ზინედინ ზიდანი: “ორივე გუნდისგან გახსნილ თამაშს ველი”

3 ივნისს, კარდიფში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასკვნითი შეხვედრა გაიმართება: ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.

“სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინალურ დაპირისპირებაში ორივე გუნდისგან გახსნილ, შემტევ თამაშს მოელის.

“ამ სეზონში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ – მოვიგეთ პრიმერადივიზიონი და გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მომზადება უმთავრესი ეტაპია და ჩვენც მოვემზადეთ. ფეხბურთში მთელი ძალის დახარჯვაა აუცილებელი. ბევრჯერ დავმარცხებულვარ კიდეც, ამიტომ წაგება ჩემთვის უცხო არ არის. იგივე ეხება “იუვენტუსსაც”. ჩვენებურად თამაშს ვეცდებით. ისიც გვესმის, რომ მეტოქედ მშვენიერი გუნდი გვყავს. ყველა გულშემატკივარს სურს ლამაზი ფეხბურთის ხილვა.

ჩვენთვის წნეხი უცხო არ არის. ყოველთვის ფავორიტად გვთვლიან, თუმცა ფინალში ფავორიტი არ არსებობს. ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ორივე გუნდისგან გახსნილ თამაშს მოველი. “იუვენტუსში” მითამაშია და ვიცი, რას ნიშნავს კატენაჩო, მაგრამ “იუვეს” ეს არ ეხება.

კრიშტიანუ რონალდუ კარგი ადამიანია, სხვებზე ზრუნავს. ის გამარჯვებებისგან არ იღლება. მოგება არასდროს ჰყოფნის. მას ყოველთვის სურს გამარჯვება, თვით ვარჯიშებზეც კი. მას ეს სისხლში აქვს. რონალდუ ნამდვილი ლიდერია და ეს განსაკუთრებით მოედანზე შეიმჩევა.

რაიმეს შეცვლა საჭირო არ არის და არც ვაპირებთ. გავაკეთებთ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით და ვნახოთ, რა მოხდება”, – ზიდანის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ყაზახეთში ზინედენ ზიდანი დაიბადა (ფოტო)

ყაზახეთის ქალაქ ატირაუში დაბადებულ ბავშვს მშობლებმა ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის პატივსაცემად ზიდანი დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ ახალშობილი გვარად ზინედენი გახლავთ, რაც მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება ფრანგი სპეციალისტის გვარისგან.

“დიახ, 27 თებერვალს დაბადებულ ვაჟს ასეთი სახელი მართლაც დაარქვეს. ბიჭის გვარი გახლავთ ზინედენი, სახელი კი – ზიდანი”, – განაცხადეს რეესტრში.

როგორც მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანი დღესდღეობით მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს.

ზიდანი: “ჩემს ლექსიკონში სიტყვა “კრიზისი” არ არსებობს”

მადრიდის “რეალს” არცთუ კარგი პერიოდი უდგას. გუნდმა ბოლო სამ მატჩში მხოლოდ ოთხი ქულის მოპოვება შეძლო, თუმცა “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.

“ჩემს ლექსიკონში სიტყვა “კრიზისი” არ არსებობს. თავის მართლებას არ ვაპირებთ. ვიცით, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. გვესმის, რას შეგვიძლია მივაღწიოთ, ამიტომ ვარჯიშებსა და მატჩებში თავდაუზოგავად ვმუშაობთ. დღესდღეობით ის შედეგი არ გვაქვს, რასაც მოველოდით, მაგრამ მთავარია, რომ 100 პროცენტით დავიხარჯოთ”, – ზიდანის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილს “ბარსელონა” 57 ქულით ლიდერობს. კატალონიურ გუნდზე ერთი ქულითა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს მადევარ “რეალს”.

ზიდანი: “პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” შთამბეჭდავ გამარჯვებაზე კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პარიზულმა გუნდმა “ბარსელონა” ანგარიშით 4:0 გაანადგურა და მეოთხედფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

“პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. გუნდს პოტენციალი აშკარად აქვს. შეგვიძლია, პარიზელები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნიოთ.

მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებისა, ჩემპიონის ვინაობას მხოლოდ ერთი მატჩით არ წყდება. წინ რთული გზა არის”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს belN Sports-ი.

ზიდანი გასვლაზე არ აგებს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის დანიშვნის შემდეგ გუნდს ესპანეთის პრიმერადივიზიონში გასვლითი მატჩი არ წაუგია.

ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი “სამეფო კლუბის” თავკაცად მიმდინარე წლის 4 იანვრიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში “რეალმა” პრიმერადივიზიონში სტუმრად 16 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 13 გამარჯვებით დაასრულა, სამჯერ კი ფრედ ითამაშა. “ბლანკოსმა” ამ 16 მატჩში 42 გოლი გაიტანა და მხოლოდ 13 გაუშვა.

ზიდანი: “რონალდუს ყოველთვის უნდა მოედანზე ყოფნა, მაგრამ…”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის VI ტურში “ლას პალმასის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა, რამაც პორტუგალიელის უკმაყოფილება გამოიწვია. ფრანგმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება მატჩის შემდეგ განმარტა.

“სამშაბათს მორიგი მატჩი გვაქვს (დორტმუნდის “ბორუსიასთან”). რონალდუმ უნდა დაისვენოს. კარგად ითამაშა, მაგრამ სამშაბათს გასამართ შეხვედრაზე ვფიქრობდი და მისი შეცვლა გადავწყვიტე.

რონალდუს ყოველთვის სურს მოედანზე ყოფნა, მაგრამ მე ჩემს ფეხბურთელებზე უნდა ვიფიქრო, განსაკუთრებით კი – სწორედ კრიშტიანუზე. შეცვლები დროდადრო საჭიროა”, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს “ასი”.

ზიდანმა რონალდუ ბოლო ოთხ მატჩში ორჯერ შეცვალა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის VI ტურში “ლას პალმასის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:2) კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა.

შეხვედრის 72-ე წუთზე პორტუგალიელი ფეხბურთელის ნაცვლად თამაშში ლუკას ვასკესი ჩაერთო. რონალდუს რეაქციიდან გამომდინარე, იგი ზიდანის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა.

პრიმერადივიზიონის III ტურში “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (5:2) ზიდანმა რონალდუ 66-ე წუთზე შეცვალა. მაშინ შეცვლა ფეხბურთელთან შეთანხმებული იყო.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მიღებული ტრავმის გამო კრიშტიანუ რონალდუს წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი გაუცდა.

მატერაცი ზიდანთან ინციდენტზე: “მე მისი და მოვიხსენიე და არა – დედა”

იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც იგი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში მომხდარ ინციდენტს იხსენებს, როდესაც საფრანგეთის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა მას მკერდში თავი აძგერა.

“მე მაშინ მისი და მოვიხსენიე და არა – დედა.

ამ წიგნის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ დღემდე ყველა მეკითხება, ისეთი რა ვუთხარი ზიდანს, რომ მას ამგვარი რეაქცია ჰქონდა. ნამდვილად სისულელე ვუთხარი, თუმცა ჩემი ეს სიტყვები ასეთ რეაქციას არ იმსახურებდა. ნებისმიერ ქალაქში – რომში, ნეაპოლში, ტურინში, მილანში თუ პარიზში ამაზე უარესს სიტყვებს გაიგებთ.

ვერ გამიგია, რატომ გამოიწვია ამ ინციდენტმა ასეთი რეზონანსი. ერთადერთი რამ, რაც მინდა, რომ იმ დღიდან მახსოვდეს, ჩემი გოლია. ხანდახან იტალიაში ფანები მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ კარგად მოვიქეცი, როდესაც ზიდანს ასეთი რამის გაკეთება ვაიძულე. ვღიზიანდები, როდესაც ამას ამბობენ, რადგან, საბოლოო ჯამში, მსხვერპლი მე გამოვდექი”, – აღნიშნავს მატერაცი.

ზიდანი პირველი ფრანგი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო

“რეალის” თავკაცი ზინედინ ზიდანი მეშვიდე ადამიანია, რომელმაც ეს ტიტული როგორც ფეხბურთელის, ასევე მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო.

მანამდე ეს მიგელ მუნიოსმა, ჯოვანი ტრაპატონიმ, იოჰან კრუიფმა, კარლო ანჩელოტიმ, ფრანკ რაიკაარდმა და ხოსეპ გვარდიოლამ მოახერხეს.

გარდა ამისა, ზიდანი გახდა პირველი ფრანგი მწვრთნელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ჩემპიონთა ლიგა (ჩემპიონთა თასი) სულ 14 ეროვნების მწვრთნელს აქვს მოგებული.

ზინედინ ზიდანი — მატჩის შემდეგ თქმული

მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების გამარჯვებულია. “სამეფო კლუბმა” პენალტების სერიაში თანაქალაქელი “ატლეტიკო” დაამარაცხა და ტიტულის მფლობელი მე-11-ედ გახდა.

მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ “რეალში” გაწეული მუშაობით ამაყობს.

“ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არასდროსაა. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ასეთ მატჩებში ბევრ ენერგიასა და ემოციას ხარჯავ. შეხვედრის ბოლოს ბევრს კუნთებმაც შეაწუხა, რაც ბუნებრივი მოვლენაა. ეს ამ სეზონის უკანასკნელი და უმთავრესი მატჩი იყო. შეხვედრა თითქოს დაუსრულებლად გაგრძელდა. ვამაყობ იმ მუშაობით, რისი წყალობითაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. დიდებული ამბავია. ძალზედ ბედნიერი და ნასიამოვნები ვარ.

დიეგო სიმეონეს გუნდს ფანტასტიურ თამაშს ვულოცავ. ორივე გუნდი ბოლომდე იბრძოდა, არცერთი არ დანებდა. ყველაფერი ერთმა პენალტმა გადაწყვიტა. სიმეონე დიდებული მწვრთნელია, რომელმაც ჩემი ეს სიტყვები უკვე დაამტკიცა.

რა არის ამ გამარჯვებიდან მთავარი დასკვნა? ხშირად სულისკვეთება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოსტატობა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს გავიმარჯვეთ არამხოლოდ კლასის, არამედ ჩვენი ხასიათის ხარჯზე.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმისთვის, რომ “რეალის” თავკაცის პოსტი მანდო. აქ ფანტასტიური სიმაღლეების მიღწევაა შესაძლებელი. ჩემპიონთა ლიგა მოვიგე როგორც მოთამაშის, ასევე კარლო ანჩელოტის თანაშემწისა და მთავარი მწვრთნელის რანგში. ანჩელოტი მეუბნებოდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მწვრთნელის რანგში სულ სხვა ემოციაა. ახლა ვხვდები, რას გულისხმობდა იგი. ეს მართლაც შეუდარებელი გრძნობაა.

რაც შეეხება რონალდუს, მას ტრავმა ჰქონდა. არც მან და არც სხვებმა მოედანზე ძალისხმევა არ დაზოგეს. რა ვუთხარი კრიშტიანუს პენალტების სერიის წინ? მხოლოდ ის ვუთხარი, თუ მერამდენე იქნებოდა პენალტების დამრტყმელთა შორის”, – ციტირებს ფრანგი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ზინედინ ზიდანი — მატჩამდე თქმული

დღეს ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების დასკვნითი მატჩია — მადრიდის “რეალი” თანაქალაქელი “ატლეტიკოს” წინააღმდეგ. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“კრიშტიანუ რონალდუს უმნიშვნელო ტვიკილები აქვს, თუმცა მთლიანობაში იგი მზადაა. რონალდუ ფინალისთვის სრულად მზად იქნება.

რთული მატჩის მოლოდინში ვართ, თუმცა მძიმე გზა გამოვიარეთ და გუნდი ყველაფრისთვის მზადაა. მოსამზადებლად ორი კვირა გვქონდა, ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის გავლენ მოედანზე.

მოთამაშეებს იგივე განწყობა აქვთ, რაც ლისაბონის ფინალამდე ჰქონდათ. მოხარულები ვართ, რომ ფინალში გავაღწიეთ და ახლა დასკვნითი მატჩისთვის მზად ვართ. მზადყოფნა უმნიშვნელოვანესი სიტყვაა. გუნდი სათამაშოდ მზად არის. ამ მიზნის მისაღწევათ ბევრი ვიშრომეთ და გაწეული მუშაობით კმაყოფილნი ვართ. ბევრი გამოწვევა დავძლიეთ, ამის გარეშე ფინალში ვერც გავიდოდით. გუნდმა იცის, რას ნიშნავს მოთმინება. ფინალურ მატჩში სირთულეები ჩვეულებრივი ამბავია. თუ გინდა გაიმარჯვო, ოფლი უნდა დაღვარო.

მარცხი კრახი არ იქნება. კრახი იქნება არასწორი დამოკიდებულება. მთელი ძალისხმევა უნდა გავიღოთ. ეს საფეხბურთო მატჩია. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. 2014 წლის ფინალის შემდეგ ზოგიერთმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, თუმცა კლუბის ფილოსოფია უცვლელია. ჩვენ კვლავაც ერთ მუშტად ვართ შეკრულნი. მოედანზე თითოეული ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმის გამოვლენას. ასე იქნება ფინალურ შეხვედრაშიც.

მატჩის მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, ვიღელვებ, ეს სამწვრთნელო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს ჯერ კიდევ ფეხბურთელის რანგში გამოვცადე, თუმცა მწვრთნელის ამპლუაში კიდევ უფრო განსხვავებული გრძნობაა. კარლო ანჩელოტი ხშირად მეუბნებოდა: “იმედია, მთავარი მწვრთნელის რანგში შენც გექნება ფინალი”. სწორედ ეს მითხრა ლისაბონის ფინალური მატჩის წინ. აი, დადგა ეს დღე და კარლოს სიტყვები მახსენდება.

უპირველეს ყოვლისა, დაცვაში უნდა ვითამაშოთ ყურადღებით, მით უფრო მაშინ, როდესაც ბურთი მეტოქეს ექნება. შეტევაში ჩვენი კოზირი გვაქვს. რა არის მთავარი? უნდა ვირბინოთ. სირბილი, სირბილი და კიდევ ერთხელ სირბილი”, – ზიდანის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დღეს, მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრას მარკ კლატენბურგის თავკაცობით ინგლისელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება.

რონალდუ: “ვისურვებდი, რომ ზიდანმა “რეალში” მუშაობა მომავალშიც გააგრძელოს”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა.

“ვფიქრობ, ზიდანთან ერთად გუნდი თავს უფრო ღირებულად თვლის. ჩვენ მისგან სითბოს ვგრძნობთ. ვიცით, რომ ადაპტაციის პროცესი ადვილი არ არის, თუმცა მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.

ზიდანით აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც იგი ფეხბურთს თამაშობდა. აღფრთოვანებული ვარ ახლაც იმით, თუ როგორ არჩევს ფეხბურთელებს. ვისურვებდი, რომ ზიდანმა “რეალში” მუშაობა მომავალშიც გააგრძელოს”, – ციტირებს რონალდუს სიტყვებს Goal.com-ი.