თურქეთის ნაკრებს ახალი თავკაცი ჰყავს
თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნულ პოზიციაზე შენოლ გიუნეში იმუშავებს, რომელიც დღესდღეობით “ბეშიქთაშის” თავკაცი გახლავთ.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასა და 66 წლის სპეციალისტს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში მიმდინარე წლის პირველ ივლისს შევა. სწორედ ამ დღეს ეწურება გიუნეშს “ბეშიქთაშთან” შრომითი ხელშეკრულება. თურქი სპეციალისტი ეროვნულ გუნდს ორი უახლოესი ციკლისთვის მოამზადებს: 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი.
ჯერჯერობით უცნობია, იმუშავებს თუ არა შენოლ გიუნეში უახლოესი სამი თვის განმავლობაში “ბეშიქთაშის” თავკაცის პოსტზე. გავრცელებული ინფორმაციით, თურქულ კლუბს მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი გუტი ჩაიბარებს, რომელიც დღესდღეობით “ბეშიქთაშში” გიუნეშის თანაშემწედ მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ შენოლ გიუნეში თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2000-დან 2004 წლამდე მუშაობდა. 2002 წელს მისი თავკაცობით გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.
შენოლ გიუნეში თურქეთის ნაკრების თავკაცის პოზიციაზე მირჩა ლუჩესკუს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი ერთა ლიგაზე C დივიზიონში დაქვეითდა.