009 წლის 8 აგვისტოს იღებს სათავეს და სადღეისოდ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართულ 8 დაპირისპირებას ითვლის. ამ შეხვედრებში უპირობო უპირატესობა ზესტაფონელთა მხარესაა – 8 მოგება, 0 ფრე და 0 წაგება, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა – 29:7.

საკმაოდ საინტერესოა ის, რომ ზესტაფონელთაგან სამტრედიელთა კარში სხვაზე ხშირად ჯაბა დვალსა და ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანიათ – ორივე ამ ფეხბურთელს ოპონენტთა კარი 7-7-ჯერ აქვთ აღებული. 3 გოლი რატი წინამძღვრიშვილის ანგარიშიზეა, ხოლო 2-2-ჯერ “სამტრედიის” კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ალექსი ბენაშვილი, თორნიკე აფციაური, ლევან კორღალიძე, ირაკლი ძარია და გიორგი ონიანი) შეურხევია.

დღესდღეობით მარგველთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთეთაგან კი მომავალი მეტოქის კარში ფეროელთა მაისურით ასპარეზობისას გატანილი გოლით ჯაბა დვალის გარდა თავს გიორგი ხიდეშელიც იწონებს …

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიასთან” 12 სექტემბერს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” სპარინგ-მატჩი ბათუმის “დინამოსთან”

2014 წლის 5 სექტემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის კარსმომდგარი მატჩებისათვის მზადებას განაგრძობს, მორიგი სპარინგი გამართა – დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მარგველებმა ბათუმის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლეს…

ზუგდიდელებთან სამი დღის წინ გამართული მატჩის მსგავსად, მარგველებს ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი დღევანდელ შეხვედრაშიც დააკლდათ. როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ფანცულაიამ, ავთო ენდელაძემ და თედორე გრიგალაშვილმა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გუშინ ჰოლანდიაში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ითამაშეს. დემურ კანდელაკმა და კახა მეშველიანმა კი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემის გამო ვერ იასპარეზეს.

“ზესტაფონმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: პავლოვიჩი (კუპატაძე, 68), თორნიკე გრიგალაშვილი, რობაქიძე, ხიდეშელი (ფერეირა, 60), გაგოშიძე, გვალია (სამუშია, 68), შარიქაძე (მაკარიძე, 68), ჭანტურიშვილი (სარდალიშვილი, 46), ჭანკოტაძე (ვაჭარაძე, 68), ილურიძე (მიქელთაძე, 57), დვალი (კაპანაძე, 68).

“დინამო” (ბათუმი): ალავიძე (მამინაშვილი, 46), ჩუენსუ (ქორიძე, 72), მგელაძე (ჭკუასელი, 46), მახარაძე (მაკარიანი, 46), სუხიაშვილი (ტეტუნაშვილი, 46), ჩირიკაშვილი (მუჯირი, 46), გავაშელიშვილი (გოგიტიძე, 46), შონია (ვარშანიძე, 56), დიასამიძე, კაკალაძე (ტატანაშვილი, 46), ბერიაშვილი (თევდორაძე, 68).

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – 29-ე წუთზე ნიკა დიასამიძემ თავის გუნდი აუღებელი დარტყმით დააწინაურა. 32-ე წუთზე მასპინძლებმა საპასუხო გოლი გაიტანეს – ბათუმელთა დაცვის ხაზის შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა გიორგი ილურიძემ და თავის საქმე ოსტატური დარტყმით შეასრულა.

ამის შემდეგ იმერლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს კიდევ ორჯერ დაამწუხრეს სტუმრები – 38-ე წუთზე ოდნავ კურიოზული, თუმცა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა მალხაზ გაგოშიძემ, 43-ეზე კი ლაშა გვალიამ ეფექტურად შეასრულა საჯარიმო დარტყმა.

შეხვედრის მეორე ნახევარში ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავალი ცვლილება განხორციელდა. ამის მიუხედავად, “დავით აბაშიძის” მწვანე გაზონზე პირველი ტაიმის მსგავსი ღია და ლამაზი ფეხბურთი მიმდინარეობდა…

54-ე წუთზე ექს-ზესტაფონელმა დიმიტრი ტატანაშვილმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მატჩს გარკვეული ინტრიგა დაუბრუნა. თუმცა, 65-ეზე რენე ფერეირა დოს სანტოსმა ბათუმელთა კარი მეოთხედ აიღო და გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საკითხიც საბოლოოდ დახურა. იმერელთა გამარჯვება ანგარიშით 4-2.

12 სექტემბერს “ზესტაფონი” საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს – დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველები საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” უმასპინძლებენ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

FCZestafoni.Ge

“ზესტაფონს” ტრნავას “სპარტაკის” ვიცე-პრეზიდენტი ესტუმრა

2014 წლის 3-4 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” სლოვაკეთიდან სტუმრები ეწვივნენ – საქართველოში არაოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ტრნავას საფეხბურთო კლუბ “სპარტაკის” ვიცე-პრეზიდენტი ზორან ტერზიჩი.

ვიზიტის მსვლელობისას სტუმარი გაეცნო საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ინფრასტრუქტურას და ესტუმრა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იმერული კლუბის მშენებარე ბაზას. დაიგეგმა ქართული დელეგაციის საპასუხო ვიზიტი სლოვაკეთში, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.

აქვე უნდა ითქვას, რომ მხარეებმა გამოთქვეს დაინტერესება იმერულ კლუბსა და ტრნავას “სპარტაკს” შორის სამომავლო ურთიერთობათა გაღრმავების საკითხში. ეს თემა განხილვის საგანი ზესტაფონელთა სლოვაკეთში ვიზიტისას გახდება…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური